გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უმბერტო ეკო და ალექსანდრა აროშვილი: რა არის დამოუკიდებლობის ზედაპირი?

„შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!“

გალაკტიონი; 1946

ზედაპირის ფილოსოფია და დაცემული ანგელოზები

უმბერტო ეკო [1] სტატიაში, „წინ ახალი შუასაუკუნეებისკენ“ ცდილობს ის მსგავსებები წარმოაჩინოს, რაც თანამედროვეობასა და პირობითად „ბნელ“ შუასაუკუნეებს აერთიანებს. ეკო თითქოს მიუთითებს, რომ დაავადებები, კრიზისები, ცივილიზაციებისა თუ „მიკრო-ცივილიზაციების“ ჯახი თავისთავს იმეორებს და ახალ დროში, მხოლოდ ახალი დიზაინით მოგვეცემა. ნიუ იორკი აყვავებულ ბაბილონს ჰგავს. ორგიებში ჩაფლული რომაელები, დასავლეთის სექსუალურ რევოლუციას მოგვაგონებენ. მაშინ რომს „ბარბაროსები“ [2] უტევდნენ, რომლებიც ანგრევდნენ იმპერიას, ისევე როგორც დღეს მიგრანტების კრიზისი - ევროპასა და ამერიკას. შუასაუკუნეებში რომაელი მოქალაქე ისევე ქრებოდა, როგორც დღეს ლიბერალი ადამიანი (ეკო, 1985).

ეს და სხვა მრავალი მსგავსება, რომელსაც ეკო წარმოაჩენს, ქმნის ერთიან სიგიჟეს, და იქმნება ილუზია, რომ დღევანდელობა გუშინდელობისგან ფუნდამენტურად, უფრო სწორედ კი სტრუქტურულად, არ განსხვავდება. მსგავსადვე, ალექსანდრა აროშვილის სტატიაში, „რა არის დამოუკიდებლობის შინაარსი“ ვხვდებით მსჯელობას, რომ 1991 წლის საქართველო 2019 წლისაგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ძირითადი რეპრესიული სტრუქტურა ერთია: სიღარიბე, კოლექტიური თვითდესტრუქცია, ძილი და ტკივილი: „ყველა საზომი“ უცვლელობაზე მიუთითებს, სადაც „არაფერი შეცვლილა ერთის გარდა ‒ შეიცვალა თავად ელიტა, სიმდიდრე დააგროვა, რიგები გადაიხალისა და გემოვნების დახვეწაში გაივარჯიშა“, გვეუბნება აროშვილი და აგრძელებს: „დავდივარ[თ] წრეებზე, ერთსა და იმავე ადგილებში ვბრუნდები[თ], სივრცეები მეორდება და ლაბირინთად იქცევა, შესაბამისად, დრო პირობითი ხდება, დრო არ გადის“.

უმბერტო ეკოც და ალექსანდრა აროშვილიც, ჩვენთვის ორი საინტერესო და საყვარელი მოაზროვნე, ნიშნების მსგავსებამ მონუსხა და შეაზარხოშა. მსგავსების მაგიით მონუსხული გონება თითქოს ვეღარ ამჩნევს იმ განსხვავებას, რითიც დღევანდელობა გუშინდელობას ემიჯნება. ამიტომაც, ორივე იმ ფუნდამენტური რეალობის, იმ სტრუქტურისა თუ შინაარსის ძიებას იწყებს, რაც ისტორიას კიჩად აქცევს და მის პატერნებს ამეორებს.

რა დგას ამ სიგიჟის მიღმა? რა არის მისი შინაარსი?

ან ალექსანდრას ენით რომ ვთქვათ, რა არის „ცვლილების მთელი დიალექტიკა“?
რეალური შინაარსის, ცვლილების დიალექტიკისა და სტრუქტურების ძიება ახალი არაა. მოდერნული აზროვნების ისტორიაში უხვადაა ისტორიის კანონების, უცვლელი სქემებისა და სტრუქტურების ძიების მაგალითები: შეიძლება პოლიტიკური წესრიგი იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩებაწარმოების რეპრესიული წესი და კლასობრივი ბრძოლა, რომელიც ერთიანია ფეოდალური და კაპიტალისტური საზოგადოებებისათვის (მარქსის დიალექტიკური მატერიალიზმი” [3] ). შეიძლება ჩვენს „სიზმრებში“ სიმბოლოები განსხვავდება, მაგრამ ქვეცნობიერში თუ ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ფუნდამენტური მიზეზები უცვლელია - ბავშვობის ტრავმები და კულტურის გადაულახავი უკმაყოფილება, რომელიც პარანოიას, ნევროზებსა და სიგიჟეებს იმეორებს - ოიდიპოსიდან თანამედროვე მოქალაქემდე (ფროიდის ფსიქოანალიზი). შეიძლება ზედაპირზე კონკრეტული ენის გამოყენება (parole) და სიმბოლოები ინტერპრეტაციის ღია ველს ქმნის, მაგრამ მათ უკან, ღრმად „ბექგრაუნდში“, არსებობს ზოგადი ენის (langue) მყარი სტრუქტურა (სოსიურის სემიოლოგია). მართალია მითები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავდება და განსხვავებულ ნიშნებსა თუ სიმბოლოებში მოითხრობა, მაგრამ მათ მსგავსი ლოგიკა და საერთო სტრუქტურაც გააჩნიათ, რომელიც სხვადასხვა ტომებში უცვლელად გვხვდება (ლევი სტროსის ანთროპოლოგია).

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მოდერნისტებისთვის პოსტმოდერნული გაკვირვება გაუგებარია. მეტიც, ეს გულუბრყვილობაა, რადგან მოდერნისტისთვის არსებობს დუალიზმი, ზედაპირი და შინაარსი, სადაც პირველის ქაოსი მეორეში წესრიგდება, ან იხსნება. მაგალითად, თითქოს მოდერნისტებისთვის ის სიგიჟე, რაც პოსტმოდერნისტებმა ზედაპირზე შეამჩნიეს, ისედაც სულ ნათელი და შესამჩნევი იყო - თითქოს მასში ახალი არც არაფერია. განა სოკრატესთვისაც ნათელი არ იყო ეს „პოსტმოდერნული“ ქაოსი, როდესაც ათენელების სიგიჟით გაკვირვებული კითხულობდა, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვმართოთ პოლისი, როცა გარშემო ამდენი უვიციაო? განა პლატონი ვერ ამჩნევდა, რომ გამოქვაბულის შიგნით სრული სიმულაციაა, სადაც ხალხი მხოლოდ კედელზე არეკლილ აჩრდილებს შეჰყურებს და მზის სხივი არასდროს უნახავთ? განა თომა აკვინელისთვის არ იყო ცხადი ადამიანის პერვერსიული ვნებები და ყოფიერების ბანალური ორომტრიალი? მაშ, რატომ გაოცდა პოსტმოდერნისტი, როდესაც ამ ყველაფრის გამეორება, იგივე სიგიჟე, ნიშნები, სიმბოლოები, ისტორიული პატერნი მე-20 საუკუნეშიც შეამჩნია?

ან საერთოდაც, ამ მსგავსებამ გააოცა პოსტმოდერნისტი?


ეს არეულობა და სიგიჟე მოდერნისტისთვის მუდმივად მონეტის ერთი მხარე გახლდათ, რომლის საიდუმლოება მეორე მხარეში, ნამდვილ სტრუქტურაში იმალებოდა - ფაქტობრივად, ესაა კარტეზიანული დუალიზმის განვრცობა - მისი ექსტერნალიზებული ვერსია: დუალიზმის ისტორიაში  - სოციალურში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში, ენასა თუ მითოლოგიაში გატანა. თუმცა, პოსტმოდერნისტებს გაუკვირდათ როდესაც შეამჩნიეს, რომ მოდერნისტების მონეტას მეორე მხარე არა აქვს - არ არსებობს მეორე ოთახი, სადაც მოდერნისტი ნაგავს დაახარისხებს, და თვითონ რაციონალურად და სუფთად მოწესრიგებულ ოთახში იცხოვრებს. 

ჩვენს თაობას არ შეგვხვდა სული.


საქმე ისაა, რომ პლატონის გამოქვაბულის მიღმა, არსებობდა რეალური მზე - რომელიც ცოდნის მაძიებელს თვალებს სწვავდა, თუმცა საგნების ნამდვილ ბუნებას, მათ რეალურ შინაარს - ჭეშმარიტ იდეას უჩვენებდა. აკვინელის შემჩნეული ვნებებიც ხომ ღვთიურ სამშვინველში წესრიგდებოდა - ისევე როგორც, ფროიდის ცნობიერება - არაცნობიერში; სოსიურის „
parole“ - ენაში (langue); ლევი სტროსის მითები - მათ უნივერსალურ სტრუქტურაში. სიგიჟეზე მეტად პოსტმოდერნისტი გაოგნდა, მაშინ როდესაც მიხვდა, რომ ამ სიგიჟის უკან სიცარიელეა: არ არსებობს ქვედა შრე, სტრუქტურა, ისტორიული კანონზომიერება, ჭეშმარიტი იდეა, რაციო, რომელიც ამ სიგიჟეს გაამართლებს - მას ლოგიკაში, რაციონალურ ჩარჩოში მოაქცევს და მის ფარულ სტრუქტურას წარმოაჩენს.

მას არ აქვს სიღრმე, შინაარსი, „ბექგრაუნდი“, ღვთიური სავანე - „ღმერთი მოკვდა“.


თუმცა, აქ საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ. რაღაცის სიკვდილი, რაღაცის გაქრობაში არ უნდა აგვერიოს. მაგალითად, ბოდრიარი მიუთითებს, რომ ღმერთი სიკვდილის შემდეგ გაცილებით გააქტიურდა
(ბოდრიარი, 1993, გვ. 4). მართლაც, თუ დააკვირდებით ჩვენი გამჭვირვალე ღმერთი ასეთი დაქსელილი და დაჩქარებული ტექნოლოგია არასდროს ყოფილა - განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ და განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე.
მისი ტექნოლოგიური წარმოებისთვის თვალის მიდევნებაც შეგვიძლია: რუკაზე ეკლესიების განლაგების ანალიზითა და
მათი რაოდენობის დინამიკაში მონიტორინგით შეიძლება შეამჩნიოთ, როგორ იწარმოება ღმერთი:

როგორ მუშაობს ეკლესია როგორც მედიუმი, როგორ ფართოვდება და იკუმშება, როგორ ფეთქავს, ირხევა, როგორ იქსელება

და როგორ ავრცელებს ინფორმაციას მიუწვდომელ სოფლებში. ცოტა თვისებრივი ანალიზიც დაგვჭირდება, რომ ღვთიური ქსელის ტექნოლოგიური წარმოების თავისებურებები გავიგოთ - მისი საიდუმლო რეცეპტი. ამაში ბუკლეტების, საეკლესიო კალენდრების, მათი ვებგვერდების კონტენტ თუ დისკურსს ანალიზი დაგვეხმარება. ცუდი კვლევის მეთოდი არც ჩართული დაკვირვებაა - ან GPS-ით მიღებული დიდი მონაცემების დამუშავება - მაგალითად, რა მარშუტებით, რა უბნებიდან და რა დროს ივსება ეკლესია-მონასტრები. 

ღმერთი ისევე, როგორც ყველა ტექნოლოგია დინამურია: „ღმერთის იდეა“ თუ „ღმერთის სტრუქტურა“ სინამდვილეში საინტერესო ქსელია - ქალაქებსა და სოფლებზე გადაჭიმული, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა მართლმადიდებლურმა რელიგიამ ჩრდილოეთის ქსელიდან გამოყოფა ვერა და ვერ მოახერხა, საბჭოთა ქსელს თავი ვერ დააღწია, ამიტომაც ეს ზედაპირზე განფენილი ქსელი ღმერთის რუსულ ჰიბრიდებს აწარმოებს. არა მარტო ჩვენი ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული, არამედ ოკუპირებულია ჩვენი ღმერთის დიდი ნაწილიც -

იესო პუტინის პოლიტპატიმარია.

ამის ილუსტრაციის კარგი მაგალითია, თამარ გურჩიანის კვლევა, სადაც ავტორი უჩვენებს როგორ ედება საბჭოთა ქსელი დამოუკიდებელი საქართველოს რელიგიურ ქსელს - როგორ ვრცელდება ჩვენს რუკაზე (გურჩიანი, 2017). გურჩიანი ქსელის წარმოებას ყოველდღიურობაში აკვირდება და სწავლობს თემის წევრების კომუნიკაციასა და მათი მოლაპარაკების ტექნიკა/სტრატეგიებს. გამოირკვა, რომ შინამეურნეობებში რელიგიურობის ქსელი რუსული მეთოდებით შედის: ქსელში, „ბლატები“, „საჩკაობები“, რუსული წარმოების ფორმა მუშაობს. ჩვენი ინტერპრეტაციით, როგორც საბჭოთა „ვოლგების“ წარმოება იყო კორუმპირებული და „გახალტურებული“ - ჩვენთანაც დაახლოებით ასეთი „საბჭოთა იესო“ იწარმოება.

 „განა არ შეიძლებოდა ჩვენს ეკლესიას უკეთესი ღმერთი ეწარმოებინა?“


კითხულობს ყველა ვინც საპატრიარქოში მიმდინარე სკანდალებს აკომენტარებს. იდეაში ალბათ შეიძლებოდა; კომპლექსურ და ჩრდილოეთთან გადახლართულ ქსელში, ალბათ ამის დიდი შანსები არც ყოფილა. რელიგიის ქსელს თუ დააკვირდებით, ის უამრავ მატერიალურ, ტექნოლოგიურ თუ ადამიანურ რესურს მოიხმარს იმისთვის, რომ ღმერთი არ ჩაქრეს - „საბჭოთა იესო“ არ მოკვდეს ჩვენს გულებში [4]

თუმცა, დღეს საქართველოში ღმერთის, როგორც ტექნოლოგიის რეკონსტრუქცია ხდება. ღმერთი ჩვენს თვალსა და ხელს შუა კეთდება და იძერწება - ფრაგმენტულად და ზედაპირულად. გურჩიანის მიკრო-ანთროპოლოგიური დაკვირვება მხოლოდ დანაწევრებული წარმოების ჯაჭვის ერთი რგოლია. ამას გარდა, ეკლესიები, სამონასტრო კომპლექსები, სანთლების ქარხნები, სუვენირების ფაბრიკები, საეკლესიო სტამბები გუგუნებს. ასევე, სასულიერო მაღაზიები იხსნება და იხურება. სასულიერო სასწავლებელი ახალ კადრებს ამზადებს - სამუშაო ძალის რეპროდუქციას უზრუნველყოფს.

საპატრიარქოს მედია პლატფორმები იესოს რადიო და სატელევიზიო სიხშირეებზე ავრცელებენ


- მათ შორის თბილისის ანძიდანაც. პრაქტიკოსები მრევლთან პირად კავშირებს ამყარებენ და ამ კომპლექსურ ქსელში - ღირებულების ჯაჭვში - იქმნება ღმერთის ღირებულებაც. ღმერთის წარმოების ქსელი ჰგავს იგივე ჰესების, სანათი ბოძებისა და სახლის ელექტრო გაყვანილობის კომპლექსური კავშირიდან მიღებულ ლედ-განათებას: ღმერთი ისევე შემოდის ჩვენს გულებში, როგორც პროტონები და სინათლის ნაწილაკები ავსებენ და ანათებენ ჩვენს ოთახებს. ტექნოღმერთი ცაში არაა, დაცემული ანგელოზივით მიწაზეა განრთხმული და კვლავწარმოებს. როგორც გორის ქარის ტურბინები აწარმოებენ კილოვატებს, ღმერთიც თავის ღირებულების ჯაჭვში გამომუშავდება. ის ანსამბლიისა და კომპლექსური კავშირების სინერგიის ეფექტია: შესაბამისად, ღმერთი კი არ არს (Being), არამედ, ისიც გარდასახვის პროცესშია (Becoming). შეგვიძლია ამ პროცესს ტექნოლოგიური ფერიცვალებაც დავარქვათ.  

თუ იცვლებიან ღმერთები, როგორაა დრო გაჩერებული?


როგორ არ გადის დრო, თუ ევერესტიც კი წელიწადში რამდენიმე მილიმეტრით იზრდება (პიელკე, 2007, p. 59) - თუ მთებიც კი მოძრაობენ? როგორ შეიძლება დრო გაიყინოს, როცა დედამიწაც დუღს და კრატერებიდან გადმოდუღს? 

როგორც ვნახეთ ხელში ტექნოღმერთი შემოგვრჩა. ისიც ვის ხელში? არსად „ამის მიღმა“ - მკვდარი ღმერთი ზედაპირზეა, როგორც ლენინი მავზოლეუმში. მოკლედ დღეს ყველაფერი ზედაპირზეა: შენობების, ტექნოლოგიების, ადამიანებისა და არაადამიანების ანსამბლიაში. სწორედ ეს ზედაპირულობაა, რამაც პოსტმოდერნისტი გააკვირვა. მოდერნისტები კი ზედაპირს თვალს არ უსწორებენ, თითქოს, მის აგენტობას არ აღიარებენ, რადგან მათთვის ჯერ კიდევ არსებობს სიღრმე, შინაარსი, რომელიც უპირატესი, უფრო მყარი და სანდოა. ალექსანდრა წერს:

„ხეტიალი ქალაქში ემსახურება ერთ მიზანს, ესაა ძებნა, ძებნა, რომელსაც ღლის თავში მოზუზუნე წინადადებები: ამის მიღმა რაღაც უნდა იყოს, ამის მიღმა რაღაც უნდა იყოს... მხოლოდ ასე ვერ იქნება, მხოლოდ ეს ვერ იქნება.“ - რა არის ამის მიღმა, რას დაეძებს ალექსანდრა თბილისის ქუჩებში? თუ იესოც კი ზედაპირზეა, რა არის ავტორისთვის ის „რაღაც, რაც ზედაპირზე არ ჩანს“? ალბათ, რეალური სტრუქტურა, რომელიც მისივე ტექსტში მოუხელთებელი რჩება და „შინაარსის“ ნაცვლად მიღმიერი, ტრანსცენდენტურ სიცარიელედ იქცევა, რომელიც ასე გულწრფელად სტკივა - ასე გულწრფელად განიცდება ავტორის სხეულსა და სულში. აროშვილი აგრძელებს:  

„იქამდე, სანამ იპოვი, რასაც ეძებ, ანუ იპოვი უცვლელობაში ცვლილების მთელ დიალექტიკას, გაუსაძლისად გტკივა არასასურველი კანონზომიერების მუდმივი გადამოწმებისას განცდილი დამარცხებებისგან მიღებული ყველა ჭრილობა… ძებნა ტკივილია, ესაა მდგომარეობა, როცა არ გძინავს, ანუ მეორე პოლუსზე ხარ, ძილსა და ტკივილს შორის გაჭიმული სრული სიცარიელის, სრული არარსებობის თავზე.“

ავტორს ეს ხეტიალი, სტრუქტურისა თუ „ბექგრაუნდში“ გამაერთიანებელი ლოგიკის ძიება სტკენს: მით უფრო მაშინ, როდესაც იდენტიფიკაციას სწორედ ამ ძიებასთან აკეთებს, რომელიც მუდმივად სიცარიელედ, დისტანციად და წინააღმდეგობად მიეცემა. ალექსანდრა და სტრუქტურა დაახლოებით ისე იზიდავენ და განიზიდავენ ერთმანეთს, როგორც ღმერთი და ადამი მიქელანჯელოს ფრესკაზე „ადამის შექმნა“, რომელსაც მათ შორის გადებული უფსკრულის გამო თავისუფლად შეიძლება ერქვას „ადამის სიკვდილი“. ეს ერთი შეხედვით პოლიტიკური წინააღმდეგობა, ალექსანდრას დაახლოებით იმ ეგზისტენციალურ არარსებობაში აგდებს - რასაც სარტრი გახლეჩილ, „უბედურ ცნობიერებას“ ეძახდა და რასაც გადაულახავ მოცემულობად - აბსოლუტურ ერთიანობას მოწყვეტილი ადამიანის ონტოლოგიად თვლიდა: ესაა მიქელანჯელოს დახატული სიცარიელე - ტოტალობის ძებნაში დატრიალებული კატასტროფა: გახლეჩა. ამ კუთხით, ალექსანდრა სარტრთან ახლოსაა.

მოდერნიზმის After Party

მოდერნიზმი ერთგვარად სტრუქტურალისტებისა თუ „გეოლოგების“ ზეიმია - „ღმერთკაცების“ წვეულება. მოდერნისტები მოახლოებულ გამარჯვებას ზეიმობდნენ. გამარჯვებას ბუნებაზე, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამორჩილებოდა ადამიანის ნებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს. ასევე, სეკულარიზმის გამარჯვებას რელიგიაზე, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დანებებოდა რაციონალურ გონს. ზეიმობდნენ გამარჯვებას ჩვენს ფსიქიკურ აშლილობებზეც, რომელიც ფსიქოანალიტიკოსის ტახტზე წამოგორებულებს ანალიზით უნდა გვემართა. კიდევ გამარჯვებას რეპრესიულ წარმოებაზე, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულებულიყო კომუნიზმით, ნადირობითა და თევზაობით. გამარჯვებას პატრიარქატზეც, რომელსაც უკან უნდა დაეხია, ბოდიში მოეხადა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალის წინაშე... მოდერნული სამყარო ნაადრევი ნადიმია - სულის ყიჟინი და ხორცის ზეიმი!

ზეიმს კი ყოველთვის დაღლილობა მოსდევს. დაქანცვა. გამოფიტვა.


იმის გაცნობიერება, რომ დრო თავის აპოთეოზში, წარმატების მოლოდინში, ერთგვარ პრელუდიაში არ გაიყინა. „ნაგულავები“ ცნობიერება აღმოაჩენს, რომ სულ ეს იყო, და სხვაგვარად ვერც იქნებოდა - წვეულების შემდეგ შინაარსი ხელიდან ეცლება და თავში მხოლოდ „ფლეშბექები“ ტრიალებს: ფრაგმენტული და ზედაპირული - სტრუქტურასა და აზრს მოკლებული. „ო, ღმერთებო ნუთუ სულ ესაა… ნუთუ მეტი არაფერი შეგიძლიათ?“

სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის იმედები არ გამართლდა. სტრუქტურებისა და უნივერსალური კანონების ძებნა ადამიანის ემანსიპაციის ნაცვლად ჰოლოკოსტით, მსოფლიო ომებითა და ავტორიტარული რეჟიმებით დასრულდა -  ამიტომაცაა, რომ ბოდრიარი მოდერნიზმს ორგიას ადარებს და ამბობს, რომ ეს იყო „რეალობის, რაციონალობის და სექსუალობის“ ორგია. მე-20 საუკუნის მიწურულს - მას შემდეგ, რაც მაკლუენმა, ლიოტარმა, ფუკომ, დერიდამ, ვაითმა, რორტიმ და სხვებმა ისტორიის კოდების, ჭეშმარიტებისა თუ რეალური შინაარსის ძიება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს - ანუ მოდერნიზმი დაკითხეს და აღმოჩნდა, რომ მას ჯიბეში არაფერი ედო -  ბოდრიარი სვამს კითხვას:

„რას ვშვრებით ახლა, როცა ორგია დასრულებულია?“

(1993) ანუ, რას ვშვრებით ახლა, სტრუქტურების, ტოტალური ემანსიპაციის მოდელებისა და აბსოლუტური ლიბერალიზაციის სქემების გარეშე?

ბოდრიარის აზრით, ერთ-ერთი გამოსავალია, რომ გავაგრძელოთ „ორგიის სიმულაცია“ - მოდერნიზმის after party. ვამტკიცოთ, რომ „დრო პირობითია და დრო არ გადის“. მოვიტყუოთ თავები, რომ „ამის მიღმა რაღაც უნდა იყოს... მხოლოდ ასე ვერ იქნება, მხოლოდ ეს ვერ იქნება“. თუმცა, ის გვაფრთხილებს, რომ ამ გზის ბოლო ტკივილია. ბოდრიარი წერს: „ჩვენ შეიძლება თავი მოვიკატუნოთ და სვლა აქსელერაციით იგივე მიმართულებით გავაგრძელოთ, თუმცა რეალურად, [სვლა] აქსელერაციით სრულ სიცარიელეში“ (1993, გვ. 5). სწორედ მსგავსი სურვილებისა და ვნებების აქსელერაციის შედეგები იკითხება აროშვილის ტექსტშიც, როდესაც ავტორი გულწრფელად საუბრობს ძილსა და ტკივილს შორის გაჭიმულ სრულ სიცარიელეზე, სრულ არარსებობაზე.

პარადოქსი ისაა, რომ ლატურის გავლით, აროშვილი შესანიშნავად ამჩნევს მოდერნიზმის კრახს და სტატიაში მის შესახებ არაერთი პასაჟიცაა, თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ლატურის აზრს ბოლომდე გაჰყვეს - გაიტყორცნოს - ალექსანდრა მოდერნულ მსჯელობას ვერც თავად გაურბის და სვლას კვლავაც უკუსვლით, მისი „კრიტიკული“ ლოგიკით აგრძელებს - მაგალითად, პაულო ფრეიერთან მიბრუნებით, საიდანაც ტექსტში ხელახლა შემოიპარება ტოტალობა „მთლიანი, ნამდვილი თავისუფლება“, კრიტიკული ჰუმანიზმი - მოდერნიზმის ნოსტალგია და მისი after party [5] (ფრეიერი, 1996). ამიტომაც, აროშვილი შედეგად „სიცარიელესა და სრულ არარსებობას“ - ძილისა და ტკივილის პოლუსებს იღებს. პრინციპში, აროშვილი ამ კუთხით ბოდრიანელია, რადგან მოდერნიზმის კრახის გაცნობიერების შემდეგ ორივე ავტორს წინ ძილისა და ტკივილის დიქოტომია გადაეშალათ. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ბოდრიარი გვთხოვს „ვაცალოთ ძილი“, ხოლო, აროშვილი ახალგაზრდაა და ტკივილს ირჩევს - ის მოდერნიზმის after party-ს ესწრება… ჩვენი, ამ სტატიის ავტორების მიზანი კი, სწორედ ამ დიქოტომიის დაძლევაა. [6]

ორგიის შემდეგ რას ვშვრებით?

ახლა ვუპასუხოთ ბოდრიარს ისე, რომ არც ჩაგვთვლიმოს და არც გვეტკინოს - არც პოსტმოდერნისტულ ჩიხში შევიდეთ და არც მოდერნიზმის after party-ზე აღმოვჩნდეთ. მაშ რა დაგვრჩა ორგიის შემდეგ?

შიშველი, ნაომარი სხეულები და ადამიანად ყოფნის სირცხვილი [7]: ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა მოსდევდეს ისტორიას მათხოვარი? ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა მოჰყვებოდეს ისტორიას შიმშილი, გაჭირვება, თვითდესტრუქცია, დაავადებები, კატაკლიზმები, უსახლკაროები, დიქტატორები, ნეკროფილები და შეშლილები? ძველ დროსთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ დღეს ისტორიის ყველა ტკივილი ზედაპირზეა: ყოველგვარი გამართლების, ახსნა-განმარტების, „შინაარსისა“ და სტრუქტურის გარეშე, რაც ადამიანად ყოფნის სირცხვილს კიდევ უფრო აძლიერებს. როგორც ვნახეთ, ღმერთიც კი ზედაპირზეა დაქსელილი და სხვა ქსელებთან გადაქსელილი. თუმცა, სწორედ ეს გამჭვირვალობა და ზედაპირია დღევანდელობის უნიკალური მოცემულობა და თანამედროვეობის შანსიც. ყველაფრის ზედაპირზე გაშლამ და ამ ზედაპირის სიგლუვემ - მისი ამოხსნისა თუ მისი გარღვევის არა ეფექტურობამ - პირველად გვიბიძგა, რომ ჰორიზონტისკენ გავიხედოთ და კომპლექსური ქსელის კარტოგრაფიას შევეჭიდოთ. არა ვერტიკალი, არა სტრუქტურა, არა შინაარსი, მით უფრო არა „ცვლილებების მთელი დიალექტიკა“ - არამედ, რუკაა დღეს მთავარი - სიბრტყეზე განფენილი მრავალფეროვნება და მათი კავშირები - ანსამბლია (დელანდა, 2016; 2019).

აზრი არ აქვს რუკის ამოთხრას იმისთვის, რომ მისი შიდა სტრუქტურა ეძებო. როგორც ალექსანდრამ დაგვანახა, მის მიღმა ისედაც არაფერია - სიცარიელე თუ ნული. ყველა მნიშვნელობა, საგანი, ადამიანი, არაადამიანი, ცხოველი, ტექნოლოგია, პოლიტიკა, ხელოვნება, არქიტექტურა, ქალაქი, გზა, წარმოება და მოხმარება, ჩვენც და თქვენც სწორედ ზედაპირზე ვართ გაშლილები [8]. ეს არის რაც არის - ჩვენს თვალ წინ. სტრუქტურები, შინაარსები, თუ ჭეშმარიტება კი ის „ფლეშბექებია“, რომელიც ორგიიდან მოგვყვება… ეს მოდერნიზმის ნაშთია, იმ ცნობიერებაში, რომელიც იმავე ლატურს თუ დავუჯერებთ, არც არასდროს ყოფილა მოდერნული და ვერც ვერასდროს გახდება (2012). „არამოდერნულების“ საქმეც სწორედ ამ ზედაპირულ, ჰორიზონტზე განვრცობილ ქსელებზე მუშაობაა. ამიტომაცაა, რომ ფუკოს ცოდნის არქეოლოგიაც ნელ-ნელა დასავიწყებელია, რადგან ახლა ცოდნის კარტოგრაფიაა საჭირო - ესაა აქტუალური და ქმედითი ინტერპრეტაციის ტექნიკა. ორგიების შემდეგ, ამ ტექნიკით შეგვიძლია ქსელის გაუმჯობესებაზე, რელატიურ პროგრესზე ზრუნვა: სადაც მათხოვრების, დაავადებების, დიქტატორებისა და ნეკროფილების რიცხვის შემცირებისთვის ბრძოლას კვლავაც აქვს აზრი - უფრო სწორად, გარდაუვალი მოცემულობა და აუცილებლობაა. შესაბამისად, ცოდნების კარტოგრაფიის მთავარი მიზანი ქსელებში ცვლილების, პოტენციალის, სტაბილიზაცია-მდგრადობისა და რისკების კვლევაა.

ამგვარად, დღეს მთავარი ის კი არ არის, შევამჩნიოთ თუ რა სტრუქტურული მსგავსებაა ბაბილონსა და ნიუ იორკს შორის, ან ბარბაროსებსა და მიგრანტებს შორის, ან 1991 და 2019 წლების საქართველოს შორის; არამედ ის განსხვავება რითიც  დღევანდელობა უსხლტება გუშინდელს - კანტიანურად რომ ვთქვათ, დღევანდელობა გამოდის გუშინდელობისგან (კანტი, 1963). კითხვა ის კი არაა, „რა არის ამის მიღმა“, რომელსაც მოჰყვება ინტუიციურ-აპრიორულ საფუძველზე დაშენებული ჰიპოთეზა „ამის მიღმა რაღაც უნდა იყოს… სულ ეს ვერ იქნება… ამის მიღმა რაღაც უნდა იყოს“ - არამედ, დღევანდელობის შეკითხვაა -  რა არის თავად ეს, რის მიღმაც რაღაც უნდა ყოფილიყო (და არაფერი დაგვხვდა)?  რა არის ეს რის შინაარსსა თუ დიალექტიკასაც აროშვილი გამალებით ეძებს? რა არის ეს - არა როგორც იდეა - არამედ როგორც სიბრტყეზე გაშლილი კომპლექსური ქსელი - ზედაპირი: ადამიანებისა და არაადამიანების, ტექსტებისა და ტექნოლოგიების, ქუჩებისა და შენობების კომპოზიცია - სიმრავლეების ანსამბლია. როგორ მუშაობს ეს ქსელი? რა პოტენციის მატარებელია და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

ამ შემთხვევაში შევამჩნევთ, რომ არც ნიუ იორკია მთლად ბაბილონი და არც თანამედროვე თბილისში დარბიან მხედრიონელები! რაც მთავარია, მათი ფუნქციონირება - ქსელის რითმი, მისი ფეთქვა - გვაძლევს განსხვავებულ შედეგებს. შედეგით თუ ვიმსჯელებთ, დრო სულაც არაა გაყინული! არამედ - ფრაგმენტულია. თუ რაიმე გაიყინა, ეს სტრუქტურის, „ბექგრაუნდისა“ და ჭეშმარიტების იდეაა, რაც გარკვეულ ურბანულ ტომებში დროის გაჩერების ილუზიას აჩენს. რიზომატული, ქსელური ანალიზისა და ცოდნების კარტოგრაფიისას ჩანს, რომ ის ცვლილებები რაც სტრუქტურის ახალი დიზაინი გვგონია, განსხვავებებს აწარმოებს, რომელიც აქამდე „შინაარსის“, დიალექტიკის, ქვედა სტრუქტურების ძებნასა და გამოგონებებში იმალებოდა. მაგალითად ესენია: ვებერთელა მოლები უბნის „ბუტკების“ ნაცვლად; სავაჭრო გზები - ორღობეების ნაცვლად; სუფთა-განათებული პარკები, საშიში ბუჩქების ნაცვლად; ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი და მედიუმის გარშემო გაერთიანებული უბრანული ტომები, ლანდშაფტურ-გეოგრაფიული სიახლოვიდან აღმოცენებული საძმოების ნაცვლად (კულინარიელები, ნახალოვკელები, ვერელები); დაკამერებული ქალაქი - „გაიშნიკების“ ნაცვლად; კლუბები სასადილოების ნაცვლად; ფუნქციური ფერები - ტრადიციული ფერების ნაცვლად; „ფორდები“ „ვოლგების“ ნაცვლად… და კიდევ რეკონსტრუქცია-ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი „საბჭოთა იესო“.

ეს საქართველოა! ეს არც მხოლოდ დეკორაციაა, არც სტრუქტურის ახალი სამოსი - არამედ ეს ქმედითი ქსელის ხელშესახები ნაწილია, რომელსაც 1991 წელთან შედარებით სხვაგვარი აგენტობა, სხვაგვარად მოქმედების შესაძლებლობა აქვს და გუშინდელობასთან შედარებით განსხვავებულ რეალობებს აწარმოებს. მაშინაც კი, როდესაც მიღებული შედეგები არ გვაკმაყოფილებს, რაც სავსებით ჯანსაღი პოზიციაა, აუცილებელია ქსელში წარმოქმნილი განსხვავებები შევამჩნიოთ და გავიაზროთ - რადგან ეს განსხვავებები სხვა პერსპექტივებს და სხვა პოტენციალს ატარებენ. ამიტომაცაა საჭირო „უდროობაში“ დროის დინება და პროცესი შევამჩნიოთ: ნაკადები, პოტენციალები, შესაძლებლობები ვეძებოთ - კითხვითაც მათ მივემართოთ.

ეკო მართალია: რენესანსის მიუხედავად და ბაბილონის მსგავსად ნიუ-იორკშიც, გრძელდება მიკრო-ცივილიზაციების ჯახი. აროშვილიც შესანიშნავად ამჩნევს, რომ ჩვენს ქალაქში სიღარიბე, კოლექტიური თვითდესტრუქცია, ძილი და ტკივილი სუფევს. თუმცა, ნიუ-იორკის ბანდებს, რომლებიც ქალაქში სპორტული მანქანებით დაგრიალებენ, ბაბილონელ ცხენოსანთა ჯარი ვერაფერს დააკლებს. ვერც თბილისელ მათხოვრებს, თრობადამოკიდებულებს, მიძინებულ ახალგაზრდებს, ეგზისტენციალურ ტკივილებსა თუ „საბჭოთა იესოს“ ვუშველით რაიმეს, ბეტონის ქალაქში სიღრმის, სტრუქტურებისა და „რეალური შინაარსების“ ძიებით. იქ მხოლოდ სიცარიელე, მეტაფიზიკა, მითები, პარადიგმები და ურჩხულები დაგვხვდებიან: ხომ გახსოვთ? ორგიიდან გამოყოლილი ფლეშექები, არამოდერნული ადამიანის სირცხვილი, რომელიც მიუხედავად იმედებისა, სტრუქტურებთან ჭიდილისა და რევოლუციებისა ვერა და ვერ გახდა მოდერნული.

საჭიროა დაშვება, კითხვის რევერსია ვერტიკალიდან ჰორიზონტზე: მსგავს ტრიუკს ლატური „დაფრენას“/„დამიწებას“ (Landing/Grounding)– „დედამიწაზე დაბრუნებას“ ეძახის (ლატური, 2018). ეს ეფექტური სვლაა: ერთ-ერთ მაგალითში როგორც ვნახეთ, ღმერთის დამიწებით უამრავი მეტაფიზიკური ლაბირინთიდან გამოვძვერით. ასევე, მკვდარი ღმერთის ქსელში გაშლით არც ტკივილი და სიცარიელე დაგვრჩა და არც თავის არარსებობაში მიძინებული ანგელოზი.

ახლა საკითხავია როგორ არის შესაძლებელი ცვლილება ზედაპირზე განფენილ ქსელში, როგორაა შესაძლებელი ამ ქსელში კონტრიბუციის შეტანა? მაგალითად, როგორ გავხადოთ საქართველოს ქსელი უფრო მდიდარი? როგორ მივაწოდოთ მეტი და ხარისხიანი საწვავი? როგორ დავუკავშიროთ ქსელები უფრო მდიდარ ქსელებს - დიდ ბაზრებს, სავაჭრო გზებს, ერთმანეთს? როგორ გავამდიდროთ ქსელის ღარიბი უბნები, რომლებიც უფრო და უფრო ემსგავსებიან შუა საუკუნეების გეტოებს? როგორ ავირიდოთ, რომ ეს ქსელი ჩრდილოეთის ქსელმა საკუთარ დესტრუქციაში, კორუფციაში, რუსულ იმპერიალიზმში არ ჩაითრიოს? როგორ გავხადოთ ქსელი უფრო მოქნილი და უსაფრთხო, რომ კულტურული, სოციალური, გენდერული თუ ბიოლოგიური განსხვავებები დაიტიოს? სადაა ამ ქსელის მთავარი „ატრაქტორები“, მიზიდულობის ცენტრები, სადაც კომპლექსური ინტერვენციებით უკეთესს, უფრო სტაბილიზირებულ, უფრო თავისუფალ და უფრო დამოუკიდებელ საზოგადოებას მივიღებთ? ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ხომ ობობებივით მოვკალათებულვართ ამ პროაქტიულ ქსელში… ბოლოს და ბოლოს, ეს ქსელი ხომ ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანაა?

სწორედ ამ პრაგმატული შემობრუნების, მკვდარი შინაარსების გლოვიდან გამოსვლისა და ზედაპირზე ყურადღების გამახვილების შემდეგ, გამოჩნდება ის ცვლილებები და განსხვავებები, რაც ჩვენი კვლევის საგანია და რაც დამოუკიდებლობის გააზრების, მოპოვებისა და შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. სწორედ ეს შემობრუნებაა, რომელიც ძილისა და ტკივილის დიალექტიკაში პარალიზებულ გონს მოქმედების საშუალებას აძლევს. ესაა დამოუკიდებლობის დაქსელილი ზედაპირი. შეხედე მას, … შეხედე, რაცაა! იმიტომ რომ, ესაა რაცაა!

 

ორგია ოლიმპოზე

მარჯვნიდან ხრონოსი ამომიდგა,

მარცხნიდან - დიონისე. გავუყარე „პადრუჩკი“

და ხმელი ფოთლების ბილიკით,

სასეირნოდ შევუყევით ზეითუნის ზეთის დაკიდულ ბაღებს.

მზის გადასვლამდე ჩიტების ჭიკჭიკით ვტკბებოდით.

ხოლო, როდესაც ღრუბლები ჰერკულესის ფორმებს იღებდნენ

გულიანადაც ვხარხარებდით.

მოსაღამოვებულს, ღმერთების წვეულებაზე სოკოს კრემსუპი მივირთვი.

დარბაზის ბოლოს კასტრირებულ ვაჟთა ანსამბლი გალობდა.

ძილის წინ ირანულ ტახტზე გავგორდი.

ყურძნის მტევნიდან ყველაზე გაბერილ მარცვლებს ვარჩევდი და

ვუცქერდი, როგორ იწნავდნენ ოქროდ დატალღულ თმებს

 ბისექსუალი ათენელი ქალბატონები.

სანამ ჩამთვლემდა, ჰიპნოგოგიის აპოთეოზში,

ერთმა აზრმა უთავო მხედარივით ჩამიქროლა:

„ნუთუ სულ ესაა?!

 ო ღმერთებო, ნუთუ მეტი არაფერი შეგიძლიათ?!“

 

 


[1] ჩვენს ტექსტში ნახსენები უმბერტო ეკო, არის არა ისტორიული ფიგურა, არა ეკო მთლიანად, არამედ, ერთგვარი კარიკატურა - „წინ ახალი შუასაუკუნეებისკენ“ ავტორი.

[2] ეკო იმასაც მიუთითებს, რომ ბარბაროსების უკულტურობა მითია, ისევე როგორც მიგრანტების არაცივილიზებულობა. ორივე მათგანი უცხოა - უცხო კულტურა და არა ანტიკულტურა.

[3]კლასიკური გაგებით, სტრუქტურალისტური მარქსიზმი გვხვდება ალთუსერის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. 

[4] ცხადად ჩანს, მას-წარმოებაში ჩაშვებულია „საბჭოთა იესო“, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მის პარალელურად, სხვადასხვა ურბანულ ტომებში „ჰიპი იესოს“, „მეგობარი იესოს“, „რაციონალური იესოს“, „ბრძენი იესოს“, „ტრანსცენდენტური იესოს“, „ცრუ-იესოს“ წარმოება არ მიდის. ყველა რელიგია გარკვეული ინტენსივობით „პროტესტანტულია“: ეს პატარ-პატარა იესოები ახლა იბადებიან, იწარმოებიან, ქსელს იდგამენ, გაფართოებას ცდილობენ. მათ ჯერჯერობით დიდი მომავალი არ აქვთ, თუმცა მაინც კარგი იქნებოდა შეგვესწავლა, ახალ-ახალი იესოების ქსელები და მათ პოტენციალსა და მდგრადობას დავკვირვებოდით. ვინ იცის ხვალ-ზეგ როგორი იესო დაიბადება ჩვენს კაპილარებით დაქსელილ გულებში. 

[5]ფრეიერი სწორედ იმ კრიტიკული სკოლის კლასიკოსია, რომელიც ლატურის მსჯელობას თუ ბოლომდე გავყვებით აუცილებლად დასაძლევია, რადგან „ხატმებრძოლეობად” იქცა. „კრიტიკამ თავი ამოწურა“, წერს ლატური, „არარსებობს უფრო დიდი ინტელექტუალური დანაშაული, ვიდრე დღევანდელობის გამოწვევების ძველი ხელსაწყოებით გადაჭრის მცდელობა“ (ლატური, 2004, გვ. 224; 231). ამ შემთხვევაში ფრეიერი უძველესია და კლასიკურ, დრომოჭმულ, მოდერნულ კრიტიკას აწარმოებს. შეიძლება „კრიტიკა კვლავაც საჭიროა, თუმცა ბოლო დროს ის უხარისხო გახდა“ (ლატური, 2002, გვ. 25). ლატური პირველ რიგში იმ სკოლას გულისხმობს, რომელსაც ფრეიერი მიეკუთვნება,ანთროპოცენტრისტულ, მარქსისტულ დიალექტიკაზე დაფუძნებულ კრიტიკას, და შემდგომ ცხადია, ფრანგულ სკოლასაც - უსასრულო დეკონსტრუქციას (Latour, 2002; 2004; 2012)ფრეიერთან დიალოგის ტექნიკებისთვისაც კი არ ღირს დიდ ხანს გაჩერება; თუ მაინც და მაინც ეთიკაზე მიდგა საქმე სჯობს ლევინა & ბუბერი გადმოვთარგმნოთ.

[6] თუმცა, მისიის შესასრულებლად, ჩვენ ლატურის ნაცვლად გიგი თევზაძის თეორიიდან ამოვდივართ, მაგრამ ამ საკითხზე ისედაც ბევრი დავწერეთ და ამ სტატიაში მისი განვრცობის სივრცე არ მოგვეცა.

[7] ამ მეტაფორებსაც თუ გავყვებით ვნახავთ, რომ მათი მნიშვნელობები ზედაპირზე წარმოებენ - მაგალითად ამ სირცხვილის კლასიკური ქსელია კოლონიალიზმის, ჰოლოკოსტის, გადაშენებული მწერების სირცხვილი. მათ უკან მთელი ინსტიტუტები მუშაობს, კონფერენციები ტარდება და გადაცემები ეძღვნება - რაც სირცხვილის კვლავწარმოებას უზრუნველყოფს. ჩვენთან საბჭოთა სირცხვილი თავის ქსელში მდორედ მიედინება, უნივერსიტეტებიდან, გაზეთებიდან გადმოედინება, ლუსტრაციის კანონი რომ მიგვეღო იქნებ ამბიონებიდანაც გადმოდენილიყო - თუმცა, მთლიანობაში მაინც ცხადია, რომ ადამიანად ყოფნის სირცხვილი თანამედროვე ქსელურ წარმოებაშია ჩაშვებული. ქსელის სიდიდე და ეფექტურობა კი ტკივილის ინტენსივობის ზრდა-კლებას გვაძლევს. 

[8] თუმცა, არც ეს რუკაა ტოტალობა ან მთლიანობა, არამედ ესაა სიმრავლეების ანსამბლია (დელანდა, 2009) -  ალბათ, ესეც სხვა სტატიის თემაა.  

გამოყენებული ლიტერატურა:

აროშვილი, ს (2019). რა არის დამოუკიდებლობის შინაარსი. ინდიგო #40

Baudrillard, J. (1990). Seduction. New World Perspectives.

Baudrillard, J. (1993). After the orgy. The transparency of evil. Essays on extreme phenomena, 4-6.

DeLanda, M. (2009). Agencements versus totalités. Multitudes, (4), 137-144.

DeLanda, M. (2016). Assemblage theory. Edinburgh University Press.

DeLanda, M. (2019). A new philosophy of society: Assemblage theory and social complexity. Bloomsbury Publishing.

Eco, U. (1985). Towards a new middle ages. On Signs. 488-594.

Freire, P. (1996). Pedagogy of the oppressed. New York: Continuum.

Gurchiani, K. (2017). How soviet is the religious revival in  Georgia: Tactics in everyday religiosity. Europe-Asia Studies, 69(3), 508-531. doi:10.1080/09668136.2017.1323324

Kant, I. (1963). What is enlightenment?. On history, 3-10.

Latour, B. (2002) What is iconoclash: or is there a world beyond the image wars? Tran. Charlotte Bigg ... [et al.]] Karlsruhe [Germany]: ZKM, Centre for Art and Media; Cambridge, Mass. MIT Press

Latour, B. (2004). Why has critique run out of steam? From matters of fact to matters of concern. Critical Inquiry, 30(2), 225-248. doi:10.1086/421123

Latour, B. (2012). We have never been modern. Harvard university press.

Latour, B. (2018). Down to Earth: Politics in the new climatic regime. John Wiley & Sons.

Pielke Jr, R. A. (2007). The honest broker: making sense of science in policy and politics. Cambridge University Press.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა