
TAF, პროპაგანდა და ინგლისურ ენაზე დაწერილი სიტყვა „რევოლუცია“
17-20 მაისს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მასშტაბური ღონისძიება „თბილისის არტ ფეარი“ გაიმართა. „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებსა და ქალაქის სხვა სივრცეებში გაბნეულ გამოფენებში დაახლოებით 30 გალერეა და 80 ხელოვანი მონაწილეობდა. „არტ ფეარის“ სადისკუსიო პროგრამა აუდიტორიას თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციებზე, ცენტრი-პერიფერიის ურთიერთობაზე, ხელოვნების ბაზრის არსებობა-არარსებობაზე სთავაზობდა სხვადასხვაგვარ შეხედულებას.
„არტ ფეარისა“ და მისი პროვოცირებით მოწყობილი სხვა გამოფენებით, ქართულ ხელოვნებაში პატარ-პატარა პორციებად „მსოფლიოს სული“ და „ხალხის სული“ შემოვიდა და ქართული ცაიტგაისტის სურათი შეიქმნა. „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში განთავსებული ინტელექტუალურ-მხატვრული აზროვნების პროდუქციის ნაწილი ფასდაუდებელი იყო. დავით კაკაბაძის სკეტჩები, კორნელი სანაძის ფერწერული ტილოები თუ თამაზ ნუცუბიძის გობელენები იმ ფასად იყიდებოდა, რომელსაც ღარიბი სახელმწიფო კულტურული ინსტიტუციებიც შესწვდებოდნენ. თუ გავითვალისწინებთ მათ ისტორიულ-მხატვრულ ღირებულებას, შინაარსისა და კონტექსტის შექმნის შესაძლებლობას, ხელოვნების ეს ნამუშევრები მსოფლიოში ნებისმიერი საგამოფენო სივრცის ღირსშესანიშნაობა იქნებოდა. ისტორიული პერსპექტივისა და ვოლქგაისტის (ეროვნული სულის) ხათრით უნდა აღინიშნოს თბილისის ფოტოფესტივალის ასევე ფასდაუდებელი გამოფენა „აქ და იქ, რეალობაში და რეალობის მიღმა: ფოტოგრაფიის სამი საუკუნე საქართველოში“, რომელიც ფოტოგრაფიის სამსაუკუნოვანი ისტორიისა და საქართველოს სამსაუკუნოვანი არსებობის მეხსიერების სქემაა.

ინგლისური დასახელებისა – Tbilisi Art Fair, და მმართველობის რუსი წევრების გამო, „არტ ფეარმა“ ხელოვნების სივრცის გამოღვიძებასთან ერთად, ქვეყანაში ნაციონალური სენტიმენტებიც გაამძაფრა. ღონისძიების ერთი ნაწილის კონცეფციის გამო, რომელსაც ერქვა „ომი დროებით შეჩერებულია“, საპასუხო კითხვები გაჩნდა: ნამდვილად შეჩერებულია თუ არა ომი და უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ხელოვნება საქართველოში იმ ქვეყნის წარმომადგენლების მიერ, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს? „დაძაბულობამ“ ხელოვნების სასარგებლოდ ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები წარმოაჩინა, რამაც გაზაფხულის მიწურულს, თბილისში სახელოვნებო ცხოვრება კიდევ უფრო სავსე და საინტერესო გახადა.
ლიზა ჟვანიას კურატორობით 20 ახალგაზრდა ხელოვანის გამოფენა „ომი დროებით შეჩერებულია“ ხელოვანების კონცეპტუალურ ინტერვენციად იქცა იდეით: „გამოფენა დროებით შეჩერებულია“. „ევრორემონტით“ გაულამაზებელი პავილიონის ცვალებად სივრცეში ერთმანეთს იდეალურად ეზავებოდა თანამედროვე ქართული რეალობა და წარმოსახვები. ამ ყველაფერს პავილიონში თავმოყრილი ფოტო, ვიდეო, ინსტალაცია, ობიექტები და პერფორმანსები იტევდა.
„არტ ფეარმა“ ის ხელოვანებიც შეკრიბა, რომლებმაც თავი საქართველოს გარეთ დაიმკვიდრეს. ელენე აბაშიძის კურატორობით გამოფენა „დაკარგულია 12 ქალი“ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებს გასცდა და თბილისური არქიტექტურის 2 ულამაზეს შენობაში – მწერალთა სახლსა და აბრეშუმის მუზეუმში გამოიფინა. სწორედ ამ ორ მისამართზე შეეძლო დამთვალიერებელს 12 ხელოვანი ქალის გრაციოზული ნამუშევრების ნახვა არქიტექტურასა და დიზაინთან სინთეზში.
„თბილისის არტ ფეარზე“ მსოფლიოში ცნობილმა სახელებმაც გაიელვა, მათ შორის იყო იაპონელი ფოტოგრაფი მასაო იამამოტო, რომელიც გალერეა Galería Valid Foto BCN-მა წარადგინა; ასევე, ფრანგი ხელოვანი ბერტრან გადენი, ხმოვანი ინსტალაციით „ექსპო ჯორჯიას“ ორანჟერეაში...

„არტ ფეარის“ პარალელურად, „სტამბაში“ „პროპაგანდამ“ „ოქსიგენი“ შექმნა. არტორგანიზაცია „პროპაგანდის“ მიერ ორგანიზებული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა მაყურებლის წინაშე „ოქსიგენი“ 33 ხელოვანის, ხელოვნების სკოლებისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ასევე VAADS-ის სტუდენტების ნამუშევრებით წარდგა. ჩემი აზრით, ეს იყო ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო კურატორული ნამუშევარი, რომელსაც ნინო საკანდელიძე და ანა გაბელაია ხელმძღვანელობდნენ. ლია ბაგრატიონის ნამუშევარი „გვერდის ავლით“ – სადენებში გამდინარე თიხა, არათუ გვერდს უვლიდა ნამუშევრებს, არამედ შენობას, ყოფიერებასა და სტამბის ელიტარული რეალობის უკუსახეს გარე რეალობასთან აკავშირებდა. ხელოვნების შიდა სამყარო საკუთარი მაღალმხატვრული ენით თეა გვეტაძემაც დაუკავშირა ყოფიერებას, მან ეს საგამოფენო სივრცეში გაზაფხულის ბოსტნეულის სურნელისა და მწვანილების ხასხასა სიმწვანის შეტანით მოახერხა. ამ ყველაფერს ნავთლუღის ბაზრის მწვანილის გამყიდველი, ქალბატონი მინაია გამოფენის დამთვალიერებელს სთავაზობდა და ედუარდ მანეს ნახატის „ბარი ფოლი-ბერჟერში“ ქართულ ანალოგს ქმნიდა. საინტერესო იყო კოკა ვაშაკიძის „არგონავტების დღიურიც“, რომელიც ტოტალიზატორებში მოთამაშე ადამიანების ჩანახატებით, პუბლიკას მათ აჩქარებულ გულისცემას ასმენინებდა.
ბოლოს კი, „არტ ფეარის“ კიდევ ერთ პარალელურ გამოფენას ვახსენებ – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის ერთ-ერთ მიტოვებულ სკოლაში სტუდენტების გამოფენას, რომლის ნახვაც ვერ მოვასწარი, რადგან დაუცველ შენობაში მისულ მხატვრებს იქაურობა დარბეული დახვდათ. დამარბევლებმა თავიანთი ტექსტი დატოვეს – „აქ იყო აქვამარისი“ და, ასევე, ინგლისურ ენაზე დაწერილი სიტყვა „რევოლუცია“.