ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სიძულვილს – სიძულვილი სიკვდილს – სიკვდილი!

იმის მიუხედავად, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ქართული ფემინიზმის მანიფესტს დაემსგავსა, წლევანდელი 8 მარტი და ქალთა აქციები, უახლესი წარსულიდან ალბათ ყველაზე მძიმედ მომაგონდება. კულტურული ცხოვრების მიმოხილვასთან არაფერ კავშირშია, მაგრამ ანაბანაა: რაღაცის დაცვის ან უფლებების მოპოვების კამპანიას თუ ვიწყებთ, უნდა ვცადოთ და განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. სტიგმის მოხსნა, სტერეოტიპების შემსუბუქება დავისახოთ მიზნად. სხვაგვარად გამოგვივა, რომ მხოლოდ „ჩაგვეთვალა“, ანდა უარესი – დესტრუქციულები თვითონ ვართ.

8 მარტს ქართველმა ფემინისტებმა წავაგეთ არასწორი სტრატეგიის გამო. არასწორი იყო არა იმიტომ, რომ ვინმე საკუთარ სხეულს საჯაროდ, ვერბალურად ეალერსებოდა, არც იმიტომ, რომ ინფანტილური პერფორმანსი გაიმართა, არამედ იმიტომ, რომ აგრესიით შევიარაღდით. ქალებისკენ მიმართულ უთვალავ კულტურულ შეზღუდვასა და სტერეოტიპს დამცინავად ვპასუხობთ, თითქოს ქილიკი რამეს შველოდეს. თითქოს მეორე მხარეს ნასროლი აგრესია უფრო გონიერს და ჰუმანურს გახდის სხვას. სინამდვილეში აგრესია ბადებს აგრესიას, სიკვდილი – სიკვდილს. ჩემთვის სულ ერთია, რომელ გენდერულ ჯგუფს მიეკუთვნება გარდაცვლილი. მეორე მხარის, „სხვისი“ არსებობის უგულებელყოფა უკვე იმდენად დამღლელია, რომ მთლიანად ვემიჯნები – არ მინდა თვითონ ვემსგავსებოდე იმას, რასაც ვეწინააღმდეგები.

ახლა ვზივარ და თავს ვაძალებ იმ არტისტულ პროცესზე ვწერო, რომლის მიმოხილვასაც „ინდიგოს“ ვპირდები ხოლმე. მეც და „ინდიგოც“ პერიოდულად ვიტყუებთ თავს: ხანდახან არარსებული სინამდვილის დანახვას და აღწერას ვლამობთ. თუმცა ასე ვიქცევით, ალბათ, იმ იმედით, რომ ჩვენი გამოგონილი სინამდვილე ერთ დღესაც სინამდვილედ მართლა იქცევა. ჯერჯერობით კი,

კულტურული კრიზისი საქართველოში იმაზე უფრო მძაფრია, ვიდრე მის ქვეშ მიმდინარე არტისტული პროცესი. აი, რამდენჯერმე ჩავიარე რუსთაველის გამზირზე და ხელახლა ვირწმუნე:

ჩვენი ქვეყნის კულტურაში წამყვანი პროცესია კერპთაყვანისმცემლობა. არსად გაწერილი და დადგენილი, მაგრამ მაინც ბრმა ერთგულებით გაძლიერებული. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი ამ კერპთაყვანისმცემლობის მთავარი ტაძარია. სახელმწიფო დარაჯობს თეატრის იდეას და ტაძარს. ხელოვნება კი მრავალფეროვანი შეხედულებებისა და იდეების გარეშე, გამოკეტილ, უჰაერო ტაძარში ვერ იწყება.

კიდევ ძალიან ბევრი ასეთი დახშული ფიზიკური და არაფიზიკური ტაძარია ჩვენთან. მათი სიჭარბის ფონზე კი, კიდევ უფრო სანთლით საძებნი ხდება სივრცეები, სადაც თანამედროვე ქართველი ხელოვანი ახერხებს და დაუსჯელად, გარე თუ თვითცენზურის გარეშე, თავის ნებაზე სუნთქავს.

ამ კერპთაყვანისმცემლური ტაძრის გვერდით ოპერის თეატრია. მარტში, დანარჩენი თვეებისგან განსხვავებით, ამ თეატრმა იქნებ კომერციულად მაინც იხეირა. ბილეთის საშუალო ფასი 100 ლარი გახლდათ. ექვსჯერ წარმოდგენილი „აიდას“ სცენოგრაფიაში კი ოპერის თეატრმა დაახლოებით 100 000 ევრო გადაუხადა იმ უცხოურ კომპანიას, რომელიც ფრანკო ძეფირელის დადგმებს აქირავებს. საქმე ისაა, რომ „აიდა“ რეპერტუარში მხოლოდ ამ ექვსი საღამოსთვის გვქონდა. მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში მიღებულია დადგმების ქირაობა. იქ, სადაც არ არსებობს ორიგინალური წარმოდგენის დადგმის რესურსი, ანდა თავს ვერ ართმევენ მენეჯმენტს, სპექტაკლს ამზადებენ მხოლოდ მუსიკალურად, რეჟისურა, თავისი მხატვრობით, საიდანღაც ჩამოდის. ხანდახან კომერციულად მოგებიანიცაა, ხანდახან – არა. როგორ გამოვიდა თბილისში, ნამდვილად არ დამითვლია და არც არავინ დამათვლევინებს. სიმართლე გითხრათ, როგორც მაყურებელსა და თეატრის მოყვარულ რიგით მოქალაქეს, რომელიც ამ თეატრს ვაფინანსებ, მოგება-წაგება დიდად არც მაინტერესებს. ოპერის ფუნქციონირება ჩემს ქალაქში, მნიშვნელოვანი მგონია იმისთვის, რომ საოპერო ხელოვნება აქაც განვითარდეს; რომ მუსიკისა და ოპერის მოყვარული საზოგადოების მოთხოვნებს თანამედროვე საქართველოს კულტურაც პასუხობდეს. ამიტომაც ჩემს პირად მოქალაქეობრივ მოთხოვნებს „აიდას“ ჩამოტანა ვერ პასუხობს. თუმცა ალბათ ბევრია ისეთი, ვინც მიესალმება, წამყვანი თეატრები რესურსს ისეთ პროექტებში ხარჯვდნენ, რაც არც კვალს ტოვებს და არც გამოცდილებას.

გამოცდილება – ამ სიტყვას მივყავარ ლია ბაგრატიონის პროექტთან, რომელსაც მაგდა გურული კურატორობდა აბრეშუმის მუზეუმში. თემა იყო თიხაზე მუშაობის პროცესი. თუმცა ავტორმა ერთ-ერთ ვიდეოში ისეთი იკონოგრაფია და მიზანსცენები წარმოადგინა, რომ თითქმის რიტუალის და პერფორმანსის ენაზე ამეტყველდა თვითონაც და ჩვენც საკრალური ამბის თანამონაწილედ გვაქცია. ერთ-ერთ ვიდეონამუშევარში ლია ბაგრატიონმა ქანდაკება შექმნა საკუთარი სხეულისგან – საგულდაგულოდ მოზელილ თიხაში ამოვლებული ნაჭრით შეიფუთა. ასე გააშიშვლა მან ძალიან ღრმა და ინტიმური პროცესი და ეს პროცესი, თვითონ ქმედება, თიხის დამუშავება, ყოველგვარი დამატებითი შინაარსის გარეშე აქცია ნამუშევრად. გამოფენა გრძელდებოდა მეორე ოთახშიც, სადაც თავმოყრილი იყო შემოქმედებითი პროცესიდან დარჩენილი არტეფაქტები და მოგონებები: მინერალები, მიწა, კაბა და სხვა. თუმცა ამ პატარა ექსპოზიციას ენერგიას და მუხტს ზემოთ აღწერილი ვიდეო სძენდა.

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დამიტოვა თბილისის ისტორიის მუზეუმში გამართულმა პერსონალურმა გამოფენამ, რომელზეც როკო ირემაშვილის ნამუშევრები დავათვალიერე. დიდი ფერწერული ტილოები კვლავაც გამოირჩეოდა ამ ავტორისთვის დამახასიათებელი დახვეწილობითა და კარგად აგებული კომპოზიციით. ამ ნაწილში ყველაფერი გასაგები და შთამბეჭდავი იყო. თუმცა კითხვები კონცეფციაზე საუბრისას გაჩნდა. თუნდაც გამოფენის ყველაზე გახმაურებული იმიჯი, ბავშვის საწოვარა გავიხსენოთ – ბავშვის საწოვარა, რომელიც მამაკაცის სასქესო ორგანოა. ინტერპრეტაციის საშუალება ავტორმა საერთოდ არ დაგვიტოვა. მხატვარმა გვითხრა (დიახ, ასეც შეგვიძლია ვთქვათ, როცა თვითონ ავტორია ასე პირდაპირი): ჩვენ, ყველას, დაბადებისთანავე ფალსიფიცირებულ საწოვარას გვაწოვებენ. იქვე გვაჩვენა ჩვილის პირობითი პორტრეტი, რომელსაც ასეთივე საწოვარებს სთავაზობენ... ერთი სიტყვით, ნეგატიური კონტექსტი პირდაპირ ყვიროდა როკო ირემაშვილის გამოფენაზე და აი, მეც მივადექი მთავარ კითხვას: მომწონს თუ არა მსგავსი პირდაპირობა? ხომ არ ჰგავდა ეს ყოველივე ერთ-ერთი ქართული გინების ილუსტრაციას? ხომ არ იყო მეტისმეტად სტერეოტიპული? „სიბინძურის შემთავაზებელი“ მამაკაცის და მისი საწყისის სტიგმატიზება? ანდა იქნებ სწორედ ასეთი ფორმაა საჭირო? რაღაც მაწუხებს და ეს რაღაც ისევ ის რადიკალიზმია, რომელსაც პერიოდულად ვერ ვპატიობ ამ ავტორს. ზუსტად ასე მოხდა მაშინაც, როცა აბორტის თემაზე შესრულებულ ნამუშევარში, უპირობოდ გააკრიტიკა ქალი, რომელიც აბორტს იკეთებს და მასში ვერ დაინახა გარემოების, სისტემის, სოციალური პირობების მსხვერპლი.

და მაინც, როკო ირემაშვილის გამოფენა იყო ამბავი, რომელმაც დისკუსია გამოიწვია. ასეთი დინამიკა, ამგვარი კითხვების გაჩენა კი, გარკვეული თვალსაზრისით, შემდეგი ეტაპების ფუნდამენტი მგონია. როკო ირემაშვილიც, ისევე, როგორც 8 მარტის ფემინისტი ქალები, რადიკალიზმს რადიკალიზმით პასუხობს, სიკვდილს – სიკვდილით. ალბათ ეს არა კონკრეტული აქტივისტების ან მხატვრების ტაქტიკაა, არამედ ჩვენი, ყველასი, ჩვენი – შეშინებული და შეიარაღებული საზოგადოების. 

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა