გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სუფთა დედამიწა

სახლში უნდა მოვსულიყავი, ადრე, ადრე რა, 11-ზე მაინც, იმიტომ რომ რაც აქ ვარ, ძალიან ადრე მეძინება და ძალიან ადრე მეღვიძება. მატარებელში ჩავჯექი და ბრუკლინში ამოვყავი თავი. ნამდვილად არ შემშლია, გზას რაღაც დაემართა და სულ ურევენ მიმართულებებს. მე კიდევ არ ვუსმენ რას აცხადებენ. ვაგონში ბავშვი არ ჩუმდებოდა, ტიროდა. ვაგონის ბოლოს
ისევ მღეროდა ვიღაც მოხუცი შავკანიანი კაცი. ამ ბავშვს უმღეროდა ალბათ, ბავშვის დედას ეძინა. ერთი საათი მოვუნდი იქამდე დაბრუნებას, საიდანაც დავიწყე. ცოტაც და სახლში მოვედი. გუშინ დილით მანჰეტენს ნახევარი წრე დავარტყი გემით. თავისუფლების გოგოსთან მივცურდით. ცხელოდა, მზე ანათებდა და სახე დამეწვა. მანეჰტენის ცათამბჯენები მზეზე ელავდნენ, მიწაში ჩასობილი ხმლებივით. 

ჩინელები ამერიკაში - მუზეუმია ჩაინათაუნთან. პატარა მუზეუმია, სულ რამდენიმე
ოთახი. მუზეუმში ჩინელების ამერიკაში ჩამოსვლის და დასახლების ამბავია მოთხრობილი. მუზეუმი კი ჩინელებს ეძღვნება, მაგრამ ნებისმიერი უცხო ქვეყანაში გადახვეწილი ადამიანების ამბავს ყვება.

გამოვედი. ფეხით ვიარე. სიგარეტს ვეწეოდი კუთხეში და ქართული გავიგე. ორი ბიჭი მანქანას ტვირთავდნენ ვიღაცის ავეჯით. ჩანთაზე სად ხარ მაწერია. ალბათ ვერ დაინახეს. მუშები, მტვირთავები, დამლაგებლები - უმეტესად ფერადკანიანები ან ემიგრანტები არიან. 90-იანები გამახსენდა, როგორ დაიწყეს ქართველმა ქალებმა აქ ჩამოსვლა. რამდენი ქალი წამოვიდა რომ ბნელ ქვეყანას გამოქცეოდნენ და იქნებ ოცნებები აეხდინათ. სინამდვილეში ოცნებები შავ სამუშაოდ და წლების განმავლობაში სახლში გამოგზავნილი ფულის ქვითრების გროვად გადაიქცა.

საღამომდე დრო მქონდა. ვფიქრობდი, როგორი ერთანირი და თან როგორი სხვადასხვაა მთელი დედამიწა და ადამიანების ბედი. განსაკუთრებით მათი, ვინც იმ ქვეყნებში დაიბადა, მესამეს რომ უწოდებენ. ერთ თარგზეა გამოჭრილი სამყაროს კიდეებზე,
დედამიწის გარეუბნებში დაბადებული ადამიანების ბედისწერა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა