გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტექსტები კლინიკიდან | ზურა ჯიშკარიანი

01.

მშრალი ენა, ნემსი ვენაში, თაიგული ყვავილების, მცირე დეციბელიანი ჰალუცინაციები - ეფემერული, როგორც ცისარტყელა, რომლის თავს ან ბოლოს თუ იპოვი გადმოცემის თანახმად, შენ გებოძება საჩუქრად უკვდავება და სამი ჯადოსნური ქოთანი. ქოთნებს არ მოჰყვება ინსტრუქცია, არც არავინ გეტყვის რა დევს შიგნით - იქნებ ძალა, რომელსაც შეუძლია სამყარო დაანგრიოს, იქნებ ქვიშა იმ ზღვის პირიდან, სადაც მკვდარ დელფინს აკვირდებოდი ბავშვი, ან იქნებ ფერფლი შენი გარდაცვლილი მეგობრის, უფლისციხეში რომ მიმოფანტეს და ქარებს გაჰყვა პლანეტის გარშემო სამოგზაუროდ, ან ბევრი შოკოლადები, ან იქნებ ცარიელია? 


ვარაუდები იმდენია - ყველას რომ გაყვეს ყველაზე დიდი სუპერკომპიუტერიც კი - მაინც რამდენიმე წამში გადაიწვება - ასე გამოჩნდება გარედან, კომპიუტერისთვის კი ის 3 წამი იქცევა პორტალად უსასრულობაში, სადაც ის შეუერთდება სამყაროს საწყისებს ან სამყაროს ბოლოს და იმეცნებს საკუთარი არსებობის არარეალურობას. მხოლოდ უკვდავებამინიჭებულმა უნდა გადაწყვიტოს რას უზამს ქოთნებს -- გახსნის რომელიმეს, სახლში დაიდებს, გაყიდის შავ ბაზარზე თუ სხვა.


02.

კიდევ არის ვერსია რომ ცისარტყელა ვიღაცის ყვირილია ცაში. სიხარულის თუ სასოწარკვეთის? იცი, არსებობს ზღვარი, სადაც აბსოლუტური სიხარულიც და აბსოლუტური სასოწარკვეთაც ერწყმიან ერთმანეთს და მხოლოდ ენერგიის ფორმად გარდაიქმნებიან, იმ ზღვარს იქეთ ეს უზარმაზარი ასტრალური ბირთვული აფეთქებაა, რომელიც ადამიანმა ატარა, ატარა, გამოზარდა თავის გულში და ერთ დღესაც , როცა ამ გრძნობამ სრულიად გაიხარა გულში, სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ თვითონ გადაიქცა ეს გრძნობაყვავილი გულად -  ადამიანმა ცისარტყელა დაიყვირა.


 “კბილებს ნუ აჩვენებ ცისარტყელას, თორემ გაგიფუჭდება” - ხანშიშესული ქალი ეუბნება შვილიშვილებს, ბავშვებს სჯერათ, სჯერათ იმ მომენტამდე სანამ თვითონ არ იგრძნობენ უცაბედად გრძნობაყვავილად გადაქცეულ გულს და გაახსენდებათ - აი რატომ ამბობდა ბებო რომ პირი არ გაეღოთ, პირი რომ გაეღოთ ცისარტყელა მათი პირებიდანაც ამოვიდოდა, ხოლო როგორც ეს ვერსია ადასტურებს - ცისარტყელას ამოყვირების შემდეგ - ადამიანს ყველა ფერი უქრება და ის იქვე ეცემა მკვდარი და ნაცრისფერი. თაგვისფერი. Სხეული ორგანოების გარეშე.


03.

საშინელებაა, როცა სიტყვები და კადრები გისხლტებიან ხელიდან, გონებიდან, წამლებითა და სედატივებით დაუძლურებული თითები ვერ ასწრებენ დაისის არომატის დაფიქსირებას კლავიატურაზე - კლინიკის ფანჯრებიდან რომ შემოდის და ერწყმის მჭახე კლინიკურ განათებას, ირეკლება-რა მედდების თეთრ და მწვანე სამოსლებზე. 


საშინელი მწერალი ხარ გეუბნება შენი გონება - რატომ არ/ვერ წერ იმას რაც გაგვაცინებს, აგვატირებს, დაგვაფიქრებს? მაცადე, ვეუბნები მე მას, მაცადე ჩავყვინთო კიდევ ცოტა ღრმად და ამოვყვინთო, იმიტომ რომ უფსკრულში ფსონი გადარჩენაზე დევს და არა წერა-არწერაზე, მაცადე რომ ვნახო უცხო ქალაქები, როგორც იერუსალიმი ვნახე და შევიგრძნო უცხო ნარკოტიკების გემო -- აი მაშინ დაგწერ, დავწერ სამყაროს, 360გრადუსიანი ხედვა ექნებათ მკითხველებს ტექსტით გადმოცემული.


 არ გაქვს მაგდენი დრო მეუბნება ხმა, დრო ყველაზე ფასდაუდებელი ფუფუნებაა და შენ ისევე როგორც ყველანი იღებთ ამას ისე თითქოს საათზე წამზომი არასოდეს გაჩერდება, ცხოვრობთ თითქოს უკვდავები იყოთ იმ დროს როცა ცხოვრობთ და იხოცებით პეპლებივით, ამიტომ წერე, წერე ყოველდღე.


04.

მე მიყვარს ვიცხოვრო ისე თითქოს უკვდავი ვარ, თუმცა ეს არ მავიწყებს სიკვდილს - ჩვენ ბევრჯერ შევხვდით. მე ვიცი რომ ის ნადირობს ჩემზე, დაინტერესებულია ჩემით, მტესტავს, მიდებს ხაფანგებს რომ ამოარჩიოს საუკეთესო გზა.


 შენ ხომ იცი რომ სიკვდილს ძალიან დიდი ირონია, თუმცა ამავდროულად ესთეტიკურობის შეგრძნებაც აქვს -- გააჩნია ვისთან აქვს საქმე და რისი თქმა სურს ამით.


ჩვენ სიკვდილისთვის წინადადებები ან სიტყვები ვართ, ის ჩვენი სიკვდილის ფორმებით გარკვეულ მესიჯებს აგზავნის, წინადადებებს აწყობს და ვინმე თუ დაუკვირდება - ნახავს რომ სიკვდილი სინამდვილეში მწერალია, ის ჩვენი გარდაცვალებებით წერს, წერს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, არ გამოჩენილა მხოლოდ ამის კარგი წამკითხველი.


 შესაბამისად თუ სიკვდილი მწერალია, შეგვიძლია ვთქვათ რომ მწერალიც სიკვდილია. კადრების, სიუჟეტების, სიტყვების, შეგრძნებების,  გონებაში ჩაბეჭდილი კადრების მწარმოებელი სიკვდილის მანქანა. 


ნუთუ ვერ გრძნობ ამ ძალას? სულ რაღაც ორი აბზაცით შენ შეგიძლია რევოლუცია წამოიწყო ან ორი საუკუნის იქეთ ისროლო თოვლის გუნდა ან ტყვია, შენ შეგიძლია მოკლა და გააცოცხლო, უმკურნალო და იმკურნალო, შეგიძლია წერო ისე რომ ნაწერს ჰქონდეს რიტმი მისი, წერო ისე რომ ნაწერებს შელოცვებივით კითხულობდნენ სხვები - ჩუმად, ბუტბუტით, მაგრამ მაგიის აბსოლუტური შეგრძნებით.


05.

ლომკა ძლიერდება, ანტიდეპრესანტები დილით, ანტიდეპრესანტები საღამოს, ექიმის ვიზიტი შუადღეს, ფსიქოლოგთან ვიზიტი 5-ისკენ, ტვინის ნეიროსტიმულაცია - პროცედურები, პროცედურები და მერე ბევრი დრო საფიქრალად. 


“ტიბეტური მკვდრების წიგნში” მოხსენიებულია ერთ-ერთი ბარდო, ერთ-ერთი სამყარო, რომელსაც ომის სამყარო ჰქვია, სადაც გამუდმებული ომია. იქნებ ჩვენ შევცდით და არ ვართ ადამიანების ლოკაში(სამყაროში)? დააკვირდი სახლის კედლებს, გაიხედე გარეთ, კარგად დააკვირდი ახლობლების სახეებს, შეხედე ნიუსებს. ეს არის ომის სამყარო, ჩვენ ვართ ომის სამყაროში, სანამ ამ ასოებს ვწერ რამდენი ომი მიდის მთელ პლანეტაზე, რამდენ სხეულით მოვაჭრეს გადაჰყავს მონები ა-დან ბ-პუნქტამდე?, რამდენი ცხოველი ნადირობს კლავს და ჭამს? რამდენი შენი უწყინარი ახლობელია მზად - მცირე კოლაფსი რომ განიცადოს “ისტორიის მდინარებამ”, ეკონომიკამ და ა.შ -- გადაიქცეს კაციჭამია მგლად? გგონია არა? გეგონოს, შენი ნებაა, მაგრამ მე გირჩევდი მაინც მუდამ მზად იყო,პურის საჭრელი დანა მაინც ამოიდე ბალიშის ქვეშ სხვა თუ არაფერი გაქვს და ზარდე, ზარდე შენში შენი დემონები -- ესაუბრე მათ, მიდით შეთანხმებამდე, ტოტალური გარე ომის სამყაროში -- შიდა ომიღა გაკლია, შეიკარით -- შეზავდით, საერთო დროშა ააფრიალეთ სადაც ყველას გერბი იქნება და მე გეტყვით, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ -- არავინ იქნება თქვენზე ძლიერი არმია და ვერავინ შეგაჩერებთ თქვენ, ქარებიც კი კორიდორებად გაიწევიან რათა თქვენ გაიაროთ, მიხვიდეთ აეროპორტში და გაფრინდე სადაც გსურს, ოღონდ წერე!


06.

წვიმები  მოიხვიეს კაპიშონებად, ღრუბლებია მათ თავის ქალაში, შორეული ცის ღრუბლები. სადღაც ირთვება ღმერთის სიგნალიზაცია, აყრუებს მთელ ქალაქს, ეს ნიშნავს რომ კიდევ ერთმა მორიგმა პრომეთემ შეძლო შეეღწია ცათა სასუფევლის კლინიკაში უკანა ეზოდან, იქ სადაც ნაკლები დაცვაა. მიაგნებს კი ის მისთვის საჭირო პაციენტს ან პაციენტის ისტორიას? 


მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაიგოს ღმერთების კლინიკაში მწოლიარე კონკრეტული პაციენტების სამედიცინო ისტორია, მას ეუბნებოდნენ რომ ის ჟღერს როგორც ჩიტების ჭიკჭიკი ოაზისში, გარშემორტყმული უდაბნოთი. მას სჭირდება ეს ინფო, რომ თავად არ გადაიქცეს პაციენტად, ის გრძნობს როგორ ზვავდება ნელ-ნელა მასში აქამდე გაუგონარი აგრესია, მას უთხრეს: ეს ტრანსგენერაციულად გადამდები შეგრძნებათა კონაა, ედემის გარეუბნებში აკიდებული დაავადება, რომლისგანაც ადამიანებს ზურგზე ჭრილობები უჩნდებათ, არაადამიანურ ტკივილებს განიცდიან და ამოსდით ფრთები. სადღაც უნდა იყოს ვაქცინა ამის წინააღმდეგ, ფრთების ზრდა შესაჩერებელია, იმიტომ რომ ანგელოზებს ანადგურებენ ჩვენს ქალაქებში.


ქერუბიმები ყვირიან პაციენტის საიდენტიფიკაციო ნომერს. ბიო-ტექ შემოწმებაზე გასვლის დროა. სწორედ აქ აქვს შანსი პრომეთეს უჩუმრად შეიპაროს პალატებში თუ უფროსი ექიმის კაბინეტში და დააკოპიროს კლინიკაში დამწყვდეული სირინოზების, ანგელოზებისა და დემონების ავადმყოფობების ისტორია, გახადოს ისინი საჯარო კუთვნილებად, რაც რევოლუციური მანიფესტის ტოლფასია.


ეს აუცილებლად გამოიწვევს სახალხო მანიფესტაციებს.


”ჩვენ არ ვართ ექიმები, ჩვენ ვართ ტკივილი” - იტყვიან ბანერები.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა