თბილისის წიგნის დღეები | მცირე მიმოხილვა
საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში დასრულდა ყველაზე დიდი ქართული ლიტერატურული ფესტივალი – თბილისის წიგნის დღეები. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში, 4-5 და 6 ნოემბერს, მიმდინარეობდა და უამრავ ავტორს, გამომცემლობასა თუ წიგნის მკითხველს უმასპინძლა.
სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, 40-ზე მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამომცემლობის წიგნები ფასდაკლებით შეეძინათ ერთ დიდ სივრცეში – თითოეულ გამომცემლობას, ტრადიციულად, საკუთარი კუთხეები ჰქონდათ მოწყობილი, კომფორტულად გადანაწილებული სტენდები საშუალებას იძლეოდა კატალოგიდან წინასწარ შერჩეული წიგნების გარდა, ადგილზეც აღმოგეჩინათ თქვენსთვის საინტერესო ავტორი, საინტერესო წიგნი აბსოლუტურად ყველა ჟანრის მიმართულებით.
თბილისის წიგნის დღეები ორ დიდ სივრცედ იყო დაყოფილი, პროგრამა კი ფესტივალის სამივე დღეს კონკრეტულ კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებებს მოიცავდა – შედგა რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია, იყო შეხვედრები უამრავ გამომცემელთან თუ ავტორთან.
სიმბოლურია, რომ პროგრამა გაიხსნა ლიტერატურული კრებულის „ჩემო უკრაინა“ მიმოხილვით – 130-ზე მეტი ქართველი პოეტის, პროზაიკოსისა და მხატვრის ნამუშევრების საერთო წიგნი, რომელიც ყველაზე უფრო ნათლად გამოხატავს ფესტივალის და, ზოგადად, ქართული ხელოვნების სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ.
თბილისის წიგნის დღეები, როგორც ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ბაზრობა საქართველოში, იყო საუკეთესო შესაძლებლობა ახალი ავტორების, ახალი ისტორიების, ახალი ემოციების აღმოსაჩენად.
უნდა ითქვას, რომ მონაწილე გამომცემლობებს შორის იყო ინდიგოს გამომცემლობაც. ინდიგოს გამოცემულ სხვა წიგნებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ლადო ფოჩხუას ახალი წიგნიც – „უცნაური დროის დღიური“.
ფოტოები: თბილისის წიგნის დღეები