Suicide - Dream baby Dream | ანა ძიაპშიპას დღიური
25.03.202022 მარტი
18:40 თბილისი
Suicide - Dream baby Dream
ამ ბოლო დროს მგონი მთელი სამყარო სიზმარზე წერს. კოლექტიურ ცუდ სიზმარზე, რომლიდან გამოფხიზლება ყველას უნდა. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ მსოფლიოს მოსახლეობის იმ 8 პროცენტში შევდივარ, რომელსაც ძილის პარალიზის შემთხვევები აქვს. ხანდახან ძილსა და ღვიძილს შორის ან სიზმრის შუაში მთელი სხეულით ძლიერ ვიბრაციას ვგრძნობ, პერიოდულად სხვადასხვა ძალა, რომელსაც განსხვავებული სახე და ფორმა აქვს თითქოს უძირო უფსკრულში მთელი ძალით მექაჩება და წინააღმდეგობა მიჭირს, უფრო სწორედ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. ამდენი წლის გამოცდილებით ბოლომდე არა, მაგრამ დაახლოებით ვიცი რა დროს იწყება ეს კოშმარი და როგორ უნდა გავუმკლავდე. მაინც ყოველ ჯერზე ცივ ოფლში მეღვიძება ხოლმე შეშინებულს და ჰალუცინაციებიდან ახალგამოსულს ფეხებთან აჩრდილივით ჭინკა შემეფეთება ხოლმე.
ახალ რეალობას ცუდ სიზმრად არ აღვიქვამ, არც სადამსჯელო ოპერაციად და არც მითუმეტეს კურთხევად. აღვიქვამ როგორც ძალიან რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან პროცესად, რომელთან გამკლავებამ უდიდესი და ძალიან მტკივნეული დანარკარგის მიუხედავად, წესით ბევრი კარგიც, მათ შორის თანადგომაც უნდა გვასწავლოს.
ჩემთვის სიზმარს უფრო ის მოულოდნელობა გავდა თუ როგორ ცდილობდა საქართველო ამ გამოწვევასთან გამკლავებას, ბევრი შეცდომით, მაგრამ მაინც თითქოს მწყობრად, შეთანხმებულად, დათმობით. სადაც თითქოს ტრიბუნები პროფესიონალებმა დაიკავეს და არა უაზრო და ფუჭი ამბიციებით შეპყრობილმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ.
შფოთის შეგრძნება გუშინ გამიჩნდა და დღეს დილას წირვის ონლაინ ტრანსლაციის დროს გამიმძაფრდა. უცნაური შეგრძნებაა მაინც, რომ ის ძალა რომელიც ჩემი ძილის პარალიზის და კოშმარების დროს უფსკრულში მექაჩება ხოლმე ამჯერად ეკლესია აღმოჩნდა, ჩვენი დიდი სოლიდარული სხეულის ფეხებთან მჯდარი ინკუბუსი დღეს ანაფორიანი კაცი იყო,
რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ეს თითქოს შეკრული ჯაჭვი გაარღვია და საკმაოდ გაცნობიერებულად შემოგვთავაზა კოლექტიური შფოთიანი სიზმრიდან კოლექტიური სუიციდით გამოსვლა, არა მისი დაძლევა და ბრძოლა - არამედ სიკვდილი. დღეს ზიარების რიგში მდგარი სასოწარკვეთილი და ეგოიზირებული ადამიანები გაცნობიერებულად სწირავდნენ თავს, სწირავდნენ საკუთარ მშობლებს, საკუთარი ჩვილები მიყავდათ სამსხვერპლოზე, გვწირავდნენ ჩვენ ყველას და ერთმანეთის გაფრთხილების შეგრძნებას, რომელიც გვაძლებინებს სახლში ამ რთულ დროს.
შეიძლება ამიტომ დღევანდელი დღის მანტრად და თავდაცვად ეს სიმღერა და მისი შემსრულებელი ჯგუფი გამახსენდა, ჩვენი დღევანდელი ძილის პარალიზის შვება და ნიშანი: