გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Spirits – ინტერვიუ ლევან ხერხეულიძესთან

რას ეძებდით თავიდან ფოტოგრაფიაში და როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში თქვენი გამოსახულება?

განათლებით არქიტექტორი ვარ და ყოველთვის ძალიან მომწონდა ურბანული ფოტოგრაფია. თავიდან  ქუჩების, ურბანული პეიზაჟების გადაღება დავიწყე. მაინტერესებდა კომპოზიციები, ჩრდილ-სინათლე, განათება. მაშინ ჩემს ფოტოებზე ადამიანები ჯერ არ ჩანდნენ, მხოლოდ შემთხვევით თუ მოხვდებოდნენ კადრში. დროთა განმავლობაში უფრო გაბედული გავხდი, შევეჩვიე ადამიანებს და მათთან მიახლოება დავიწყე. უცბად სიცოცხლე შემოვიდა გამოსახულებაში. დღეს აღარც მაქვს ფოტოები, სადაც ადამიანები არ არიან.

პორტრეტების გადაღება დავიწყე. ადამიანები მაინტერესებს  საინტერესო სახეები, ხასიათი, პიროვნული მახასიათებლები. ეს რთული პროცესია, ერთ პორტრეტში მათ ხასიათს ვერ გამოხატავ. თუმცა ყველას აქვს მთავარი პიროვნული ხაზი და სწორედ ამის მიგნებას ვცდილობ. ყველაზე საინტერესო ეს პროცესია  ადამიანები რაღაცის დამალვას ცდილობენ. ჩემი მთავარი ამოცანა ამ ყველაფრის მიღმა მათი დანახვაა. რამდენად ვახერხებ ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა  პორტრეტი ყალბი არასდროს არის.

გადაღების პროცესი მთლიანად მშთანთქავს ხოლმე. ეს საკუთარი თავის გამოხატვის გზაცაა და ძალიან მაგარი კაიფია. ჩემს ფოტოგრაფიაში მე ყოველთვის ვჩანვარ და თუ ყურადღებით დააკვირდებიან ამას აუცილებლად დაინახავენ. ყველა კადრში ჩემი დიდი ნაწილი აისახება. ხოლო ის, რასაც ვიღებ, ჩემში გადმოდის.

ვინ არიან ადამიანები, რომლების პორტრეტებსაც იღებთ?

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა ეს ადამიანი, ჩემი მეგობარი, კარგი ნაცნობი ან უბრალოდ ნაცნობია. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი წარმოდგენები მათზე, მაგრამ წინასწარ არ ვიცი რა გამოვა. ვიცი ესთეტიკურად როგორი პორტრეტი უნდა იყოს.

არ მიყვარს ადამიანების ტანჯვა, ამიტომ გადაღება დიდხანს არასდროს გრძელდება, 15 წუთი ალბათ მაქსიმუმია. თუმცა, მათ გახსნას მაინც ვახერხებ. შეიძლება ეს ადამიანები გრძნობენ, რომ მე ისინი მაინტერესებს. ვფიქრობ, ეს მათ ამშვიდებს და ხელს გიწყობენ, რომ კარგად იმუშაო.

თქვენი პორტრეტების სერია Spirits, რომელიც საბოლოოდ წიგნად შეიკრა, თავიდანვე სერიად გქონდათ ჩაფიქრებული?

როდესაც პორტრეტებს ვიღებდი სერიის შექმნაზე არ მიფიქრია. სერიული გადაღება, რომელიც კინოს ამსგავსებს ფოტოგრაფიას, ძალიან საინტერესოა, თუმცა ეს ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. უბრალოდ ერთ დღესაც მივხდი, რომ 11 წლის განმავლობაში ბევრი პორტრეტი დაგროვდა და ფოტოწიგნის გაკეთება მომინდა. ასე შეიკრა Spirits და ეს სათაური გადავიდა გამოფენაზეც.

ყველა ადამიანს, ვინც გადავწყვიტე, რომ ამ წიგნში მოხვედრილიყო, ვთხოვე საკუთარ თავზე რამდენიმე სიტყვა დაეწერათ, მოკლედ გამოეხატათ რას ფიქრობდნენ თავიანთ ცხოვრებაზე. ეს სიტყვები შემდეგ პორტრეტებს დაერთო. ვფიქრობ, ამან რაღაც ახალი შესძინა ფოტოებს  ფოტო და ტექსტი ერთიანი გახდა.

რა არის ყველაზე მნიშვენლოვანი  გადაღების პროცესი თუ შედეგი?

მიზნის მიღწევაა მთავარი. მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული ადამიანი არ ვარ, თუმცა შედეგს თუ ვერ ღებულობ ჩათვალე, რომ არ გამოგივიდა. იშვიათად ხდება, როდესაც შედეგით კმაყოფილი არ ვარ. თუმცა ყოფილა მომენტები, როდესაც არქივში ისეთი კადრისთვის მიმიგნია, რომლისთვისაც თავის დროზე ყურადღება არ მიმიქცევია და აღმომიჩენია, რომ ძალიანაც საინტერესოა. ესეც განწყობის ამბავია.

ამ ყველაფერს ჩემს შემთხვევაში სასიამოვნო პროცესიც ემატება. ვერ გავიხსენებ რომელიმე გადაღებას, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობდი. ეგეთი მდგომარეობა არ არსებობს ჩემთვის. თუ თავს ცუდად ვგრძნობ უბრალოდ არ ვიღებ.

ახლა რაზე მუშაობთ?

ბოლო წლებია ხშირად დავდივარ ბაქოში და მის შემოგარენში და ფოტოებს ვიღებ. ბევრი მეგობარი მყავს და მანამდეც ხშირად ჩავდიოდი. უცბად რაღაც დავინახე. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ბაქო ძალიან მახსენებს თბილისს და ძალიან გავითავისე. ეს არ იქნება ბაქოს, როგორც ქალაქის აღწერითი წიგნი, რადგან მე როგორც არქიტექტორს სულაც არ მომწონს ეს ქალაქი. ბოლო წლებში ისეთი რაღაცეები ააშენეს, რომელმაც საერთოდ უცვალა ქალაქს სახე. მხოლოდ კანტიკუნტად არის შემორჩენილი ის, რაც ჩემია, ემოციურად მიჭერს, რამაც გახადა ბაქო ჩემი ქალაქი. წიგნიც ამაზე მინდა იყოს, ბაქოს და მისი შემოგარენის ჩემეული აღქმა. ფოტოწიგნს ტექსტსაც დავურთავ, რომელსაც მე დავწერ.  

Antoine D’Agata  I am my own hell, my only way out, my hope is through another being.
Marina Ivanishvili  I hear with my eyes. See by touching
Maya Sumbadze  I wear a golden chain and pendant with images of saints. I’d like to be kissed, I wear a plaster on my wrist. I use a multi-active cream, it says it will protect my skin. So I am safe and I stay still.
Nata Sopromadze  My mimic wrinkles slightly differ from your mimic wrinkles. My right eye is more wrinkled than the left one.
Nene Nestan Kvinikadze  I have my own mystery: violet June.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა