UNMUTE - ნიჟარაში ვცხოვრობ
04.05.2020 | 7 წუთიანი საკითხავი,,ამ ხმებს მოლუსკი
ნიჟარაში რომ შეათრევდა, ასადაფებდა მარგალიტად და ინახავდა
სანამ ზღვას და ტყეს
პატარა ხელი არ აიღებდა თაროდან, ფრთხილად’’.
მარიამ წიკლაური // ნაწყვეტი ლექსიდან ,,წიგნის წერა’’
მოქმედი პირები:
მე (ვინც არის)
მე (ვინც წერს)
მე (ვინც უყურებს)
მე (ვინც უსმენს)
მოქმედება პირველი
ჩემი ოთახი
გამოსვლა პირველი
მაგიდასთან ზის. წინ ლეპტოპი, ყავა, D ვიტამინი, თერმომეტრი, ბლოკნოტი, და წიგნები დევს. ყურსასმენებში უსმენს მუსიკას. ცოტათი ეძინება. ღამეა. ყველას სძინავს. ისმის კლავიატურის წკაპუნის ხმა.
მე (გვერდით): ბოლო პერიოდია პიესაში ვცხოვრობ. ჩემი თითოეული ფიქრი, სიტყვა და უკვე მოქმედებაც მესიჯად იწერება. მეტიც, ყოველ ჯერზე, როდესაც მწერენ და მეკითხებიან, თუ როგორ ვარ, დაწვრილებით ვუღწერ რას ვშვრები. შეუძლებელია მაშინვე მივხვდე როგორ ვარ, რადგან ყოფნის ფორმები შიეცვალა. არავის მოუცია ინსტრუქცია, არც რამე ძველი ბერძნული მითი მახსენდება პანდემიის გავრცელებაზე, რომ მეუბნებოდეს რა ჩავიდინეთ, რომელი ღმერთი გვსჯის და რით შეგვიძლია შეცდომები გამოვასწოროთ. ყველაფერი მეთვითონ უნდა მოვიფიქრო.
(ფეხს ნერვულად ათამაშებს)
ერთი კვირის წინ, ჩემს მეგობარს დაბადების დღე ჰქონდა. ყველამ დისტანციური საჩუქარი გავუკეთეთ. ერთმა ლექსი დაუწერა, მეორემ ძველი კადრებით ვიდეო აუწყო, მესამემ დახატა, მეოთხემ კი მასზე შეგროვილი ინფორმაციით კროსვორდი შეადგინა. ჩემი მეგობარი ამბობს, დაბადების დღის საჩუქრებით ასეთი კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარო.
(მოეჩვენება, რომ ზარის ხმა გაიგო. შეცბუნებული იხსნის ყურსასმენს და გაყუჩებული ელოდება ზარის განმეორებას)
ყველაზე კარგად წვრილმანებზე დაკვირვებით ჩანს, თუ რა სიახლე მოიტანა ახალმა რეალობამ. ცოტა ხნის წინ, სახლის ტელეფონებს დაეკარგა მნიშვნელობა. მისი ზარი რაღაც არაჩვეულებრივს, საგანგაშოს, ბუნებრივი დღის წესრიგის დარღვევას მოასწავებდა. ახლა სახლის ტელეფონის ზარზე მეტად, კარზე კაკუნის ხმა მაშინებს. ესე იგი ვიღაც მოვიდა, ხელებით შეეხო ჩემს კარს, ახლა კი, ზღრუბლს იქით დგას უამრავ ბაქტერიებაკრული კანით და ამ კანზე ჩამოცმული ტანსაცმლით, რომელიც ყველაფერს უხახუნა გარეთ.
(გზაზე დიდი სისწრაფით ჩაივლის სასწარაფოს მანქანა)
მშიერი ძაღლები სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ყეფენ. ხროვებად დაიწყეს სიარული. საწყალი ქუჩის კატები. გაზაფხულმა მათი კნავილის გარეშე ჩაიარა. არასდროს მეგონა, თუ ეს ოდესმე დამასევდიანებდა.
(მზერით ზემოთ და მარჯვნივ იყურება)
სივრცე რომ დაპატარავდა, სამყაროსა და სხვა ადამიანებთან საზღვრების გავლებას ხმებით ვცდილობ. ,,ეს ირონიულად არ მითქვამს’’ - მესენჯერის ჩათში ამ ფრაზის გამოყენების სიხშირემ პიკს მიაღწია და მერე ნელ-ნელა ქვემოთ დაიწყო სვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი საზღვრები უკვე მყარდება.
(სამზარეულოში წყლის დასალევად გადის და უკან ბრუნდება. აგრძელებს წერას)
რამდენი ხანია ახალი ნაცნობის ფეხის ხმა არ დამიმახოვრებია. გაცნობის ეს ეტაპი ყველაზე მეტად მიყვარს. როდესაც მის ნაბიჯებს სწავლობ, აკვირდები როგორ ირხევა მისი სხეული, როგორი რიტმი სჩვევია, როგორი აქვს წონა, სიჩქარე, ბალანსი. ნაბიჯის ხმა ყველაფერს გასცემს.
რამდენი ხანია აღარც მეტროს გამომცხადებლის ხმა გამიგია და არც ნაძალადევის სადგურიდან გოცირიძის სადგურამდე გვირაბიდან ღია სივრცეში გავარდნილი და გაფანტული გუგუნი. აღარც - მესამედ, უკვე განწირული და გაბრაზებული ხმით დაძახებული ,,გააჩერეთ’’. აღარც - ქუჩის მუსიკოსების და - მოწყალების მთხოვნელების, აღარც - მანქანების სიგნალების და აღარც ბევრი ადამიანის ერთად სუნთქვის ხმა. მხოლოდ ვიხსენებ, რომ არ დამავიწყდეს.
გონებით ვსეირნობ. დავდივარ ყველგან, სადაც აქამდე დავდიოდი. ყველა ხმას ცალ-ცალკე ვუდარაჯდები და ვცდილობ ჩემს ნიჟარაში შემოვათრიო. თუ გახსენება მოგინდება, ყური მოადე.
(მიმიკების გარეშე თიშავს კომპიუტერს. ჯილდოსავით გადახედავს საწოლს. ადგება, გაიხდის ტანსაცმელს და შუქს ჩააქრობს.
საწოლზე დაჯდომის ხმა იგვიანებს.)