გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

საქართველოს ყველაზე უჩვეულო მხარეში | ჯავახეთი

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაშლილი სივრცე, სადაც ხავსმოდებული ლოდები მისტიკურ შეგრძნებებს გიღვიძებს და სრულიად მონუსხული რჩები, გარწმუნებს, რომ საქართველოს სამხრეთში მოგზაურობა სხვას არაფერს ჰგავს და როცა გაიცნობ შეგიყვარდება. აბულ-სამსრის ქედიდან ყურება თუ როგორ ეცემა პირველი სხივები ფარავნის ტბას, ტბების ნაპირზე ჭოგრიტით ჯდომა, გადამფრენი ფრინველების ყოფაზე დაკვირვება და იქვე გაშლილი პიკნიკიც კი  საკმარისია, თავი უნიკალური ბუნების შუაგულში იგრძნო. ასეა, როცა მაგალითად, თბილისიდან ორას კილომეტრში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე კარწახის ტბაზე, გადამფრენ ხუჭუჭა ვარხვებს, სომხურ თოლიებს, წითელთავა ყვინთიებს და ქოჩორა იხვებს ნახავთ. ყანჩებსა  ლაკლაკების ბუდეებს კი მანქანიდანვე, დაბებში გავლისას, პირდაპირ დენის ბოძებსა და სახლების სახურავებზე შენიშნავთ.

მაგრამ ჯავახეთი არც მხოლოდ მინდორში მოწყობილი პიკნიკებია და არც მხოლოდ მოტიტვლებული ქედები. ჯავახეთი ასევე არის ჩამქრალი ვულკანები, მეგალითები, მენჰირები და ბუნების სხვა საოცრებები და ცხადია კულტურაც, რომლის გაცნობა-შესწავლასაც თქვენ მოგანდობთ. სხვა დაცული ტერიტორიების მსგავსად, ჯავახეთის ამ ადგილების შენარჩუნებასა და განვითარებასაც უკვე 12 წელია საქართველოს ბანკი უჭერს მხარს.

აბულ-სამსრის ქედი

 ფარავანის ტბის ჩრდილო-დასავლეთით გაშლილია აბულ-სამსრის ქედი. ეს 40 კილომეტრზე გაწოლილი ამაღლებული სისტემაა, რომელიც ახალქალაქის პლატოს აცალკევებს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბისგან. ქვიან-კლდოვანი ვულკანური კონუსებიც ქედს მთელ ამ პერიმეტრზე მიუყვება.  ამ კონუსებს შორის ყველაზე ცნობილი სწორედ დიდი აბულის მთაა, რომელსაც უნაგირითა და ორი პიკით, თვალის ერთი შევლებით შენიშნავთ.

ფარავნის ტბა
ფარავნის ტბა


დიდი აბული აბულ-სამსრის ქედის უმაღლესი წერტილია. მის ჩამქრალობა-ჩაუმქრალობაზე გეოლოგები დღემდე დავობენ. აქაურ სოფლებში ჯერ კიდევ ცოცხლობს ლეგენდა, თუ როგორ ბოლავდა მისი კრატერი და ამიტომ მას “აბოლებულ მთას” ეძახდნენ. აქ იმასაც მოგიყვებიან, როგორ “იჭერს” ეს მთა ცუდ ამინდს და ღრუბელს დაბლა არ უშვებს, მოისმენთ ხომლის ვარსკვლავის ამბავსაც, რომელიც ყოველ წელს, 7-11 ივლისს, ხელახლა ხდება და წლის ამ პერიოდს “ხომლის დღეებსაც” ეძახიან.

დიდი აბულის სიმაღლე 3307 მეტრია და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე არც თუ ისე დიდია, მთა ასასვლელად მაინც რთულია ,”ჯავახი კაცის ხასიათივით მძიმეო”, ესე იტყვიან აქ.

მისი მწვერვალიდან ულამაზესი და შთამბეჭდავი პანორამა იშლება. გვიან შემოდგომასა და გაზაფხულზე, როცა ჰაერი გამჭირვალეა, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დიდი კავკასიონის ყველა მწვერვალის დანახვა, იალბუზით დაწყებული, ხევის დედოფალი - მყინვარწვერით დამთავრებული. სამხრეთით კი მთა არარატს და არაგაწსაც დაინახავთ.

აბულის მთა ჯავახეთში
აბულის მთა


აბულის ფერდებზე ისევე, როგორც სამსრის ქედის ყველა ვულკანურ მთაზე, რთული ზედაპირის გამო გადაადგილება მარტივი არ არის. ასე გგონია, სადღაც პრეისტორიულ ხანაში გადაინაცვლე. აქ ისე უცებ და ისეთი ნისლის ჩამოწოლა იცის,  შენივე გუნდის წევრი შეიძლება ვეღარ შეამჩნიო. 

 მთა სამსარი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  ვულკანია ჯავახეთის ზეგანზე. სტრატოვულკანი აბულ-სამსრის ქედზე 3284მ-ზე მდებარეობს. მთის წვერზე კრატერი არ არის შემორჩენილი. როგორც ჩანს, ის დაინგრა ვულკანური მოქმედების დამამთავრებელ ეტაპზე. სამსარის მასივის ფორმირება გვიანმიოცენურ-ადრეპლიოცენურ პერიოდში მოხდა სტრომბოლური ტიპის ვულკანის მრავალჯერადი განმეორებითი ამოფრქვევების შედეგად.

 ჯავახეთში ცხოვრებისას საინტერესო რამ აღმოვაჩინე - აბული განსაზღვრავს ჯავახეთის ამინდსაც და ჯავახების გუნება-განწყობილებასაც. თითქმის ყველა წერტილიდან მოსჩანს ეს მთა და შეუძლებელია, ქუჩაში ისე გაიარო, არ შეჩერდე დასაკვირვებლად. თითქოს მთელი საუკუნეები, ათი ათასობით წელი დაგყურებს და შენთვის რაღაცის თქმას ცდილობს. სწორედ ამ მისტიკისა და სიდიადის გამო, აბული ჯავახეთის სიმბოლო და სიამაყეა.

 აქ ჯადოსნური სამყარო იშლება მაისიდან, როცა თოვლი მხოლოდ მთების წვერზე რჩება, უსასრულო მინდვრები კი ალპური ყვავილების სიჭრელით იმოსება. ამ დროს ყინული ტბებზეც დამდნარია და მათი ლურჯი ზედაპირი მთებსა და ქათქათა ღრუბლებს ირეკლავს. მოწმენდილ ცაზე კი უკვე მკაფიოდ ჩანან  მთები, რომლებიც ზაფხულში ანემონების ზღვაში მცურავ ხომალდებს ჰგვანან. შემოდგომაზე კი სამსრის მთისკენ ალაგ-ალაგ მოქუჩებული არყის ხეების კორომები ფანტასტიკური ფრინველის ფრთებივით აჭრელებს იქაურობას.

 აბულ-სამსრის ვულკანური ქედის გამორჩეული მწვერვალებია:  უმაღლესი მწვერვალი - დიდი აბული, თავკვეთილა, შავნაბადა, სამსარი, გოდორები და შაორი. დიდი აბულიდან სამხრეთით კი მდებარეობს მცირე აბული. ამ ვულკანური კონუსის  სიმაღლე 2800 მეტრია. მთის თხემზე კი დაახლოებით 4 ათასი წლის წინანდელი ციხეა. ჟურნალისტი და ენციკლოპედისტი ივანე როსტომაშვილი 1898 წელს წერდა: „მცირე აბულზე აქამომდე დაცულია კარგა მოზრდილი ციხე, უქვიტკიროთ დიდი ლოდებით ნაშენი“. ნამდვილად ასეა - ციკლოპური, ანუ მეგალითური ციხე მშრალი წყობით, ანუ ლოდზე ლოდის დადებითაა ნაშენი. ზოგიერთი ქვის წონა დაახლოებით 2 ტონას აღწევს. ეს ციხე დღემდე გამოცანად რჩება და მეცნიერებისთვის სადავო საკითხია, საერთოდ რისთვის გამოიყენებოდა მსგავსი შენობა-ნაგებობები.

ჯავახეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები
ჯავახეთის ზეგანზე აღმოჩენილი ნაშთები

ასეთსავე სიმაღლეზე ასევე ციკლოპური 2 ციხე დგას შაორზეც.  მშრალი წყობით ნაშენი მეგალითები ძალიან კარგადაა შემონახული და მათი ასაკი დაახლოებით 4000 წლით განისაზღვრება.  შიდა ოთახები ერთმანეთს ზოგჯერ დერეფნებით და კარებით უკავშირდება, ციხეებს შორის დამაკავშირებელი გზის მთელს პერიმეტრზე კი უამრავი სათვალთვალო ბლინდაჟია მოწყობილი.

 შაორის ციხესთან ახლოსაა ალპური ტბა, რომელიც ლევანის ტბის სახელითაა ცნობილი. ყველაზე მოსახერხებელი საბანაკე სწორედ აქაა, ტბის პირას. კალთაზე ეშვება პატარა სეზონურ ტბასთან, რომელსაც “პანდას ტბას” ეძახიან. მისგან სამხრეთით, მეორე, ლურჯი ტბაა, სადაც ზაფხულობით აზერბაიჯანელი მწყემსები დგანან. ჯავახეთს სხვა კუთხეებისგან ტბების სიმრავლეც გამოარჩევს. აქ თითქოს არც ერთი ტბა არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ერთნაირ შეგრძნებებს გიტოვებს. სამუდამოდ გამახსოვრდება იქ გამეფებული სიჩუმე, რომელიც გაიძულებს სულ სხვა თვალით შეხედო ბუნებასაც და საკუთარ თავსაც. გამონაკლისი მხოლოდ ფრინველების მიგრაციის პერიოდია, როდესაც გადაფრენისას დასასვენებლად სწორედ ჯავახეთს  მიაშურებენ ხოლმე. აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი, ანუ ”ბათუმის ძაბრი”, ვაშლოვანი, მდინარე ალაზნისა და ივრის ქვემო წელი და ჯავახეთის ზეგანი - წყალმცურავებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ჯავახეთში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ზემოთ წარმოქმნილ აქაურ ტბებში წყალი თხელი და გრილია, მიწა კი - ფიტო და ზოოპლანქტონებით მდიდარი.

კარწახის ტბა

 ფრინველებით ივსება ხოლმე კარწახის, იგივე ხოზეფანის ტბაც, რომელიც ახალქალაქიდან 40 კმ-ში მდებარეობს. მას საქართველო-თურქეთის საზღვარი შუაზე ჰყოფს. კარწახის ტბა ბოლო დროს გახდა პოპულარული, როცა აქ რეინჯერებმა მარტოსული, სავარაუდოდ, ჯგუფს ჩამორჩენილი ვარდისფერი ფლამინგო შენიშნეს. თუმცა, თუ ფლამინგოს არა, ტბაზე, სეზონის შესაბამისად, უზარმაზარ ვარხვებს, იხვებს, სომხურ თოლიებს და სხვა გადამფრენ ფრინველებს ნახავთ. საერთოდ, გაზაფხულზე, ჯერ კიდევ შეუფოთლავ ხეებზე, ოფოფს როცა მოჰკრავთ თვალს, იცოდეთ, ფრინველთა მიგრაცია დაწყებულა. სწორედ ამ დროს ივსება ჯავახეთის ტბები ნაირგვარი ფრინველებით. თუმცა, ჯავახეთის “სავიზიტო ბარათად” ყოფნა ყველაზე მეტად, ალბათ, ყარყატს მოუხდებოდა (Ciconia ciconia). მის ბუდეებს ყველგან შეხვდებით: განათების ბოძებზე, სახლის სახურავებსა და ეკლესიის სამრეკლოებზეც კი. აქ ფიქრობენ, რომ ყარყატებს ბედნიერება მოაქვთ, ამიტომ მათ მოფრენას და ბუდეების აშენებას სიხარულით ელიან.

კარწახის ტბა ჯავახეთში
კარწახის ტბა


ჯავახეთში 300-მდე  სახეობის ფრინველია აღრიცხული, რომელთაგან რვა გლობალური საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა, 26 კი წითელ წიგნშია შეყვანილი. ეროვნული  პარკის ტერიტორიაზე მუდმივად მობინადრე 60 სახეობაა.  აქ ნახავთ ქოჩორა ვარხვს (Pelicanus Crispus). ეს ულამაზესი არსება საქართველოში მხოლოდ ჯავახეთში ბუდობს და მათი ნახვა ძირითადად კარწახისა და ბუღდაშენის ტბის მიმდებარედ შეიძლება. აქაურ ტბებშია ვარდისფერ ვარხვიც (Pelicanus onocrotalus), რომელიც შთამბეჭდავი ზომისაა. აქვე შეხვდებით იმგვარ იშვიათ სახეობებს, როგორიც არჩიბალდის რუხი წეროა. მათი რიცხვი მსოფლიოში სულ 70 ერთეულია და აქედან 12 ჯავახეთში ბინადრობს.

ხანჩალის ტბა

 ფრინველებზე დაკვირვებისთვის ყველაზე კარგი ადგილი ხანჩალის ტბაა, რომელიც ნინოწმინდიდან ორიოდე კილომეტრში მდებარეობს.  ზოგჯერ მას “ხანჯლის” სახელითაც მოიხსენიებენ. ტბა გამორჩეულია იმით, რომ მისი მაქსიმალური სიღრმე 1 მეტრია, თუმცა ფსკერზე საფარი ლამის 30 მეტრს აღწევს. სანაპირო დაჭაობებულია და სწორედ ეს ჭაობი წარმოქმნის ლელშაქს, რომლებიც თავის მხრივ წყალში მცურავ “კუნძულებს” ქმნის.

ხანჩალის ტბის სიახლოვეს რამდენიმე საფეხმავლო ბილიკიც გადის. ერთ-ერთია “ვეფხვების კანიონის” წრიული ბილიკი, რომელიც ვეფხის მთის მიმართულებით გრძელდება. იქ თავს იყრის სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის საზღვარი.

ბუღდაშენის ტბა

ხანჩალის ტბისგან განსხვავებით, საპიკნიკე და სასეირნო ადგილებია სოფელ გორელოვკასთან მდებარე ბუღდაშენის ტბის ირგვლივ. აქვეა სპეციალური კოშკურა, საიდანაც წყალმცურავ ფრინველებს შეგიძლიათ დააკვირდეთ და ფოტოებიც გადაიღოთ. ტბის ნაპირები საბანაოდ მოსახერხებელია. დაშვებულია სპორტული თევზაობაც. ტბის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილას მცირე ზომის მეგალითის ნაშთებიც შეიმჩნევა. შენც კიდევ ერთხელ იწყებ ფიქრს უძველეს ცივილიზაციაზე და ცდილობ წარმოიდგინო როგორი იქნებოდა იმ პერიოდში აქაურობა.

ბუღდაშენის ტბა ჯავახეთში


მადათაფის ტბა

სოფელ გორელოვკიდან  გზა უსასრულო მწვანე მინდვრებს მიუყვება. თუკი დაკვირვებით იქნებით, აუცილებლად შეამჩნევთ სხვადასხვა მტაცებელ ფრინველს. თან გეშინია, მაგრამ თან ბედნიერი ხარ, რომ მათი ხილვის შესაძლებლობა მოგეცა. სხვაგან აბა სად უნდა გადაეყარო ფასკუნჯებს, რომლებიც მეხსიერებას ზღაპრებიდან შემორჩა.

მალევე  გამოჩნდება მადათაფის ტბა, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქ უამრავ ფოტოაპარატით “მონადირეს” უყრის თავს.   ზამთარში ეს ხმაური ქრება, ტბა სრულად იყინება და მისტიკურ თეთრ ჩუმ სამყაროდ იქცევა  აქაურობა.

მადათაფის ტბა ჯავახეთში

აქვეა მადათაფის მთა. ვულკანური წარმოშობის კონუსური მთის წვერზე კი ციკლოპური ნაგებობის ნაშთები შეიმჩნევა. ამ სიჩუმეში თითქოს ლოდებს თავისი ხმა აქვს, ძველ და ამოუხსნელ ამბებს გიყვება. შენც თითქოს ცდილობ წარმოიდგინო როგორ აშენებდნენ ამ უმძიმესი ქვებით, მაგრამ არ გყოფნის წარმოსახვა. ამიტომ ისევ იმ პანორამებით ტკებები, რომელიც მთიდან  სამსრის ქედსა და ჯავახეთის პლატოზე იშლება.. ტბასთან მდებარე ბოლო სოფელ ჟდანოვაკანიდან 3კმ-ში კი საქართველო - სომხეთის საზღვარია და თვალით ამ საზღვრის მონიშვნასაც ცდილობ.

უტყეო მხარე

ჯავახეთის უკიდეგანო უტყეო სტეპები ნამდვილად შთამბეჭდავია და აუცილებლად გაგიჩენთ კითხვას: ნუთუ აქ ტყე არასოდეს ყოფილა? ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ჯავახეთის ზეგანი ერთ დროს ხშირი ტყით იყო დაფარული. შემოსევებისას, ხალხი ხშირად სწორედ ტყეებს აფარებდა თავს. ამიტომ მტერი ამგვარ ხერხს მიმართავდა - წვავდნენ ტყეებს. შედეგად კი თანამედროვე ადამიანებმა სახეცვლილი ლანდშაფტი და ეკოსისტემა მივიღეთ. ვასილ გულისაშვილის (1956) და ნიკო კეცხოველის (1957) მონაცემებით, შესაძლებელია ადრე აქ ფიჭვნარები და არყნარები ყოფილიყო გაბატონებული.

სწორედ ამიტომ თეთრობის აღკვეთილი ალბათ  ჯავახეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად უნდა ჩაითვალოს. ის 1995 წელს ჯავახეთის ზეგანზე არსებული ტყის მასივებისა და ადგილობრივი ენდემების დაცვის მიზნით შეიქმნა.

თეთრობის აღკვეთილი ჯავახეთში


თეთრობის აღკვეთილის ბუნება
თეთრობის აღკვეთილი


ზღვის დონიდან 2605 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ეს მცირე მონაკვეთი “ენდემთა ბუდეა”. კლდოვან და თხელ ნიადაგებზე გამეჩხერებულ ფიჭვის კორომებში ბუჩქოვან იარუსს გართხმული ღვია ქმნის. შედარებით შეკრულ ფიჭვნარში კი ცირცელი და ასკილი გამოერევა. შევხვდებით მუხასაც.

ტაბაწყურის ტბასა და შავნაბადას შორის მდებარე პატარა ტყის კორომებს ადგილობრივები "დათვის სოროებს" ეძახიან.  ამ ციცაბო კლდეების ღრმულებში, ცეცხლსა და კლიმატის ცვლილებას  გადარჩენილი ტყის პატარა კორომებია. აქ რომ ოდესღაც ტყე ყოფილა, ადგილობრივ ტოპონიმებთან ერთად, ეს მცირე არყნარიც მოწმობს. ძველი ტყის ნაშთები სამსრის ქედის დასავლეთით, უძველეს გორა-ნამოსახლართანაცაა. 

ჯავახეთში მოგზაურობა დაუსრულებელ ამბავს ჰგავს. მეტი დეტალის გაგებას კიდევ მეტი მოჰყვება. ამ ტექსტზე უფრო ვრცელი და მომნუსხველი ისტორიები მოგზაურობის დაწყების მერე ყველას სათითაოდ ელოდება.


ფოტოები: გიორგი ნაკაშიძე

BOG

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა