გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წყვდიადის პირი | ინტერვიუ ანდრო ერაძესთან

ის, რასაც ბოლო დროა ვაკეთებ, ერთმანეთთან კავშირშია. ამიტომ, ასე, კონკრეტულად გამიჭირდება გამოვყო გამოფენის იდეის გაჩენის მომენტი. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და იმ რეალობამ, რომელთანაც გვიწევს დღეს გამკლავება, პროვოცირება მოახდინა ამ გამოფენის მუხტზე და მის შექმნაზე.

რაც იმ სივრცეში მოვხვდი, სადაც ახლა გამოფენაა, მეფიქრებოდა ამ ადგილზე, როგორც პირველყოფილ გამოქვაბულზე და ყველა დეტალი, რომელიც შიგნით დამხვდა ასე აღვიქვი: გრაფიტი თუ სხვადასხვა წარწერები კედლებზე, თვითონ სივრცის დაგეგმარება. ასე რომ, გარკვეულწილად, თვითონ ადგილმა მიკარნახა რა უნდა გამეკეთებინა. მაგრამ, ნამუშევრებს სივრცისგან დამოუკიდებლად თავისი განსაზღვრული შინაარსი და ბუნება აქვთ, რაც შეიძლება წინააღმდეგობაში მოდის იმ გარემოსთან, რაც საექსპოზიციო ადგილას დამხვდა. 

მკვდარი ფიტულების გამოსახულებები თითქოს, პირიქით აცოცხლებენ სივრცეს და მას ახალ კონტექსტს სძენენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გამოქვაბულის თემასთან მიბრუნება და დღევანდელი გადმოსახედიდან პარალელის გავლება. თუკი გამოქვაბულის ადამიანი ეთაყვანებოდა ცხოველს და მის ირგვლივ გარკვეულ მითოლოგიას, თუ რელიგიურ რიტუალს ქმნიდა, თანამედროვე ადამიანი პირიქით - თითქოს კულტურაში აღარ უშვებს ცხოველის პირველსახეს და მას ძირითადად როგორც მასობრივი წარმოების ნაწილს, ან რიტუალისგან დაცლილ ლოგოს, ისე იყენებს. ადამიანის შექმნილ სიმბოლოებში ცხოველის ნიშნები ყველგანაა: მანქანების,  თუ საბანკო სექტორის ლოგოებზე, მაღაზიის დახლებზე, პროდუქტებზე. ხშირად ცხოველის ისეთ სიმბოლოებს ვხვდებით, სადაც ის საკუთარ თავს არ გამოხატავს, არამედ იქცა ადამიანის სახედ - მის ანარეკლად. ასე, სულ უფრო და უფრო იკარგება ცხოველის აღქმის პირვანდელი ფორმა, რასაც შეიძლება საიდუმლოც დავარქვათ. ცხოველმა დაკარგა მისი მისტიური სახე.

თბილისის ზოოპარკში ცხოველების ვოლიერებს გვერდზე წერია ვინ რომელი ქვეყნიდან, თუ გეოგრაფიული ზონიდანაა და ასევე ზოგიერთს აწერია რა ადგილი ეკავათ მათ ძველ კულტურებში, როგორ სცემდნენ მათ პატივს. ის, რაც შეიცვალა ამ საუკუნეების მანძილზე, ყველაზე კარგად ჩანს ზოოპარკებში, სადაც ერთ დროს გაღმერთებული ცხოველები გალიებში არიან გამომწყვდეულები. კიდევ უფრო მეტს ამბობს ბუნების, ცხოველის და ადამიანის ურთიერთობა, როგორც ცალკე მდგომ ადამიანზე, ასევე საზოგადოებაზე და მის სულიერ მდგომარეობაზე; ეს არის ის ტერიტორია, სადაც ადამიანის სადისტური გამოვლინებები და ძალაუფლებისკენ სწრაფვა შიშლად ჩანს. ამასობაში ბუნება თავის ენაზე ლაპარაკობს. ეს ის ენაა, რომლიეც ადამიანმა უნდა გაიხსენოს და მასთან პირველადი კავშირი აღადგინოს.

 გამოხატვის ფორმა ეყრდნობა „ღამის ხედვას“, (night vision) რომელიც როგორც ბევრი სხვა თანამედროვე ტექნოლოგია, ასევე ცხოველზე დაკვირვებისგან გაჩნდა - ადამიანის თვალს არ აქვს საკმარისი რეცეპტორები ღამე საგნები რომ აღიქვას.
 ეს ტექნიკა ძირითადად მილიტარისტული მიზნებისთვის გამოიყენება. თუმცა, ასევე არის შესაძლებლობა ფოტო ხაფანგების მეშვეობით, რეალურ გარემოში  დააფიქსიროს ცხოველი. მე მაინტერესებდა შემექმნა ამ ტექნიკის იმიტაცია, უკვე სასიკვდილო ხაფანგში მოხვედრილ ცხოველებთან ურთიერთობაში, რადგან საბოლოოდ ძირითადად თანამედროვე ადამიანის მიერ ცხოველთან ურთიერთობა მაინც ხაფანგთანაა დაკავშირებული, იქნება ეს ფოტო თუ ცხოველის დასაჭერი მოწყობილობა და თუკი ფოტოგრაფიის ძირითადი ფუნქცია ცოცხალ დროში დაჭერილი მომენტია, მგონია რომ  ამ გამოფენაზე არსებული გამოსახულება დროში გაჩერებული, ხაფანგში მოხვედრილი არსებების უკანასკნელი მზერებია, რომლებიც მაყურებლისკენაა მიმართული.

ძალიან დიდი დრო გავატარე ამ ადგილას მარტომ და მგონია, რომ ეს სიმარტოვე რომელსაც იმ მომენტში განვიცდიდი გადავიდა სივრცეში, რომელმაც კიდევ დამატებითი ძალა შესძინა გამოფენას, რადგან ახალი რეგულაციების და კომენდანტის საათის გამო, ონლაინ მომიწია ატვირთვა. ამ მომენტში მეფიქრება რამდენად სჭირდება საერთოდ ამ ნამუშევარს ფიზიკური დამთვალიერებელი. ეს ცალკე კითხვაა, რომელზეც ეხლა ვფიქრობ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა