ტკივილი აჩენს ახალ ქალაქებს
14.07.2018ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ასაღებად ზურა ჯიშკარიანი ლურჯი მაისურით მივიდა, რომელსაც შუაში დიდად ეხატა აფხაზეთის დროშა და კირილიცათი “აფხაზეთი” ეწერა. მწერლის ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდი ნაწილის წამლეკავი კრიტიკისა და ათასგვარი ინტეპრეტაციის საბაბი გახდა. მოკლედ თუ ვიტყვით, თავისი არჩევანის გამო მწერალი საქართველოს მოღალატედ გამოაცხადეს. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში იგივე საზოგადოება დიზაინერ დემნა გვასალიას Vetement-ის ახალი კოლექციის წარდგენის შედმეგ სიამაყის ცრემლებს ვერ იკავებდა. დემნა გვასალიას ერთ-ერთი მაისურის მკლავზე ცრემლიან თვალთან ერთად ქართული ასოებით ეწერა “სოხუმი”. საზოგადოებრივმა აზრმა დიზაინერი ჩვენი ახალი დროის პარტიოტად აქცია.
ორი სოხუმელი ხელოვანის წარწერებიანი ტანსაცმელი ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტებად იქცა. მათ შორის უთქმელი და ფიზიკურად არარსებული კავშირის მიუხედავად, ორივემ ისევ მიგვაახლოვა იმ თემებს, რომელზე საუბარსაც თითქოს არ გავურბოდით, მაგრამ ახალსაც ვეღარაფერს ვამბობდით.
საქართველოში აფხაზეთი პათეტიკის და რომანტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია, წმინდა ადგილი (“სოხუმი ჩემი იერუსალიმია”), რომელიც რწმენის, იმედის და დაპირებების სივრცეა. ჩვენი გაძლიერება, კარგად ყოფნა, განვითარება უპირობოდ გულისხმობს “სოხუმში ახალი წლის აღნიშვნას”, ამ უკვე ბევრისთვის აბსოლუტურად უცნობი ტერიტორიის და სივრცის “დაბრუნებას” ან ამ სივრცეში ბრძოლით შესვლას – “ფსოუს წყლის” დალევას. ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ქვეყნის წარმატების, კეთილდღეობის გვირგვინი ამ “აღთქმულ მიწაზე” დაბრუნებაა. მათი საჯარო გამოსვლები, ქალაქში გამოფენილი ლოზუნგები, გაკრული ხელით ქუჩებში დაჯღაბნილი წარწერები, მონოტონურ ხმაზე მოლაპარაკე ტელევიზორები ამას ამბობდა და თითქმის არავინ და არასოდეს საუბრობდა არც აფხაზებზე და არც აფხაზეთიდან დევნილებზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში თითქოს ყველას მიგვავიწყდა აფხაზეთი და იქ დაბრუნებაც, პოლიტიკოსებს სხვა უტოპიური იდეები გაუჩნდათ, მაგალითად, ქართულ პასპორტები, რომლებსაც აფხაზები აუცილებლად აიღებდნენ და უვიზოდ ივლიან ევროპაში. წარწერები “გვახსოვდეს აფხაზეთი” ხიდებიდან, ავტობანებიდან და თითქოს ჩემი თაობის ცნობიერებიდანაც ნელ-ნელა წაიშალა. უცნაურია, მაგრამ თუ რამდენიმე იშვიათ შემთხვევას არ გავიხსენებთ ლიტერატურაც და ვიზუალური ხელოვნებაც პლაკატურად და ცალსახად, ხშირად რომანტიზების ელფერით ხედავდა აფხაზეთს. მხოლოდ რამდენიმე, ასევე წარმოშობით სოხუმელი ხელოვანი მახსენდება, რომლისთვისაც აფხაზეთი გულწრფელი ტკივილის სივრცეა და არა კონიუნქტურული ნაგავი.
ზურა ჯიშკარიანის და დემნა გვასალიას ტექსტები პოლიტიკოსებისგან განსხვავებით გულწრფელია, ბასრი, მტკივნეული. ალბათ დადგა იმის დრო, რომ ხელოვანები თავიანთ შიშველ ტკივილზე პირდაპირ გველაპარაკონ, აღარ დაგვინდონ, არც ისინი დაინდო ვინმემ, ჩვენ ყველა ერთად გავიწირეთ პერმანენტული ომისა და დესტრუქციისთვის. ერთმა ფინელმა დოკუმენტალისტმა სირიის კონფლიქტზე საუბრისას მითხრა, თუ როგორ ეცოდება ახალგაზრდა სირიელი ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებსაც დიდი ალბათობით მთელი ცხოვრება ომზე მოუწევთ ლაპარაკი, რათა გაიაზრონ რა მოხდა და დაძლიონ ტრავმა.
სოციალურ მედიაში, სადაც დემნას “ქართველთა გენოციდის” მსოფლიოსთვის გაცნობის იდეა დიდი სიამაყის წყარო გახდა, ზურა ჯიშკარინის მაისურის გამო კონფლიქტის შემდეგ დაბადებული და გაზრდილი თაობა სიტყვასიტყვით იმეორებდა წლების განმავლობაში მანტრასავით ჩაბეჭდილ სიტყვებს: “აფხაზი ერი არ არსებობს”, ახლახან, ისიც მოვისმინე, რომ ახალგაზრდა, თანამედროვე ქალისთვის სიხარულის ცრემლის მთავარი მიზეზი “საქართველოს გაერთიანება და აფხაზეთის დაბრუნება” შეიძლება გახდეს.
ზურა ჯიშკარიანის და დემნა გვასალიას აქციები სიამაყის და სირცხვილის, გმირის და ანტიგმირის კატეგორიების გაჩენის საბაბი გახდა. დემნა გვასალია ეროვნული სიამაყეა – მან გაუგო დროს, მიხვდა როგორ ზუსტად შეიძლება დღეს, მასობრივი მიგრაციის პერიოდში, საკუთარი დევნილობა, ქვეყნის და პირადი ბიოგრაფია გახადო კომერციული, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჩააცვა ადამიანებს მაისური წარწერით “სოხუმი” და ქართველების გულები იყიდო. მან შეძლო ის, რაც ქართულმა პოლიტიკამ ვერ მოახერხა. სამყაროს “ქართველთა გენოციდის” ტერმინი შესთავაზა. მაგრამ უახლესი წარსულის გადააზრების თვალსაზრისით რა შეცვალა ახალმა გმირმა ჩვენში? რა სიახლე შესძინა ძველ აღქმებს? ეგებ პირიქით, გააძლიერა არსებული.
ძირეულ რყევებს, მყარი კონსტრუქციების დესაკრალიზაციას, შინაგანი სამყაროების ნგრევას “ანტიგმირი” ახდენს. ჯიშკარიანის მაისურზე ჩვენ ზუსტად იმას ვხედავთ რასაც ამდენი ხანი გავურბივართ.
წარწერა “АБХАЗИЯ” და აფხაზეთის დროშა ჩვენთვის ეგზორციზმია, რომელიც ჩვენს ტრავმებს და აზრებს სხვა მხრიდან ატრიალებს, გვაბრაზებს, საშინელებებს გვაძახებინებს და გვაიძულებს შინაგანად მაინც ვაღიაროთ ორმხრივი მსხვერპლი და ორმხრივი “გენოციდი”, დავინახოთ ჩვენი არსებობის ყველაზე დიდი ტრავმის განმეორების შესაძლებლობა ტერიტორიების დაბრუნების სახელით.
სიმბოლოებით კომუნიკაციის ეს შემთხვევითი ერთდროულობა ერთი ტანსაცმლის ორი მხარეა. ამ “წარმოდგენით”, ახალი გმირი ხელოვანია. მათი საბაზისო მდგომარობა ერთია, ერთი სხეულის ორი თავია, სიამის ტყუპებივით.
ეს არ უნდა იყოს უბრალო დამთხვევა, გარკვეულწილად ახალი ათვლის წერტილია, საიდანაც უკეთეს შემთხვევაში კონფლიქტის გადააზრების პროცესი შეიძლება დაიწყოს, სადაც აღარ იარსებებს პათეტიკური, არაფრისმომცემი ფრაზები. აფხაზეთის საკითხის დესაკრალიზაციისთვის ეს პატარა ბიძგი ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური მგონია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის არა პოლიტიკოსებისგან, არამედ ერთი ბიოგრაფიული სივრცით დაკავშირებული ადამიანებისგან მოდის, რომლებსაც გალაკტიონის სიყვარულიც აერთიანებთ, სოხუმიც და წარწერებიანი მაისურებიც.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ