გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #დღიური

უძილობის დღიურები | რატი ამაღლობელი


წარსული

რაც ორმოცი წლის გავხდი – ბევრმა რაღაცამ დაიწყო შეცვლა ჩემში. მაგალითად, შესაძლებლობა მომეცა, საკუთარი წარსულის ბიოგრაფიულ ქსოვილს გარედან ვუყურო, როგორც ერთგვარ პანოს, როგორც ცოცხალ ქანდაკებას, როგორც რაიმე ობიექტს.

ადრე ასე არ შემეძლო. ჩემი ცნობიერება არ იყო ამ ბიოგრაფიული ქანდაკებისგან გამოთავისუფლებული. თითქოს, მე კი არ ვუყურებდი წარსულს, წარსული მიყურებდა მე, ჩემივე ცნობიერება ამ ბიოგრაფიული ქსოვილიდან მითვალთვალებდა აწმყოში.

შეიძლება ითქვას – ჩემი 40-წლამდელი ცნობიერება იმგვარი იყო, რომ იგი გამუდმებით წარსულში იყო აქტიური, წარსულის სუბიექტურ, პერსონალურ ტერიტორიებს მიიჩნევდა საუკეთესო საშუალებად სამყაროს დასაზვერად თუ შესაფასებლად.

აქამდე წარსული არა ობიექტი, არამედ სუბიექტი იყო.

საკუთარი ისტორია, ბიოგრაფია, გამოცდილება მზვერავდა და განგვსაზღვრავდა მე და ჩემს აწმყოს.

ახლა ეს წარსული გამჭვირვალე მინერალს დაემსგავსა, რომელსაც აწმყოდან ვჭვრეტ გამჭოლად. მიჭირავს ხელში და ვათვალიერებ, როგორც ქვას.

ის აღარ მკარნახობს ცნობიერების შინაარსს, ის უბრალოდ მეხსნება მე და მათვალიერებინებს საკუთარ სხეულს.

ცნობიერება და მგრძნობელობა აღარაა მეხსიერების მედიუმით წარსულიდან გამოხმობილი, არამედ დამთვალიერებელს აწმყოში აქვს ის, როგორც ღიმილი, უკმარისობის განცდა, სინდისის ქენჯნა, გაკვირვება, მონატრება, მწუხარება, დანანება და ა.შ.

წარსულის ჭვრეტისას წარმმართველი მორალურობა ხდება, საკუთარ თავთან დგება არა ესთეტიკური, რაციონალური ან სხვა რაიმე სახის შენიშვნა, არამედ მორალურობის საკითხი.

რა იყო, ან არ იყო, თვისობრივად ზნეობრივი, მხოლოდ ეს ხდება პრედიკატი საკუთარ თავზე მსჯელობაში. აქედან მოდის წარსულისგან მოწყვეტილობის, ერთგვარი „უსამშობლობის“ განცდა, ადრე თუ განუწყვეტლივ წარსული მასამართლებდა, ახლა პირიქით, მე გავხდი წარსულისათვის მსჯავრის დამდები, მისი მოსამართლე, ეს სასამართლო განსჯა და სასჯელი ვერ იქნებოდა პირუთვნელი და კეთილგონიერი, რომ არა გაუცხოება ჩემსავე წარსულთან.

ხოლო განაჩენი, რომელიც უნდა დადგეს – მომავალს შეეხება,

განაჩენი – მომავალია.

აქედან მოდის ერთდროულად საზარელი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შეგრძნებაც, რადგან შენსავე განაჩენზეა დამოკიდებული საკუთარი მომავალი. 

უძილობა

ბოლო დროა, უძილობა დამჩემდა დღეგამოშვებით.

ძილის სიღრმეში ვერ ვეშვები. თითქოს, ძილი მკვდარი ზღვასავით მაგდებს, მატივტივებს ზედაპირზე. თითქოს, ძილი და სიზმარი მშვიდი და ღრმა ტბა იყოს, შეღამებისას დანახული, მასში ჩაყვინთვა და ცურვა შვების მომცემი იყო ყოველთვის, მაგრამ ახლა თითქოს დაზამთრდა და ტბის ზედაპირი გაიყინა. ვერცხლისფერი ყინულის სარკე ფარავს ტბის სიღრმეს და სიშავეს,

ეს შავი სარკე მირეკლავს და უკუმაგდებს საკუთარი სიფხიზლისაკენ.

ამ დროს მენატრება სიზმარი, როგორც ცურვა – როდესაც თვალი ვეღარ ხედავს, ყური ვეღარ ისმენს, სიზმარი ხდება ცურვა, ცურვა ოდესღაც დანახულ სხვადასხვა ფერში, გაგონილ მრავალგვარ ბგერაში, მაგრამ ეს ცურვა შეუძლებელია მანამ, სანამ თვალები გარეთ იყურებიან და ყურებიც დაცქვეტილნი ელიან გარედან ხმებს.

როგორც ამოტრიალებული ხელთათმანი, ისე უნდა ჩაბრუნდეს, ჩატრიალდეს მზერა და სმენა შიგნით – საღამოს ჟამის ტბაში. თავად ჩვენ უნდა ამოვბრუნდეთ ხელთათმანივით, ჩვენი გარეკანი უნდა შეტრიალდეს, მიიქცეს შიგნით. 

ჩვენი შინაგანი, დაფარული კი, ამოგვიბრუნდეს კანად, სხეულად – ესაა სიზმარი. უძილობაც ამ ამობრუნების, კანის გამოცვლის ზღვარზე ყოფნაა. 

სიზმარი
გარდაცვლილი მამაჩემი ხშირად მესიზმრება, თითქმის ყოველღამე.

ბოლო დროის სიზმრებში ის უფრო ახალგაზრდაა, უფრო მოქნილი, მოძრავი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ სიზმრებს მიყვებოდა, საერთოდაც სიზმრებში ცხოვრობდა აქტიურად, ან პირიქით – სიზმრები ცხოვრობდნენ მასში ამგვარადვე.

ეს მისი სიზმრებიც ძალიან ახალგაზრდულები იყვნენ, ახალგაზრდა კაცისა, მოქმედი, დინამიკური.

თავის ბოლოდროინდელ სიზმრებში სულ თეთრ პერანგს აუთოებდა, ან უუთოებდნენ, რომ სახლიდან საქმეებზე ქათქათა და კოპწია გასულიყო.

სიცოცხლეშივე მისი ცნობიერი, მისი ცხადი დაპყრობილი ჰქონდა სიზმრისეულს, მასში ცხოვრობდა ერთგვარი „სიზმრის კაცი“, „სიზმარა“.

როდესაც მამაჩემში ეს კაცი ამეტყველდებოდა, საგნები თითქოს კარგავდნენ თავიანთ მკვეთრ კონტურებს, ჩარჩოებს, ის თავიდან ფეხებამდე გრძნობის სფეროში ვარდებოდა, სადაც მხოლოდ განცდები დომინირებს.

აქ ყველაფერი მალცვლადია, დენადია, როგორც ამინდი, მამაჩემიც ამინდივით იყო, ხან მზიანი და განათებული, როგორც მაისი, ხანაც – ნოემბრის სუსხივით ქარიანი და ავდრიანი.

ეს „სიზმრის კაცი“ არ ასვენებდა მას, სულ თავს დასტრიალებდა, ჯერ სიმპათიების გამთბარ მაღლობებზე აიყვანდა, მერე კი იმედგაცრუებისა და საშინელი ანტიპათიების ორმო-თხრილებში ჩეხავდა.

მაგრამ ამ კონტრასტების მიღმა მამაჩემის „სიზმარას“ საკუთარი სფეროებიდან ყოველდღიურობის ერთფეროვან პროზაში სამყაროს სრულიად ახლებური, განსხვავებული ვერსიები და მოდელები შემოჰქონდა.

ეს „ვერსიები“ ყოველთვის ორიგინალური და საინტერესო იყო.

სიბერეში მისი ახალგაზრდულობაც სწორედ ამ სიზმრიდან გამოტანილი ამბების „ბრალი“ იყო.

ხომ გვინახავს სიზმარში ობიექტი, რომელსაც ვუყურებთ და ვხედავთ, თუ როგორ იცვლის წამის მეასედში რამდენიმეჯერ სახეს, თმის ფერს, თვალებს, კანს, ინდივიდუალობას; სკოლის დროინდელი შეყვარებული, რომელსაც კოცნას ვუპირებთ, ან გვიპირებს – როგორ უცბად გადაიქცევა ამავე სკოლის დარაჯად, რომელიც სკოლიდან არ გვიშვებს, და როგორ ვცდილობთ, ხელიდან დავუსხლტეთ დარაჯად ქცეულ შეყვარებულს და როცა ვუსხლტებით, სკოლიდან გასვლისთანავე, როგორ აღმოვჩნდებით ქალაქში, რომელსაც ჩვენს სკოლასთან რამდენიმე ათასი კილომეტრი აშორებს.

თითოეულ ამ მეტამორფოზას, ამ ელვისებურ და შოკის მომგვრელ გარდასახვებს, არათუ არ შეაქვთ ეჭვი ჩვენი სიზმრების რეალურობასა და დამაჯერებლობაში, არამედ სწორედ ამ სახეცვლილებათა შესაძლებლობებით ფეთქავს და ზემოქმედებს ჩვენზე სიზმარი, როგორც ყველაზე დახვეწილი კონსტრუქტორი, არქიტექტორი და ურბანისტი, რომელიც წამში შლის და აშენებს უცხო და ნაცნობ ქალაქებს, თავისი ჰორიზონტებით და მზის ჩასვლებით, ეზოებით, ჩიხებითა და უკანა გასასვლელებით, სადაც შეიძლება წინა საუკუნეებში გარდაცვლილებსაც შეეფეთო და მათაც, ვისაც ჯერ არ ვიცნობთ, ჯერაც არ შევხვედრივართ ცხადში.

სწორედ ამ კონსტრუქტორი „სიზმარას“ მეშვეობით, გარდაცვალების მერე მამაჩემიც უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან. ახლა უფრო კარგად ვხედავ მას, უსხეულოდ დარჩენილ მამას, სიზმრებში რომ მოდის და მისაფრდება.

აქ იგი არ კოპირებს საკუთარ განვლილ ცხოვრებას, არამედ ავლენს აქამდე დაფარულს – თავისი შინაგანი არსების კულისებს, ლაბირინთებს.

აქ იგი აწმყოშია და ჩემი მეხსიერების ქსოვილებში ეძებს საკუთარი განვლილი ცხოვრების სახე-ხატს, ნიღაბს, ან იქნებ ამეებს მე ვეძებ მისთვის, რადგან უშუალოდ ვერ ვჭვრეტ მის ამჟამინდელ იერს წარსულის ნიღბების გარეშე, რომელთაგანაც, როდესაც მათ მამაჩემს ვარგებ და ისიც ირგებს – მაინც გამოსჭვივის მისი სრულიად ახალი, ჩემთვის აქამდე უცნობი გამომეტყველება. გარდაცვლილები სიზმრების უკნიდან მოდიან ცოცხლებთან შესახვედრად და ჩვენი სიზმრებიც ფარდებია, რომელთა უკანაც დგებიან ისინი, ფარდები ფარავენ ჩვენგან, ხანაც ამხელენ მათ. ამ ფარდის გადაწევა – სიზმარში გაღვიძება იქნებოდა, სიზმარში ცხადის შეტანა. ხოლო, ის, რაც აქ გაგონილსა და ნანახს არ კარგავს, არამედ ინახავს – პოეზიაა. რა არის პოეზია, თუ არა ხმა ფარდების უკნიდან, რომელიც გზადაგზა, სიზმარ-სიზმარ გამოგაქვს ცხადში.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა