
მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად (როცა ჩემი ქვეყანა ასეთ დღეში მეგულება) | თორნიკე გოშაძე
2024 წლის 1 დეკემბრის ცივი ღამეა. რუსთაველის გამზირი 28 ნოემბრიდან მოყოლებული ყოველ საღამოს სავსეა მომიტინგეებით. დემონსტანტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია იმ მომენტში უკიდურესად დაძაბულია. მზადყოფნაში არიან ქუჩების კუთხეებში ჩამდგარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. აქციის მონაწილეების ნაწილი კლინიკაში გადაჰყავთ, „ტვ პირველის’’ ოპერატორი პირდაპირ ეთერში მძიმე დაზიანებას იღებს. შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად იყენებენ როგორც წყლის ჭავლს, ისე – დიდი რაოდენობით ცრემლსადენ გაზს. 24 წლის თორნიკე გოშაძე ამ დროს სახლშია, ტელევიზორს უყურებს, გული ვეღარ უთმენს და რუსთაველის გამზირზე გარბის.
სწორედ ამ ღამეს გადაღებული ვიდეო დევს მტკიცებულებად მის საქმეში. არადა, დედა სიფრთხილისკენ როცა მოუწოდებდა, თორნიკე ეუბნებოდა, რომ არ ენერვიულა, თავს არავის დააჭერინებდა.
4 დეკემბერს, შუადღის 3 საათისკენ, თორნიკეს სახლში პოლიციის ოთხმა ეკიპაჟმა მიაკითხა. ფორმა არ სცმიათ, ამიტომ მძინარე და-ძმას ძალიან შეეშინდათ. თორნიკეს და ბარმენია, ღამით მუშაობს.
ვერც მოსულან აზრზე, ვინ შეიძლება სახლში შევარდნოდათ. მანამდე მეზობლებს უკითხავთ, თუ პოლიციელები ხართ, ფორმა რატომ არ გაცვიათო, ამის შემდეგ გადმოუღიათ მანქანიდან ჟილეტები. დედასაც მეზობელმა შეატყობინა ეს ამბავი და სამსახურიდან მაშინვე სახლში წასულა. ტელეფონები ჩამოართვეს, სახლის ჩხრეკა დაიწყეს. საქმისთვის ნივთმტკიცებად თორნიკეს წითელი ჟილეტი ამოიღეს (ვიდეოში რაც ეცვა) და კიდევ საქართველოს დროშა, რომელიც თორნიკეს დედას, მარიზი კობახიძეს ემიგრაციაში წასვლისას თან ჰქონდა და სამშობლოშიც ჩამოიტანა.
„როცა მიჰყავდათ, ვუთხარი, ხო იცი, დედი, მე არ ვარ მშიშარა და ყველაფერს გავაკეთებ სიმართლის დასამტკიცებლად-მეთქი. ერთი ვთხოვე პოლიციელს, ხელი არ დაარტყათ, მე არასოდეს მიცემია ჩემი შვილი და არ ცემოთ-მეთქი. შემპირდა, თითს არ დავაკარებ არავითარ შემთხვევაშიო. მადლობას ვეუბნები ამისთვის“, – იხსენებს მარიზი კობახიძე.
გამოძიება თორნიკეს ჯგუფურ, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თორნიკეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სანამ ადვოკატი თორნიკეს ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდებოდა, ორ დღეს ეძებდა და ვერ პოულობდა – იზოლატორები დაკავებულის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.
„ძალიან დათრგუნული იყო. არ იცოდა, რა ხდებოდა და რა მოხდებოდა მის თავს. მოატყუეს და უთხრეს, თურმე: შენი გასროლილი ქვით პოლიციელი ისეა დაშავებული, რეანიმაციაშიაო. ამაზე საშინლად ნერვიულობდა. ასე მე დავაზიანეო? – მეკითხებოდა. მაშინვე ვუთხარი, პოლიციელი დაზარალებული საერთოდ არ არის, საქმეში დაზარალებული არ გვყავს-მეთქი. იმიტომ მოატყუეს, ალბათ, რომ სასურველი ჩვენება მიეღოთ თორნიკესგან. ემოციური წნეხი იყო“, – გვიხსნის ნინო ლომინაძე, თორნიკეს ადვოკატი.
ნინო ამბობს, რომ ოქმი, რომელიც თორნიკეს დაუწერეს და ხელი მოაწერინეს, უკანონოდ შედგენილია. მასში არ არის მითითებული საგამოძიებო მოქმედების დაწყების და დამთავრების დრო, არც ოქმის შედგენის, ბრალდებულის გამოკითხვის ადგილი.
საქმეში მტკიცებულებად არის ფეისბუკიდან ჩამოტვირთული ვიდეო. ამტვირთავია ბექა კასრაძე. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ბექა კასრაძეს ახლად შექმნილი ფეისბუკ ანგარიში აქვს. ვიდეოს ჰქვია: „ევროპა გინდათ? ნახეთ როგორ იქცევიან მომიტინგეები“.
ვიდეოში ნამდვილად თორნიკე გოშაძეა. ის სპეცრაზმის კორდონისგან მოშორებით დგას. ჟესტიკულაციით ხვდები, რომ, სავარაუდოდ, იგინება. „კორდონი მისგან იმ დისტანციაზე ჩანს, რომ ქვა ფიზიკურად ვერავის მოხვდებოდა, რა ზომის ქვაც უნდა ესროლა. მით უმეტეს, სპეცრაზმის თანამშრომლებს ფარი აქვთ, თავზე ჩაჩქანი ახურავთ“, – აღწერს ვიდეოს ადვოკატი და საქმეში არსებულ მეორე ვიდეოზეც გვიყვება: „ჩანს, რომ თორნიკე ხელში რაღაცას იღებს და იქვე უვარდება. რა არის, ვერ ხედავ. ვიდეოში გაურკვეველია, სად დგას თორნიკე. წინ უდგას პოლიცია, თუ არა. მონტაჟია. უწყვეტი კადრი გვჭირდება. ვიდეოზე ექსპერტიზა დავანიშნინეთ“.
ნინო ლომინაძე ამბობს, რომ პროკურატურა ვიდეოს ავტორით არ დაინტერესებულა. ბექა კასრაძისთვის არავის უკითხავს, სად და როდის გადაიღო ეს ვიდეო. იქნებ, ვიდეოს გადაღების დრო სულაც არ ემთხვევა იმ დროს, როდესაც თორნიკეს დანაშაულს ედავებიან? – კითხვას სვამს ადვოკატი.
საქმეში დაზარალებულების სამედიცინო ისტორიებიც არის. თუმცა, არც ერთ მათგანში არ წერია, რომ ისტორიაში ხსენებული პირი თორნიკეს გასროლილმა ქვამ დააზიანა. „აქციაზე ვიყავი, დავზიანდი – მორჩა, ასე წერია ჩვენებებში“, – აზუსტებს ნინო ლომინაძე.
თორნიკე ნასამართლევი არასოდეს ყოფილა. 14 წლიდან ოჯახს ეხმარება. მე-9 კლასში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩაუბარებია, სამხედრო პირი უნდოდა გამხდარიყო. დედამ არ იცის ზუსტი მიზეზი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, გული აუცრუვდა და სწავლას თავი დაანება. მას მერე ეხმარება ოჯახს ფინანსურად. სახლისთვის იპოთეკური სესხის გადახდის ვალდებულებასაც ინაწილებდა დედასთან ერთად. მამა სამი წლის წინ, ანევრიზმით მოულოდნელად გარდაეცვალათ. მძიმე პერიოდი გამოიარეს. პანდემიის შემდეგ, მწვავე სოციალურ პრობლემებს რომ გამკლავებოდა ოჯახი, მარიზი ემიგრაციაში წავიდა. ქმრის წლისთავზე დაბრუნდა საქართველოში.
თორნიკე მიმტანად რესტორნებსა და კაფეებში მუშაობდა. ყველგან ვიღაცას უმეგობრდებოდა. ამას ახლა ყველაზე მეტად გრძნობს თორნიკეს დედა.
„ხან რომელი რესტორნის დიასახლისი მომწერს, ხან რომელი რესტორნის ჭურჭლის მრეცხავი, მამხნევებენ და მეკითხებიან, რა შეგვიძლია თორნიკესთვის გავაკეთოთო. ყველას უყვარდა, თურმე“, – გვეუბნება მარიზი და ამ დროს სახეზე მადლიერება და სიამაყე ეტყობა.
ადვოკატიც ასე ახასიათებს თორნიკეს: წყნარი, გაწონასწორებული, ძალიან მორიდებული. მას გაუჭირდა კიდეც ვიდეოში ნანახი გაბრაზებული და გამწარებული თორნიკე იმ ბიჭთან გაეიგივებინა, რომელიც იზოლატორში გაიცნო.
თორნიკეს და მასთან ერთად დაკავებულების საქმეში კიდევ ერთი საგულისხმო დარღვევაა. 11 იანვრის სასამართლო სხდომა ისეთ პატარა დარბაზში იყო, რომ დამსწრეებს სუნთქვა უჭირდათ. 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდადაც გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება დასჭირდათ. ექიმმა ცუდად გახდომა უჟანგბადობით ახსნა. მოსამართლემ კი პროცესი უფრო დიდ დარბაზში ამის მიუხედავადაც არ გადაიტანა. პროტესტის ნიშნად, ადვოკატებმა, დაკავებულებთან შეთანხებით, სხდომა დატოვეს. მოსამართლემ მათ ეთიკის კომისიაში უჩივლა. მხოლოდ საჩივრის განხილვის დროს გაიგო ნინო ლომინაძემ, რომ ირაკლი ხუსკივაძეს პროკურორებთან ერთად სხდომა მაინც ჩაუტარებია, ისე რომ ამის შესახებ ადვოკატებისთვის არ უცნობებია. მათ შემცვლელად პროკურატურას სახელმწიფო, ე.წ. სახაზინო ადვოკატები მოუწვევია. ამის შესახებ ბრალდებულმა თორნიკე გოშაძემაც მოგვიანებით ციხეში, ტელევიზიით გაიგო. „ესეც არსებითი დარღვევაა“, – განმარტავს ნინო ლომინაძე.
ის ამ საქმეში პატიმრობას, როგორც აღკვეთის ღონისძიების ფორმას, უკვე სასჯელად მიიჩნევს. თუ არ არის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, მართლმსაჯულების განხორციელებას საფრთხე თუ არ ექმნება, მაშინ პატიმრობა არ უნდა გამოიყენო, – ამბობს ნინო და განაგრძობს:
„თორნიკეს სახლი იპოთეკური სესხით აქვს ნაყიდი, მიმტანად მუშაობდა, სად გაიქცეოდა? ვიდეო მტკიცებულებებსაც როგორ გაანადგურებდა, სასამართლოს ხომ არ წაართმევდა? გდდ-ს თანამშრომელსაც რას დაუშავებდა. პროკურორმა მიმალვის საფრთხეც უნდა დაასაბუთოს. მხოლოდ „მე ვფიქრობ, რომ გაიქცევა“, არ არის საკმარისი. პირველ სხდომაზე, როცა ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს, ეჭვი გამოითქვა, რომ დანაშაულის ორგანიზატორები შეიძლება გარეთ ყოფილიყვნენ; რომ შეიძლებოდა ახალი კავშირები დაედგინათ. თუმცა, ამ დრომდე პროკურატურას არაფერი გამოუვლენია და პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების ფორმა, მოსამართლეს აუცილებლად უნდა გადაესინჯა“.
თორნიკე გოშაძეს ბრალში უწერია, რომ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობდა. ადვოკატი კი გვიხსნის, რომ დიახ, შეიძლება ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად არ იცნობდნენ, მაგრამ მათ შორის კომუნიკაცია, კავშირი უნდა მტკიცდებოდეს. ამ კავშირს პროკურატურა ვერ ადგენს.
„მათ პატიმრობაში ყოფნას დღეს საფუძველი არ აქვს. ქმედება, რასაც ედავებიან, არ ყოფილა. თუ ქმედება არ გაქვს, არ გაქვს ჯგუფის შემადგენლობა და არ გაქვს დანაშაული“, – ასკვნის ნინო ლომინაძე.
თორნიკე ციხიდან ხშირად ურეკავს და ელაპარაკება დედას. ამშვიდებს, რომ საკანში ნორმალური პირობებია. მე-4 სართულზეა, ფანჯარაც აქვს და იქიდან სამანქანო გზა მოჩანს.
„ეს 9 თვე მიჭირსო, დედა, – ასე მითხრა. მერე თუ დამტოვეს ციხეში, უამრავი რამე ისწავლება თურმე აქ და ყველაფერზე განცხადებას დავწერ და ვისწავლი, ისე რა გამაჩერებსო. არც ზარმაცია. ინტერესიანია“, – გვიამბობს მარიზი და ინტერვიუს დასასრულს მეუბნება:
„მე არაფერი დამემართება, მაგრამ დარდი კი შემომაწვება ხოლმე ძალიან. როგორია, გაიხედავ და შვილი სახლში არ გყავს და ვინ იცის, როგორაა ახლა; მაგრამ მართალი რომ ხარ, მართალი რომ არის შენი შვილი, ეს ძალას გაძლევს. ციხეში რომც დატოვონ, მაგისთვისაც მზად ვარ. მაინც ამაყი დედა ვარ. ოდესმე ხომ გაიმარჯვებს სიმართლე?!“
„დედა, სასამართლოებზე თითქოს ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე. მეც ხომ სულ ვიღიმი. ხომ იცი, არ გამომიშვებენ. …
ახლა თუ რამე მინდა, ყველაზე მეტად აქ დარჩენაა – ჩემს სამშობლოში, თუნდაც წლები ციხეში დავკარგო; იმიტომ, რომ მჯერა, ამერიკაში, ჩინეთში და გერმანიაში კი არა, მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად, როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება…
ყველას უსაფრთხოებაზე ვღელავ. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, არავინ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები. ხო, კიდევ, ძაღლები ჩამიკოცნე და ჩამიჩქმიტე“, – წერილი ციხიდან, 13 მარტი, 2025.
რაზე შეიძლება ღელავდეს პატიმარი საქართველოში? მაგალითად, 25 წლის თორნიკე გოშაძე ნერვიულობს ბანკის ვალზე, რომლითაც ოჯახმა სახლი იყიდა. სანამ ჯგუფურ ძალადობაში მტკიცებულებების გარეშე დასდებდნენ ბრალს, დედას ეხმარებოდა. ახლა ციხეშია. ვერც დედის დახმარებას ახერხებს, ვერც სამართლის პოვნას.
სად შეიძლება პოულობდეს შვებას დედა, რომელსაც უდანაშაულო შვილი დაუპატიმრეს? მაგალითად, მარიზი რუსთაველზე მხნევდება. იქ, სადაც დგომისთვის დასაჯეს თორნიკე. მარიზისაც დაურეკეს, გზის გადაკეტვას ედავებიან. გუშინ გავიცანი. ვიფიქრე, გულს გავუმაგრებ-მეთქი. ისე იყო, აქეთ გამამაგრა. ქოლგა ვაჩუქე. უსამართლობისგან ვერა, მაგრამ წვიმისგან მაინც ხომ იქნება დაცული. დათო სიმონია