სპირიტუალური სეანსი წყალტუბოში
26.08.2020ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer
ქუთაისიდან 10 წუთში უცხო პლანეტაზე აღმოვჩნდი. წყალტუბოს მერვე აბანოს აუზის დანახვისას სხვა განცდა არც თქვენ გაგიჩნდებათ.
ეს ადგილი ჩემი მეგობრებისა და უცხოელი ფოტოგრაფების ფოტოსესიებიდან ვიცოდი. ახლა კი აქ ვდგავარ მე თვითონაც და მაინც მგონია, რომ სიზმარია.
აბანო ნომერი 8 1958 წლის 2 სექტემბერს გაიხსნა. პროექტი არქიტექტორ იოსებ ზაალიშვილს ეკუთვნის, ვალერიან კედიასთან ერთად, მან წყალტუბოს გენერალური გეგმა შეიმუშავა.
ნაგებობა ნოვატორულია. აქ საქართველოში პირველად გამოიყენეს დიდი სიმძიმის, 42-ტონიანი გუმბათოვანი გადახურვა, რომელიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციისაგან არის აწყობილი.
„წყალტუბოს მთავარი მიზიდულობა მისი არქიტექტურაა“, - ამბობს ნინო მეტრეველი, რომელიც თქვენც დაგეხმარებათ აქ არქიტექტორული ტურის მოწყობაში. თუმცა, ჯერ წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრში უნდა მიხვიდეთ, რკინიგზის ძველი სადგურის ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის #39ა-ში.
„ეს ადგილი გარედან სრულიად შეუმჩნეველია. მიდიხარ პარკში და ხედავ რაღაც მომრგვალებულ შენობას. მაგრამ შედიხარ და იქ გასაოცარი არქიტექტურული ნაგებობა გხვდება. ალბათ ეს მოულოდნელობა მოსწონთ ყველაზე მეტად. ამოჭრილი გუმბათი და ინდივიდუალური კაბინეტები, ეს იქცევს ყველაზე მეტად ყურადღებას“, - მიამბობს ნინო მეტრეველი.
აბანო #8, თბილისის სპორტის სასახლის ესკიზის მიხედვითაა აშენებული. გუმბათი თავდაპირველად მინის იყო, თუმცა დღეს მინა აღარაა და აქ შემოსული, პირდაპირ ცას უყურებ.
აქ, თითქოს, წარსულ დროსთან გადიხარ კონტაქტზე. სპირიტუალურ სეანსში ერთვები და სტალინის ეპოქის სულს იძახებ. შენობის რელიეფზე განთავსებული თეთრი ფიგურები სტალინის ცხოვრებას ასახავს. როგორც ამბობენ, შენობა რეკორდულ დროში, 9 თვეში პირადად სტალინის ვიზიტისთვის აშენდა. უყურებ ფასადს და ხვდები, რომ მშენებლებს მართლა ძალა არ დაუშურებიათ, რათა საბჭოთა ბელადის ძლევამოსილება და იმპერიალისტური დიდებულება გადმოეცათ.
ახლა სანატორიუმ „ივერიაში“ შევიდეთ. მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1962 წელს გაიხსნა კიდეც. აქ 300 სტუმარს შეეძლო დარჩენა. დღეს კი ხიბლავს მნახველს გადახსნილი ჭერითა და ფერების განსაკუთრებულობით შეხამებით. მიტოვებულ შენობაში იდუმალი ბაღი და ბაღში შადრევნებიც არ გამოგრჩეთ.
შეუძლებელია გულგრილად ჩაუაროთ ე.წ. „ მეშახტესაც“, რომელიც დღეს კერძო საკუთრებაშია და იქ მოხვედრას ვერ მოახერხებთ. სანატორიუმი 1952 წელს გაიხსნა და 350 საწოლზე იყო გათვლილი. მშენებლობას იტალიელი კარლო მორეტი ხელმძღვანელობდა. რამდენიმე ხნის წინ შენობა აუცქიონზე გაიყიდა და აქ ახლა სასტუმრო შენდება, თუმცა, წყალტუბოში მითხრეს, რომ მფლობელები იერსახეს უნარჩუნებენ - ასე იციან თვითონ.
ადრე ამ ადგილს „ცენტროსაიუზს“ უწოდებდნენ, ახლა „მედეას“, რადგან აქ მედეას ქანდაკება დგას. 320 საწოლზე გათვლილი სანატორიუმი, 1962 წელს არქიტექტორებმა - ალექსანდრე ინწკირველმა და თომა ფოცხიშვილმა ააშენეს.
„აქ შაბათ-კვირას, 5-6 ქორწილის სტუმრები მაინც მოდიან, ფოტოებს იღებენ. დღე არ გავა, „მედეა“ და მე-8 წყარო ვინმემ არ იკითხოს. განსაკუთრებით პოპულალურია ურბანისტებსა და ფოტოგრაფებში, რომლებიც გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ბელგიიდან ჩამოდიან“, - ამბობს ერთ-ერთი გიდი, ნინო მეტრეველი.
„თავის არქიტექტურით, ქალაქგეგმარებითა და ლადშაფტით წყალტუბო წარმოადგენს უნიკალურ კომპლექსს. ამას თან ერთვის სტალინური არქიტექტურის ესთეტიკაც“, - ამბობს წყალტუბოს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქუთათელაძე. მისი თქმით, წყალტუბო ყველაზე მწვანე ქალაქია მთელ საქართველოში. პარკი 74 ჰექტარზეა გაშენებული. მასში 150 ჯიშის სხავდასხვა მარადმწვანე ნარგავია, რომელიც ქალაქში უნიკალურ კლიმატს ქმნის.
როცა წყალტუბოს კურორტად გარდაქმნა დაიწყო, სხვადასხვა დროს გააშენეს 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო და საკურორტო პარკი. ასევე, კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. ქალაქი პარკის ირგვლივ წრეზე შემოავლეს, ამიტომ დასახლებას ამფითეატრის ფორმა აქვს.
„წყალტუბო 3 ზონადაა დაყოფილი: ბალნეოლოგიური, სანიტარული და საცხოვრებელი ზონა. სანიტარულ ზონაში სასტუმროები იყო განთავსებული. ბალნეოლოგიურ ზონაში კი პარკია და მხოლოდ აქ, პარკის ტერიტორიაზე ამოდის სამკურნალო წყლები. ამ საბადოებიდან მარაგდება შემდეგ სპა ცენტრები“, - მიყვება სალომე.
წინათ, აქ, თურმე, ცხრა ასეთი სპა ცენტრი იყო, ანუ ცხრა წყარო, ახლა მხოლოდ ოთხი ფუნქციონირებს. ძველი სანატორუმებიდან კი ღია ერთადერთია - ყოფილი სამხედრო სანატორიუმი, რომელსაც ახლა „ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ ჰქვია, ბევრი სტუმარი სწორედ იქ რჩება ხოლმე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წყალტუბოში საკურორტო ცხოვრება ჩაკვდა. სანატორიუმები დაიკეტა, უფუნქციოდ დარჩა. შემდეგ აქ აფხაზეთის ომიდან დევნილი, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ჩავიდა და მიტოვებულ სანატორიუმებში დაიწყო ცხოვრება. ეს ხავსმოდებული და ჩამონგრეული დიადი შენობები ბევრი ოჯახისთვის დღესაც სახლია - სვეტებს შორის სარეცხია გამოფენილი, კედლებზე წლების განმავლობაში გაკრულ და ჩამოხეულ საარჩევნო პლაკატებზე პოლიტიკოსების სახეები სანახევროდ მოჩანს. ამ უჩვეულო გარემოში თამაშობენ და იზრდებიან ბავშვები. დევნილების ჩასახლებები წყალტუბოს სანატორიუმების პოსტ-საბჭოთა რეალობაა. კვალი ამ შენობებს, დროსთან ერთად, სწორედ ამ დასახლებებმა დაამჩნიეს. ხალხს თუ შეხვდებით, გულღიად დაგელაპარაკებიან. მე სწორედ ეს მაინტერესებს ხოლმე.
წყალტუბოს ცენტრში ყველაფერია - სუპერმარკეტი, სასტუმროები, ტაქსები. უბრალოდ, უნდა შეეჩვიოთ იმ აზრს, რომ დროში გაყინულობის განცდას წყალტუბოში მოგზაურობისას ვერ მოიშორებთ. დაგაინტერესებთ, რაში გამოიხატება სიცოცხლის გაგრძელება ამ პატარა ქალაქში, რომელიც დანგრეული საბჭოთა იმპერიის სიმბოლოდაც შეიძლება გამოდგეს. როგორია ყოველდღიური ცხოვრება ამ ხალხისთვის და განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, რომელიც წინა საუკუნის დიდებულ ნანგრევებში ცხოვრობს? ნეტა როგორ მოახერხეს ამ ყველაფრისთვის აღარ ეწოდებინათ ტვირთი და სხვანაირად შეეხედათ?
თუმცა, წყალტუბოშივე მივხვდი, რომ ამ კითხვებზე ურყევი პასუხების პოვნა გამიჭირდება, მით უმეტეს, ერთი მოგზაურობისას. ამიტომ, ვიცი, წყალტუბოდან თქვენც ბევრი კითხვის ნიშნით წამოხვალთ. სამაგიეროდ, ნახავთ ქალაქს, რომელიც ძალიან მალე შეიცვლება: 3 ძველი სანატორუმი ორიოდე წლის წინ უკვე გაყიდულიყო იყო და კერძო საკუთრებაშია. ამას დაემატა შარშან გაცხადებული ცვლილებებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სექტემბრიდან დევნილების მასობრივ გასახლებას დაიწყებენ, რადგან პროექტების განხორციელება იწყება - ჯერჯერობით, პანდემიის ფონზე, ყველაფერი შეჩერებულია, თუმცა, ახალი ტიპის პროექტები ამ ქალაქში მალე დაიგეგმება.
„აქ მართლაც უნიკალური არქიტექტურაა. ჭერი, იატაკი, ჭაღები, მარმარილო, მოპირკეთება- ეს ყველაფერი უნიკალურია იმით, რომ სტალინური არქიტექტურის კლასიკური ფორმებისა და ქართული ნაციონალური დეკორის სინთეზია. თან ერთ პატარა ქალაქში ასე უხვადაა წარმოდგენილი. შთაბეჭდილებასაც ეს სიმრავლე ახდენს, გარდა იმისა, რომ თავის ხიბლს ჰმატებს აქაურობას მიტოვებულობა და სიძველე, ნგრევა. ახლა წყალტუბოს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს - ერთ დღეს ჩამოვიდა ჩვენთან ფოტოგრაფი რაიან კუპმანსი და მისი ფოტოები მოედო ზუსტად ინტერნეტს. მას შემდეგ უამრავი ხალხი ჩამოდის და ასე თავისით გაჩნდა ჩვენთან წყალტუბოს არქიტექტორული ტური“, -ამბობს სალომე ქუთათელაძე.
რაიან კუპმანსის ფოტოების ნახვა მართლა ქმნის დროში მოგზაურობის ასოციაციას. მაგრამ ძალიან კარგად მოვიქეცი, რომ არ დავჯერდი ფოტოებს და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე; რომ შევხვდი ადამიანებს და მათი პირადი ისტორიები თუნდაც დევნილობაზე, ამ გრანდიოზულ და დიდებულ შენობებში ჩასახლებაზე და დიადი წარსულის შეუქცევად ნგრევაზე მე თვითონ მოვისმინე. განცდა მაქვს, რომ მეხსიერებაში ჩემთვის დავაფიქსირე ქალაქი, რომელიც მალე შეიცვლება და აღარ ემსგავსება თავის დღევანდელ თავს.