ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თეოდოროს ტერზოპულოსის თეატრი: „სიგიჟე, სიკვდილი, გლოვა და ხიბლი“

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე მიმდინარეობდა, რამაც გარკვეული გავლენა მოახდინა თავად ფესტივალის პროგრამაზე. წლევანდელ პროგრამაში ამის გამო ბევრი რამ იმპროვიზებულად დალაგდა: მარცხისთვის განწირული ომების თემატიკა და მატყუარა, ცინიკოსი პოლიტიკოსებისა თუ დედოფლების გაშარჟებული დრამები; სოციალური პრობლემებით გადაღლილი საზოგადოება და თეატრის საპასუხო გრძნობიერი, თერაპიული და ზოგჯერ აგრესიული ესთეტიკა; დღევანდელობამდე განფენილი ანტიკური თეატრის არქეტიპები და მსახიობთა თამაშის წესების ცვლილებები; ბერძნული ტრაგედიების გამოძახილი და კარლო გოლდონის პერსონაჟების ფერადი, ხანაც თავქარიანი და ხანაც გულწფელი ვნებები იტალიური ნიღბებით.

ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ფესტივალი სამ დიდ ბერძენ ხელოვანს მასპინძლობდა - რეჟისორს, მოაზროვნესა და თეორეტიკოსს, თეოდოროს ტერზოპულოსს, რომლის სპექტაკლი ALARME  წლევანდელი ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა; ცოცხალ ბერძენ მწერალთა და დრამატურგთა შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან პერსონას, დიმიტრის დიმიტრიადისს (მისი რომანის - „ვკვდები, როგორც ქვეყანა“, წარდგენა-წაკითხვა გაიმართა ასევე ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში) და თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ რეჟისორს, „კოლექტიური მეთოდის“ შემქმნელს, მიხაილ მარმარინოსს, რომელმაც თავისი სპექტაკლებითა და ორიგინალური სცენოგრაფიული აზროვნებით ქართულ თეატრზეც მოახდინა ზეგავლენა.

alarme

თეოდროს ტერზოპულოსი ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა დღევანდელ თეატრალურ სამყაროში. ცნობილი თანამედროვე გერმანელი მწერლისა და დრამატურგის, ჰაინერ მიულერის სადარი რეჟისორი და პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკის მისტიკური თეატრალური პრაქტიკის მემკვიდრე და გამგრძელებელი თეორეტიკოსი. საერთაშორისო თეატრალური ლანდშაფტი მან ჯერ კიდევ 1986 წელს შეარყია, როცა საბერძნეთში ევრიპიდეს «ბაკხი ქალები» დადგა. მისი რევოლუციური ხედვა ბერძნული ტრაგედიის შესახებ ლამის თავდაყირა აყენებს დამკვიდრებულ, ტრადიციულ ინტერპრეტაციებს და ბერძნული ტრაგედიების არქეტიპების ხელახალი გააზრებისკენ გვიბიძგებს.

ტერზოპულოსი ცდილობს თეატრი გაიაზროს როგორც არტისტული საწყისისა და რეჟისორული ხედვის უხილავი თანხვედრა; როგორც ანტონენ არტოთი ნასაზრდოები „სასტიკი თეატრის“ ახალი თავგადასავალი, რომელიც ყოველთვის ახლოა სოციალურ და პოლიტიკურ სიმძაფრესთან. ის არის უამრავი საინიციატივო შეხვედრის, საერთაშორისო ფესტივალების საპატიო დირექტორი და სახელმძღვანელოს ავტორი მსახიობებისა და რეჟისორებიათვის. ამდენად, გასაკვირია არცაა, რომ საერთაშორისო პრესა მას „უხილავი ავტორიტარული გავლენის მქონემართველად“ მოიხსენებს, რომლის მასშტაბის რეჟისორი,პედაგოგი და ტრიგერი თანამედროვე თეატრალურ ხელოვნებაში ცოტა თუ მოიძებნება.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თეოდოროს ტერზოპულოსის წიგნის, „დიონისეს დაბრუნება“, ქართული გამოცემის პრეზენტაცია. თეოდორ ტერზოპულოსის ეს სახელმძღვანელო მეთოდოლოგია უამრავ ენაზეა გამოცემული და მსოფლიოს ოცდაათ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება. ავტორი ეყრდნობა კვლევის შედეგებს, რომელთა საფუძველზე შედგენილი თეორიული ტექსტებით გამაგრებული სავარჯიშოებით მსახიობს სამუშაოდ ამზადებენ.

the return of Dionysus

ამ წიგნის თარგმანის ავტორი, თათია მთვარელიძე დაგვეხმარა ჩაგვეწერა ინტერვიუ თეოდოროს ტერზოპულოსთან...

ინდიგო: ბოლო წლებში დადგმული თქვენი წარმოდგენებიდან ALARME მართლაც გამორჩეულია, რომელიც ინგლისის დედოფლის, ელისაბედისა და შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტიუარტის დოკუმენტურ მიმოწერას ეყრდნობა. რამ აგაღელვათ ამ ისტორიაში? რატომ შექმენით თქვენი სცენური ვერსია და არ დაეყდენით  ვთქვათ, შილერის ტრაგედიას, ან შტეფან ცვაიგის რომანს... თუნდაც, ელფრიდე იელინეკის ბოლო დროს დაწერილი და გახმაურებული „ულრიკე მარია სტიუარტი“ გავიხსენოთ, რომელიც გერმანიის რამდენიმე თეატრში დაიდგა.

ტერზოპულოსი: კიდევ ბევრი რამ შეიძლება გავიხსენოთ, რაც ელისაბედ პირველისა და მარიამ სტიუარტის ისტორიულ დაპირისპირებას ეხება. ეს ძალიან მსუყე ლუკმაა როგორც დრამატურგებისათვის, ისე მწერლებისა და ისტორიკოსებისათვის...მაგრამ მე უფრო სხვა რამ მსურდა და მაინტერესებდა ამ „არქეტიპულ-ისტორიული დუელიდან“ ამომეკითხა: რა დაუნდობელია სინამდვილეში სოციალური და პოლიტიკური გარემო, რომელიც აიძულებს პოლიტიკოსებს მუდმივად იცრუონ, ისე, რომ  ჭეშმარიტებად და სიბრძნედ გაასაღონ საკუთარი სიგიჟე, კომპლექსები და ამბიციები. მათი ენა, მათი საქციელი და ქმედება სინამდვილეში ყოველთვის დამალულია ხალხისაგან. მაშინაც კი, როცა მათ ასობით ფოტო და ვიდეო კამერა უმზერს და უთვალთვალებს.

ისინი მხოლოდ მაშინ ავლენენ ნამდვილ სახეს, როდესაც ერთმანეთთან პირისპირ რჩებიან და ძალაუფლებას ვერ იყოფენ.

ინდიგო: მაგრამ სპექტაკლი დასაწყისში, 15-20 წუთის განმავლობაში ისინი მხოლოდ ცალკეულ, დანაწევრებულ ფრაზებს წარმოთქვამენ, ან დუმან - ელისაბედი და მარიამი, ჩასმულები თუ შემოფარგლულები შავი სცენური ჩარჩოთი. თანაც ისე, რომ წამოდგომაც კი არ შეუძლიათ. თქვენი ისინი ვერცხლისფერი, შემოტმასნილი სამოსით ლამის ქვეწარმავლებად აქციეთ და მოძრაობაც შეუზღუდეთ.

elizabeth

ტერზოპულოსი: ეს ხილული ფიზიოლოგია სიმძაფრისა და უკიდურესობის შეგრძნებას ბადებს. მაგრამ პერსონაჟები სასიცოცხლო ენერგიას სწორედ ასე იღებენ - ერთმანეთის მოშხამვითა და აგრესიული გავეშებით. დაახლოებით ასეა პოლიტიკური სისტემაც მოწყობილი, რომელიც არ ტოვებს სივრცეს რაღაც მნიშვნელოვანი და ადამიანური საწყისისთვის. მათი სამყარო ძალაუფლების მარტივი შეგრძნებებისგან იგება, რაც გამორიცხავს ადამიანურ მიდგომას. სამეფო რიტუალები, ეჭვიანობით სავსე სცენები და სასახლის ინტრიგები, რაც შილერის ტრაგედიაში უხვადაა, არ მაინტერესებდა. სწორედ ამგვარი „ქვინ დრამის“ სქემის დანგრევა მინდოდა და არა გარკვეული პოზიციონირება, ან იმის გარკვევა, ვინაა მათ შორის მართალი და ვინ მტყუანი. პირველი წუთები უფრო დაზვერვას ჰგავს, ერთმანეთის შესაძლებლობის შეფასებას, ვინ ვის მოერევა და გადასანსლავს...

ინდიგო: და ამ ყველაფერს სპექტაკლში ერთი მაყურებელი ჰყავს - მიწაზე გართხმული მოქალაქე, რომელიც განუწვეტლივ ილანძღება და ხმამაღლა იმეორებს - პუტანა, პუტანა...

ტერზოპულოსი: ეს მაყურებელია სწორედ, რასაც „ხალხის ხმას“ ვეძახით... ასე ვთქვათ, სივრცეში და დროში მუდამ დაკარგული VOX POPULI. განა ძირითადად, ასე არ „ამკობენ“ ახლა პოლიტიკოსებს?  

მოქალაქის ხმა და კომენტარი განუწყვეტლივ გვახსენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ხალხი საერთოდ ყველაფრის მიღმაა, ის არავის აინტერესებს.

არა აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსები სად ბინადრობენ, ან რომელი პოლიტიკური სისტემით იკვებებიან: ბრიუსელიდან, მოსკოვიდან, სტამბოლიდან თუ ნიუ-იორკიდან. ეს უხეში და მრავალჯერ გამეორებული - „პუტანა“, მხოლოდ შეხსენებაა რამხელა უფსკრულია ძალაუფლების მქონე პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის.

ინდიგო: თქვენ წიგნში „დიონისეს დაბრუნება“ ამოვიკითხე ასეთი კონცეფცია: „მსოფლიო ძალიან შეიცვალა და მსახიობის ვალია ნაყოფიერ კრიტიკას აწარმოებდეს საგნებისა და მოვლენების მომართ; მუდმივად განმარტავდეს საკუთარ შფოთვას თეატრის განვითარებასთან დაკავშირებით - რომ თეატრი სხვა რამაა, განსხვავებული იმისგან, რადაც აქამდე წარმოგვედგინა და შესაბამისად, სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს. იქნებ სწორედ მსახიობის ხელოვნების საშუალებით ხელახლა უნდა გავიაზროთ დღეს თეატრის მთლიანობა? იქნებ ეს უნდა იყოს თეატრის გზა 21-ე საუკუნეში, ანუ იმ ეპოქაში, რომელიც ხელახალი განმარტების საუკუნეა“.

ტერზოპულოსი: დიახ, მგონია, რომ ჩვენ განმარტებების საუკუნეში ვცხოვრობთ, რადგან თითქმის ყველა დიდი ტექსტი დაწერილია, გადაწერილია, შეფასებულია და ათასჯერ გადაფასებულიც. რა უკიდურესი და სიახლით გამორჩეულიც უნდა იყოს ტექსტი, ახალს ვერაფერს მოვიგონებთ. ამდენად, მთელი იმედი ისევ ცოცხალ იმპროვიზაციასა და მსახიობის ხელოვნებაზეა დამოკიდებული. თეატრის აღმოჩენა და ახალი იდეები მსახიობის ხელოვნების შემდგომ განვითარებას უკავშირდება.

ინდიგო: თქვენს სპექტაკლში წარმოშობით ქართველი მსახიობი, დავით მაღალდაძე-მალტეზე მონაწილეობს, რომელიც 90-იანი წლებში საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო წავიდა საბერძნეთში და იქ მსახიობი გახდა.

davit

ტერზოპულოსი: კი, ვიცი ეს ისტორია და დავითი ძალიან საინტერესო როლს ქმნის წარმოდგენაში. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი წავიდა მაშინ ემიგრაცაში, თუმცა ჩემი მშობლების ემიგრაციული წარსული გაცილებით დრამატულია. ისინი პონტიოელი ბერძნების შთამომავლები არიან - დედა სოხუმში დაიბადა, მამა კი ბათუმში. ალბათ, ამიტომაა, რომ ქართველს უფრო ვგავარ, ვიდრე ბერძენს. ჩემი წინაპრების წარმოშობა კი ლაზეთსა და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიას უკავშირდება. ამიტომ,

როცა საქართველოში ჩამოვდივარ, უცნაური და ამავე დროს, მშობლიური გრძნობები მიპყრობს.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არა აქვს ისეთი დიდი და საინტერესო თეატრი, როგორც საქართველოს. სხვათა შორის, პირველად თბილისში 35 წლის წინ ჩამოვედი, როდერსაც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პირველად წარმოვადგინეთ „ბაკხი ქალები“, რომელსაც დაახლოებით ორი ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა...

ინდიგო: მართალია, რომ მაშინ თქვენ სერგო ფარაჯანოვს შეხვდით?

ტერზოპულოსი: დიახ უამრავ საინტერესო ადამიანს შორის, რომელიც სპექტაკლს ესწრებოდა, რეჟისორი სერგო ფარაჯანოვიც იყო, რომელიც წარმოდგენის შემდეგ ჩემთან მოვიდა და თავისი ჯვარი მაჩუქა. სხვათა შორის, ამ ჯვარს დღესაც ვატარებ. თავად ფარაჯანოვმა მითხრა, არასოდეს მოიშოროო...

ის დიდი რეჟისორი იყო, როგორც ტარკოვსკი, ფელინი ან ბერგმანი. არ შეიძლება არ გავიხსენო რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი თეატრალური მსახიობია მსოფლიოში. რამდენჯერაც ვნახე სცენაზე, ყოველთვის რაღაც მაგიურ არტისტულ ძალისხმევას ვგრძნობდი, რომლისგანაც თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. ჩვენ რამდენჯერმე შევხდით ჯერ თბილისში და მერე საბერძნეთშიც, როდესაც რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იმყოფებოდა.

ინდიგო: რა საერთოს ხედავთ ქართულ და ბერძნულ კულტურებს შორის?

ტერზოპულოსი: რაღაც საერთო და მისტიკური კავშირი ჩვენს შორის ნამდვილად არსებობს. ჩემი ძმა პროფესიით ისტორიკოსია და დიდი ხანია იკვლევს ამ კავშირს. გარდა იმისა, რომ ჩემი წინაპრების წარმოშობა საქართველოს უკავშირდება,

ჩვენ გვაერთიანებს შემოქმედებითი ენერგია, საერთო ისტორიული დრამატიზმი. ტემპერამენტი, სიგიჟე, ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება.

ინდიგო: არსებობს რაიმე ტექსტი, ან დრამატურგი, ვისი დადგმაც გინდოდათ და ვერ მოახერხეთ?

ტერზოპულოსი: ყოველთვის კონკრეტულად ვიცი რაც მსურს და მინდა, რომ დავდგა. ამდენად, ტექსტთან აცდენა იშვიათად მაქვს. ბუნებრივია, ანტიკური ტრაგედიები ჩემი შემოქმედების მთავარი იმპულსია. ასევე, ჰაინერ მიულერის დრამატურგია. მომწონს ისეთ მასალაზე მუშაობა, რომელიც შემოქმედებისა და სიახლისკენ მიბიძგებს. არ მიყვარს ფსიქოლოგიური დრამები, მაგალითად ტენესი უილიმსის პიესები, რომელიც უფრო ბულვარული დრამის ნიმუშები მგონია. ასევე აბსურდის ჟანრი. რატომღაც ბოლომდე ვერ მოვახერხე დამეგობრება ჟენესთან, იბსენთან და ჩეხოვთან...

ინდიგო: როგორ წარმოგიდგენიათ თეატრის მომავალი?

ტერზოპულოსი: ის იქნება აქტიური, შემოქმედებითი, კრეატიული, მეამბოხე, მნიშვნელოვან თემებზე მოსაუბრე....

დაბოლოს, ფრაგმენტი თეოდოროს თერზოპულოსის წიგნიდან „დიონისეს დაბრუნება“:

„სიცარიელე - ესაა უძრავი ზღვა, მიწისქვეშეთის დრტვინვა, სფინქსის გამოცანა... მსახიობს ჭკუიდან შლის სიცარიელისა ცენტრის არარსებობა. მას სურს ეს სიცარიელე სიგიჟითა და სიკვდილით ამოავსოს... მსახიობი სიცარიელეს მოიაზრებს ორ მთავარ ხაზს შორის - დიდ მანძილსა და ცარიელ პაუზას შორის. ეს აიძულებს მას სიცარიელეს სიკვდილის გადასახედიდან შეხედოს. როლები ერთი მეორის მიყოლებით კვდებიან, აჩრდილებად იქცევიან. ამ დროს სიცარიელე იზრდება და მასში სახლდებიან სიგიჟე, სიკვდილი, გლოვა და ხიბლი“.

 

ინტერვიუ თეოდოროს ტერზოპულოსთან ჩაიწერა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქრის“ ფარგლებში, რეჟისორის სტუმრობისას. ინტერვიუს ორგანიზებისთვის ინდიგო მადლობას უხდის ფესტივალის გუნდს, განსაკუთრებით კი - ირაკლი ჩოჩუას.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა