ტონი მორისონი - „ქებათა ქება სოლომონისა“
გამომცემლობა „პალიტრა L“
მთარგმნელი - ეკატერინე მაჩიტიძე
ტონი მორისონი, „ქებათა ქება სოლომონისა“
„ო, სოლომონ, ნუ დამტოვებ...“
„ქებათა ქება სოლომონისას“, მე თუ მკითხავთ, უნდა უსმინო როგორც გრძელ, უსასრულო სიმღერას - სოლომონის ერთადერთო, ჯეიკ... ბუბა... ტამბე... ტრიალებდი, მზეს შეეხე, კონკა... იალე... ტამბე... ო, სოლომონ, ნუ დამტოვებ, ტკბილო კაცო, ნუ დამტოვებ, ბუბა... იალე... ტამბე... - შენს თვალწინ იფრენენ დაზღვევის თვითმკვლელი აგენტი და სოლომონიც, თავისი ბუნდოვანი გადაფრენით, და კიდევ ერთი დიდებული გაჭრაც საფრთხისკენ შეკრავს კიდეც შეუძლებლობის და უარყოფის მაგიურ სივრცეს, შენს თვალწინ მთელი თავისი მშვენიერებით - წარმოიდგინეთ ნარშავა, ეკლიანი, მისი მშვენიერება - დამასნეულებელი სიყვარულით და სისასტიკით, უსიყვარულობითა და სიხარბით, გზაზე დადგომით, შიშებით, ველური ყვავილის სილამაზით, გადაიშლება ამ წიგნის პერსონაჟების ამბავი, წარმოიდგენ ჭერში გამოკიდებულ მომწვანო ტომარას, ატმის სუნს, ფიჭვის წიწვების სუნს, ბნელში ჩაძირულ ქალაქის ქუჩას, რომელიღაც სახლის ფანჯრიდან ჭაობისფერ ოთახში თვალსაც მოჰკრავ მკერდმოღეღილ ქალს, კალთაში კაი მოზრდილი ბიჭი რომ ჩაუსვამს და პირში ძუძუ ჩაუჩრია და ისიც სწოვს მილულული თვალებით, ამავე ქალისა და მისი ქმრის უდიერ, უსიყვარულო დღეებსაც წარმოიდგენ, მდინარის ქვიან ფსკერსაც, გამოქვაბულის ნესტიან კედლებს, პატარა ქალაქის ბენზინგასამართ სადგურს, ლინასა და კორინთელთას უსიხარულო დღეებსაც - ამ ყველაფერს წარმოიდგენ, მაგრამ ხან შორიდან, ხან ყურისძირში უნდა გესმოდეს სიმღერა, როგორც სპირიჩუელი, მაჰალია ჯექსონის ან არეტა ფრანკლინის ნამღერი.
„გაფრენა, როგორც გაქცევა ან დაპირისპირება“ უარყოფისგან, უმოწყალობისგან, სიძულვილისგან, სიყვარულისგან, მომეტებული სიყვარულისგან, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია. „ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი – ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული? ცოტას გავშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული. დავიჭირე და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევიყვანე დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში“ (ქებათა ქება, თ.4). სიყვარული აქ მკვლელია, დამასნეულებელი, რაღაცნაირად, სიძულვილთან გადაწნული. „სიძულვილი მომმადლე, ღმერთო! როცა გინდა, მაშინ მომივლინე სიძულვილი, ოღონდ სიყვარული არა! მეტი სიყვარული აღარ შემიძლია... განა ვერ ხედავ, რამდენად ძნელია სიყვარული, ღმერთო? შენმა ძემაც კი ვერ გაუძლო...“ სიყვარული ამ ხალხისთვის უცხო, ველური ყვავილია, რაღაც უცხო საგანია. „თუ ჰპოვოთ საყვარელი ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან“ (ქებათა ქება, თ.5). სიყვარულით ატანილები ან საყვარლის მოსაკლავად დარბიან დანით ხელში, ან მკვდარ მამას თითებს უკოცნიან, ანდა მზად არიან, უდანაშაულო ადამიანები ხოცონ და ეს სიყვარულით გაამართლონ.
როგორც არ უნდა აჭერდეს მზე, როგორც არ უნდა კაშკაშებდეს, ყველა მოქმედება, გინდა ქალაქში, გინდა ქალაქიდან შორს, ტყეში, მდინარის ჭალაში, შორეულ სოფლებში, გეჩვენება, რომ მთვარის მორუხო-მოვერცხლისფრო სინათლეში უფრო უნდა მომხდარიყო, ვიდრე დღისით, მზის გულზე. ეს ის დროა, როცა სამხრეთში ცემით კლავენ ფერადკანიან ბიჭს, რომელმაც გაბედა და ქუჩაში თეთრკანიან ქალს დაუსტვინა, ქალაქში ჯერაც ერთი-ორი ტუალეტია, სადაც შავკანიანებს შეესვლებათ. ის დროა, როცა გასაიდუმლოებული ჯგუფების წევრები ყოველ მოკლულ შავკანიანზე იმავე სქესის და ასაკის თეთრკანიანს ასალმებენ სიცოცხლეს. ის დროა, როცა „იმისთვის, რომ დაკაცდეს, მთავარ გმირს სამხრეთში უწევს გამგზავრება“.
„მოდი, საყვარელო, ჩემო, გავიდეთ ველად, დაბა-სოფლებში ვათიოთ ღამე. ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლებიან ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი. სურნელებას დააფრქვევდნენ მანდრაგორები; ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ – ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, საყვარელო ჩემო“ (ქებათა ქება,თ.7). „ოდისეაშიც“ არის ასეთი ეპიზოდი - მშობლიურ მიწაზე დაბრუნებული ოდისევსისა და ლაერტეს შეხვედრა, - „შენგან ნაჩუქარ ხეებსაც ჩამოგითვლი თუ გინდა. უკან დაგდევდი ბალღი და გეხვეწებოდი, მაჩუქე-მეთქი. შენ კი თვითეულის სახელს მეუბნებოდი და მიქებდი მათ ნაყოფს. ოცდაათი მსხალი, ათი ვაშლის ხე, ორმოცი ლეღვი მაჩუქე და დამპირდი, ორმოცდაათ ძირ ვაზსაც გაჩუქებო, როცა მზის თვალი ჩაუდგება მტევნებს და სთვლის ჟამი მოაწევსო“. მეიკონიც, იგივე მილკმენი, იგივე მერძევე, წინაპრების მიწაზე ჩადის. ჰო, ოქროს საძებრად მიეშურება, სხვა კაცი ჩადის, წინაპრების მიწიდან კი სხვა კაცი ბრუნდება, იმიტომ რომ თითქოს საკუთარ მამულში ევლოს, „ლინკოლნის სამოთხე“ რომ დაარქვა პაპამისმა, ტყით, პატარა ტბორით, მდინარით, ხეხილის ბაღით... თითქოს ხეები ყოფილიყოს მისი ფეხები, ღრმად ჩაზრდილი ქვიან ნიადაგში, იმიტომ რომ ბლუ-რიჯის მთებში, ამბრის ხის ქვეშ შეხიზნული იმ ხმებს ისმენს, და იმ ხალხში ხვდება, რომლებსაც არც ადამიანის და არც მიწის შესახებ არაფერი დაემალებათ, რომლებიც ხეებს, მიწას ეჩურჩულებიან, ისე ეხებიან, „ბრაილის შრიფტით დაწერილ ფურცელს ბრმა რომ გადაუსვამს ხელს“, თითებით ისრუტავენ მნიშვნელობას.
„ქებათა ქებამდე“ რამდენიმე წლით ადრე, ტონი მორისონის „წყალობას“ რომ ვკითხულობდი, ჩემ წინ რიგრიგობით რომ გამოილანდებოდნენ და თავიანთ ამბავს მიყვებოდნენ საუკუნეების წინანდელი აჩრდილები - რებეკა, ლინა, სოროუ და ფლორენსი, ჯეკობი, მჭედელი, სქალი და ვილარდი - ჩემთვის ისინი, იცით, ვინ იყვნენ და როგორები იყვნენ? ხელით მიწის თხრა რომ შეუძლიათ, თავიანთი ფიქრების, ტკივილების და სიყვარულის მიწის გულამდე მიტანა, იქ ჩაფლვა და მერე საფლავივით, იმ ადგილის შიშველი ფეხებით მოტკეპნა. ესენი კიდევ, „ქებათა ქება სოლომონისას“ ქალები და კაცები, სულაც სვამენ მიწას, მიწიდან ავარდნილ მტვერს თუ მის სინოტივეს, სვამენ, შეისრუტავენ. ვინ არიან ეს ქალები და კაცები - ბიბლიური და მითოლოგიური - სოლომონი, პილატე, რუთი, მაგდალინა და კორინთელთა, კირკე, ანდა შერქმეული სახელებით - მეიკონ დედი, მილკმენი და თუნდაც გიტარა? უსმენ მათ და არის მომენტები, გეფიქრება, რომ ამ ერთ წიგნში მთელი სამყარო ერთიანდება და ირეკლება, როგორც დამტვრეულ სარკეში - ბიბლიური პასაჟები, ოდისევსის მოგზაურობა თუ პიეტა, სამყაროს მისტერია. ვინ არის პილატე, ყურზე ჩამოკონწიალებული თითბრის პაწაწინა კოლოფით, რომელშიც ქაღალდის პატარა ნაგლეჯი შეუნახავს, ზედ მამამისის ოკრობოკრო ხელით გამოყვანილი თავისივე სახელით, ქალი, რომელიც „მიწას ერთხელაც არ ასცილებოდა, ფრენა კი შეეძლო“ - შემკვრელი ყველა ამბის („სადაც კი მივიდოდით, სამახსოვროდ თითო ქვა ყველგან უნდა ამეღო“), შემკრები სინათლის ყველა სხივის, რაც კი ამ წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში მოიპოვება - მიწა - უსასრულო, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება.