უთანხმოება
1.
მეც აქამდე ვარ მდევარი.
გაუქრობელმა აწმყომ,
თავისებურად უშრეტმა,
რაც მოუზიდოს უზადო ან ნაკლიანი,
წარსულია ყველას მუშტარი.
2.
იქნებ იქნება იქ ნება შენი,
წახვიდე საითაც გინდა.
აქ გადარჩები, დარჩები როცა.
კვირას, პარასკევს
ან რომელიმე,
შობე და, შაბათს შეიბი
კისერზე ადგილის თოკი,
საათებს, წუთებს,
გამოსდე დროის კაუჭებს.
და გაუჩერე ტაქსი,
დაემშვიდობე
ამ უმარილო სტუმარს; ღამეა.
ღამე ასაღებს სიბნელის ლაქებს
და მოყვითალო კოლოფით
შენი ულუფა მიგაქვს.
როგორც ნემსი ძაფს,
ქუჩის ნაჭრებში სკუტერი
კი დაატარებს
შეკვეთილ ნამცხვარს და პიცას,
და მის მხედარს მუზარადზე აწერია,
რომ პატრონმა ჯადოქარმა
სიტყვით შეკრა, დააფიცა.
3.
მაგარი რამე მაგრამია,
უდავოდ გერგო.
გამოთლილს ჰგავს და,
როგორც ძელქვა,
ისეთი ხარისხის არის ხის.
ნახევარ გრამიანს კი ჰგავს,
მაგრამ გრამია.
მაგრამის იქით ვერსად წახვალ,
მაგრამის აქეთ კი – საითაც გინდა.
რაც იმას ნიშნავს,
რომ ნადირივით –
მიდით, დაიცავით ეშვებით –
სამფლობელოები მონიშნული გაქვთ,
და სათვითონე თონეშიც
გამოსაცხობად ნებით ეშვებით.
ყველა საზღვარი თავისებური არის მაგრამი
და ერთმანეთის წინააღმდეგ გვაერთიანებს.
მაგრამ მაგრამი ცდება ან ცრუობს,
რადგან საზღვარი შენ ხარ,
სადაც გაიელვებ,
იქ გაივლება.
ცოტა ცბიერი, თანაც ცნობიერ,
გაგეცინება, ციცაბოდ ცხოვრობ.
4.
ხელისუფალი მე მეჯავრება
და მეზიზღება ნახელისუფლარი.
ხალხი ახლაა და თუ გინდა,
რომ წინასწარ გაიგო,
„რომელ ჩაიდანს აადუღებს,
ხვალ რას ჩაიდენს“,
მსოფლიოს ამ სოფლის ნახე სუფლიორი,
წინაპრების საფლავიდან მოკარნახე,
ერთში ორის –
სიხარბის და შიშის –
ერთდროულად
ორი სოფლის სუფლიორი.
5.
რა უვარგისიც არ უნდა იყო –
შვილად უვარგისი,
მშობლად უვარგისი,
მეგობრად უვარგისი,
მოწაფედ უვარგისი,
მასწავლებლად უვარგისი,
მეცნიერად უვარგისი,
პოეტად უვარგისი,
შეყვარებულად უვარგისი,
უვარგისადაც კი უვარგისი –
ერთ რამეში მაინც ივარგებ აუცილებლად
და მეტი არც მოგეთხოვება.
არ გააწბილებ,
იმედს არ გაუცრუებ,
არ დააღალატებ
შენს ჩაძაღლებას,
და სიკვდილის ეპიდემია
იამაყებს შენით!
6.
ღამე როცა, ღამე როცა,
ღამე როცა დღეა,
არა მიხურულ,
არამედ ღიად
ჩაკეტილ კარზე
მოგიკაკუნებს.
ვინ იცის, როგორ გათავისუფლებს
და სად წაგიყვანს საზღვრის ლოგიკა.
ყურს ვიდრე მიაჩვევ, ენას უკიდებს,
ვერც ფეხს იკიდებს, ზღურბლი გლუვია,
დრომ მუხანათი ენით გალოკა.
„მე არ ვარ მე, მე იგი ვარ და
ბატონებივით მოსახდელიც, გადასატანი!“
„რომელი მე ხარ, რომელიმე ხარ,
სამივე ერთად, იქნებ არც ერთი?
და დრო მაგ კართან ვეღარ გიპოვის,
მთელი წარსულით თუ მოგივარდა.
7.
მიზეზი ზანტი ზედაპირია,
შედეგი კი – ფსკერის კარი,
სარდაფი არდაფიქრების.
მათ შორის იყო ჩემი სახლი და
თავშესაფარი.
მე მათი განაწილება,
საჯერმერეო, მერეოდა,
მსაჯი არ უნდა, ისე მჯაბნიდა.
დროს, კიბეებზე მონაბიჯეს,
გამარჯვებულად ვაღიარებდი.
ის კი იხსნება მსუბუქ მარაოდ,
იშლება, როგორც მაჯის თითები.
ან რა მიხვედრა ამას უნდოდა,
რომ ერთდროულად
ვხვდებით ერთმანეთს.
აწმყოსა შიგან რაცა დგას,
იგივე წარმოსდინდების.
8.
ღამეა გარეთ, ქაფი უშენო.
უსიგარეტოდ ცეცხლს რა ფასი აქვს.
კოლოფი რაფაზე დევს,
ჰგავს ოცთავიან დევს,
ახურავს ერთი კაპიუშონი.
დაღლილი სიმაღლე
კი გამყოფია
ამ სართულისგან
ძირს ტროტუარის,
მას დაიხვევდი ხელზე,
არა უკეთესს, არამედ
შემოგთავაზებს დრო თუ უარესს.
თუმცა რა უნდა იუკადრისო,
ბამბის ამბების საბაბმა.
ტროტუარს ისე
ხშირად ახსენებ,
თითქოს ქვაფენილის იყოს
და არა ასფალტის.
9.
თუმცა ასეთი
ცხოვრება შენზე,
ოთახიანი, ახია, ნირი
არ წაიხდინო.
მთელი სამყარო
ოთახებად დაოთხილია.
ერთი მეორეს მოსდევს დერეფნად,
და არც ერთ მათგანს
არავინ იწვევს და არაფერი
სტუმრად, შედეგად
ან კონსულტანტად.
ნირს არ შეიცვლის,
ერთბაშად აგინონ,
აქონ სულ თანდათან.
სიფრიფანა ფარანი
დაიფრენს ფანერის დერეფანს.
10.
მომავალი ისაა,
რაც ჯერ არ გაგვიხსენებია,
წარსული უკვე გავიხსენეთ,
აწმყოს გახსენებას შევუდექით
უკვესა და ჯერს შორის.
უცვლელი და უძრავია და თავიდან ბოლომდე,
დასაწყისიდან დასასრულამდე ერთდროულია
სამყარო.
არანაირი ცვლილება მასში არ ხდება,
რადგან ზედმეტია,
რადგან ყველაფერი,
რაც ცვლილებას შეეძლო,
რომ მოეტანა,
თავის ადგილზე ისედაც არის
თავის მანამდელსა და თავის შემდგომს შორის.
ცვლილებას სადმე,
გარეთ მაინც რომ ეარსება,
ამ სამყაროში იგი ისევე ვერ შემოაღწევდა,
როგორც დახურული ფანჯრის მთელ შუშაში ვერ აღწევს,
არ შემოდის უბრალო წვიმა.
მაგრამ სამყაროსაც აქვს საზღვარი,
რომელიც გასდევს თავიდან ბოლომდე,
გაშეშებული დასაწყისიდან
გაქვავებულ დასასრულამდე.
და ამ საზღვარზე,
რომელიც თავისი მხოლოდ ერთი ზედაპირით,
ერთი მხრიდან ესაზღვრება სამყაროს,
ანუ ნახევრად ეკუთვნის მას,
ასეთ საზღვარზე შესაძლებელია ის,
რაც შეუძლებელია ყოველმხრივ სამყაროს სიღრმეში.
სველკვალიანი წვიმის წვეთები მოსრიალებს ფანჯრის შუშაზე,
მოუყვება მის სიმაღლეს,
ზედ დაცემიდან ზედვე შეშრობამდე
რამდენსაც გასწვდება.
მეხსიერების წვეთი ეცემა
შუშასავით გამჭვირვალე საზღვარზე
და ძირს ეშვება
და გზად იხსენებს ყველა აწმყოს,
რომელშიც იგი იცხოვრებდა,
შესაძლებელი რომ ყოფილიყო
ამ სამყაროში ცხოვრება,
რომელიც,
პირველ რიგში,
არის ცვლილება.
მაგრამ ცვლილება, მოგეხსენება,
აქაურობას ეზედმეტება.
11.
გონს ბოლოს ამაში მოეგო,
როგორც რომ თამაში მოეგო.
ცხოვრების ტყავში გახვეული
სიცოცხლე სიკვდილს მიერთმევა,
როგორც რომ ტაფა და იაფად
შემწვარი ომლეტი, რომლითაც
მშიერი მოითქვამს სულს.
12.
ყურადღებას
კი ნუ მიაქცევ,
როგორც წყალს მიაქცევდი,
მერე რომ თვითონ მოწურწურებდეს,
წვეთავდეს, სადაც ღარს ნახავს,
ნაოჭს და კიდეს.
ყურადღებას კი ნუ მიაქცევ
და ნურც გადაღვრი,
არამედ
იყურადღებე,
ღებე დღეების ღობე,
და მთელი ღამე საღებავია.
ჭოგრიტი ფუნჯი უნდა გახედნო,
როგორც ჩიბუხი მაგრიტის.
ზამთრის დღე ქალია,
საღამო აცვია მუხლამდე ჩექმებად
და ვიღაცაზე ამბობს,
რომ იმან გაიმეტა.
მე კი მაბარია უარესის დადასტურება.
არა? არა.
არა, არა!
13.
მთავარი ავარია არიადნეა,
როცა აწმყოს ლაბირინთი
ამტვრევს მინოტავრს
და ზედ ემსხვრევა.
ილუზია უზიარებს იარებს
მომაკვდავთან მისულ პოეტს,
რომელმაც მანქანის ტარება
საერთოდ არ იცის.
14.
უცებ ბოცა, რომ მოწნულია,
ღვინით გაივსოს,
პატარა კასრი ასრიალდეს ქაფის გუბეში,
როგორ გამივსია.
როგორც ერთ რქაზე მოსხმულია ორი მტევანი –
აკიდო ჰქვია –
ცალ ყურადღებას
ზნექს, როგორც ნეკს,
ერთად ნაზარდი ორი მტევანი –
მოყურადღებე აქეთ,
ნაყურადღები იქით.
ერთად ვიმარცვლებით მე და მეორე.
და მევენახე სიკვდილი
ერთად დაგვკრეფს და დაგვწურავს
და ღვინოდ ერთად მოვეკიდებით.
დამთვრალა, ჩასძინებია,
სიზმრად ვენახი უნახავს,
ჩვენც მაშინ დავბადებულვართ.
15.
ჰადესმა თქვა,
თუ ოდესმე
დაუსხლტა მენადებს,
პოეტის მოდის მე,
მას კარი გავუპო,
ვუპოვო მეგზური,
იცხოვროს, იაროს,
საიქიოში
გზები არ დაიზოგება.
ის კი მიდის და ბრუნდება,
სადაც ტანი გაუფანტეს,
სხვათა რომ შორის
მოკვდეს ზოგ-ზოგებად.
16.
თეორია ორია.
ერთი უფრო ფრაგმენტებისაა,
თვითონაც სრულებით,
შესაბამისად, დანაწილებული.
მეორე მისდევს იმათ საერთო საზღვარს,
უკიდურესია.
მე მას მოგახსენებ,
შენ კი გაიხსენებ.
ვიწყებ მაგალითით:
ადამიანი, ვთქვათ, ადამიანი
სხვების ან თანდასწრებით ან განმარტოებით,
მაგრამ მაინც
სხვების ცხოვრების განმავლობაში
კი არ კვდება, როგორც ჰგონიათ,
არამედ
ადამიანი კვდება თავის ცხოვრებაში!
და არსად სხვაგან,
და არსად სხვა დროს.
ხოლო სხვებს,
რომლებსაც ჰგონიათ,
რომ მის სიკვდილს ესწრებიან,
ან იგებენ თავიანთ ცხოვრებაში მომხდარ ამბად,
ამ სხვებიდან თითოეულს ცალ-ცალკე
სინამდვილეში მხოლოდ ახსენდება,
მარტო აგონდება
სხვისი სიკვდილი, ნებისმიერის,
სხვა ყველაფერთან ერთად,
რადგან მეხსიერებიდან გამოსავალი
ერთადერთია!
17.
რადგან გადაჭრით გიკრძალავს,
ენდო,
ამიტომ მკვდარია გვამი.
რადგან ნდობის ნებართვა,
რომელსაც თითქოს იგი იძლევა,
უმისამართოდ ბუნდოვანია,
ამიტომ მძინარეს
უყურებ ეჭვის თვალით.
მოდი, მენდეო,
გულუხვად ვინც გასცემს
ნდობის უფლებას,
ისე გულუხვად,
მოვალეობად რომ გეკისრება,
ეგ კი სრულებით ცოცხალია.
ამ სამიდან შენ რომელი ხარ?
აბა, თავს ჰკითხე,
თუ შენი თავის ნდობის უფლება
როდის და სადაა.
შენი პასუხი მარტივი,
უბრალო და სადაა:
კოპერნიკის დაწყებულს
ბოლომდე უნდა მიყვანა.
თუმცა ლამაზია, ბოლო ილუზიაც
გასაფანტია,
თუნდაც იყოს თანაც ბრიყვივით ურყევი.
რაც სულ გგონია,
მხოლოდ გეჩვენება.
სინამდვილეში
არ ხარ აქ და
არ ხარ ახლა.
18.
კი არ მახსენდები ან გიმახსოვრებ,
არამედ გამეხსიერებ!
კი არ გიხსენებ, როგორიც იყავი,
არ გიმახსოვრებ, ახლა როგორიც ხარ,
არამედ-მეთქი გამეხსიერებ
ისეთს, როგორიც იქნები,
როცა მომავალს გაითანდათანებ
და გადაკეცავ ხელით წარსულად.
მეხსიერება სამი ჩარჩოა,
კარი კი არა,
მთელი ლოჯი და შუშაბანდია,
და დრო ანთია.
სკამები დგას მაგიდასთან
და ზის მელოტი.
ჩრდილებს დაჰყურებს,
როგორც აუზის სელაპებს.
იყოდ და არა იყო რად
მეხსიერებას გახსენების
სოლი სულ აპობს.
19.
ცხოვრება, რომელსაც
არც ეშმაკობა, არც გულწრფელობის
ცეცხლი არ ჰყოფნის,
ნახე ნახევრად მზაკვარი, უმი.
რაც გიკარნახოს, რომ იქ არ ნახო,
მაინც ხომ დაგესიზმრება.
სიკვდილის რაფაზე შემოდგმულია
დრო, გამჭვირვალე აკვარიუმი.
20.
ვერსად გადაიხვეწებით,
ამ ქვეყნიდან ვერასოდეს წახვალთ,
ჩემგან რომ იანდერძეთ,
თქვენ ამ მყესებით და იმ მალებით.
გილიმოგ, ადგილი მოგძებნის,
თიმოგ, შენ წუთი მოგაგნებს,
დაბრუნდით, ჩემო ჩრდილებო,
მაინც ვერ დაიმალებით.
21.
თავის მოკვლა
საყურადღებო ჩვეულებაა.
უძრავ სამყაროში,
სადაც მოიძებნება,
მხოლოდ ყურადღება
კარგავს წონასწორობას.
სამყოფი სიმაღლეც
ორ ნაბიჯშია.
ხოლო ყურადღების
სახელი დროა.
ყურადღებას ეჩვენება,
რომ მიექანება
არა თვითონ,
არამედ გარშემო
რაც ყრია.
იმავე ყურადღებაში
ვერ დაბრუნდები.
ყური დამიგდე.
22.
აბა, თუ გაპატია აპათია,
რომ შეტოპე და გუბე გაბამს.
ან ვის რა უნდა მოსთხოვო,
სხვა არაფერი,
დახურდავება დავებად
და კამათებად ამათ ებადა.
ხელს ნუ წაივლებ საგულეზე,
მე გაგამართლებ, ეგ არა.
ბოლო წუთამდე გადაიხდი,
დროა ბეგარა.
23.
უსახელო, უსახელოო
და უმკლავებო
ჟილეტი ილეთის,
მილეთის მსუბუქი
ელეთმელეთი,
მოიცვი, გაგათბოს,
და თუ ჯიბეებში
ლექსი და შაირი იდოს,
პოეტიც გერქვას,
კი არ აირიდო.
24.
ფოტოსურათი ზამბარაა,
გონების ფსკერზე
კომშის მუჭში შეკუმშული.
უბიძგოს სხვამ
მას აბა, რამ ბარემ?
გონება იმისაა,
რომ რამე ეგონოს.
და მას ჰგონია,
რომ მოძრაობა იგულისხმება
ყველგან და ყოველთვის,
ჩასაფრებული.
და რომ გაამართლოს ის,
რაც ჰგონია,
აგროვებს ასეთ კომშებს
მოქუფრული დღის
სარდაფში,
რომლის კიბეზე გასაყიდად ამოდგმულია
ხილით სავსე ხის ყუთები,
მათ შორის – კომშით.
ფოტოსურათი შეკუმშული ზამბარაა,
ხანმოკლე ზავია გაჩაღებულ ომში.
25.
თუმცა უმ ცას, დღისით
ჩურჩულივით ქვისფერს,
ღამე ქუჩაზე შემოდგმულ
ემალის ქვაბში ხარშავს,
ბნელი ეზოს გადამკიდე
მაინც მელნის ჰგავხარ შავს.
ფეხი წამოკრა, იწამო კრავის
და ბორდიურის გათლილი ლოდის,
რადგან შუბლი დაეკვრება
ერთ-ერთს მანქანის ფარებიდან.
აწმყოს საცერში გაცრილი
ჩემი ცხოვრების ფქვილი
სადმე პეკინზე
ანდა ჯანდაბაში
მითივით მოთოვს.
26.
მთელი შენი ცხოვრება
მომაკვდავი იყავი,
ოღონდ სხვაგან და სხვა დროს,
მოკლედ, სხვაგანდროს.
ეგ უნდა მცოდნოდა.
ახლა მაინც გავიგო ეს გარკვევით,
რომ ამასობაში
მე თვითონ სხვაგანდროს ვკვდები,
და სინამდვილეში მეჩვენება,
აქ და ახლა რომ ვარ,
რადგან ნამდვილი აქ და ახლა
ახლავს მხოლოდ მოკვდენას
და ხმის გაკმენდას.
სიფრიფანა სიზმარს
ერთი ნახვა გაცვეთს ხოლმე,
მეხსიერების ძაფით ნაქსოვი
უფრო გამძლეა და მაცდური.
მეორე გამოფხიზლება ბოლო იქნება.
კოტარდის იშვიათი სინდრომით
დაავადებულ ადამიანს
ჰგონია, რომ მკვდარია
და ვერაფერი გადაარწმუნებს.
ზუსტად ამის საპირისპიროდ
და უხშირესად
აქ და ახლა
ჩვენ ხომ გვგონია,
სრულებით ცოცხლები
რომ ვართ და ვცხოვრობთ,
და ჩვენც ვერაფერი გადაგვარწმუნებს.
თუმცა სწორედ ამასობაში
ბოლო გვეღება
უკვე სხვაგანდროს.
27.
ხელცარიელის ნანადირევით
ნადირობიდან ბრუნდება რინდი,
ყველა წარსული რომ წარსულია
და თან – თანაბრად,
რომ მომავალი ჩამოიქნება
და თან – თანდათან,
და რომ მათ შორის იგულისხმება
უთანხმოება.