უცხო კამიუ | დათო ლობჟანიძე
"საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები? ძალიან კარგი, მაშ საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები. დიდი ვარ, სიმრავლეებს შევიცავ," (1)
- უოლტ უიტმანი
დღევანდელ დასავლურ სამყაროში და ცხადია, საქართველოშიც, რომელიც საკუთარ თავს ამ სივრცის ნაწილად მოიაზრებს, ალბერ კამიუს სახელი საკრალიზირებულია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს საკრალიზაცია არა მწერლის ნამუშევრების შინაარსობრივ მხარეს და მის ბიოგრაფიას, არამედ მის ზედაპირულ იმიჯს ეფუძნება.
ეს ერთგვარი ჩეგევარიზაციაა, სადაც ადამიანები რომლებიც გარკვეულ იდეებს უნდა წარმოადგენდნენ, ჭიქაზე ან მაისურზე გამოსახვად ვიზუალურ ერთეულებამდე არიან დაყვანილები. ამრიგად, პირობითი ალბერ კამიუ წარმოადგენს სიმულაციას, წმინდანს შინაარსის გარეშე.
გარემოში სადაც მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანს კამიუზე საუბრისას მოეთხოვება ერთმანეთისგან „უცხოს“ და „შავი ჭირის“ გარჩევა, და ისეთი საკვანძო სიტყვების ცოდნა როგორიც „აბსურდი“, „ამბოხი“ და სხვა ასოციაციებია, რა ვიცით რეალურად კამიუს შესახებ?
ან რამდენად ხშირად ვფიქრობთ სამყაროზე სადაც ამ ავტორზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრების არიან? ასეთი სამყაროების პოვნა დროშიც და სივრცეშიც შეიძლება. მაგალითისათვის, 60-იანი წლების საფრანგეთში, ან თანამედროვე ალჟირში, კამიუს სამშობლოში, ქვეყანაში სადაც მწერალი არა თუ პოპულარობით არ სარგებლობს, არამედ სკოლებში ხშირად კოლონიზატორადაა მოხსენებული. (2) ეს დუალიზმი მიგვანიშნებს, რომ ამ მხრივ, კამიუს საკითხი არა იმდენად ლიტერატურული მოვლენაა, არამედ პოლიტიკური, ამ სიტყვის ფართო გაგებით.
იმის გასაგებად თუ რატომ შეიძლება ვიყოთ კამიუს მიმართ განსხვავებული შეხედულების მომსწრენი, სხვადასხვა ჰეგემონურ პირობებში მის ბიოგრაფიის გახსენებას საჭიროებს, რაც ამავდროულად, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის და საჯარო პოზიციების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.
კამიუ 1913 წელს მონდოვიში დაიბადა, ფრანგი ალჟირელების ოჯახში. ფრანგებმა ალჟირის ტერიტორიაზე ჩასახლება 1830 წლის შემდეგ დაიწყეს, მას შემდეგ რაც ევროპელებმა ქვეყანა დაიქვემდებარეს. 1881 წლიდან ფრანგები ამ ქვეყანას, ისევე როგორც სხვა თავის კოლონიებს ეგრეთ წოდებული Code de l'indigénat-ის კანონების მეშვეობით მართავდნენ. ეს კანონთა კრებული კოლონისტების მოსვლამდე აქ არსებულ მოსახლეობას დისკრიმინაციულ პოზიციაში ამყოფებდა და მე-19 საუკუნეში ჩასახლებულ ევროპელებს ადგილობრივების ექსპლუატაციას და მონურ პირობებში ყოფნის საშუალებას აძლევდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ალჟირში დაბადებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ეთნიკურ წარმომავლობას ჰქონდა. ამის მიუხედავად, კამიუს ფენომენის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის აღნიშვნა. კამიუ ერთი წლისაც არ იყო როდესაც მამამისი, ღარიბი მიწათმოქმედი, პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა, დედამისი კი, რომლის ლექსიკონი კამიუს მიხედვით დაახლოებით 400 სიტყვისგან შედგებოდა, ოჯახის სარჩენად დამლაგებლად მუშაობდა. (3) (4)
ამრიგად, კამიუ თავისი თანამედროვე ფრანგი ინტელექტუალების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, არ იყო პრივილეგირებული ოჯახიდან. ის ფრანგული უფასო განათლების სისტემის ბენეფიციარი იყო (5), ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რატომ იყო (სხვა შესაძლო მიზეზების მიღმა) მწერალი სიმპათიით განწყობილი საფრანგეთის მიმართ და რატომ არ იზიარებდა იმ კრიტიკულ შეხედულებებს, როგორიც მაგალითად, ჟან-პოლ სარტრს ჰქონდა. სარტრისგან განსხვავებით (რომელიც პრივილეგირებული ოჯახიდან იყო) კამიუს ჰქონდა მიზეზები საფრანგეთის მადლობელი ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს კამიუს და სარტრის სახელებს ხშირად ერთად მოიხსენიებენ, იყო პერიოდი, როდესაც ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთთან ურთიერთობაც კი შეწყვიტა. ამას ცხადია დიდი ხნის ნაცნობობა და რაღაც დროით მჭიდრო ურთიერთობაც კი უძღოდა წინ.
მათი ურთიერთობა კამიუს მიერ „გულისრევაზე“ რეცენზიის გამოქვეყნებით დაიწყო. კამიუ წერდა, რომ ტექსტი ერთი მხრივ ღირებულია, მაგრამ მეორე მხრივ, ნაწარმოები მისთვის ზედმეტად ფილოსოფიურია და ლიტერატურასთან ნაკლები კავშირი აქვს. პასუხად სარტრი „უცხოს“ და „სიზიფეს მითს“ არჩევს და გარკვეული სიმპათიების მიღმა, ამბობს რომ კამიუს ფილოსოფიის ცოდნა აკლია. კამიუ და სარტრი ერთმანეთს პირისპირ 1943 წელს შეხვდნენ, თუმცა, ურთიერთობა, რომელიც წლები გაგრძელდა, საბოლოო ჯამში დიდწილად კოლონიალისტური პოლიტიკის მიმართ განსხვავებული პოზიციების გამო დაიმსხვრა. (6)
კამიუს სიმპათიები მეტროპოლიის მიმართ ალჟირის დამოუკიდებლობის უშუალო ბრძოლამდე ბევრი წლით ადრე გამოიკვეთა. ამ მოთხოვნით, 1945 წელს, გამართულ დემონსტრაციებს დროს დაპირისპირებას სამართალდამცავები შეეწირნენ, რასაც მეტროპოლიის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა - სამხედრო გემები, გამანადგურებელი თვითმფრინავები და ბომბები - დარბევისას ათასობით ალჟირელი დაიღუპა. კამიუ სტატიებში იყენებს სიტყვა „რეპრესიას“ საფრანგეთის პასუხზე საუბრისას, დემონსტრანტების აღწერისას კი „ხოცვა-ჟლეტას“. (7)
მსგავს პოზიციებს ამჟღავნებს კამიუ მადაგასკარში ჩახშობილ ამბოხზე, რომლის შედეგად ათასობით ადამიანი დამოუკიდებლობის მოთხოვნას ემსხვერპლა. ის ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამს სტატიათა ციკლში რომელსაც „არც მსხვერპლებს და არც ჯალათებს“ არქმევს. ინდოჩინეთის დამოუკიდებლობის მოპოვების და საფრანგეთის დამარცხების შემდეგ კი, ის დამდგარ ფაქტზე აშკარა სინანულს გამოხატავს და პარალელს მეორე მსოფლიო ომში ქვეყნის ნაცისტურ გერმანიასთან დამარცხებასთან ავლებს.
„დიენ ბიენ ფუ დაეცა. სირცხვილის და ბრაზის გრძნობა, ისევე როგორც 1940-ში. მკვლელობების საღამოს, ყველაფერი ნათელია. მემარჯვენე პოლიტიკოსებმა ადამიანები დაუცველ მდგომარეობაში გამოიჭირეს, მემარცხენეებმა კი მათ ზურგში ესროლეს,“ წერს კამიუ. (8)
სარტრის, ისევე როგორც იმდროინდელი სხვა მემარცხენე ინტელექტუალების პრობლემა კამიუს მიმართ მისი ორმაგი სტანდარტი იყო დამპყრობელი ქვეყნების მიმართ. მაშინ, როდესაც კამიუ აქტიურად გამოდიოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის ალჟირის ავტონომიას და ადგილობრივების უფლებების გაზრდას ემხრობოდა, ის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო. მისთვის ეს მოთხოვნა სხვა არაფერი იყო თუ არა უბრალოდ „ემოციური ექსპრესია“. (9) მისგან განსხვავებით სარტრს, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ დადებითად იყო განწყობილი (და აქ აღსანიშნავია რომ ეს ქვეყანა უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ), არ უჭირდა მისი ექსპანსიური ქმედებების გაკრიტიკება. ასე მაგალითად, საბჭოთა ძალების 1956 ბუდაპეშტში შეჭრის შემდეგ ფრანგულ ჟურნალ L’Express-ის ამავე წლის 9 ნოემბრის გამოცემაში მისი სიტყვების წაკითხვა შეიძლება: „ვგმობ [უნგრეთის] საბჭოთა დაპყრობას მთელი და გულით და ყოველგვარი თავშეკავების გარეშე“. (10)
ნობელის პრემიის მიღების შემდეგ ერთმა ალჟირელმა სტუდენტმა კამიუს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არსებულ პოზიციის და „სამართლიანობის“ შესახებ ჰკითხა. კამიუს თქვა, რომ კითხვის დასმის მომენტში ალჟირში, ამბოხებულები მატარებლებში ბომბებს ათავსებდნენ. ერთ-ერთ ასეთ მატარებელში შეიძლება დედამისიც ყოფილიყო და „თუ ესაა სამართლიანობა, დედაჩემს ვირჩევ,“ თქვა მან. (10)
კამიუ 1960 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი დაღუპვის მომენტში ბრძოლა ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ არ დამთავრებულიყო და ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა. თუმცა, ეს უკვე დეკოლონიზაციის იდეების მხარდაჭერის დრო იყო, საფრანგეთი კი ომით ზედმეტად დაღლილი საიმისოდ, რომ კამიუს ბოლო წიგნს („პირველი ადამიანი“), დაუსრულებელ მანუსკრიპტს რომელიც ავტოკატასტროფის ადგილას აღმოაჩინეს, იმ პერიოდის პოლიტიკურ დისკურსში რამე სახის პოპულარობა მოეპოვებინა. ავტორის გარდაცვალებიდან ეს ნაწარმოები 30 წლის შემდეგ მოხვდა სტამბაში.
რატომ ვერ დაიბეჭდა ეს წიგნი მე-20 საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში და რატომ გაახსენდათ ის 90-იანებში? ამ თემას მივუბრუნდებით, მანამდე კი ოლივერ გლოაგის, ფრანკოფონური კულტურის მკვლევრის, კამიუს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებების კოლონიალისტური პრიზმიდან ანალიზს მინდა შევეხო, რომელიც თავის მხრივ ედვარდ საიდის და კონორ კრუზ ობრაიენის იდეებს ეფუძნება.
ამ მხრივ გლოაგი სამ ნაწარმოებს გამოყოფს. 1942 წლის „უცხოს“, 1947-ის „შავ ჭირს“ და უკვე ნახსენებ „პირველ ადამიანს“. მკვლევრის აზრით ამ სამ ნაწარმოებში, რომელიც კამიუს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზეა დაწერილი იდენტობის ძიების და მასში კოლონიზატორული იდეების მხარდამჭერის კრისტალიზების პროცესის დანახვა შეიძლება.
უცხოში ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ არაბებს, რომლებსაც არ აქვთ სახელები. აქ არც მათი აზრების მომსწრენი ვართ, ისინი დეპერსონალიზირებულები არიან. მეორეს მხრივ, გვყავს თეთრკანიანი პერსონაჟები, რომლებიც აზროვნებენ და წიგნის ფაბულა მათი სამყაროს ირგვლივ ტრიალებს. ამრიგად, პირველხარისხოვან ადამიანებად წარმოშობით ევროპელები წარმოგვიდგებიან. აქ საკუთარ იდენტობასთან ერთგვარი ჭიდილს ვხედავთ.
გლოაგის აზრით, იდენტობის ძიების შემდგომ ეტაპს შავ ჭირში ვხედავთ, სადაც ადგილს შიში იკავებს. ალეგორიულად, რევოლუციის შიში, სადაც მასები არისტოკრატიას შეიძლება დაუპირისპირდნენ. წიგნის დასასრულს ეპიდემია ქრება, მაგრამ ექიმის პერსონაჟი აცხადებს რომ საფრთხე არსად წასულა.
და ბოლოს, „პირველი ადამიანის“ შემთხვევაში კამიუ ეგუება საკუთარ წარმომავლობას, როგორც მე-19 საუკუნეში ალჟირის ტერიტორიაზე მოსული ევროპელი მოსახლის იდენტობას. წიგნის კოლონიზატორების მიმართ სიმპათიების გამო გლოაგის აზრით, წარმოუდგენელი იყო მისი აღმოჩენისას დაბეჭდვა. ეს ის პერიოდია, როდესაც ანტი-კოლონიალისტური იდეების მატარებელი ფრანგი ინტელექტუალები საფრანგეთში პოპულარობის პიკში იმყოფებიან. 1962 წელს კი ალჟირი საბოლოოდ დამოუკიდებლობას აღწევს, რაც მითუმეტეს წარმოუდგენელს ხდის კამიუს უკანასკნელი ნაწარმოების დაბეჭდვას. წიგნი აცდენილია დომინანტურ კულტურულ შეხედულებებთან, რაც გარკვეულწილად ალბერ კამიუს დავიწყებას იწვევს.
მდგომარეობა 1968 წლის შემდეგ იცვლება, როდესაც ბევრი ყოფილი მემარცხენე და მაოისტი მარჯვნივ ინაცვლებს, ანტი-კომუნისტური იდეები კი სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს. ეს პროცესი საბოლოოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მყარდება. საფრანგეთში ყალიბდება ახალი ინტელექტუალური ელიტა.
ამის მიუხედავად, გამომცემლები სიფრთხილეს იჩენენ და „პირველ ადამიანს“ შეზღუდული ტირაჟით (5,000 ეგზემპლარი) ბეჭდავენ. წიგნები სრულად იყიდება, კამიუ თავიდან იბადება. გლოაგის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მწერლის ამ ნაწარმოებში კოლონიალიზმი სახეცვლილად გვევლინება. აქ ალჟირში მცხოვრები ევროპელების იდეალიზებულ ვარიანტთან გვაქვს საქმე. ეს არა ბრუტალური ისტორიული მოვლენაა, არამედ მისი რომანტიკული ვარიანტი, სადაც თეთრი ადამიანები ჰარმონიულად თანაარსებობენ არაბებთან. აქ აღწერილი სამყარო კმაყოფილებას იწვევს ფრანგულ ინტელექტუალურ ელიტაში და ამრიგად კამიუს ნაწარმოები თანხვედრაში მოდის ახალ კულტურულ ჰეგემონიასთან, მსგავსი პოპულარობა გამომცემლებს კი ახალი და ახალი გამოცემების დაბეჭდვისკენ უბიძგებს. (11)
ის რასაც „ახალ ადამიანში“ ვხედავთ, პოპულარულ კულტურაში ხშირი მოვლენაა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სერიალი „დაუნტონის სააბატო“ მგონია. აქ წარმოდგენილ სამყაროში ხაზი რომელიც არისტოკრატიას და მომსახურე პერსონალს ყოფს ზოგჯერ შეუმჩნეველიც კია. თუმცა, ის რასაც იქ ვხედავთ კავშირი არ აქვს იმ კლასობრივ დაპირისპირებასთან, რასაც იმდროინდელ ბრიტანეთში შეიძლება ჰქონოდა. მსგავსი ნაწარმოებების პოპულარობის მიზეზი ერთის მხრივ მათი მაღალი ტექნიკურ-ესთეტური მახასიათებლებია და მეორე მხრივ, გარკვეული ჰეგემონური კულტურის მოთხოვნაა ნახსენებ პროდუქტზე.
შინაარსის მიუხედავად, ამ სტატიის მთავარი გმირი კამიუ არაა. ამ ტექსტის მიზანი არც ისაა, რომ კამიუს როგორც ავტორის სიდიადე ეჭვის ქვეშ დადგეს. როგორც ნებისმიერი ადამიანი და მითუმეტეს, გამორჩეული ავტორი, კამიუს ფიგურა რთული, არაერთგვაროვანი მოვლენაა, რომლის შავ-თეთრის დიქოტომიაში ჩასმა არ გამოდის..
კითხვა, რომელიც ამ ტექსტში მინდა დავსვა ასეთია: რატომაა პოპულარული ვინმე, აქ ან იქ, სხვადასხვა დროს? რატომ გახდა, ალექსანდრე სოლჟენიცინი პოპულარული დასავლეთში, ან მეორეს მხრივ, ჯონ სტაინბეკი საბჭოთა კავშირში? ალბათ არც იმის თქმაა საჭირო, რომ თუნდაც ამ ტექსტის მომზადების პროცესში წაკითხული არა ერთი სტატიის შემთხვევაში, კამიუსადმი დამოკიდებულება და ტონი კონკრეტულ გამოცემაზე იყო დამოკიდებული, ერთ-ერთი მათგანი მაგალითისათვის, კამიუს პოზიციებს მისი პაციფისტური მიდგომით ამართლებდა.
ცხადია, სისულელე იქნებოდა კამიუს, სოლჟენიცინის ან სტაინბეკის მაღალი ოსტატობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მაგრამ ამა თუ იმ მწერლის მხრიდან გარკვეული სტანდარტის დაკმაყოფილების მიღმა, უნდა გვახსოვდეს თუ რაოდენ დიდია კულტურულ-პოლიტიკური ჰეგემონიის როლი ამ ავტორების და მათი ნაწარმოებების პოპულარიზაციის პროცესში.
კამიუს შემთხვევა საინტერესოა შემოქმედების და პოლიტიკურ-კულტურული დომინაციის ურთიერთობის მხრივ. ჩვენ გვყავს ავტორი, რომლის ცნობიერებას კონკრეტული სისტემა აყალიბებს და მასზე ზემოქმედებს (იქნება ეს საფრანგეთის განათლების სისტემა თუ ალჟირი სადაც კოლონისტები დაბადებიდანვე პრივილეგიებით სარგებლობდნენ). შედეგად იბადება ნაწარმოებები, რომელთა ქვეტექსტი შესაძლოა ავტორს გათვითცნობიერებულიც კი არ ჰქონდეს.. ამის მაგალითია ოლივერ გლოაგის ზემოთ მოყვანილი ანალიზი (რომელსაც კამიუ დიდი ალბათობით ვერ გაიზიარებდა), ამრიგად აქ ავტორი და მისი ნაწარმოებები იქცევა გარკვეული ძალაუფლების და გავლენის პროდუქტად.
მას შემდეგ რაც ეს შედეგი დგება, ანუ იქმნება კონკრეტული ტექსტები, შემოქმედება კვლავ ჰეგემონიური ურთიერთობის განუყოფელ ნაწილად იქცევა. და როგორც ამას კამიუს მაგალითზე ვხედავთ, გარკვეულ კონიუნქტურაში ის შეიძლება ხელშეუხებელ პიედესტალზეც კი იქნეს აყვანილი, ან პირიქით, განსხვავებულ ჰეგემონიურ სისტემაში მტრულ ფიგურად იქცეს. ამრიგად, შეიძლება ითქვას რომ კონკრეტული ავტორის თუ მოაზროვნის აღქმისა და მიმღებლობის საკითხი სცდება ლიტერატურის და ხელოვნების ჭრილს და ძალაუფლების ურთიერთობების საგნად იქცევა.
მითითებული წყაროები:
1) "Do I contradict myself? Very well, then I contradict myself. I am large. I contain multitudes."
2) https://www.smithsonianmag.com/innovation/why-is-albert-camus-still-a-stranger-in-his-native-algeria-13063/
“Camus is regarded as a colonialist, and that’s taught in the schools,” says Catherine Camus, the author’s daughter…
3) https://www.britannica.com/biography/Albert-Camus
Less than a year after Camus was born, his father, an impoverished worker, was killed in World War I during the First Battle of the Marne. His mother, of Spanish descent, did housework to support her family.
4) https://www.smithsonianmag.com/innovation/why-is-albert-camus-still-a-stranger-in-his-native-algeria-13063/
According to Camus, her vocabulary consisted of only 400 words.
5) https://www.jacobinmag.com/2020/12/albert-camus-colonialism-algeria
Camus grows up in this French system of free education...
6) https://www.jacobinmag.com/2020/12/albert-camus-colonialism-algeria
…Camus reviews Nausea, Sartre’s big novel…
…In 1942, Sartre reviews The Stranger and The Myth of Sisyphus…
…They actually meet during the German occupation in Paris in June 1943, during the opening of Sartre’s play…
…At that time, they had that break, and they didn’t speak afterwards — then of course Camus died…
“I’m not going to respond and I’m not going to consider anything you say unless you hereby relinquish and completely forever condemn the Soviet Union. If you do that, then maybe I’ll look at other issues.
Then he talks about Camus’s shortcomings with respect to the crimes of colonialism and France’s involvement. There is no return from that. He also points out that of course, he has condemned the Soviet Union many times.
7) https://www.jacobinmag.com/2020/10/colonialism-albert-camus-france-algeria-sartre
When Europeans killed Algerians by the thousands, it was a question of force, of “repression.” However, when the violence went in the opposite direction, and on a much smaller scale, it was a question of violence, of “massacres.”
8) Fall of Dien Bien Phu. As in 1940, a shared feeling of shame and fury. On the evening of the massacre, the balance sheet is clear. Right-wing politicians put people in an indefensible situation and at the same time, the left shot them in the back.
9) https://www.jacobinmag.com/2020/10/colonialism-albert-camus-france-algeria-sartre
“a purely emotional expression”
10) https://www.history.com/this-day-in-history/sartre-renounces-communists
…I condemn the Soviet invasion wholeheartedly and without any reservation...
11) https://www.dissentmagazine.org/article/camus-on-trial-kamel-daoud-meursault-investigation-review
People are now planting bombs in the tramways of Algiers. My mother might be on one of those tramways. If that is justice, then I prefer my mother.
12) https://www.jacobinmag.com/2020/12/albert-camus-colonialism-algeria