გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უშუქობის პროტესტები თბილისში | პროტესტი დამოუკიდებელ საქართველოში

ბნელ 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში თბილისში უშუქობის წინააღმდეგ მიტინგების გამო თითქმის ყველა დიდი გამზირი გადაკეტილა.

დედაქალაქის ჩაბნელებულ პროსპექტებზე არაერთხელ გაჩაღებულა საპროტესტო კოცონი, უამრავი ხალხით გარშემორტყმული საერთო სულისკვეთებითა და იდეით: ჩაირთოს 24-საათიანი ელექტრომომარაგება!

1996 წლის მარტში მეფისუბნელებმა უშუქობის გასაპროტესტებლად რკინიგზელთა კულტურის სახლთან (ახლანდელ ვასო აბაშიძის თეატრთან) რკინის საწოლებითა და ქვებით გზა გადაკეტეს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი კარგად იყო ორგანიზებული, მიტინგზე ბევრი ხალხი აღარ მივიდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: შუქი მოვიდა!  

აი, რას წერდა გაზეთი „დრონი“:

გაიგეს რა სადაც ჯერ არს, რომ მოსახლეობა გამოსვლას აპირებდა, დენი ჩართესელექტროენერგიას მონატრებულმა ქალებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს, რეცხვასა და უთოობას მიჰყვეს ხელი, ვისღა ახსოვდა ქუჩაში გასვლა

მეფისუბნელების პროტესტიდან 2 წელიწადში, 1998 წლის დეკემბერში, სმენადაქვეითებულთა ინტერნატში შესახლებულმა დევნილებმა ვაჟა-ფშაველას გამზირი გადაკეტეს.

მაშინდელი პრესა წერდა, რომ დევნილებს დღე-ღამეში სამიოდე საათით ჰქონდათ შუქი. გამოსავალი დევნილებმა თავად მოიფიქრეს: საქგაზტრანსმწევის შენობაზე გადაგვრთეთ, იქ 24-საათიანი ელექტროენერგია აქვთო. მიტინგი სამ საათში დაიშალა, „თელასის“ იმ დროის უფროსმა, ბეჟან ხუციშვილმა დევნილების შემოთავაზებული გამოსავალი მოიწონა, პროტესტი მინელდა.

დიდი აქცია იყო ვაკეში 2000 წლის ნოემბერში. ჯერ ოცამდე ადამიანმა გადაკეტა ჭავჭავაძის გამზირი. პროტესტს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ერთ-ერთმა მომიტინგემ სახლიდან ძველი კარ-ფანჯრის ჩარჩოები წამოიღო და კოცონი გააჩაღა.

მინისტრი მოგიყვანეთ, პარლამენტის თავმჯდომარეც, ზოდელავაც აქ მოვა. მეტი რა ვქნა, შუქის მოცემა მე არ შემიძლია! - იმართლებდა თავს გამგებელი.

ვაკის აქციის პარალელურად, სხვა უბნებიც გადაიკეტა: რუსთაველი, მელიქიშვილი, თამარაშვილი, ვაჟა-ფშაველა - მთელი ქალაქი კოცონსა და კვამლში გაეხვა. 

ენერგეტიკის მინისტრთან „თელასის“ თანამშრომლებიც კი მივიდნენ თხოვნით: ჩაირთოს 24-საათიანი შუქი. თანამშრომლები ჩიოდნენ, რომ გამწარებული მოსახლეობა მათზე იყრიდა ჯავრს - ლანძღავდნენ და სცემდნენ კიდეც.

პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში ენერგოკრიზისის მიზეზად დაასახელა გვალვა და კორუფცია. ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად პრეზიდენტმა კომისია შექმნა და დედაქალაქში პროტესტი კიდევ ერთხელ მინელდა.

3 თვეში, 2001 წლის თებერვალში მინელებული პროტესტი ხელახლა აზვირთდა. გადაიკეტა თამარ მეფის გამზირი, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერდა: 

შექმნილ ზედახორაში სამართალდამცავებმა იმარჯვეს და გადაკეტილ პროსპექტზე მოძრაობა აღადინეს.

იმავე წლის ნოემბერში საპროტესტო მუხტი ჯერ დადიანის ქუჩას, მერე კი მთელ მთაწმინდას მოედო.

გადაკეტილი ქუჩები პოლიციის ძალის გამოყენებით გაიხსნა, ელექტროკრიზისი და კორუფცია დარჩა, შუქი არ მოვიდა. 

2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მთელი 60% ცხოვრობდა ელექტროენერგიის გარეშე, სახელმწიფოს კი „თელასის“ მიმართ 4,5 მილიონი ლარი დავალიანება ჰქონდა.

...

თბილისში უშუქობის პროტესტების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ GEOPROTESTS.ORG-ზე - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 1991-დან 2025 წლამდე საქართველოში მომხდარ მასშტაბურ თუ მცირე პროტესტებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა