გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პანდემია

სხეულები აღარ არიან

,,სახლებმა დაჰგმეს საჭირო დისტანცია. 
მიუჩოჩდნენ ერთმანეთს და გადაიზარდნენ ერთმანეთში 
და ქალაქში იყო სახლი ერთადერთი’’

ნაწყვეტი შოთა ჩანტლაძის ლექსიდან // ქალაქი იყო ჩვეულებრივი...

 

მერცხლებმა ბუდე სხვა ხეზე გაიკეთეს. ისევ ჩემი ფანჯრის წინ, მაგრამ ახლა ორი ხის მოშორებით. შეიძლება წინა წელსაც ასე იყო. კაი ხანია ასე დაკვირვებით აქედან აღარ გამიხედავს.

არ ვიცი, სახლში ყოფნის მერამდენე დღეა. დათვლა სტრესულია. დამთავრების მოლოდინის გარეშე თვლას არავინ იწყებს. არ ვიცი, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, ამიტომ მოცემულობა მივიღე და 

გადავწყვიტე გარე სამყარო სახლში შემომეზიდა:

ჩემი მაგიდა განსაკუთრებულია. კედელზე მიშენებული თაროებიდან ერთ-ერთი მაგიდასავითაა გამოწეული. ამ თაროზე მიწყვია წიგნებიც, კომპიუტერიც და ხელებიც. ეს სამუშაო სივრცეა. მაგიდაზე, ძირითადად ვწერ და ვესწრები ონლაინ ლექციებს. ხანდახან, ვკითხულობ. არასდროს ვუყურებ სერიალს.

უნივერსიტეტის და სამსახურის სივრცე რომ ირევა, პრობლემას საერთოდ არ მიქმნის. ეს იმიტომ, რომ ლექციები ვირტუალურ აუდიტორიაში მიტარდება. ლექციის დრო რომ მოდის, მეილის კალენდარს ვხსნი, იმ ოთახის ნომერს ვწერ, სადაც ცხრილის მიხედვით ჩვეულებრივ ლექცია მქონდა ხოლმე, შევდივარ და ლექტორს ველოდები. გუშინ 5 წუთით ადრე შევედი ,,აუდიტორიაში’’ და სხვის ლექციაზე აღმოვჩნდი. ხმაამოუღებლად გამოვედი უკან. ცოტათი მომწონს კიდეც. შემიძლია, ჩემთვის საინტერესო ლექცია მოვძებნო  და იმასაც შეუმჩნევლად დავესწრო.

უცნაურია. სხეულები აღარ არიან. მეტიც, ჩვენი ვირტუალური სხეულის მხოლოდ ზედა მესამედი არსებობს. დაიბან, თმას დაივარცხნი, ზემოდან რაიმეს გადაიცვამ და მზად ხარ, რომ ვიდეოთვალს დაენახო.

საწოლში მძინავს. ხშირად, ვუყურებ სერიალებს. ხანდახან ვკითხულობ. არასდროს ვმუშაობ. სამსახური მაგიდაა.

ვცდილობ, ოთახში ჭამას გადავეჩვიო. კარგად უნდა გათვალო შენი ოთახის კვადრატულობა რამდენგვარ ემოციას დაიტევს. სამსახურმა, უნივერსიტეტმა, ძილმა და დასვენებამ ოთხივე კედელი ამოავსო. სასადილოც რომ დავამატო, უკვე აჯაფსანდალი გამოვა და ოთახი მთლიანად სასადილოდ გადამექცევა. ძალიან არ უნდა გავსუქდე. დღეებს კი არ ვითვლი, მაგრამ ოდესმე ხომ ისევ უნდა გავიდე გარეთ. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ჩემთვის თითქოს არაფერი შეუცვლია. მე ისევ მხოლოდ სახლში ვარ, მაგრამ ახლა გარეთ აკრძალვებია და სუნთქვა ძნელდება. მაგიდა მელოდება, ანუ სამსახური, ანუ საწერი. მაგიდა, ანუ უნივერსიტეტი, ანუ სამეცადინო. წიგნი. კომპიუტერი. სტატია. მშია. წელი მტკივა. საწოლი. ძილი და როგორ მჭირდება ძილი და ამ დროს, როდესაც

ფიქრებსა და ფიქრებს შორის აღარ არის ადგილი ფიქრებისათვის

ვიხსენებ იმას, რაც ბევრმა დაივიწყა, მაგრამ მე სულ მიყვარდა - ბოლთა. აივანზე გავდივარ. ოთხი ნაბიჯი ერთ მხარეს. შემოტრიალება. ოთხი ნაბიჯი მეორე მხარეს. შემიძლია შევნელდე და ნაბიჯების სიდიდე გავზარდო. ოთახიდან ჰაერზე უცებ გასვლის გამო მამთქნარებს, პირს ვაღებ, წამიერი შეკანკალებით ჩემსა და გარემოს შორის ბარტერული გაცვლა ხდება. მე მას სხეულში გამოკეტილ ჩახუთულობას ვაძლევ, ის მაცოცხლებელ ჰაერს მიბრუნებს. ცოტაც და კარგად ხარ და სეირნობაც მთავრდება.

საერთო ოთახში ვიცინით. ხანდახან ვუყურებთ ტელევიზორს. არასდროს ვმუშაობთ. რიგრიგობით გვაქვს უიმედობის შეტევები და რიგრიგობითვე ვაიმედებთ ერთმანეთს.

ვირტუალურ დაბადების დღეზეც ვიყავი. ვითამაშეთ, ფსიქოლოგიური ტესტები გავაკეთეთ და ჩუმად, უკან გამოჩენილი ოთახის კედლები დავუთვალიერეთ ერთმანეთს. 

პარასკევსაც კამერის წინ დავლიეთ.

თავიდან ვფიქრობდი, კიდევ კარგი, სოციალური ქსელი არსებობს-მეთქი. თურმე, უკურეაქცია აქვს. თავს მიმძიმებს, თვალებს მიშრობს, ყურადღებას მიფანტავს და შიგნით მითრევს. მერე ყველაფერი უაზრო ხდება. ვდუნდები და ვფიქრობ, რად მინდა სამსახურში წასვლა, აქვე საწოლში ვიზამ ყველაფერს და მაგიდამდეც აღარ მივდივარ. სამყაროს ეკრანში ჩატენვის მაგივრად, მისი ნაწილები სახლში შემოვზიდე. ახლა წელი მტკივა, მაგრამ ლეპტოპით საწოლში არ გადავალ იმიტომ, რომ სამსახურში ვარ, თაროსთან, სადაც წიგნები და ხელები მიწყვია. ამ ხელებითვე გავზიდავ სამყაროს უკან.

სხვანაირად რომ ყოფილიყო, არც მერცხალზე ჩავიდებდი გულში წყენას, ბუდე ჩემგან მოშორებით რომ გაუკეთებია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა