გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სკანდინავიური ფანჯარა, ხედით სოლოლაკზე

Stampesoe – Delicatessen & Restaurant

ლადო ასათიანის ქ. 56
მუშაობს: 09:00-დან 00:00-მდე ორშაბათის გარდა
სამზარეულო წყვეტს მუშაობას 22:00-ზე
აქვს შინ მომზადებული მწნილეულის, თაფლის, მურაბებისა და სხვა დელიკატესების მაღაზია.
აქვს wi-fi.
პარკინგი: ლ. ასათიანზე პარკინგი კი არა, ზოგჯერ გავლაა რთული, ასე რომ, ფეხით მისეირნება ჯობს.
იპოვით Facebook-ზე: https://www.facebook.com/Stampesoe-Delicatessen-Restaurant-1496446504015986/
რეკომენდებულია, წინასწარ დაჯავშნოთ მაგიდა.

თბილისში ხშირად არც თქვენ გექნებათ ნანახი რესტორანი, რომელიც საკუთარ დელიკატესებსაც ჰყიდდეს; ერთჯერად ცელოფნის პარკებში მოთავსებულ სარესტორნო მენიუში შემავალ კერძებს კი არ ვგულისხმობ, არამედ შუშის ქილებში, ლამაზად თავმოკრულ სასაჩუქრე მურაბას, მწნილს, ინგლისურ ჩატნის, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებულ თაფლს. ამიტომ ვიდრე ხის კიბეებით ანტრესოლში ახვალთ და ხის მაგიდასთან დაიკავებთ ადგილს, ქვევით, დახლის გვერდით აღმართული ეს ხის ღია თარო და ზედ ჩამწკრივებული ქილები შეათვალიერეთ. თუ ჩემსავით „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალში“ აღწერილი საკუჭნაო დაგიდგათ თვალწინ, ესე იგი, სწორი ასოციაციით მიდიხართ, გეოგრაფიულად სწორი ასოციაციით – აქაურობის მეპატრონე ლიონებერგელი ემილის მეზობელი ქვეყნიდანაა. რომ ჰკითხავ, რას ნიშნავს რესტორნის სახელიო, გიპასუხებთ, რომ ეს მისი გვარია – სტამპესო, ტობიას სტამპესო – ესპანეთში ბარისტად ნამუშევარი ახალგაზრდა დანიელი შეფი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის ძველ უბანში დასახლდა და სკანდინავიური სამზარეულოს რესტორანი გახსნა. მისი გემო და მთავარი აქცენტები ჩვენთვის უცხოა (საერთაშორისო გემოთა იმპორტში – იტალიურის, ფრანგულის, ჩინურის, იაპონურისა და ტაილანდურის შემდეგ – სკანდინავიური ბოლოა).

თუმცა ტობიასია გულითადი და თავის სტუმრებთან საუბარს მოწყურებული მასპინძელი, რომელიც დაუზარლად აგიხსნით, რა გამოარჩევს „ჰაკებოფს“ – დაბეგვილ სტეიკს, ნაზი, მოტკბო მოთუშული ხახვითა და ბლანტი სოუსით; რატომაა აქაური ბურგერის ხორცი ასეთი ნაზი და გემოებით გაჟღენთილი (ის ვაკუუმში საათობით მზადდება); რატომ უნდა შეუკვეთოთ სტარტერად აქვე გამომცხვარი პურეული მისაყოლებელი სოუსებით; რატომ იყენებენ სამზარეულოში არარაფინირებულ, კახურ ზეთს და ასე შემდეგ. თითოეული კერძის აღწერას აღარ მოვყვები, რადგან არ მინდა ტობიას სტამპესოსთან კულინარიაზე საუბრის სიამოვნება წაგართვათ. თავადაც იგრძნობთ, აქაური ხორცეული, ყველეული, პურეული, ბოსტნეული და სოუსები კარგად ნაფიქრი და გააზრებული, შეხამებული და ამიტომ ძალიან დახვეწილია. ჰო, კიდევ ერთი: აქ ფრთხილად შეგირჩევენ ღვინოსაც, საუბარში გაგაცნობენ თავად მეღვინეს, აღგიწერენ სასმელის მთავარ გემოებს და თქვენც მიხვდებით, რომ საზეიმო განწყობისთვის სულ ერთი ჭიქაც საკმარისია. სადილის ბოლოს შეიძლება აქვე გამომცხვარი დანიური ხრაშუნა ნამცხვრითაც გაგიმასპინძლდნენ, თან შინაურულად – პირდაპირ ქილიდან. მერე გაიხედეთ ფანჯარაში – გარეთ კლასიკური თბილისური საცობია. თქვენ კი შიგნით ხართ, კულინარიული ტელეპორტირების შედეგად – პირდაპირ დანიური სახლის სამზარეულოში. რა ჯობია?!

ავტორი: ოლივია ჯაში

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა