ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სხივი ცდომილი | ანნა ძიაპშიპა

პატარა მომენტების მოხელთება ვისწავლე. ვცდილობ მცირე ბედნიერებები დავაფასო და მერე გავაღვივო; თვალის დახამხამების გარეშე, ჩაქრობამდე ვუყურო ამ ნაკვერჩხალს, ყურებაში ჩამეძინოს და ასე გავუმკლავდე  გარესამყაროს, რომლის დაუნდობელი ამბები, ინფორმაციის ტალღებზე ამხედრებულ მაცნეებს შემოაქვთ ჩემს ყოველდღიურობაში და ბევრ გადაუჭრელ პრობლემასთან მარტო მტოვებენ. მე აღარ მაქვს უნარი ამდენ შიდა თუ გარე ინფორმაციას გავუმკლავდე და ყოველდღე ვამბობ - “ამ ყველაფერზე ხვალ ვიფიქრებ”.

ცოტა ხნის წინ, ერთმა ქალმა, იმეილი მოიწერა, რომ ვირტუალურად დაგეგმილ შეხვედრაზე ვეღარ მოვიდოდა, მიზეზი ცხოვრებაში გაჩენილი “Ignus fatuus” იყო - “ცდომილი სხივის” ადევნება, რომელიც მას უფრო მნიშვნელოვანი ეჩვენებოდა ვიდრე მორიგი ვიდეო ზარი. იმ დღის შეხვედრა გადაიდო, ეტყობა ყველა მივხვდით, როგორ დაგვაკლდა ამ მოციმციმე ცდომილებების, პატარა თავგადასავლების და თავდავიწყებების აყოლა ჩვენს მოსაწყენ, ღარიბ, დაძაბულ პანდემიურ ცხოვრებაში.

ამ ზამთარს, კიდევ ერთი საერთაშორისო ზუმი მქონდა, იმ დღეს ყველა ქვეყანაში მზე იყო. სხივი, რომელიც თან ერთი იყო, თან სხვადასხვა, ოთხკუთხედ ფანჯრებში ჩატეულ ყოფაში მორიგეობით მოძრაობდა. ქალაქების, დროითი სარტყელების, ოკეანეების და ზღვების უხილავი გადალახვის ხარჯზე ხან ერთ სახეს გაანათებდა, ხან მეორეს კედელზე ალიცლიცდებოდა, ხან ეკრანის თვალზე აირეკლებოდა და პატარა ფანჯრის მთლიან სივრცეში მჯდომ ადამიანს მთლიანად გააქრობდა, როგორც დიდი და ყოვლისმომცველი ნათება. სათამაშოდ იყო მოსული, პატარა შემთხვევითობების შესახსენებლად,  უსიცოცხლო ვირტუალურ შეხვედრაზე. სურათიც კი გადავიღე და ჩავიწერე რომ არ დამვიწყებოდა - “მზის მოძრაობა ზუმში” ან “ზუმის მოძრაობა მზის გარშემო”.

 

“Ignus fatuus”-ზე წერილების სერია არ დასრულებულა, შემდეგ მეილში ქალმა მოიწერა, რომ კვლავ აგრძელებს ამ ფუჭ, მაგრამ ამაღელვებელ დევნას, ემილი დიკინსონის 1882 წლის ლექსი გამოაგზავნა და სექტემბრამდე დაგვემშვიდობა.

ცოტა ხანში,   ორ მეგობართან ერთად ზღვაზე წავედი. თითქმის დავიწყებული მქონდა, როგორ ხდები არაფრისგან კარგად და რა ადვილია ეს როცა ბუნებასთან ახლოს ხარ. მაშინვე გამახსენდა რას წერდა “ცდომილ სხივს” ადევნებული ქალი. თავში სულ დიკინსონის ლექსი მიტრიალებდა “Better an ignis fatuus…”  ზღვაზე საღამოს ჩავედით, მზე ჯერ ჩასული არ იყო, ზღვაც უმოძრაო და გამჭვირვალე დაგვხვდა, მზის ჩასვლამდე ვიცურეთ. დაისის მერე წყალს სიბლანტე შეეპარა, სადღაც ფსკერიდან ამოსული შფოთივით, რომელიც ღამ-ღამობით მის მსგავსად, ჩემს სხეულშიც დაისადგურებს ხოლმე. ზღვიდან ამოსვლისას ისე კარგად ვიყავი, მეგობრებს ვეუბნებოდი ეს ყველაფერი მაინც რა ბევრია და თან ცოტა-თქო და “ignis fatuus”-ზე ვუყვებოდი. ამ სიტყვებით ამ მოგზაურობას მიმართულება მიეცა - უმიზნო ხეტიალისას აღმოჩენილი პატარა სასწაულების მოხელთება, რომელიც დაჭერისთანავე ქრება და მერე ისევ რაღაც ახალი მოდის ტალღასავით. სანამ მანქანასთან მივედით დაბნელდა და გზად ძალიან ბევრი ციცინათელა გამოჩნდა, ბავშვობის მერე არ გვინახავს ციცინათელები, გადაშენების პირას მყოფი არსებები, მათი გამოჩენაც რაღაცნაირი მინიშნება იყო - მომენტის მოხელთების მნიშვნელობის გააზრება.

თითქოს არც არაფერი მაქვს სათქმელი ამ ტექსტით, ბანალური ამბავია, რამდენიმე დღით, ზღვაზე წავედი მეგობრებთან ერთად, მაგრამ ამ ქაოსის პირობებში თითქოს ესეც უკვე იმდენია. ვფიქრობდი რომ ეს სამი დღე უნდა აღმეწერა და ვეღარ ვხვდები რატომ. ციცინათელების მკრთალი ნათებასავით მახსენდება რამდენიმე ეპიზოდი, თინეიჯერებით სავსე კონცერტზე ჩვენ სრულ თავდავიწყებაში, მერე საკონცერტო განათებების შუქით განათებულ ბლანტ და თბილ შავ ზღვაში შესვლა და ამ რაღაც დიდ და სქელ მასაზე მოძრავი უზარმაზარი პროჟექტორის სხივის პერიოდული გაელვება. ვუყურებდი წყალში შესულ გოგოებს სანაპიროდან, თავზე ვარსკვლავებიანი გუმბათი მეხურა და რაღაც სრულყოფილების მსგავსი განცდა ისევ მეუფლებოდა “Better an ignis fatuus…”  ვფიქრობდი და ყველაფერი მაინც ცოტა იყო ან ვიცოდი რომ დროებითი. ტელეფონი დამიჯდა და კარგიც იყო, რადგან მერჩივნა ეს ყველაფერი დამემახსოვრებინა.

პატარა გზისპირა სასადილოშიც ვისხედით, უკან სიმწვანეში ჩაფლული მატარებლის ლიანდაგი ჩანდა, შევუკვეთეთ და ველოდებით. ჩვენ სამნი, იქაური ორი ძაღლი და ერთი კატა. უცებ რაღაც ხმა გავიგეთ, ჟანგის, რკინის ზანზალაკების ხმაურის და რუზრუზის ერთობლიობა, ისეთი მუსიკალური ხმა იყო, სადღაც შორიდან მომავალს, უცხოს გავდა. ერთდროულად ნაცნობს მაგრამ სრულიად ახალს, თან ყოვლისმომცველს და შემაწუხებელს და თან მშვენიერს. მე და ჩემი ერთი მეგობარი ამ ხმაზე შევცბით  და როდესაც გავიხედეთ, ორი ძაღლი, ერთი კატა და ჩვენი მეგობარი გვიყურებდნენ და კმაყოფილები გვიღიმოდნენ. მერე გვითხრეს აქ იმიტომ მოგიყვანეთ რომ ეს ხმა გაგეგოთო. ღირდა. ვერც ამის ჩაწერა მოვასწარი.

 ერთ საღამოს ვიღაცამ ვიქტორ ცოი ჩართო, რომლისთვისაც წლებია არ მომისმენია,  სიმღერა “კამჩატკას” ტექსტის პატარა მონაკვეთში ავტორი ძაღლს იხსენებს და ვარსკვლავს ადარებს, ახლა ამ სიმღერის ყველა მოსმენაზე ამ მოგზაურობის ყველაზე დიდი სევდა; უმისამართოდ მოსიარულე ძაღლები მახსენდება; ძაღლები სანაპიროზე, ძაღლები სასადილოებში, ძაღლები ტრასაზე, შემთხვევითი კავშირებით და საჭმლით გახარებული ძაღლები და ადამიანები და ის ორი ძაღლი სასადილოში რომ იღიმოდა.

 რაღაცნაირი პირველყოფილი იყო ეს გასვლა და ალბათ ამის გამო დაუვიწყარი. ყოფიერების დაძლევის მსუბუქი სავარჯიშოსავით. ცოტა ფატალისტური სურვილით გვეპოვა რაღაც სხივი, თუნდაც ცდომილი, რომელიც ცოტა ხნით გაგვაბედნიერებდა. ახალი და ძველი ინფორმაცია, ცოდნა ან გამოცდილება აქ თითქოს თავიდან იბადებოდა, მათი ინტერვენცია ჩვენს პირად სივრცეში დაუვიწყარ და პირველყოფილ იმპულსად გადაიქცეოდა, რომელიც როგორც ინსტინქტი ისე გვმართავდა და გვამეორებინებდა:

 

Better an ignis fatuus

Than no illume at all

 Poem 1551

By Emily Dickinson

 

მთლად უსინათლობას

სჯობს სხივი ცთომილი

 ლექსი 1551

ემილი დიკინსონი