ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სხვისი სამოთხე

მას შემდეგ, რაც უცხოეთის გზები გაიხსნა, ხშირად ვმოგზაურობ. ვყოფილვარ შორეულ თუ მოსაზღვრე ქვეყნებში, თუმცა არასოდეს ჩავსულვარ ქვეყანაში, რომელსაც ისტორიული მეზობლებიდან ჩვენზე ყველაზე მეტი გავლენა მოუხდენია. და აი, წელს პირველად მოვხვდი ირანში, ვნახე თეირანი და ქაშანი.

თეირანი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ირანის გული, რომელსაც არასოდეს არ სძინავს“, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დედაქალაქია. ე.წ. დიდ თეირანში, რომელიც თეირანსა და გარეუბნებს მოიცავს, 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თეირანში მანქანების სიმრავლე ისეთია, რომ ქუჩებში მუდმივი საცობებია. ქალებისათვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური პირობებია: არსებობს ქალების ტაქსები ქალი მძღოლებით, ავტობუსებში ქალებს მიეკუთვნებათ უკანა ნაწილი, მეტროს ყოველი მატარებლის ბოლოს კი მიმაგრებულია ორი ცალკე ვაგონი მხოლოდ მათთვის. ამბობენ, რომ ბოლო ხანებში ქალები ტრანსპორტის მამრობით ნაწილში ნელ-ნელა შეიჭრნენ, თუმცა კაცებს ქალების ნაწილში დღემდე არაფერი ესაქმებათ და კაც მგზავრს ქალი მძღოლი ტაქსიში არ ჩაისვამს. ასეთია ირანის თანამედროვე პატრიარქატი.

ქართული დელეგაციის წევრებმა (ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მაღალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვიყავით) ჯერ კიდევ ყველაფერი არ ვიცოდით ირანული გენდერული წესების შესახებ, მაგრამ „შეუმცდარი“ მამაკაცური ალღოთი, მამაკაცებმა ავტობუსში წინა რიგები დავიკავეთ. პირველსავე დღეს, ქალაქის ერთ-ერთი ბოლოდან ცენტრამდე გზას ჩვენმა ავტობუსმა ოთხ საათზე მეტი მოანდომა. ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ ზოგიერთ ჩემს თანამემამულეს ეჭვიც კი აღეძრა, იქნებ მძღოლმა გზა არ იცისო. შედგა სატელეფონო საუბარი ცენტრთან – ჩვენს მასპინძლებთან. გაისმა ავტობუსში გამომწყვდეული ქართველი ქალების მხრიდან მუქარის პირველი ნოტები. დაძაბულობა ყოველ წამს იზრდებოდა, მწიფდებოდა აჯანყება, გაჩნდა მასპინძლებისადმი დაუმორჩილებლობის პირველი ფრაზები, თეირანის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე წუთში თითო მეტრის სიჩქარით მოძრავ ავტობუსში უკვე საბედისწეროდ გაიჟღერა ქართული ლიტერატურის უკვდავმა და ტრაგიკულმა სტრიქონებმა:

ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,

ვაჰმე, როგორა ბნელაო!

მაგრამ იმ საღამოს თეირანში ქალების ქართული რევოლუცია არ შედგა. ბოლოს და ბოლოს, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, სადაც შესაშური მოთმინებით გველოდნენ ირანელი მასპინძლებიც, საქართველოს ელჩიც, დესპანიც და ტაქსით ჩვენზე ოდნავ ადრე მისული ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებიც. მასპინძლებმა ისეთი ოქროს სიტყვები გვითხრეს, იმოდენა სიყვარული გამოამჟღავნეს, ისეთი თხილეულით, ხილეულით, ყავითა და ბროწეულის წვენით გაგვიმასპინძლდნენ და ბოლოს ჩვენი დელეგაციის ყოველ წევრს ისეთი თავზარდამცემი, გამაოგნებელი და ძვირფასი საჩუქრები დაურიგეს, რომ მადლობის სიტყვების თქმას ერთმანეთს არ აცლიდნენ ავტობუსის ყველაფრის მომთმენი მამაკაცი მგზავრები და ვერშემდგარი დედაკაცი მეამბოხეები.

დადგა მეორე დღე და ეჭვმა, რომ ჩვენმა მძღოლმა გზა არ იცოდა, ისევ იჩინა თავი, რადგან უცებ ჩვენი ავტობუსი მიადგა ხიდს, რომლის ქვეშაც ვერ გაეტია და უკან დახევა მოუწია. ბუნებრივია, მაშინვე გაგვახსენდა წიფის გვირაბი და ორსართულიანი მატარებელი და სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველად, რა ახლოსაა ეს ყოველმხრივ უცხო სამყარო ჩვენთან. ავტობუსმა უკან დაიხია და ისე შედგა, მეგონა, მთელი ძალით გავექანებოდით, რომ ხიდის წინააღმდეგობა დაგვეძლია, მაგრამ მძღოლმა ვიწრო ქუჩაზე მოუხვია და გზაჯვარედინზე ასამდე მანქანის მოძრაობა შეაჩერა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩხუბი და დავიდარაბა არ აგვცდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, შევცდი: მძღოლები თავაზიანად გვითმობდნენ გზას და ყველაფრით გვაჩვენებდნენ, რომ ესმით ჩვენი ავტობუსისა. და მეც მაშინ გავიფიქრე, არა, არა, სულ არ ვგავართ ერთმანეთს-მეთქი.

ირანელებს რომ გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი უწოდო, არ კმარა. საჭიროა უფრო დამაჯერებელი სიტყვები მოიხმო, ასე ვთქვათ, უფრო პერსუასიული ლექსიკა, მაგალითად, თქვა, რომ „სტუმართმოყვარეობის ჩემპიონები“ არიან და ზედ დააყოლო ვითარების ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: „ძალიან“, „მეტად“, „უფრო“ და ა.შ. ეს შესამჩნევი იყო ყველგან: სასტუმროში, ქუჩაში, მაღაზიაში, ბაზარში, მუზეუმში, ტაძარში. რამდენიმე ადგილას სკოლის მოსწავლეებს გადავეყარეთ, ხან ბიჭებს, ხან გოგონებს (ქალთა და ვაჟთა სკოლები გაყოფილია). ვერ აგიწერთ, როგორ უხაროდათ ჩვენი და, ზოგადად, უცხოელების დანახვა, ჩვენთან გამოლაპარაკება და სურათების გადაღება. თვალში საცემია, ძალიან კარგად იციან ინგლისური. ეს მხოლოდ ბავშვებს არ ეხება: მუზეუმებსა თუ სხვა ღირსშესანიშნაობებში გიდებმა სერიოზული ინგლისური დაგვახვედრეს. ჩვენი ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, „არც ჩვენ გახლდით ჯაბანნი“, მაგრამ მასპინძლებმა ჩვენი გაოცება მაინც მოახერხეს. კაცმა რომ თქვას, ეს გასაკვირიც კი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანა პრაქტიკულად იზოლაციაშია და ამერიკელებსა და ინგლისელებს დაუძინებელ მტრებად მიიჩნევს. რაც შეეხება ჩვენს უშუალო მასპინძლებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ძალიან შთამბეჭდავი იყო სტუმრების მიღების მათთვის დამახასიათებელი მდიდარი კულტურა, ყველა მსხვილმანისა თუ წვრილმანის გათვალისწინება, ყველაფრის ჩვენებისა და ყველაფრის „დაფარვის“ სურვილი, ჩვენი „დატუსაღება“ და ჩვენი დროის უზურპაციისა და მათი ნებით განკარგვის დისციპლინა (სტუმარი ღვთის კი არა, მასპინძლისაა და, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, საკუთარ თავს არ ეკუთვნის), მათი აბსოლუტური გულუხვობა და სრული გულგახსნილობა, ყოველ მეორე წინადადებაში სიტყვა „ეშხის“ („სიყვარულის“) ხსენება და თეატრალურობამდე მისული, თითქმის ბავშვური გულწრფელობით გულზე ხელის მიდება.

მთავარი აზრი, რომელიც გადაფარებულია მთელ ირანს, მის რელიგიურ, კულტურულ და პოლიტიკურ ლანდშაფტს, იოლად გამოიხატება ერთი სიტყვით, უელბეკის რომანის სათაურით: მორჩილებით. ყველა – უფროსი და უმცროსი, კაცი და ქალი, სტუმარი და მასპინძელი, უცხოელი და ადგილობრივი ემორჩილება წესებს, რომლებიც სავალდებულოა, მაგრამ თან არ მოსწონს. ქალებისთვის ხიჯაბი – თავსაბურავი და გრძელი კაბები ან შარვლებია აუცილებელი. კაცისთვის – ქალზე საჯარო ბატონობა. სხვათა შორის, არ მეგონა, თუ სწორედ ეს იქნებოდა ყველაზე ძნელი.

როგორც კი რომელიმე ქალი სიტყვის თქმას დაგვასწრებდა, მასპინძელი ხან ჩვენ, ხან ქალს გვიყურებდა გაოგნებული. ამ დროს საუბრის ინიციატივა კაცს უნდა აეღო ხელში და ქალი მკაცრი მზერით უნდა „მიეჯირყვნა“. ქალიც უნდა მიმხვდარიყო და სახეზე სრული მორჩილება გამოეხატა.

თუ ვინმე აშკარა დაუმორჩილებლობას გაბედავს და ამ თვალსაზრისით წესებს არ დაიცავს, იმავწამს მის თვალწინ აღმოცენდება ზნეობის პოლიცია და დამნაშავის იზოლაციას მოახდენს. ზნეობის პოლიციაში (სპარსულად მას ეწოდება გაშტ-ე ერშადი ანუ „სადამრიგებლო პატრული“) გაწვეული არიან ფარულად მომუშავე აგენტები, რომლებიც ჩვეულებრივ მოსახლეობას არიან შერეული. ეს ერთეული აიათოლა ხომეინის მიერ შექმნილ ბასიჯს, ირანის მოხალისეთა მილიციას, ექვემდებარება. ამჟამად მზადდება კანონი, რომელიც ამ ფარულ აგენტებს ფორმას ჩააცმევს და ჩვეულებრივ პოლიციას დაუქვემდებარებს. ჯერჯერობით კი, თუ ქუჩაში ქალი და კაცი ერთად მიდის, ამ „უფორმო“ პოლიციას უფლება აქვს, მათ ნათესაური ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვოს. წყვილი ან ცოლ-ქმარი უნდა იყოს, ან და-ძმა, ან მამა-შვილი და ა.შ. თუ წყვილი ერთად ყოფნის ლეგიტიმურობას დამაჯერებლად ვერ დაასაბუთებს, კაცს დაუყოვნებლივ კაცების პოლიციაში წაიყვანენ და ქალს – ქალებისაში. ამიტომ მთელი ირანული ვოიაჟის განმავლობაში წამითაც არ მტოვებდა მოსალოდნელი კოშმარის გრძნობა, რომ შეიძლება თანამგზავრ ქალთან ან ქალებთან ერთად ხელი ჩაგვავლონ და პოლიციის სამმართველოში ცალ-ცალკე გაგვაქანონ, ან, კიდევ უარესი, შეიძლება უდაბნოს ქარმა რომელიმე ჩვენიანს თავსაფარი გადახადოს და საშინელ შარში გავებათ. გვაფრთხილებდნენ, რომ ქალები არ „მოშვებულიყვნენ“ და ავტობუსშიც დაეცვათ ხიჯაბის წესი, არ გამოეჩინათ თმები, შიშველი ხელები და, ღმერთმა დაგვიფაროს და, ფეხები. გვარიანად შეშფოთებული კაცები ვზრუნავდით, რომ ქალებს ფორმალური მორჩილება დაეცვათ. მეტად უცნაური სანახავი იყვნენ ჩვენი ხიჯაბიანი, ფერადთავსაბურიანი ქალები ანუ ძალად თავსაფრიანი დედაკაცები. ძნელად თუ წარმოიდგენთ ფორმისა და შინაარსის ასეთ მეტყველ დაპირისპირებას: გარეგნულად (არაბულ-სპარსულად რომ ვთქვათ, „ყასიდად“) წესებს კი იცავდნენ, მაგრამ შინაგანად არავისადმი მორჩილებას არ აპირებდნენ და ეს საყვარლად ამაყ სახეებზე ეხატათ. მოკლედ, ქართული საზოგადოების თავისუფლების ხარისხის გასინჯვას თუ დააპირებ ან თუ შეეცდები, ქართველ ქალს ბოლომდე გაუგო, თუ მოინდომებ, მისი ნამდვილი ტემპერამენტი ხელშესახებად შეიგრძნო, ირანში უნდა წახვიდე და ქალიც წაიყვანო.

ყველა გვიმტკიცებდა, რომ „ნამდვილი ირანის“ სანახავად თეირანი საკმარისი არ არის. გვეუბნებოდნენ, აუცილებელია ისპაჰანის ან ქაშანის ნახვა მაინც. ქაშანი ჩვენთვის კარგადაა ცნობილი სიტყვა ქაშანურის მიხედვით (თიხის ჭურჭელი, მოხატულ-მოჭიქული სპარსეთის ამ სახელგანთქმულ ქალაქში). გასაოცარი ქალაქია ეს ქაშანი. საუცხოო შენობებით, მეიდანის მეჩეთით, ზეინოდდინის მინარეთით, ჩვენთვის კარგად ნაცნობი შაჰ აბას პირველის აკლდამითა და მეცხრამეტე საუკუნის არისტოკრატიის სასახლეებით (ამჟამად მუზეუმებით).

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობის პატრიოტული ოცნებების ასრულება გავაგრძელე: სამარყანდში, გურ ემირში თემურ ლენგის საფლავთან ვყოფილვარ, მოსკოვში ლენინის მავზოლეუმშიც შემივლია, კრემლის კედელთან სტალინის საფლავიც მომინახულებია და ახლა ქაშანში შაჰ-აბასის აკლდამაც ჩავიბარე. ყველაზე საინტერესო იყო ქაშანის ე.წ. სამოთხე – უდაბნოში გაშენებული წალკოტი, ხელოვნური სარწყავი სისტემით, მაღალი გალავნით, წყალში მოცურავე იხვებითა და ამ სამოთხის უჩვეულოდ მხიარული მომვლელი ქალებით. ყვითელი, ქვიანი და ცხელი უდაბნოდან ამ სამოთხის კარს რომ გაივლი, პირდაპირ უზარმაზარი ხეების ჩრდილში აღმოჩნდები და ხელოვნური მდინარის სასიამოვნო ჟღურტულს გაიგონებ. უცნაური გრძნობაა, მართლა სამოთხეში იგრძნობ თავს და, ვინაიდან, სიმართლე რომ ვთქვათ, სამოთხე და, ზოგადად, საიქიო, ცოცხალი კაცისთვის არ არის შექმნილი, ცოცხალი კაცი იქ ვერასოდეს მოხვდება. თუ ოდისევსი, ენეასი ან დანტე ალიგიერი არ გქვია, თავს უცხოდ გრძნობ და ამ გრძნობას ის გაგებაც გიძლიერებს, რომ ქრისტიანი კაცი სხვის სამოთხეში ხარ მოხვედრილი. არადა, ეს სამოთხე საუკუნეები გვიზიდავდა და ზღაპრული სიტკბოებით კინაღამ ჩაგვითრია. ჩვენი საბრალო მეფის ფრაზიდან „სპარსული ენის სიტკბომან მასურვა მუსიკობანი“ მორჩილებამდე, ალბათ, ერთი საბედისწერო ნაბიჯი გვრჩებოდა, რომელიც არ გადავდგით.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა