გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უზურპატორი

1.

წარსული მეტყველია,
მიმიკა მიმიქარავს,
და თავს აფარებს მომავლის კარავს,
რომელსაც აწმყო
დაწვრილებით აწვიმს,
ვიმსახურებთ ვითომ
თვითონ როგორც
და სხვა მითების მითითებით.
რა აღარ მოგვიგონია,
თვითონ ზოლებად
და სტრიქონებად შეთხზულებს.
გნებავს, ზღაპრების წიგნი დაარქვი,
გინდა  ლეგენდების გუნდი.
მაგრამ არა, არა 
წვიმას ეხამება ზეპირმეტყველება,
ყოველ ჩვენგანს აწმყო ამბობს,
და ყველას ერთად გვამბობს.
რასაც სიტყვის მარჩიელი იტყვის,
ითქვას, ხანდახან
ყურის დაგდებად ღირდეს.

 

2.

დაიკრიფება, დამწიფდება,
იმოგზაურებს,
მანდ არ დარჩება
მანდარინი
მკვახე ბაღებად.
ჭერქვეშ რომ მხედავ,
დარაჯიც ლახვრით ედგეს,
კარი მაჩვენე,
ღირდეს გაღება,
იმ კარის გარდა,
ბუნდოვან სარკეს
რომელიც არკვევ.
წესმა მაძაგა,
გამონაკლისმა მაქო,
ღამის კოლოფში დარბის
დღეების მაქო,
კერავს პერანგებს, სუფრებს,
ფარდებს და ფრაზებს.
თქვენი ვინაობა
შენადნობ შენად
მეთქმევინება.

 

3.

ბნელ ხევისწყალს მოსდებია
გვიმრა და ბუერა,
როგორც სიცოცხლეს 
წყალივით ცივი უარი.
გზაში ესალმები
ხალხს, ვისაც სახელით
ან ცნობ მწუხარე იერით
ან ანცობაზე,
თვითონ მათსავით ცნობიერი,
კიდეს მოდებული
გრძნობა  ობიერი.
მოგიძებნია ტანი თანდათან
და მოგინახავს გონების ფესვი,
აიღე და დაფლეთილი დაფალი,
თურმე ყოფილა ეს ვინ.
რადგან ღმერთია პერისტალტიკა,
სიკვდილს კი ადევს ტალკის ფერი,
გაგიმართლა ერთი რაშიც,
არ ყოფილხარ თუმცა რაში,
ტოტი, რომელზეც მუხლუხოდ გახოხდი,
ქვეყნიერების ხავსიან
და შეუღებავ ღობეს
გადასწვდა, გადაეკიდა.

 

4.

როგორც ლოკოკინას თავისი ნიჟარა,
შეკრებას მოაქვს შეკრების ადგილი,
ოღონდ არსაიდან.
წვიმიანი ღრუბლების
ფერი და გემო
მოჰყვება დაფნას, ომბალოს, ქონდარს
იქ, სადაც ლოჯები
მაჯლაჯუნებივით დაალაჯებენ.
დაწესებული ადგილების რუკა საათია,
რომელიც მაგივრად დროის
აჩვენებს ჩვენს თავს,
საათების და წუთების მაგივრად
დროსავით გვაჩვენებს ჩვენ.
რუკა და საათი სარკედაც მოსულა,
მე და შენ ვართ ანარეკლის მასალა
და უადგილო ავტოპლაგიატი,
როგორც რომ აგდია პალტო იატაკზე.

 

5.

ოვრე, ოვრე, ოვრე,
მოვრეცხე ცხოვრება.
ერთი-ორგან გიღალატებს
რომელიმე ორგანო,
მერე გაორმაგდება,
მერე გასამმაგდება,
თქმაც მოჰყვება ჩივილის 
მჩეხავენ და ნაწილ-ნაწილ მაგდებენ,
როგორც მაგიდებიდან
ყრიან ნარჩენ-ნაგავსო;
პირს არ იკრავს ჭრილობა,
ტკივილმა კი ნაბიჯ-ნაბიჯ აგავსო.
არყოფნაში თავიდანვე გაწვრთნილი
ნებასა და უფლებას
თავს არ მისცემს მაგდენის.
მასპინძლობა კარნახობს
ღია კარად დახვედრას
და მიჩენილ კარადად,
დახვედრას სალმის მაჯებად
ანუ სტუმრისთვის
გაწვდილ უჯრებად:
მე მისი აგარაკი ვარ,
მოეწყოს, როგორც უნდაო!
ანდა როგორ აკადროს
ფასი, ქირა და იჯარა
ან თავისი
ნაკაწრებით ვაჭრობა
ანუ "ნაწერმოებით".
მოვრეცხე ცხოვრება,
ოვრე, ოვრე, ოვრე!

 

6.

უქმად ანთია სიცოცხლის,
ცხადია, ცეცხლი,
კულტურის კერძი კი
მეტაფორის ტაფაზეა მოხრაკული.
მაგრამ უგანმარტებოდ
გრჩება ოხრად ორაკული.
ამიტომ აზროვნება
იყოს ორაზროვნება
ერთმანეთის
შესახებ და გამოც
და გამოცდა.
გველის ენასავით
ორკაპია გონება
და როგორც მოჰყვება
ხოლმე შეხვედრას
ჰორიზონტის პწკარი,
გრძნობა ცნებას შეეყრება
სიტყვასთან,
რომლის იქით
ვერსად წახვალ,
კედელს ცერცვი შეეყრება.

 

7.

რომ ბუდესავით იდოს იდეა
გრძნობის მაღალ კენწეროზე,
ან მწიფდებოდეს
იქვე ხილად და ხელად,
უჟანგავი სიგიჟის
ბასრად მსერავი
სისწრაფითა და სიიაფით,
სიფათიც ჰქონდეს
სიმპათიური ასიმეტრიის,
უნდა ხდებოდეს იდეა
უზუსტესივით
ან მადანივით იმდენი,
რომ თავისდა
უცაბედად თუნდაც
მოიცავდეს
შორს წასულ და
ღრმად გაქცეულ ფესვებს,
რომლებიც სხვაგან 
მოდი და ნახე 
იზრდება სხვა ხედ.

 

8.

საძირკველში ყველაფერი
თავდაყირა დგება და
გზად მტვერში ამოგანგლული
იქ აღმოაჩენ,
რომ სარდაფის მაგივრად
თურმე სხვენში ამოყავი თავი
და ვიდრე დაიწყებ დავიწყებას,
მუქი თუნუქის სახურავიდან
მზერით ზომავ
ეზოს რუხ და
დუნე დონეს,
ზედ რომ ზიდვა უხდება
ფლატესავით ასფალტის
დასიცხული ენების.
გააკვირვებს კიდევ ეს ვის,
როცა ეტყვის მითქმა-მოთქმა,
დამთესავი თვითონაა
თავისივე ფესვის.

 

9.

თუ მასში ნათქვამი სიტყვისთვის
თვითონ წიგნის მიგნება
შეუძლებლის ზღვარზეა,
კარგად ყოფილა ჩემი საქმე
და თან პირიქით,
რადგან უვნებლად ირქინება
აკვიატების ხბო
და გადავურჩი, ესე იგი,
ჭეშმარიტების
მოურიდებელ ხართან კორიდას.
დაკეტე კენტი პოეტის კარი,
თუ ურჩევნია,
რომ მოსტაცებდეს
ველური ქარის ქორი დას.

 

10.

გზების მძებნელი,
ბნელი ხელობის
კაცი აცინებს თავისი
სიბეცითა და უცნაურობით
უფრო და უფრო პროკურორ დროს,
რადგან ხაფანგში თვითონ ვარდება,
როგორც ჩანგალზე ასული:
ჩიხი იხილე,
სქოლიო
და განმარტება მრავალგზის.
სხვა დანარჩენი წრედ შეკრულია,
ყულფად, მარყუჟად
და კალენდარში შეყუჟული
თავის თავთან
უკანასკნელობს.
საქმის წინ წაგდების ოსტატია
ჰომეოსტაზი.

 

11.

არა პოეტი და სწავლულია
ან იარაღი ავლულიანი,
ის მეანეა, რათა აქა-იქ
ადამიანებმა თავი მიანდონ,
მიანებონ,
რომ დაიბადონ მანქანდაკებად,
რომლებსაც წამებად
დრო ვეღარ დაკეპავს.
ჩვენი სამყარო
 პანტარეია 
მყარი კი არა,
უმუდმივობის საკბილო,
ცვალებადობის საუზმე
და წარმავლობის სამხარი,
ყოველმხრივ წამიერია.
მოუქნელი ჭუპრიდან,
მყიფე ნაჭუჭიდან
ღირდეს იქნებ
მანქანდაკის მართლა ათლა,
ის იქნება
სიზმარი და ზმნა.
ბნელად წოდებულს
ეს უთქვამს ნათლად.

 

12.

სარჩული ურჩობით გამოირჩევა  სულ არ ჩანს!
თვითონ კი ხედავს სახელოებით.
მისი კარნახი აფრთხობს, აფორიაქებს
საყელოსთან შეფერხებულ სიფათებს:
ან ცხოვრობთ განცდებით,
ან ცდებით მწარედ!

 

13.

დავბერდები აბერდინის ლორდად.
რადგან ბუნების
გარეთ და გარდა
მხოლოდ სიტყვის
ძალა გერჩის,
და კიდეც ცხოვრობ
ზოგჯერ დამარცვლით,
ზოგან გადაბმით,
შესაბამისად ამისად,
ხარ დამარცხების
ან გამარჯვების ამბავში...
ერთ ამბავში ნუ ხარ, ის ხომ
ზღაპარია, რომ ვერაფერს გახდები,
თუ ცხოვრებამ დაგითრია,
ხარბმა ან უხარისხომ.

 

14.

იცი ხომ,
სიკვდილით კვდომა
ომად რომ არ მოვა,
რას ელოდები.
მსუბუქად გაქრება
გაქნილი სიცოცხლე
და ბოლო სიზმრის
ტატუ ატუზული
გონების კანზე.

 

15.

ვითომ აწმყო წარსულისთვის
კითხვად იყოს დასმული,
მიწიდან ვაშლივით ასაღებ
და ვიდრე ჩაკბეჩ, აქ ბეჩავის
სულს მაინც რომ შეუბერავ ღონივრად,
ონავარ მომავალს ისეთ პასუხად ასაღებ,
მაგრამ მიზეზი მიზნად,
მიზანიც აზრად არ გამოდგება.
სამივე სართულს კიბე აქვს საერთო.

 

16.

თავის ჭკუაზე თუ დაატარებს
ისტორიას უზურპატორი.
მაგრამ მოედანს ვერ მოიგდებენ
ზურგზე ქუჩები,
თან რომ წაიღონ,
ვერც ზეწარივით დაფხრეწენ
რომ ნაფლეთებად გააფრიალონ
უღიმღამო ჰორიზონტისკენ,
სადაც ჩამქრალ ჰულაჰუპს
ატრიალებს დედამიწის თეძო.
უზურპატორმა ასწლოვანი ხე ამოძირკვოს,
ფესვებიანად მიმოიტანოს,
რატომაც არა, ეგეც მოსულა.
ოღონდ ისტორია არასოდეს არ მეორდება,
არ ტრიალებს წრეზე,
მას არც ფესვები გააჩნია.
ისტორია მარტოა,
რომ ყოველდღე,
ყოველ ჯერზე თავიდან
იწყებოდეს თვალწინ ხოლმე,
დაიგდოს არა სამარადისოდ,
იშლებოდეს არამედ
წარამარა მარაოდ!

 

17.

ვიდრე სინათლეს ვინთებ,
ჯერ ჭერთან ჩერდება
ღრუ ბნელი.
ღრუბელი ღრიალებს,
ღრიანკალ როგორც ნაკბენი.
რა მოხდა, ერთხელაც იატაკს აღმოხდა.
მე მორიელი
მემორიალი ვნახე
დროის, დროის, დროის, დროის,
რომელიც დაოთხილი
ბადესავით ალაგებს,
წინდაწინ და წამდაუწუმ,
ოთახებად ქალაქებს,
აქლემების აკლდამას.
არა მარტო ხელობა,
მაქვს ბედი ბედუინის.

 

18.

რომ გითხრა სადად,
სადაც დარწმუნდები,
მანდვე დაგერხევა
სავარაუდოდ.
ასე რომ,
უდავოდ
უნდა აუდო.

 

19.

სიკვდილს

მაქედან ქედანი აქანდა,
მაქებ ხომ, მახეებს მახებ.

 

20.

კი ცალ კამათლად მიგორავს „ახლა",
ცალკე კამათლად  „აქ",
მაგრამ სამყაროს ბეჭზე გართხმულ
ჩვენი ცხოვრების
ნარდს ათამაშებს
ორივე ერთხმად,
როგორც ფრთებს იქნევს
მფრინავი გველი,
კეცალკოატლი.
დაფიდან გადაცვენილი
კამათლებივით აქ ვიბადებით,
ვკვდებით კი სხვაგან.
ასე ალესილი შალაშინი
გამჭვირვალე ბურბუშელას მოათლის.

 

21.

სულ ემზადები
და ულამაზებ
ლოჯებით ოთახს
ირიბი შუქის
შეულახავი ნაბიჯებით
მომავალ სტუმარს.
ამ საზიანო გზებით
დაუმტვერავიც
მოაღწევდეს
მეტი ვერავინ.
მოლოდინს მოელანდება,
რომ ნელა მოლასლასებენ
უკვე კარზე მომდგარი
უცნაური ჟესტები.

 

თიზერის ფოტო © Matthew Grey

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა