
Traduttore traditore
Traduttore traditore „მოღალატე მთარგმნელი“ (იტალიურად) – კლასიკური აფორიზმია, რომელიც, როგორც წესი, ნიშნავს იმას, რომ ერთი ენიდან მეორეზე რამეს თარგმნა თავისთავად გულისხმობს ორიგინალის აუცილებელ ცვლილებას, მის უნებლიე დამახინჯებას („ღალატს“) და, ამდენად, მთარგმნელი ორიგინალის მოღალატე გამოდის. ეს აფორიზმი თვითონ ადასტურებს თავის თავს, რადგან თითქმის ყველა ენაზე, მათ შორის, ქართულ ენაზე თარგმნისას ეს ოსტატური კალამბური, სიტყვების თამაში, რომელიც ამ შემთხვევაში მსგავს ჟღერადობასა და ერთსა და იმავე, trad- „გაცემა“ ფუძის გამოყენებაზეა აგებული (სიტყვასიტყვითი თარგმანი იქნებოდა „გამცემი გადამცემი“), იკარგება და მოხდენილი, სხარტი აფორიზმიდან გვრჩება სპეციფიკური ტალანტით აღჭურვილი ოსტატების, ხშირ შემთხვევაში მაღალი დონის პროფესიონალების მთელი კლასის ნიველირებისა და, ფაქტობრივად, განზრახი შეურაცხყოფის არაფრის მომცემი, უაზრო ფრაზა.
არაკვალიფიციურ მთარგმნელებს თავი გავანებოთ, – სინამდვილეში ხომ ეს ოქსიმორონია, „არაკვალიფიციური მთარგმნელი“. ჩავთვალოთ, რომ მთარგმნელი ნამდვილია და შევეცადოთ, გავერკვეთ, მაინც რა აყენებს ენების კარგად მცოდნე მთარგმნელს ინტელექტუალური ღალატის გზაზე? პასუხი აქ ბევრია: ინსტიტუციური ცენზურა, შინაგანი ცენზურა, ორიგინალის სირთულე, სხვა, უკეთ ნაცნობი უცხო ენის ინტერფერენცია, ენებს შორის სტრუქტურული სხვაობა, სიტყვათა განსხვავებული ვალენტობები ენობრივ კონტექსტში, ე.წ. მთარგმნელის ყალბი მეგობრები (ფრანგ. faux amis) და ა.შ. მოვიშველიოთ მაგალითები.
მაგალითი პირველი, სულ ახალი:
საფრანგეთი, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, 24 აპრილი. პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებში ცენტრისტი ემანუელ მაკრონისა და უკიდურესად მემარჯვენე მარინ ლე პენის დაპირისპირებისას ამ უკანასკნელმა მეტოქე გააკრიტიკა და, თუ ტელევიზია „იმედის“ ანონიმ მთარგმნელს დავუჯერებთ, საგარეო პოლიტიკა დაუწუნა და ამ გაუაზრებელ პოლიტიკას „გაუხედნავი გლობალიზაცია“ უწოდა. მარინ ლე პენი, მამამისის, ჟან-მარი ლე პენისა და დისშვილის, მარიონ მარეშალ-ლე პენისა არ იყოს, მშვენიერი ორატორია, მაგრამ სიმბოლისტი და ჰერმეტული პოეზიის წარმომადგენელი ნამდვილად არ არის და არავალენტურ სინტაგმებში სტეფან მალარმეს არ ეჯიბრება. მთარგმნელი აშკარად შეცდა. როგორც ჩანს, ამ შეცდომის საქმეში „ვიღაც მესამე“ ჩაერია. სავარაუდოა, რომ აქ ფრანგულ-ქართულ დისკურსში მთარგმნელისთვის უფრო ნაცნობი ინგლისური ჩაერია და ლე პენისეული ფრანგული mondialisation sauvage („ველური გლობალიზაცია“) შეიცვალა ინგლისური untamed globalisation-ით, სადაც untamed სიტყვის მნიშვნელობათაგან („ველური“ და „გაუხედნავი“) მთარგმნელმა მეორეს მიანიჭა უპირატესობა და ნორმალური პოლიტიკური რეპორტაჟის ნაცვლად მივიღეთ საკმაოდ საეჭვო ხარისხის „პოეტური“ ინფორმაცია.
მაგალითი მეორე, ძველი:
არისტოფანე, „მხედრები“, სტრ. 364 (მეძეხვე აგორაკრიტოსის სიტყვები, რომლითაც იგი პაფლაგონიელ მონას მიმართავს): „ემაგ უკანალს ძეხვივით გამოგიტენი ახლა!“ ან კიდევ „კრაზანები“, სტრ. 165 (სტრეფსიადე სოკრატეს მოსწავლესთან საუბარში): „კოღოს უკანალი საყვირი ყოფილა!“ ორივე შემთხვევაში მთარგმნელი მე ვარ. მთელი არისტოფანე, მისი ჩვენამდე მოღწეული თერთმეტივე კომედია სავსეა ამ „უკანალებით“, „ფალოსებითა“ და მსგავსი სიტყვებით. არისტოფანე, მოგეხსენებათ, ერთობ მოურიდებელი და ხშირად ნატურალისტური ავტორი იყო და ქართველი რომ ყოფილიყო, სიტყვა „უკანალს“ კი არა, დღეს ასე პოპულარულ „ტრაკსაც“ არ იხმარდა, ბერძნულ „პროქტოსს“ იგი ქართულში გაცილებით უფრო მძაფრ შესატყვისს მოუძებნიდა, თან იტყოდა, ნახეთ, როგორ ჰგავსო. მე ამ კომედიებს საბჭოთა დროში ვთარგმნიდი და რომც გამებედა და ბერძნული „პროქტოსი“ „ტრაკად“ მეთარგმნა, მაინც არავინ დამიბეჭდავდა; ამიტომ, როგორც მთარგმნელს, მაინცდამაინც ნუ მენდობით, თუკი არისტოფანეს ევფემისტობაში მცდარად შეგეპარებათ ეჭვი. „კომედიის მამა“ ევფემისტი, ზრდილობიანი და თავაზიანი ავტორი არასოდეს ყოფილა, ხათრიანობასა და პოლიტკორექტულობაში არ აძლევდნენ მაშინ დიდ დიონისიებისა და ლენეების დღესასწაულზე კომედიოგრაფოსთა ასპარეზობაში საუკეთესო პიესისთვის განკუთვნილ ჯილდოს. აქვე მინდა დავიტრაბახო და აღვნიშნო, რომ „ბაყაყების“ ქართული თარგმანის ახალ რედაქციაში „ჩემმა“ დიონისემ გაბედა და დაიჩივლა, ტრაკი დამებეჟაო (სტრ. 221).
მაგალითი მესამე, ძველი და ახალი:
სქესობრივი კავშირის, კოიტუსის, აღმნიშვნელი სიტყვები. გაგახსენებთ, რომ ადრე, როცა ძველი და ბნელი დრო იდგა, სიტყვა „ჟიმაობაც“ კი არ იყო მოფიქრებული, ხოლო ჟარგონის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები, მაგალითად, „წერაობა“ მეტისმეტად პროვინციულად ჟღერდა. აიღო იმ საძაგელმა არისტოფანემ და „ლისისტრატეში“ ქალს პირდაპირ ათქმევინა „ის“ ძალიან გვინდაო (სტრ. 715). „ბინეტიომენ ე ბრახისტონ ტუ ლოგუ“ („ძალიან გვინდა ჟიმაობა, მოკლედ რომ ვთქვათ“). გავიგე, რაც თქვა და ისე ვაჟკაცურად ვთარგმნე, რომ ქაღალდი გაწითლდა: „მოკლედ რომ მოგიჭრა, გვინდა მამაკაცი“. არ მახსოვს, მაშინ რას ვფიქრობდი, როდესაც ოცდასამი წლის ვიყავი და ამ ფრაგმენტს ვთარგმნიდი, მაგრამ ახლაც ძალიან მაწუხებს ენობრივი უსუსურობის გრძნობა, როგორც კი ადამიანურ ძველ ბერძნულ ენაზე გამოთქმულ ცხოვრების ასეთ სიმართლეს, ამგვარ გულუბრყვილო და თავხედურ პირდაპირობას მივადგები. როდესაც ქალი ასე ლაპარაკობს, ოცდახუთი საუკუნის შემდეგ ისევ მე მრცხვენია მის მაგივრად. არადა, ის კარგად ამბობს, გამართულად. არაკორექტული ლისისტრატე „ბინეო“ ზმნასაც კი არ ხმარობს, რაც, უბრალოდ, „იმას“ ნიშნავს, კიდევ უფრო აძლიერებს და ინტენსიურ „ბინეტიაოს“ ამბობს, თუ რამე მინდა, „ის“ მინდა ძალიანო. წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდა მაყურებელი, ჩვიდმეტი ათასი სრულწლოვანი მამაკაცი მაყურებელი ათენის დიონისეს თეატრში. ახლა თავისუფლების დრო დადგა, მაგრამ ეს ახალი თავისუფლებაც საკმაოდ მოკრძალებული ჩანს, რაკი „ვაგინაზე“ შეჩერდა („– იცი, რა ჰქვია ცხიმს ვაგინის გარშემო? – არა. – ქალი“. მიშელ უელბეკი, „კუნძულის შესაძლებლობა“).
მაგალითი მეოთხე, ისტორიული:
„ეშმაკმა დალახვროს!“ ძნელია მოიძებნოს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში ქართულად ნათარგმნი ისეთი ტექსტი, რომელშიც ეშმაკი არ ფიგურირებს და ლახვარს არ იქნევს. შეიძლება ორიგინალში სიტყვა ეშმაკი, სატანა და ლუციფერი ნახსენები არც იყოს, მაგრამ ქართულ თარგმანში აუცილებლად გამოჩნდება უფლის ყოფილი რჩეული თავისი ძველმოდური საჩხვლეტ-საჩეხი იარაღით. ეს სინტაგმა, ფაქტობრივად, უნივერსალურია და იხმარება „ეშმაკმა წაიღოს“, „ამის დედა ვატირე“, „ჩემი ბედი...“ „რა ჯანდაბაა!“ „რა უბედურებაა!“ „რა ამბავია!“ და კიდევ ათასი მნიშვნელობით. ეს არც ისე სამართლიანი ტრადიცია ახალ საუკუნესა და ახალ ათასწლეულშიც გადმოგვყვა: ჰარუკი მურაკამის სულ ახალ ქართულ თარგმანშიც (1Q84) აღმოჩნდა მისი ადგილი. არ ვიცი, იაპონურად რა წერია, მაგრამ ინგლისურშია “Ah, what the hell” ანუ, „რა ჯანდაბაა“. თუმცა, სადაც ჯანდაბა და ჯოჯოხეთია, იქ ეშმაკს რა გამოლევს. რაც მთავარია, არც ერთ მთარგმნელს არ ადარდებს, რომ ეს ჩვენი ეშმაკი, რაღაც გაგებით, მართლა „ჩვენია“, ქრისტიანულია, ჩვენი ჯოჯოხეთისაა, იაპონიაში სხვა რელიგიური სისტემაა, ჩინელებთან, ინდოელებთან და ძველ ბერძნებთან არავითარი ეშმაკი არ ლახვრავს არაფერს, იქ სულ სხვა მითოსური პერსონაჟები არიან და სულ სხვა შუბებით, ხმლებითა და დანებით არიან შეიარაღებული.
მაგალითი მეხუთე, ყალბი მეგობრები. ეს ტერმინი ფრანგებმა მოიფიქრეს:
faux amis. ესაა ენათაშორისი ომონიმები ან ენათაშორისი პარონიმები. ესაა წყვილი სიტყვა ორ ენაში, რომლებიც თითქმის ერთნაირად იწერება, რომლებსაც ხშირად საერთო წარმომავლობა აქვთ, მაგრამ რომლებიც მნიშვნელობით განსხვავდება ერთმანეთისგან. ვთქვათ, ინგლისური gift „საჩუქარი“ და გერმანული Gift „საწამლავი“. ასე რომ, გერმანიაში წასულ კაცს ციანიდი შესაძლოა, საჩუქრად მიჰქონდეს. ამ საერთოგერმანიკული სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა „მიცემული რამ“ იყო, რომელიც ორ მონათესავე ენაში სემანტიკურად სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა. საინტერესოა, რომ „ნამდვილი მეგობრებიც“ შორდებიან ერთმანეთს; ის კი არა, ერთი სიტყვა ორად იყოფა და ისე შორდება საკუთარ თავს. მაგალითად, ქართულ-არაბული „კოშკი“ და ფრანგულიდან რუსულში და რუსულიდან ქართულში შემოსული „კიოსკი“. ყალბი მეგობრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კარგა ხნის წინ დაფიქსირდა: „ოსაკაში მშვენიერი ამინდი იდგა“. აქ „ამინდად“ ითარგმნა ბუდისტური საკულტო და მემორიალური ნაგებობა, „პაგოდა“.
მაგალითი მეექვსე და უკანასკნელი:
„ვაი ჭკუისაგან“ – „ჭარბი“ ცოდნის რეციდივები. ბუნებრივია, მთარგმნელს არავინ ავალდებულებს, საკუთარი ნათარგმნი განმარტოს; მიუხედავად ამისა, დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ძველი ენებიდან ნათარგმნ ტექსტებს ხშირად ახლავს სათანადო სამეცნიერო აპარატი: შესავალი, ენობრივი და რეალური კომენტარები, სიტყვათა საძიებლები, ტერმინთა განმარტებები და ა.შ. ზოგიერთ ასეთ განმარტებას შეუძლია საგონებელში ჩააგდოს მკითხველი საზოგადოება. სწორედ ამგვარ მაგალითზე გვექნება საუბარი.
როგორც ცნობილია, ჰომეროსის „ილიადა“ ბერძნების მთავარი გმირის, აქილევსისა და მათი მხედართმთავრის, აგამემნონის, კონფლიქტით იწყება. დიდბერძენ გმირებს შორის განხეთქილება იმან გამოიწვია, რომ აგამემნონმა აპოლონის ქურუმი, ქრისესი, შეურაცხყო, როდესაც მისგან გამოსასყიდი არ მიიღო და მოყვარულ მამას მოტაცებული ქალიშვილი, ქრისეისი, არ დაუბრუნა, სახლში, არგოსში, უნდა წავიყვანო და იქ ხარჭად უნდა დავისვაო. დამცირებულმა მამამ თავის ღმერთს, აპოლონს მიმართა, ხოლო განრისხებულმა სხივოსანმა აპოლონმა, ხელოვნების, წინასწარმეტყველებისა და ეპიდემიების ღმერთმა, ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა. საბოლოოდ, აქილევსის მხარდაჭერით გულმოცემულმა მისანმა კალქანტმა განმარტა, რომ ჭირი მხოლოდ მაშინ დაცხრებოდა, როდესაც მოტაცებულ ქალიშვილს, ახლა უკვე გამოსასყიდის გარეშე, მამას დაუბრუნებდნენ.
აგამემნონი უხალისოდ დათანხმდა, ქრისეისი მამას დაუბრუნა, მაგრამ სანაცვლოდ აქილევსს მისი ხარჭა, ბრისეისი, წაართვა.
აქილევსმა ეს იუკადრისა და ბრძოლაზე უარი განაცხადა. მთავარი გმირის გამოკლებამ ბერძენთა ლაშქარი საგრძნობლად დაასუსტა და ღმერთებმა საბრძოლო უპირატესობა მათს მოწინააღმდეგეებს, ტროელებს გადაულოცეს. ამ ამბების მოყოლისას, იქვე, „ილიადის“ პირველ სიმღერაში, განმარტებულია, თუ საიდან და როგორ აღმოჩნდა ქრისეისი აქაველთა ბანაკში. სტრ.366-ში ნათქვამია: „წავედით ეეტიონის წმინდა ქალაქ თებეში“ – სწორედ ამ ქალაქიდანაა წამოყვანილი ქრისეისი. აქ მთარგმნელმა საჭიროდ ჩათვალა, განემარტა, თუ რომელი თებე იგულისხმება.
ძალიან სწორადაც მოიქცა მთარგმნელი, რადგან მან იცოდა, რომ ბერძნული მითოლოგიიდან ცნობილი, კადმოსის მიერ დაარსებული, ლაიოსისა და ოიდიპოსის მშობლიური ქალაქი, შვიდკარიბჭიანი თებე, რომელიც შუა საბერძნეთში, კერძოდ, ბეოტიაშია, აქ არაფერ შუაშია. მართლაცდა, ტროის ომში აქაველები, ანუ ბერძნები, საკუთარ ქალაქს ხომ არ დაესხმოდნენ თავს?! ამავე დროს, წიგნიერმა მთარგმნელმა ისიც იცოდა, რომ ბერძნული შვიდკარიბჭიანი თებეს გარდა არსებობს სხვა, ასკარიბჭიანი თებეც, ეგვიპტის მშვენება (დღევანდელი ლუქსორის ტერიტორიაზე).
და განმარტა მთარგმნელმა: „თებე – ზემო ეგვიპტის დედაქალაქი, შემდგომში დიოსპოლისად წოდებული, ჰომეროსი მას „ასკარიბჭიანს“ უწოდებს“.
რა გამოდის? ავლისიდან ტროისკენ დაძრულ ბერძნებს გეზი ას ოთხმოცი გრადუსით შეუცვლიათ, ეგვიპტეს მისდგომიან, მდინარე ნილოსს სათავისკენ აჰყოლიან, რვაასი კილომეტრით აფრიკის კონტინენტის სიღრმეში შესულან, იქ ასკარიბჭიანი თებე აუღიათ და იქიდან დაძრულან ტროაში, ანუ ისევ ნილოსს დელტისკენ ჩამოჰყოლიან, ხმელთაშუა ზღვა გადმოუცურავთ და ტროას მისდგომიან (ანატოლიაში, დღევანდელ თურქეთში). რაც მართალია, მართალია, ძალიან უცნაური მარშრუტია. კიდევ კარგი, რომ ილფისა და პეტროვის „ოქროს კერპში“ ნახსენები გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელმაც რომელიღაც რუკაზე ბერინგის სრუტე ვერ აღმოაჩინა და ამის გამო ჭკუიდან გადადგა, უკვე კარგა ხნის მკვდარია, თორემ ხელახლა შეიშლებოდა და მოკვდებოდა. რა თქმა უნდა, ტროაში წასულ ბერძნებს ეგვიპტეში არაფერი ესაქმებოდათ.
ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ფლოტით ლუქსორს როგორ მიადგებოდნენ? ქუთაისი რომ საპორტო ქალაქია, გავიგეთ, მაგრამ თებესა და ლუქსორზე ჯერ არავის უთქვამს ასეთი რამ.
აშკარაა, რომ რაღაც შეეშალა ჩვენს მთარგმნელს. მთავარია, რომ დაუფიქრებლად დაწერა, ვიცი, რომელ თებეზეა აქ საუბარიო. ეს მარშრუტი და ათასხომალდიანი ფლოტის სახმელეთო მოგზაურობები, უბრალოდ, ვიზუალურად არ წარმოიდგინა. ბერძნებს ტროიდან ორასი კილომეტრი აშორებდათ, ხოლო ჩვენი მთარგმნელის მიხედვით, სულ ცოტა, ათჯერ მეტი მანძილი გაუვლიათ. საქმე ისაა, რომ არსებობდა კიდევ ერთი თებე, კილიკიელთა ქალაქი მისიაში, იდის მთის აღმოსავლეთი განშტოების, პლაკოსის მთის ძირას; იქ მეფობდა ეეტიონი, ანდრომაქეს, ჰექტორის მეუღლის, მამა. სწორედ ამ თებეზეა „ილიადის“ პირველ სიმღერაში საუბარი, იგი ტროის მახლობლადაა და ტროაში მიმავალმა აქაველებმა სწორედ ის აიღეს და იქიდან წამოიყვანეს ქრისესის ლამაზღაწვიანი ქალწული, რომელმაც შიდაბერძნული დაპირისპირება გამოიწვია.