ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უკუღმა გაგებული წაღმას გამოაჩენს… და …

სადღაც 30-იანებში, ახალგაზრდა ქალი მაგდა მიუნხენის ქუჩებში უაზროდ დაეხეტებოდა – განათლებული, სიმპათიური, კეთილშობილი წარმოშობის, მდიდარი ოჯახიდან – დღიდან დღემდე მაქსიმილიანშტრასეზე და მის შემოგარენში ბოლთას სცემდა. თვითონ ასე იხსენებს: – ყველაფერს შინაარსი ჰქონდა გამოცლილი, არსი დაკარგული, გული არაფრით იხიბლებოდა და არაფერს ითხოვდა. ერთხელ ქაღალდზე წაჩხაპნილი განცხადება შეამჩნია კედელზე აწებებული – რაღაც კლუბში ვიღაც რაღაც ლექციას კითხულობდა. ლექციაზე შებორიალდა… მოსმენილმა გააოგნა, აზრი მისცა მის ცხოვრებას, ლექტორს ცოლად გაჰყვა, მას 6 შვილი გაუჩინა, მასთან ერთად კინაღამ ნახევარი დედამიწა დაიპყრო და რომ არ გამოუვიდა, ქმართან ერთად თავი მოიკლა და ექვსივე შვილიც სიცოცხლეს გამოასალმა.

ეს იყო მაგდა გებელსი.

აი, ასეთი ისტორია: ნაციზმთან, ჰოლოკოსტთან, საკაცობრიო მორალის კატასტროფასთან და ერთგულებასთან, რწმენასთან, ზეამაღლებულთან, იდეის და ადამიანის თავდავიწყებულ მსახურებასთან გადაზავებული…

გერმანელებს ძალიან ეამაყებათ მაგდა, საკუთარ თავსაც რომ არ უმხელენ ისე! რომ არა ნაციზმის კრახი და მისი არაუკუქცევადად ჩაშლილ-გაფუჭებული რეპუტაცია, ალბათ ქალბატონ მაგდას ახალ გერმანულ მითოლოგიაში ქალღმერთის რანგშიც ვნახავდით. ისე რომ, „თანამედროვე მედეა“ (ბევრად ღრმა იდეებითა და ქცევის წესით, ვიდრე ის ანტიკურ-მითოლოგიური) ანტიმორალის უდრეკი მსახურების მაგალითია დღეს – იდეისადმი ერთგულება მის ცხოვრებაში ვერც დრომ და ვერც დროში განთავსებულმა ბარბაროსულმა გარემოებებმა შეცვალა.

რა არის ეს? გონების შეზღუდული შესაძლებლობები? გულის ფაქტორის უქონლობა? თვალის დახუჭვა გარე სამყაროზე და ინცესტუოზური არსებობის წესი ერთ სხეულთან განუყრელად? – როცა აბორტი შველად იკითხება, ოღონდ ნაყოფმა არ დატოვოს ორგანიზმი და გარეთ არ გააგრძელოს ცხოვრება…  

ახლა დროში კიდევ უფრო უკან დავიხიოთ და წიგნი გავიხსენოთ, რომელიც კირკეგორმა ანტიმორალის ყველაზე დიდ გმირზე დაწერა. კაცზე, რომელმაც „რაღაცა ხმის გაგონების გამო“ (ასე სარკასტულად წერს ურელიგიურესი ფილოსოფოსი, რაკი ღრმად ჩაძიება სურს) უსაყვარლესი შვილის მსხვერპლად შეწირვა გადაწყვიტა. არადა, ეს შვილის უსაფუძვლოდ მკვლელი რწმენის გმირადაა აღიარებული.

რა ტიპის ცოდნამ ან ფსიქიკურმა ძალებმა მისცა აბრაამს ასეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა? რა არის ის, რაც აძლევს დამარწმუნებლობას იმას, რასაც ჩვენ ღმერთის ხმას ვეძახით? ასეთი ურთულესი კითხვებით არის ეს წიგნი სავსე – დასკვნა კი მარტივია: აბსურდი და უღრმესი ირაციონალური სუბიექტურობა არის ის საოცრება, რომელსაც რწმენა ჰქვია, რომელსაც დეფინიცია არ გააჩნია და… ერთადერთია, რაც „კეთილის“ და „ბოროტის“ (ძირეული ბინარულობის) მიღმა გადის და „რეალურის“ ტერიტორიაზე გვამკვიდრებს. ანუ, სამყაროს კომუნალური ილუზიების მიღმა, თავად სამყაროს ქმნადობა/გავრცობის მექანიზმში გვიჩალიჩებს ადგილს.   

რა პარადოქსებია ეს? იკითხავს მკითხველი. პარადოქსები, რომლებიც ყოველგვარ ნიადაგს სპობენ, საიდანაც სამყარო გასაგები და მწყობრი ხდება – ანუ მისაღები და სასურველი ორიენტირების მქონე. რატომ ვღალატობთ „კარგი კარგია და ცუდი ცუდიას“ პრინციპს? ასეთ კომფორტულ კონცეპტს. კი, კომფორტულია, და სწორედ ამიტომ მექანიკური – ყველაზე შორს მდგომი შემოქმედებისგან, თან ისეთი შემოქმედებისგან, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში ყოველწამიერად (ეს ფიგურალურ გამოთქმად არავინ მიიღოს!) შეიქმედებს და ავრცობს ეგზისტენციას, ადამიანისთვის მონიჭებული თავისუფლების მთელი არსებული პოტენციის გამოყენებით, კარგის და ცუდის მიღმა.

როგორც ვხედავთ, ხშირად გმირები სწორედ ასეთ, მორალური განზომილების მიღმა არსებულ ტერიტორიაზე აღმოცენდებიან – ოღონდ არა „სახალხო“ გმირები, არამედ რწმენის – ანუ ხალხისგან ზოგჯერ განდიდებული, ზოგჯერ კი ჩაქოლილი – ეს მხოლოდ ისტორიის ვირაჟს გააჩნია. მაგდა ჩაქოლილ/დაწყევლილია, აბრაამი კი გმირი (მაგალითად, მაგდა ჩაქოლილ/დაწყევლილია,  აბრაამი კი გმირი).

ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ზე-„სელებრიტი“ და ყველას მიერ ნაქები „სიცოცხლე/არსებობა“, უზენაესი და ხელშეუხებელი ღირებულებაა და ეს ხელშეუხებლობა ადამიანის მორალის საფუძველია, ასე რომ მის მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაული სრულ, ზნეახსნილობად უნდა ჩაითვალოს. ასეთ, ანუ ადამიანური სამყაროს „მორალურ“ კონტექსტში, სიტყვა და ცნება „ჩვენ“ და „ჩვენი“ უაქტუალურესია და უკლებლივ ყველა წარმოსადგენ ფორმაში იხმარება. რახან ამ „მრავლობითს“ და მის ინტერესებს ემსახურება სიცოცხლის განდიდება/შენარჩუნება. „მრავლობითს“, ანუ „ჩვენ“, როგორც უშუალოდ დაკავშირებულს „სიცოცხლესთან“, ეკისრება სიცოცხლის სპექტაკლის მატარებლის და მისი მთავარი განმხორციელებელ/განმვრცობის როლი. ამ „მრავლობითის“ საკუთრებაა „კარგი“ და „ცუდი“, რომელიც უშუალოდ მათი გენერირებულია, თავისი მომყოლი დისკურსით და ისტორიით! ეს „ჩვენ“ და ეს „მრავლობითი“ იცავს ამ პოლარულობას, როგორც საკუთარი დინამიკის გარანტს და აყალიბებს ფასეულობებს მასთან მიმართებით. ამ, ადამიანის თავისუფალი ცნობიერების მომაკვდინებელი მექანიზმის, ბინარულობის გამო ადამიანი ვერ ხვდება, ან ვერ უსწორებს თვალს ისტორიული კატასტროფების დამაკვალიანებელ და შემოქმედ როლს. არ ესმის, რომ როცა დასავლური ცნობიერება საკუთარ სხეულს იწვავს ქრისტიანულ კოცონზე, ეს მისი შეცდომა/ცხონებაა, რახან ცეცხლში კვდება სიწმინდის იდეა და იბადება უბიწობის დღევანდელი ფენომენი. როცა და რახან ჰოლოკოსტი ხორციელდება, მხოლოდ ამიტომ და ამ მიზეზით ამთავრებს არსებობას ამ ფაქტით დისკრედიტებული მეტაფიზიკა და წყდება 2000-საუკუნოვანი ადამიანის ყელზე მოჭერილი მარყუჟი. უქმდება ვერტიკალი და ერექცია და მათ ადგილს დენადობა და ჰორიზონტალურობა იკავებს – პატრიარქალური ადგილს უთმობს ფემინურს. ეს მოიტანა ფაშიზმმა და ჰოლოკოსტმა – ბინარულობის მიღმა გასვლის შანსი; იქ, სადაც მოკლულ სხეულზე შემხმარი სისხლი თეატრის კულუარის სუნს კარგავს და ყვავილზე დაფენილი ცვრის ტოლფასად იკითხება.

კი, ასეა ძველ ინდურ „ვედებშიც“ – ადამიანი თუ იდეას ერთგულად მსახურებს  და სამყაროს პერფორმანსს და საკუთარ როლს მასში რწმენით ემსახურება, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ყაიდისაა ეს იდეა, დადებითი თუ უარყოფითი – მაინც ცხონდება. ამიტომაა, რომ კრიშნას (უფლის უზენაესი განსხეულება) ხელით განგმირული უზენაესი რაქშასებიც კი (ეშმაკეული ძალების წარმომადგენლები) ეგრევე პანტა-პუნტით იღებენ ნათელღებას სიკვდილის შემდეგ.

სამყაროს ბინარულობა პირობითობაა: არც კარგია კარგი და არც ცუდია ცუდი. როგორც ერთმა აღმოსავლელმა მასწავლებელმა თქვა – ჩემი მისიაა, შევვარდე სახლში და ვიყვირო – „ცეცხლი, ცეცხლი, სახლი იწვის!“ – ხალხი გამორბის სახლიდან, მათ კი აქ, გარეთ, გადახსნილი ცა ადგებათ თავზე. ასე იქმნება შანსი, რომ ცა შეამჩნიო – ის, რაც გადახსნილია და, მდინარისგან განსხვავებით, ნაპირები არ გააჩნია…

დიდი დრო გავიდა, სანამ დასავლურმა ცნობიერებამ საკუთარი გზა იპოვა, რომელიც ფენომენზე, ცნებაზე, მათ სიყვარულსა და ამოვსებაზე, შემდეგ კი მათ უარყოფასა და გაუქმებაზე გადის. დიდი დრო მოანდომა, სანამ მიხვდა და გააფორმა შემაჯამებელი სათქმელი (იმპულსური და ტკივილით სავსე გზის), რომელიც ასე ისმის:

Anything goes… (პოლ ფეირაბენდი)

კიდევ დიდი დრო გაივლის, სანამ ამ გამოთქმას ცივილიზაცია იგუებს, გაშინაგანებას მოახერხებს, გაითავისებს და მისი განუყრელი ცნობიერების ფორმა გახდება. ასეთი რამის მოხვეჭით კი ადამიანი იმ, კიდეებმოხსნილ ცას დაინახავს.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა