გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტყვეთა სყიდვის არმიებს

ჩანახატი კასტელის ალბომიდან. ალექსანდრე მიქაბერიძის ფოტო.

რამდენიმე ჩანაწერი მოსახლეობის საექსპორტო საქონლად ქცევის ისტორიიდან

1.  ქუთაისი, დეკემბერი 1757

 1752 წელს სოლომონი იმერეთის  ტახტზე ავიდა.  სამეფოს საგარეო ვაჭრობის უდიდესი წილი ტყვეთა სყიდვაზე მოდიოდა. ქვეყნაში მოქმედებდა ქსელი, რომელშიც ჩაბმულნი იყვნენ ადგილობრივი ფეოდალები და თურქი მეციხოვნეები. ვაჭრობას აკონტროლებდნენ სოლომონის დედა და ბიძა. ქვეყნიდან ყოველწლიურად ათეულობით ათასი ტყვე გაჰყავდათ.

განადგურებულ ქვეყანაში, სადაც მოიშალა მეურნეობა და წარმოება, ფეოდალებისთვის საკუთარი მოსახლეობა საექსპორტო საქონელს წარმოადგენდა. ზოგ შემთხვევაში, ამ ვაჭრობაში ჩართულნი იყვნენ სასულიერო პირებიც, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ვაჭრობა მხოლოდ აზარალებდა ეკლესიის გავლენას. გამდიდრებული ფეოდალები ისაკუთრებდნენ სულ უფრო მეტ ქონებას,  ხოლო ეკლესია კარგავდა მიწებს, გავლენას სამეფო კარზე და, რაც მთავარია, მრევლს.  შესაბამისად, ეკლესია დაუპირისპირდა ტყვეებით ვაჭრობას. სწორედ ის  გახდა ტყვეთა სყიდვის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე და მეფის მოკავშირე.

სოლომონმა ტყვეებით ვაჭრობა აკრძალა და  1757 წლის დეკემბერში ქუთაისს ტყვეებით  მოვაჭრეების არმია მოადგა. მათ სურდათ დაესაჯათ მეფე და ვაჭრობა აღედგინათ.

***
ტყვეეებით ვაჭრობაზე ჩვენი წარმოდგენა ხშირად ზედაპირულია და ის ძირითადად ეყრდნობა  რონდელის ცნობილ ფილმს.  ამ ნაწარმოებში ბევრი რამ არასწორადაა ნაჩვენები.  რეალობა  გაცილებით უფრო სასტიკი იყო.  საყურადღებოა აკა მორჩილაძის ისტორიული რომანი  ,,ძველი გულებისა და ხმლისა'',რომელიც  გვიანდელ პერიოდს ეხება (მე-19 საუკუნის 20-იანი წლებს), მაგრამ კარგად არის აღწერილი ხალხის დამოკიდებულება ტყვეთა სყიდვის მიმართ. აქ ნაამბობია, რომ უიმედოდ დარჩენილი გაუბედურებული ქართველები თავიანთი ნებით უვარდებოდნენ ხელში ტყვეებით მოვაჭრეებს, რადგან შორეულ ქალაქებში უკეთესი ცხოვრების იმედი ჰქონდათ. მართლაც, ზოგჯერ, როცა მშობლები შვილებს ვეღარც კვებავდნენ და ვერც წამლობდნენ, არჩევდნენ, გაეყიდათ და ასე შეენარჩუნებინათ მათთვის სიცოცხლე. მამკაცებიც გარბოდნენ და ქალებიც.

ამ მძიმე რეალობას აღწერს კასტელი: ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე. გურიელისმხარეში. მატუტა ჩენსერია საკუთარ დედასჰყიდის. ჩვენებმა მას ჰკითხეს: ასეთ დიდ ცოდვასრად სჩადიხარო? მან გვიპასუხა: ეს ცოდვა კი არარის, პირიქით, დიდი შებრალებლობააოპირველყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდისთურქების ქვეყანაში, ამით თავის მდგომარეობასიუმჯობესებს''.

ასევე:

"ამ ზღვისპირა ქალაქში მთელი წლისგანმავლობაში საჯარო ვაჭრობა იმართება ყველაჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთაგასაყიდად. აქედან გადიანკონსტანტინოპოლისკენ ქრისტიანების მიერთურქებზე გაყიდული ბავშვებითდატვირთული გემები, მათს შვილთა დაშვილიშვილთა სულები ხომ სამუდამოდდაკარგულია. აქ შვილი ხანშიშესულ მამასა დადედას ჰყიდის, ხოლო თურქები მათჰყიდულობენ, რათა თავიანთ რწმენას შემატონსულები. მამები და დედები თავიანთ შვილებსჰყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრესაკუთარ სისხლს".

ტყვეთა ვაჭრობაში ჩართულ მეფეებს, დედოფლებსა და თავადებს ზოგჯერ ქართული ისტორიული ტრადიცია გმირებადაც ცნობს. მართლაც, არ იყვნენ ურიგო მეომრები, მაგრამ არც საქმოსნობაში ჩამოუვარდებოდნენ ვინმეს. იმ დროისთვის, ერთი შეხედვით, ტყვეთა სყიდვაში არაფერი იყო უცნაური, ყმების ცხოვრება არც სამშობლოში იყო უკეთესი, მაგრამ ამგვარმა მიდგომამ საქართველო სრულ განადგურებამდე მიიყვანა. მხოლოდ გლეხები აღარ ღვრიდნენ ცრემლს. ქვეყანა დაიცალა მწარმოებელი მოსახლეობისგან,უცხოეთში გადაიხვეწნენ ისინი, რომლებიც სახელოვანი მეომრები უნდა ყოფილიყვნენ  და თუ ჯერ გლეხები გარეკეს უცხო მიწაზე, მალე ასეთსავე გზას თვით მეფეები და მათი ოჯახები დაადგებიან.

ვიცით, რომ ქართლი მაშინ ისე დაეცა, მეფე იასეს შვილს დანიშნული საცოლე მოსტაცეს. სამეფო ოჯახი ამ მზაკვრობის ჩამდენი ხანის წინააღმდეგ სიტყვასაც ვერ ძრავს. ბატონიშვილი ჯერ რუსეთში გადაიხვეწება, შემდეგ გელათში ბერად აღიკვეცება და პატრიარქი ხდება. გადმოცემების მიხედვით, ჭკუიდან შეშლილი პატრიარქი ,,ვეფხისტყაოსანს'' წვავს. მისი მიჯნური ქაჯების ტყვეობაში რჩება. სადაც თვით მეფეთა ოჯახი დაუცველია, რთული წარმოსადგენი არაა, რა ბედი ეწიათ გლეხებს, რომლებსაც ადგილობრივი ფეოდალები და მომხდური მტერი ერთდოულად არბევს.

ერთიანი საქართველოს დაშლას დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. ზოგიერთ შემთხვევაში, ექვსჯერ გაიზარდა გადასახადი (საქართველოს იტორიის ნარკვევები, ტომი IV გვ. 220.), რომელსაც გლეხები იხდიდნენ. ბატონისთვის გამოსაღებს თან დაემატა უცხოელი დამპყობლის მიერ დაწესებული გადასახადი (“სათათრო”, “მალი”, “საური”, “საყაენო” და სხვა).

დამპყრობელთა განუწყვეტელი თავდასხმების პირობებში, განადგურდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. არანაკლებად მძიმე იყო ადგილობრივ ფეოდალთა დაპირისპირება, რომლებიც დაუნდობლად ანადგურებდნენ მოსახლეობას. ამ ვითარებას კარგად აღწერს საციციშვილოში ამტყდარი ბრძოლა. იშლება საზარელი სურათი:

დასახოცი დახოცეს, გასასყიდი გაყიდეს, ნახევარი ოსმალს მიჰყიდეს და ნახევარი იმერლებსა. რაც ჩვილი ყმაწვილი იყო, რომ არავინ იყიდა, ციხიდან გადაყარეს და ნადირ-ფრინველმა შეჭამა, რაც მონაზონი და ბერი იყო, რომ არ გაიყიდებოდა, სულ ერთ სახლში შეყარეს, ბოძებიგამოუყარეს, სახლი ზედ დააქციეს და ისე უზიარებელი დახოცეს“ ( დ . ი , ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 230).

ყველაზე დიდი სოციალური უბედურება კი ქართველი გლეხისთვის მაინც „ტყვეთა სყიდვა“ იყო. XVI-XVII სს-ში ამ პროცესმა განსაკუთრებით კატასტროფული სახე მიიღო დასავლეთ საქართველოში, რადგანაც ოსმალეთი - ტყვე მონების მთავარი მომხმარებელი - დასავლეთ საქართველოს უშუალოდ ემეზობლებოდა.

ტყვეთა სყიდვაში ჩართულნი იყვნენ ტყეში გავარდნილი, გააბრაგებული გლეხებიც. როგორც წესი, სწორედ აბრაგები იტაცებდნენ ადამიანებს, ხოლო როცა საქმეს ფეოდალები წარმართავდნენ, ყველაფერი ვაჭრული წესების დაცვით, უხმაუროდ ხდებოდა.

თანამედროვის ცნობით, მხოლოდ სამეგრელოდან XVII ს-ის შუა ხანებისათვის ყოველწლიურად ორი-სამი ათასი მონადქცეული გლეხი იყიდებოდა (დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, „წერილები საქართველოზე“).

ტყვეთა სყიდვა კლასობრივი ბრძოლის ყველაზე უფრო მახინჯი ფორმა იყო. მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი გლეხები მუდმივად ეძებდნენ საშველს, ზოგჯერ სასმართლოში ჩიოდნენ, მაგრამ იმედდაკარგულები, ხშირად ჯანყდებოდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ფეოდალებს.

საქართველოს ისტორია მრავალ ასეთ სტიქიურ  აჯანყებას ცნობს. შედარებით უფრო ორგანიზებული იყო ბოდბელი გლეხების ჯანყი, 1699 -1700 წლებში და მეორედ 1711-1716 წლებში. აჯანყლებულებმა უარი თქვეს გადასახადების გადახდაზე, საბოლოოდ, მათი გამოსვლა ერეკლე პირველმა სასტიკად ჩაახშო.

კლასობრივი ბრძოლის შესახებ გვიამბობენ ხალხური ლექსები:

ნუგზარ ერისთავის დროსაო, სისხლის წვიმების დროსაო”

ანდა

,,ხევსურეთშია, ზურაბო, ვერ იქამ ერისთობასა.

გაგიწვრილდების კისერი, ვერ შესძლებ ქვეითობასა”.

ხალხურ სიტყვიერებაში აისახა ტყვეთა სყიდვით განთქმული არაგვის ერისთავების მცდელობა, ბატონ-ყმური ურთიერთობა შეეტანათ მთაში. ერთ ხალხურ ლექსში ვკითხულობთ:

შენ ერისთავო დიდის მთისაო,

წყალი ჩაგიდის არაგვისაო,

არკი გეტყოდი ჩემო ბატონო,

ყიდვა ნუ იცი შენის ყმისაო,

ბევრი გაყიდე ქალი და რძალი

გარდახატული თვალწარბ თმისაო''.

კლასობრივი ბრძოლის მსხვერპლი გახდა ოთხი ძმა ქვენიფნეველი (ქსნის ერსითავიანთ სახლიდან), რომელნიც ხევსურებმა სოფელ ხანდოში, 1545 წელს დახოცეს. ყმებმა ამოხოცეს ქსნის ერსითავები იესეცა (XVII საუკუნის II ნახევარში) და დათუნაც (XVIII საუკუნის დასაწყისში) (დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, II, გვ. 112).

***
1757 წლის 12 დეკემბერს, სოლომონ მეფისგან ტყვეთა სყიდვის აკრძალვის საპასუხოდ, გოლა ფაშა ოცდაათასიანი ჯარით ქუთაისში შევიდა. მას შეუერთდნენ აბაშიძე და ერისთავი, ასევე ტყვეთა ვაჭრობაში ჩართული თავადაზნაურობის ნაწილიც.

ათიათასამდე ქართველი მტრის დროშის ქვეშ დადგა. თუმცა, დაიწყო წინააღდეგობის მოძრაობა. პარტიზანულ ბრძოლებში  მონაწილეობდნენ გლეხები. ისინი,მსუბუქად აღჭურვილნი, ქვეითად იბრძოდნენ. სოლომონის დროშის ქვეშ გლეხთა თითო კომლიდან ერთი მეომარი გამოვიდა. ეს სრულიად გამაოგნებელი შემთხვევაა, რადგან იმდროისთვის გლეხებს არ შეეძლოთ უსაშველოდ ძვირი იაღაღი შეეძინათ.  მთავარი ბრძოლა 14 დეკემბერს ტყიბულთან ახლოს, ხრესილის ველზე გაიმართა.

გათენებისას ქართველთა ლაშქარი იერიშზე გადავიდა. მტერი მომზადებული დაუხვდათ და თავდაპირველად მსუბუქად შეიარაღებული იმერეთის ლაშქარი მოიგერიეს, უფრო მეტიც, ხელთ იგდეს სამეფო დროშა. ამ მძიმე ვითარებაში სოლომონი მტრის რიგებში შეიჭრა და თურქთა სარდალი მოკლა. ეს ნაბიჯი მეფის გაბედულობის ნათელი მაგალითია, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის ტაქტიკაც, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლებოდა მცირერიცხოვანი და ცუდად შეიარაღებული ჯარით მტრის ბანაკში არეულობის შეტანა. სარდლის დაღუპვის შემდეგ მეთაურობა თავის თავზე ლევან აბაშიძემ აიღო, მაგრამ ისიც მოკლეს, ხოლო გურიის ლაშქარმა თავზეხელაღებული შეტევით, მტრის ხაზი გაარღვია და დროშა გამოიხსნა. ამით გულგამაგრებულლმა ქართველებმა მტერს შავი დღე დააყარეს.

ტყვეთა სყიდვის არმია  სრულიად განადგურდა. ხრესილზე დაიღუპნენ გოლა ფაშა, ქემხა ფაშაც და ლევან აბაშიძეც. სხვებმა თავს გაქცევით უშველეს.

2. ფაშა ხაჯი ახმედის ჩამოხრჩობა

ქუთაისის აეროპორტიდან იაფი და ჭუჭყიანი მფრინავი მიკროავტობუსები ევროპის რეისებზე მიფრინავენ. ამ ჯაბახანების ბორტებზე  ერთმანეთის გვერდით თვლემენ იაფ სამუშაოზე მიმავალი მუშები, რომლებმაც არ იციან, როდის დაბრუნდებიან. იქვე სხედან მეშჩანები, რომლებიც სელფებს გადაიღებენ და რამდენიმე დღეში უკან წამოვლენ.

მოჩვენებებს გაქცეული პოეტის ემიგრაციაში დაწერილი რომანივით უიმედოა აქ ყველაფერი.

ქვეყნის მმართველიც სასოწარკვეთილია. მისი გამოსვლის შემდეგ ხელქვეითები ორ დაზეპირებულ სიტყვას იმორებენ:

სიღრმისეული და გულწრფელი.

გულწრფელობად ისინი აფასებენ ივანიშვილის გეგმის ხმამაღლა გაჟღერებას.

ქვეყნის მმართველის აზრით, პრაგმატული გათვლა ასეთია - საქართველოში შეუძლებელია მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნა, ამიტომ ქვეყანამ უნდა გადაამზადოს კადრები და ისინი უხოეთში სამუშაოდ გაუშვას. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად პროფესიონალი და გამოცდილი კადრები ქვეყნიდან წავლენ, ხოლო აქაურობა ისევ კლანებს და მათ უნიჭო ხელქვეითებს დარჩებათ, პარალელურად, უცხოეთში იაფ მუშახელად გადაიხვეწება მოსახლეობის უმრავლესობა.

ის, რაც წლების წინ, ნაციონალისტების დახატულ აპოკალიპტურ სურათს ჰგავდა, დღეს ქვეყნის მმართველის  გეგმაა. ივანიშვილამდე ასეთი იყო ნაციონალური მოძრაობის სტრატეგია, შემდეგ, იგივე საარჩევნო პროგრამაში „ევროპულმა საქართველომ“ შეიტანა, ამავე პოზიციებზე დგანან „ოცნების“ სატელიტი ლიბერტარიანელი პოლიტიკოსებიც. თითოეული მათგანი ხალხის ქვეყნიდან წასვლას ნათელ ფერებში ფუთავს, თუმცა

მათი დემაგოგია ახალ შესაძლებლობებზე ბევრად არ ჯობია ქობულეთის ბაზრობაზე გამართულ მესჯელობას, რომელზეც კასტელი ყვებოდა.

ვინც ისტორია იცის, მისთვის უცხო აქ არაფერია. ვაჭრობის წესები იცვლება, მაგრამ ძირითადი საკითხებიუცვლელია. განადგურებული ქვეყნის მმართველი, რომელიც ვეღარაფერს აწამოებს, ადრე თუ გვიან, საკუთარი მოსახლეობით იწყებს ვაჭრობას. მისთვის ეს ერთადერთი საექსპორტო საქონელია.

ადგილობრივი მოსახლეობის ქვეყნიდან გაძევებას, ამავდროულად, კავკასიაში მოსული იმპერიებიცა და მათი ხელქვეითებიც, თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად ყოველთვის ცდილობდნენ და შეეცდებიან.

ამის მიზეზი სულ ზედაპირზე იდო: ტერიტორია უნდა ქცეულიყო პერიფერიად, არსებული რესურსი უნდა ათვისებულიყო მაქსიმალურად, ხოლო გაძევებულ ადამიანებს მეტროპოლიის სხვა მიწებზე ეშრომათ და სისხლი ბატონისთვის დაეღვარათ.

საუკუნეების განმავლობაში ხალხი ახერხებდა ამ ბრძოლის მოგებას. ისტორია ცნობს თემურ ლენგის დამანგრეველ ლაშქრობებს, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებას ისახავდა. სეფიანების ირანმა მთელი სოფლები აჰყარა და გადაასახლა ირანში, ხოლო თურქებმა და მასთან შეკრულმა ფეოდალებმა  საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთის და სხვათა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტყვეებად გაყიდეს. კავკასიაში რუსეთის იმპერიის პოლიტიკაც ადგილობრივების გაძევებას გულისხმობდა. რუსებმა კავკასიიდან მრავალი ერი განდევნეს.

სწორედ ამ იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაა ივანიშვილის გეგმაც, რომელიც ''ღირსების შენარჩუნების'' დაპირებით, ადამიანებს ქვეყნის გარეთ ისტუმრებს, ხოლო უკვე გადახვეწილებს, დაბრუნების იმედს ართმევს. 

ამ პოლიტიკურ ძალებს საქართველო ხალხისგან დაცლილ მიწად წარმოუდგენიათ, რომელსაც იაფად მიჰყიდიან კორპორაციებს სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად ანგიგანტური ჰესების ასაშენებლად. ხოლო თბილისიდა ბათუმი კაზინოებისა და პროსტიტუციის ქალაქებად დარჩებიან.

საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ქართული პოლიტიკური კლასის მახინჯი წარმოდგენაა. ამ გეგმას მომავალი არ გააჩნია. ვერც ერთმა დიდმა იმპერიამ ვერ შეძლო კავკასია ექცია თავისი იმპერიული ეკონომიკის პერიფერიად.

„ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ინტელიგენტები და ბლოგერები (შალვა რამიშვილი, ნიკა ლალიაშვილი, ზაზა შათირიშვილი) ღია ეთერში საუბრობდნენ, რომ ივანიშვილის ეს გეგმა შეიძლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებსა და იმედებს, რომლითაც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით, თუმცა ახლა ყველაზე ქმედითი და აუცილებელი ნაბიჯი სწორედ ესაა.

მათი მოწიწება კაპიტალის წინაშე კანონზომიერია, მაგრამ რიგითი ბიუროკრატებისგან განსხვავებით, მათ იციან, რეალურად რაზეა ლაპარაკი. განსაკუთრებით ეს ეხება ზაზა შათირიშვილს. ანტილიბერალის ტრენდულ იმიჯს ამოფარებული შალვა რამიშვილი კი, რომელიც ყველაზე უფრო ზედაპირული, ნეოლიბერალური, ყალბი ცნობიერებით იტანჯება, ამას სათანადოდ ვერ იაზრებს.

სინამდვილეში, ამ ადამიანების მთავარი უბედურება არა სხეულის გროშებად გაყიდვა, არამედ  სრული ინტელექტუალური დეგრადაციაა. მათ გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ეს გარდაუვალია და ივანიშვილს, ან ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, საბოლოოდ აქციოს კავკასია უმნიშვნელო პერიფერიად.

მთელი ეს გულწრფელი აღიარება, მხოლოდ ერთ რამეს გვაძლევს: უკვე მკაფიოდ დავინახეთ, რომ ივანიშვილი და ნაციონალური მოძრაობა საქართველოში იმპერიული პოლიტიკის ემისრები არიან, ისინი ხალხის ნამდვილ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, შესაბამისად, ორივენი დამარცხდებიან.

ყველა ამ მახინჯი პოლიტიკოსის მთავარი მოკავშირე ის კაპიტულანტობა და გაუნათლებლობაა, რომელმაც მთელი ქვეყნის აკადემიური წრეები და ინტელიგენტები მოიცვა, რადგან მათ შორის სიმართლის მთქმელი არავინაა.

ხოლო პოლიტიკოსები ვერ აცნობიერებენ თავიანთ რეალურ ძალას და პასუხიმგებლობას, მათ თავიანთი მოკლე სული არ აძლევთ საშუალებას, მიხვდნენ, რომ ძველი, ათას ბრძოლაში გამარჯვებული ხალხის ბედი აბარიათ, და არა მცირე საწარმოს, ან პატარა პროვინციის.

ამაზე პასუხად კი ეს ინტელიგენტები, რომლებიც ათასგვარ მითს ქმნიდნენ ქართველთა განსაკუთრებულობაზე და ღვთიურ მისიაზე, არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადნენ. ამათ რა უნდა ვუთხრათ?!

ქუთაისიდან მოსულმა ამბავმა სულთანი ისე განარისხა, რომ ახალციხის ფაშა ჰაჯი ახმედი, რომელსაც უშუალოდ ებარა ტყვეთა სყიდვის საქმეები, ჩამოახრჩო.

სულთანმა მომდევნო წლებში მრავალჯერ გამოგზავნა არმია. ჩვენ დავრჩით. ამათ გეგმებს არ მივყვებით. სხვა გზებით დავდივართ, რადგან გვახსოვს, რომ იერუსალიმში გაშლილი დროშით შევსულვართ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა