გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტრაფარეტი / რუკა | გოჩა, ქსუისიდან

გოჩა, 46 წლის, ქსუისიდან, ამჟამად ცხოვრობს ხურვალეთში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

პირველი არეულობის დროს, სოფლებში ვიღაც რო დაიღუპებოდა, მაინც ყველას ვპატიჟებდით ხარჯში. დღეც, თუ ძაან დაძაბული არ იყო, მტერიცა და მოყვარეც ყველა ძმები ვიყავით. შებინდდებოდა და ვსიო, მიდიოდა სროლა. ოსი ქართველს ესროდა და ქართველი ოსს. მარა, აესე, მისვლა–მოსვლა მაინც არ წყდებოდა. ჩვეულებრივ გრძელდებოდა ცხოვრება. ჩვენ სოფლებს მარტო სავალი გზა ყოფდა. 

ჩვენგან ორ კილომეტრში მიდიოდა სროლა. პატარა ბიჭებიდან დაწყებული, პაპაჩემის ხნის ხალხით დამთავრებული, სუყველა კბილებამდე იყო შეიარაღებული. ყველა პოსტზე იდგა. შიშის ფაქტორი უფრო იყო. მაგრამ დავუშვათ მართლა შემოვიდა სოფელში ვიღაცა, ხო უნდა დაიცვა ოჯახი. თან მე სოფლის თავში ვცხოვრობდი. ოსებთან ძაან ახლოს. მახსოვს, ეგ 2008-ში, საღამოს დავჯექი, მეორე ბათინკი შევიკარი და სანამ ლიფჩიკი გავიკეთე (ტყვია-წამლის), ავტომატი ავიღე, კარები გამოვაღე, ქუჩაში უკვე ვეღარ გამოვედი. ტყვიების წვიმა წამოვიდა. მიწაზე დავწექი. 

მთელი ღამე დაგვადუღეს ოსებმა, არ დაგვინდეს. წინა ხაზზე ვიყავი. ერთი ავტომატით.

მამაჩემი იყო და მეზობელი კიდე თოფებით. თავი მაღლა არ აგვაწევინეს. ხეებზე და ზაბორებზე, გეგონება, სეტყვა მოდისო. თან ჩემი და ჩემი მეზობლის პადვალი სავსეა უბნის ბავშვებით, ქალებით, მოხუცებით. იმ ღამეს დაიწვა ერთი სახლი, მეორე სახლი, ქალი დაიჭრა მოხუცი. რო გათენდა, მერე ჩვენი არტილერიაც ჩამოვიდა. დედაჩემი და ჩემი და ბაღებ–ბაღებ გადმოვიყვანე. გადავსებული დაგვხვდა მთელი მერეთი. იმდენი ჯარი იყო. ერთ ადგილას მივედით, დგას უფროსობა, რუკა აქვთ გაშლილი და რაღაცას გეგმავენ. გამარჯობა-მეთქი, აბა, წარმატებები, ყველას მივესალმე. საიდან მოდიხარო? ზევითა სოფლიდან-მეთქი. რომლიდანაო? ახლოს მივედი და დავხედე რუკას, რო ვაჩვენო. ერთი აგრძელებს: აქედან დავიწყებთ, ამ სოფელს გავასუფთავებთ, იმ სოფელზე გადავალთო, - ამბობს. რა სოფელს გაწმინდავთ, ხალხო?! მე ვუთხარი, ეს ქართული სოფელია, მაგ სოფლიდან მოვდივარ, ქალი, ბავშვი, მოხუცი ჯერ იქ არიან, სავსეა სოფელი, რა უნდა გაწმინდოთ-მეთქი? მართლაო? აზრზე არ იყვნენ, რო ჩვენ იქ ვიყავით. მე ეგეთი სიტუაციაც შემხვდა.

იქით, მამაჩემი ძროხას ვერა ტოვებდა, სახლებს ვერა ტოვებდა, ქათმებს ვერა ტოვებდა, ტეხნიკას ვერა ტოვებდა. მაინც იმედი ქონდა, რო არ გაგვწირავდნენ. ერთი დღეც და შემოუბერეს ჩვენ სოფელსაც. 

ეხლა ჩართავ ტელევიზორს და ანტიოკუპაციაო. რა ანტისაოკუპაციო, რის ანტისაოკუპაციო! დიდი ბოდიში, ის იყო ეგა, რო განლაგდნენ საზღვრის პირას და ტრაკები დაანახეს? თუ აქციები რო გამართეს, ეგ იყო ანტისაოკუპაციო? ჩემი მოსაზრება არის, რომ პირიქითა ქნეს. მეტი დესტაბილიზაცია შემოიტანეს ამ საზღვრისპირებში. შემოვარდებინ, იყვირებენ, მერე გაიქცევიან - მაგათი ყვირილის ეშინია რუსს, თუ მაგათი მუქარების?! გვერდითა სოფლელები ბევრჯერ ჩამოუვარდნენ, ლამისა სცემეს. რა გინდათო შვილოვო, დაგვასვენეთო. სანამ მოხვიდოდითო სოფლის თავზე შემოგვიტარესო ღობეო, მოხვედითო და მერე ერთი სახლი მოაყოლესო, მეორედ მოხვედითო, კიდე გადმოგვიწიესო, ეხლა შუა სოფელში ვიშკა ჩაგვიდგესო. რა გინდათო, მთელი სოფელი გინდათო გამოგვყარონ აქედანაო? გახსოვთ, ამ წლის უკან ტრაფარეტი რო იდგა ზემოთ? მაგ ტრაფარეტის გამო რა ამბავი შექმნეს. ნახე, სადაა ტრაფარეტი დარჭობილიო. ჰოდა, ჩამოიტანა რუსმა ქვევით და აგერ დაარჭო, ზედ ცხვირწინა. ეგაა სიკეთე? თორემ რუსმა ჩემზე მეტი მაგათგან ვის რა დაუშავა. სულ ბაღებზე გადმოვედით, ტიტველა, რაც ტანზე გვეცვა, ისღა შეგვრჩა მარტო.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ტრანსკრიპტზე მუშაობდა ნატა მაჩალაძე
რესპოდენტის სახელი, მისივე თხოვნით შეცვლილია
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა