გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თბილისის წიგნის დღეები (სამდღიანი გარღვევა)

საჩუქრების სიმრავლეში, არჩევანის სიჭრელეში მგონია, რომ კარგი წიგნი კარგი ახალი წლის დასაყენებლად მაინც საუკეთესო საჩუქარია. წიგნის დღეებზე ექსპო ჯორჯიაშიც ამიტომ ორმაგი მისიით მივდივარ - სხვებს და საკუთარ თავსაც ახალი წლისთვის კარგი საკითხავი შევურჩიო.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ხალხმრავლი და წიგნებით გადავსებული პავილიონი უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენს. რეგულაციები დაცულია და, თითქოს, უფრო მეტ წესრიგსაც ვატყობ იქაურობას, ვიდრე სხვა - მოშვებულ და მოდუნებულ დროს.

ორგანიზატორების თქმით, „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში დამთვალიერებელს 50-მდე  გამომცემლობა და წიგნის მაღაზია მასპინძლობდა. პარალელურად, იმართებოდა ქართველი მწარმოებლების სასაჩუქრე ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წინასაახალწლოდ საჩუქრების  ყიდვა დამთვალიერებლებს ფასდაკლებით შეეძლო.

წიგნის დღეები "ექსპო ჯორჯიას" პროექტია. რესან ქიქავა, გამოფენების ცენტრის დირექტორი მიყვება, რომ ერთადერთი წელი, როცა ღონისძიება ვერ ჩატარდა, შარშან იყო.  წელს კი ამ სამდღიან ღონისძიებაში გამომცემლობების და წიგნის მაღაზიების რეკორდული რაოდენობა მონაწილეობდა.

„მთავარი, რისთვისაც აქ ხალხი მოდის, არის სასურველ წიგნებზე მიმზიდველი ფასდაკლებები და შანსია - ბევრი წიგნი- ერთ სივრცეში იხილონ".

როგორც ყოველთვის, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულების ნაკადი არ წყდება. აქა-იქ მწერლების და გამომცემლების ხმებიც ისმის, რაც ნიშნავს, რომ ტრადიციულად, სცენაზე მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება. თუმცა წელს სცენას ლექციებსაც უთმობდნენ. თემები მკითხველის სავარაუდო ინტერესების მიხედვით იყო. მაგალითად, გაიმართა ნინო ბუაძის ლექცია ბავშვებისთვის წიგნის მნიშვნელობის შესახებ. ლევან გიგინეიშვილი კი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ საუბრობდა. ლექციები წიგნის დღეების ფარგლებში - ეს სიახლე თბილისის წიგნის დღეებისა და აზროვნების აკადემიის თანამშრომლობის შედეგი იყო.

"ჩავარდნილი" წლის მერე მკითხველებთან და მწერლებთან შეხვედრებიც განსაკუთრებით ძვირფასი აღმოჩნდა სტუმრებისთვის. ბევრ ხალხში ნაცნობების პოვნა, წიგნების შესახებ შთაბეჭდილებების გაცვლა და რჩევების მოსმენა-გაცემა ხალხს მონატრებულ ურთიერთობების, სასიამოვნო და შემეცნებით, ზოგჯერ ძალიან შთამაგონებელ თემებზე ლაპარაკის საშუალებას აძლევდა.

ერთგან ნესტან ნენე კვინიკაძეს შეხვდი - ის იმ სტენდის მასპინძელი იყო და მკითხველს წიგნის შერჩევაში ეხმარებოდა.

"ყველა წიგნის ფესტივალი კარგია, რომელიც პანდემიის ჩაკეტილობას გაარღვევს. წლიდან წლამდე ელოდებიან ადამიანები ამ შეხვედრებს და ერთ სივრცეში თავმოყრილ უთვალავ წიგნს“, - მითხრა ნენემ.

გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენელმა გვანცა ჯობავამ კი პანდემიური პერიოდი გაიხსენა, როგორც ძალიან მძიმე გამოწვევა. „დაკეტილი წიგნის მაღაზიების პირობებში არსებობა ძალიან გაგვიჭირდა და ამან, ცხადია, ფინანსური დარტყმაც მიაყენა მთელ სექტორს. თუმცა, რასაც სულ ვგრძნობ ისაა, რომ ქართველი მკითხველი ყოველთვის სოლიდარული წიგნისა და გამომცემლობების მიმართ. ამიტომ თავიდანვე სულ ამას ვიმეორებდით,  რომ პანდემიის პერიოდშიც მკითხველმა გადაგვარჩინა“.

წიგნის დღეებზე, დარბაზში ხეტიალისას სწორედ ამ სოლიდარობას და იქ ყოფნის სიხარულს ვგრძნობდი სტუმრებში. დღის ბოლოს მეგობარი  მწერლების რეკომენდაციით ნაყიდი წიგნების ჩანთაში მოთავსება და მათი კითხვის სიამოვნებით წინასწარ ტკბობა კი ის იყო, რაც ზუსტად ვიცი, წიგნის დღეებზე გაისადაც დამაბრუნებს. ეს ის ადგილია, სადაც მიზიდულობის ჯადოსნურ წრედს კრავს კარგი ლიტერატურა, შთამაგონებელ თემებზე საუბრები და იმ ადამიანებთან შეხვედრები, ვისთვისაც ლიტერატურა ფასეულია, წიგნი კი - სასიამოვნო საახალწლო საჩუქარი.

ფოტო: FB/BookDaysTbilisi

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა