გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვითარება ირანში – ცეცხლი ღადარში

ქრისტიანული (ევროპული) წლის დასაწყისი ირანელებმა დიდი საპროტესტო გამოსვლებით აღნიშნეს. პროტესტის ტალღამ, რომელიც თავიდან პირველადი სასურსათო პროდუქტების გაძვირების გამო და სოციალური სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, შიიტთა წმინდა ქალაქ მეშჰედში დაიწყო, მალე ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქი ერთიანად მოიცვა და მალევე გადაიზარდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ უჩვეულო სახალხო გამოსვლებში. პროტესტი და ქუჩის გამოსვლები უკანასკნელი წლების ირანისათვის უცხო ნამდვილად არ არის, მაგრამ ბოლო აქციები უკიდურესი რადიკალიზმით გამოირჩეოდა და პროტესტანტთა ლოზუნგები და შეძახილები იმაზე გაცილებით ღრმა კრიზისზე გვაუწყებდა, ვიდრე კვერცხის გაძვირებით გამოწვეული თუნდაც სრულიად სამართლიანი საყოველთაო აღშფოთებაა.

ის ფაქტიც, რომ პროტესტის ტალღა სწორედ მეშჰედიდან აგორდა, ბევრ რამეზე მეტყველებდა.

ირანის სამხრეთში მდებარე, სიდიდით მეორე ქალაქი, ამ ქვეყნის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს, კიდევ ერთ წმინდა ქალაქ, ყუმთან ერთად. ოღონდ თუ ყუმი რელიგიურ-პოლიტიკური ცენტრია, მეშჰედი უფრო პირწმინდად სასულიერო-თეოლოგიური ფორფოსტია, სადაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ნაკლებად მიიღება.

მაგალითისათვის და სიტუაციის ნათელსაყოფად შეიძლება იგივე 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუცია გავიხსენოთ, რომლის ძირითად კერებად ყუმი და ქვეყნის დედაქალაქი – თეირანი მოგვევლინა. მაშინ ის, რაც ყუმში დაიგეგმა და დამუშავდა, თეირანში დაგვირგვინდა. თავიდანვე ცნობილი იყო ისლამური რევოლუციის მეთაურებიცა და ადეპტებიც.

ამ საპროტესტო გამოსვლებისას კი არ ჩანდა ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა, ანდა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.

გავრცელებული კადრებიდან, რომელსაც, ძირითადად, თვითონ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები იღებდნენ და შემდგომ ირანის გარეთ მოქმედ სპარსულ ან საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს უგზავნიდნენ, აშკარა იყო ამ აქციების სპონტანური ხასიათი. პირველ რამდენიმე დღეს ქუჩაში გამოვიდა ხალხი, რომელიც შეწუხებული იყო კატასტროფულად გაზრდილი გადასახადებითა და ირანული რიალის არნახული ინფლაციით, რის გამოც ოჯახის მარჩენალთ თვიდან თვემდე თავისა და ჯალაბის გატანა აღარ შეუძლიათ. ამ კადრებში ჩანდნენ სასოწარკვეთილი მამაკაცები, რომლებიც ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, რომ მათ მშიერი ოჯახები ელოდებათ, შინ მისატანი კი არაფერი გააჩნიათ. დიდი ხნით, ხშირად 6 თვითაც კი, „იყინება“ ხელფასები, რომელთა ანაზღაურების იმედიც გადაწურულია და თუნდაც ანაზღაურდეს, თავბრუდამხვევად მზარდი ინფლაციის პირობებში, ეს ისედაც მწირი ჯამაგირი ვერანაირ მოთხოვნილებას ვეღარ სწვდება.

ეს ყველაფერი საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ საყოველთაო უკმაყოფილება დაიწყოს, მაგრამ მიზეზი გაცილებით ღრმაა და იგი უკავშირდება სისტემურ პრობლემას, რომლითაც პრინციპულად განპირობებულია დღევანდელი ირანის სავალალო ეკონომიკური ვითარება. კერძოდ, ეს არის ქვეყანაში დამყარებული მკაცრი თეოკრატიული რეჟიმი, რომელმაც თავისი 39-წლიანი არსებობის განმავლობაში არათუ საკუთარი თავის, არამედ საერთოდ რელიგიური იდეების ისეთი დისკრედიტაცია „მოახერხა“, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულიად გააგულგრილა რელიგიისადმი, ხშირ შემთხვევაში კი – საერთოდ, სარწმუნოების გააფთრებულ მოწინააღმდეგეებად გადააქცია. შიში იქცა ხალხის დათრგუნვის ძირითად იარაღად, შიში, რომელმაც ვერ შვა სიყვარული, მაგრამ შექმნა ტერორის ისეთი ფეთქებადი ატმოსფერო, რომელიც – სხვადასხვაგვარად და სხვადასხვანაირი ფორმით – უკვე მუდმივად აალდება ყველგან, სადაც კი ამისი სულ მცირე საშუალება მაინც მიეცემა.

თუ დღევანდელი რეჟიმი აქამდე რაღაცნაირად ინარჩუნებდა ქვეყნის სიტუაციაზე კონტროლს, ეს, პირველ რიგში, ასე თუ ისე ასატანი ეკონომიკური ვითარების გამო ხდებოდა. ირანში, ყველაფრის მიუხედავად, არ უჭირდათ თავის გატანა და სურსათისა და ძირითადი მოთხოვნილების საგნების ფასები გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე რეგიონის ანდა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში.

ბოლო ათი წლის განმავლობაში კი ცხოვრება თანდათანობით გაჭირდა. ისლამის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი იდეაც – სოციალური თანასწორობის შენარჩუნება თუ თანაბარი სასტარტო პირობები ყველა ადამიანისათვის – რეალურად განუხორციელებელი აღმოჩნდა. მზარდმა ინფლაციამ მოსახლეობის ერთი (მცირე) ნაწილის არნახული გამდიდრება და მეორე (დიდი) ნაწილის წარმოუდგენელი სიღატაკე გამოიწვია და ამ ორ ფენას შორის გადაულახავი უფსკრული გააჩინა.

ხალხზე უკვე აღარ მოქმედებს სახელისუფლებო ტრიბუნებიდან მოსმენილი თავის მართლება იმის თაობაზე, რომ დღევანდელი ეკონომიკური კატასტროფა დასავლეთის მიერ ირანის მიმართ შემოღებული უმკაცრესი სანქციების შედეგია.

მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ამ სანქციების პირობებში მათი თანამემამულეების ერთი ნაწილი (რომელსაც, სხვათა შორის, არც პიროვნული ღირსებები და არც განათლება არაფრით გამოარჩევს) ძალიან გამდიდრდა და ეს, ძირითადად, ამ გამდიდრებულთა ხელისუფლებასთან დაკავშირების, ტყუილის, ძალადობის, თვალთმაქცობისა და უსინდისობის, მთლიანობაში კი საერთო-სახალხო ქონების არასამართლიანი მითვისებისა და ძარცვის ხარჯზე მოხდა, – სახელისუფლებო წიაღში წარმოქმნილი ბიზნესკლანების ხელდასხმითა და მათი სრული თავაშვებულობის წყალობით.

ხალხის ფართო მასებმა ისლამური რევოლუცია ძირითადად ერთი მომხიბლავი და ოსტატურად ნასროლი იდეის გამო აიტაცეს. იმდროინდელი სასულიერო წოდება მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ირანის ბუნებრივი სიმდიდრე შაჰის ოჯახსა და მთავრობას გაჰქონდა საზღვარგარეთ; ისინი თვითონ მდიდრდებოდნენ, ხოლო ამ სიმდიდრის კანონიერი ბატონ-პატრონი – ხალხი – თავის ქონებას ვერაფერში იყენებდა.

რა თქმა უნდა, სიმართლის ძალიან დიდი მარცვალი იყო სიღარიბის მიზეზების მასებისათვის ადაპტირებულ ამ ვერსიაში, თუმცა ირანის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ექსპლუატაცია-რეალიზაციის მრავალფეროვანი სქემა ვერაფრით მოთავსდებოდა მხოლოდ ასეთ მარტივ და ცალსახა დეფინიციაში.

თუმცა, ხალხისათვის ამ სქემის დეტალურ ცოდნას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონია: მათთვის საკმარისი იყო იმის გააზრებაც, რომ მათი დიდი ეროვნული სიმდიდრე, ვთქვათ, საერთო-საყოველთაო დოვლათი, მათ ყოველდღიურ სუფრაზე არაფრით არ აისახებოდა. და ამ პირობებში, ხალხმა მოძებნა რაღაცა დასაყრდენი, რაც, მათი აზრით, თავის გადარჩენაში დაეხმარებოდა: ასეთი დასაყრდენი მუსლიმური (კერძოდ, შიიტური) მემკვიდრეობა აღმოჩნდა, რომლის ცოცხალი განსახიერება ხალხისათვის სასულიერო წოდება გახდა.

სასულიერო წოდებამ კი, მართვის სადავეების ხელში აღების შემდგომ, ქვეყანაში უმკაცრესი რელიგიური რეგლამენტაცია დაამყარა. ეს რეგლამენტაცია მოიცავდა – ქალის ჩაცმულობის თავისებური წესის დაცვიდან (ე. წ. ჰიჯაბიდან) მოყოლებული, საერთაშორისო პოლიტიკის პრიორიტეტებში ხალხის (მასის) ნებით მანიპულაციით დამთავრებული – ყველაფერს, რაც მმართველ ფენას საკუთარი პოზიციების გამყარებაში დაეხმარებოდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს მტრის სიმბოლური ხატი, რომლის წინააღმდეგაც დროდადრო ირანის დიდ ქალაქებში საჩვენებელი მასობრივი მსვლელობები და მანიფესტაციები ეწყობოდა. ამ მანიფესტაციებზე უცვლელად ისმოდა შეძახილი „მარგ ბარ“ („სიკვდილი!“ ან „ძირს!“), შეძახილის ობიექტი კი სხვადასხვა ვითარებაში სიტუაციის შესაბამისად იცვლებოდა. არსებითად ეს იყო ამერიკა ან ისრაელი („დიდი სატანა“ და „პატარა სატანა“, როგორც ამ ორ ქვეყანას ირანულ ოფიციალურ წყაროებსა და რიტორიკაში არცთუ იშვიათად მოიხსენიებდნენ), მაგრამ მათი ადგილი შეიძლებოდა თავისუფლად დაეკავებინა ყველა იმ ქვეყანასა თუ ადამიანს, ვინც ირანის სასულიერო ხელისუფლების ინტერესებში არ ჯდებოდა.

თუ წინა საპროტესტო მანიფესტაციებზე შეძახილი „მარგ ბარ“ ძირითადად უცხო ქვეყნებს შეეხებოდა, უკანასკნელი გამოსვლები დაიწყო დევიზით „სიკვდილი სიღატაკეს!“, „სიკვდილი ინფლაციას!“ და მალევე გაისმა „სიკვდილი დიქტატორს!“ ან „სიკვდილი ხამენეის!“

ეს შეძახილები იმისათვის, ვინც ასე თუ ისე მაინც ერკვევა ირანული ცენზურის მეტად ბუნდოვან და წინააღმდეგობრივ ლაბირინთში, ლამის რევოლუციის დასაწყისად აღიქმება. საქმე ისაა, რომ ირანში მეტად თავისებური ცენზურაა, რომლის ვექტორებიც ისე წუთიერად იცვლება, რომ კაცმა არ იცის, როდის რა შეიძლება იყოს აკრძალული და დაშვებული.

ირანში (აქამდე, ყოველ შემთხვევაში) დასაშვები იყო ნებისმიერი რამის და ნებისმიერი ვინმეს კრიტიკა, ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებლის, აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინის, ქვეყნის დღევანდელი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და ისლამური (შიიტური) რელიგიური სიწმინდეების გარდა.

ბოლო გამოსვლების განმავლობაში კი დავინახეთ, როგორ გადალახა ხალხმა ეს აკრძალვები და, როგორც ერთ-ერთი ამერიკული არხის ირანული გადაცემის წამყვანმა მოსწრებულად შენიშნა, როგორ შემოაბრუნა ლოზუნგი „მარგ ბარ“ იმათ წინააღმდეგ, ვინც ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში ეს ლოზუნგი სხვებთან მიმართებით აზეპირებინა!

დავინახეთ-მეთქი, დავწერე და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მსოფლიო უკანასკნელ ირანულ მოვლენებს თვალყურს ადევნებდა ამერიკასა და ევროპაში მოქმედი სპარსულენოვანი სატელევიზო არხებისა და რადიოსადგურების – „BBC Persian“-ის, „Man o to TV“-სა და „Radio Farda“-ს (რადიო „თავისუფლების“ სპარსული რედაქციის) მეშვეობით. ქვეყნის ოფიციალური ტელევიზია „სედა ო სიმა“ კი ჯერ მრავალმნიშვნელოვნად დუმდა, ხოლო შემდეგ ყველაფერს სახელისუფლებო პრიზმიდან აშუქებდა.

თუმცა, მკაფიოდ ჩანდა ერთი რამ, რომ ირანული სახელისუფლებო ცენზურა ისეთი ეფექტიანი ვეღარ არის, როგორიც ამ 15-20 წლის წინათ იყო და ამის მიზეზია, ერთი მხრივ, შიდასახელისუფლებო სტრუქტურების გარკვეული დაქსაქსულობა და, მეორე მხრივ – დღეს უკვე ფართოდ განვითარებული მასობრივი ინფორმაციის ალტერნატიული საშუალებები.

ბოლოდროინდელ მოვლენებს თვითონ ამ მოვლენების მონაწილეები კამერით იღებდნენ და ვიდეოებს მაშინვე უცხოეთში მოქმედ სპარსულენოვან არხებს უგზავნიდნენ. ამ გზით მთელი ეს მოვლენები თითქმის მთელი მსოფლიოს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ასე ვიხილეთ, მაგალითად, როგორ დაწვა ერთმა ირანელმა ახალგაზრდამ ყურანი, რომელიც, მისი თქმით, მთელი იმ უბედურების სათავეა, რაც დღევანდელ ირანს რელიგიური ტოტალიტარიზმის სახით თავს დაატყდა. ახალგაზრდა ამბობდა, რომ ყურანმა ირანელებს თავს მოახვია არაბული ველურ-ბედუინური ცხოვრების წესი და შეხედულებები, მაშინ, როცა ირანული ცივილიზაცია და რელიგია გაცილებით მაღლა იდგა მთელ ამ სემიტურ ნაბოდვარზე.

ამ ახალგაზრდის მონოლოგი, არსებითად, საზრდოობდა ირანში დღეს უკვე არადომინანტური, მაგრამ საკმაოდ ფართოდ გავრცელებული შეხედულებებით ერისა და ეთნოსის რაობაზე, რომელთა საფუძველსაც ძველი ირანული რელიგიები (ზოროასტრიზმი, მაზდეიზმი, მანიქეიზმი) და შაჰის დროს აქტიურად კულტივირებული არიული ნაციონალურ-ისტორიული დისკურსი წარმოადგენს.

მოჰამად რეზა ფეჰლევის და საერთოდ ფეჰლევიანთა დინასტიის „კულტურული რევოლუციის“ ერთ-ერთი გამჭოლი დევიზი სწორედ „საკუთარ ძირებთან მიბრუნება“ იყო, რაშიც უპირველესად ისლამამდელი ირანული კულტურა იგულისხმებოდა. ამ პერიოდისათვის მოხდა აქემენიანთა და სასანიანთა ეპოქის მატერიალური ძეგლების, მათ შორის, პერსეპოლისის რეაბილიტაცია. თვითონ პერსეპოლისის სასახლეების არქიტექტურა კი არაორაზროვნად გამეორდა რეზა ფეჰლევის დროს აშენებულ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის არქიტექტურაში.

ირანში დღესაც არის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (და აქ მაინცდამაინც არ იგულისხმებიან მხოლოდ დღევანდელი ცეცხლთაყვანისმცემლები), რომელიც არაბულ კულტურას – მთელი თავისი ყურანითა და ისლამის ყველანაირი განშტოებით – არიულ (ძველ ირანულ) ცივილიზაციასთან დაპირისპირებულ მოვლენად მოიაზრებს.

არცთუ იშვიათად სწორედ ამ ჭრილში განიხილება ხოლმე არაბულ სამყაროსთან და, განსაკუთრებით, ზოგ არაბულ ქვეყანასთან (მაგალითად, ყურის ქვეყნებთან თუ საუდის არაბეთთან) არსებული პოლიტიკური ურთიერთობები.

ეს ანტიპათია ორმხრივია და იგი განსაკუთრებით კარგად გამოვლინდა იმ არაბების სოციალური ქსელებით გავრცელებულ კომენტარებში, რომლებიც ირანის ბოლოდროინდელ მოვლენებს აფასებდნენ. მხოლოდ ორ არაბულ ქვეყანაში არ გაკეთებულა ასეთი მკვეთრი განცხადებები: სირიასა და ლიბანში.

ირანის ხელისუფლებას თავისი მოსახლეობა სწორედ ამ ქვეყნების გადაჭარბებულ გულშემატკივრობას საყვედურობს. ისლამური ირანის რეგიონული პოლიტიკა ცალკე განხილვის საგანია, თუმცა მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ამ პოლიტიკით კმაყოფილი არ არის. ბოლო გამოსვლებისას კი ხალხმა პირდაპირ დაადანაშაულა მთავრობა იმაში, რომ სახელმწიფოს მთელი ფული და სახსრები, რაც ირანელების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა, უმიზნოდ და ანგარიშმიუცემლად იხარჯება სირიასა და ლიბანში.

საშინაო პრობლემების მთელი ამ სპექტრის გათვალისწინებით, თავდაპირველად ირანელების გამოსვლები ხალხის სპონტანურ გულისწყრომად შეაფასეს, რომელსაც არ ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერები და არ იმართებოდა უცხო ძალის მიერ.

თუმცა, რამდენიმე დღეში, ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო ლიდერმაც, ალი ხამენეიმაც და ქვეყნის პრეზიდენტმაც, ჰასან რუჰანიმაც თავიანთ გამოსვლებში მიანიშნეს იმაზე, რომ ეს პროტესტი გარედან მართული იყო და მოსახლეობას მოუწოდეს, არ წამოგებულიყვნენ მტრულ პროვოკაციაზე.

ამერიკის პრეზიდენტის აქტიურმა მხარდაჭერამ პროტესტანტებისადმი ირანელ ხელისუფალთა მინიშნებები კიდევ უფრო დააკონკრეტა, თუმცა ქვეყნის ორივე ლიდერი აქციების ბოლომდე ცდილობდა, გარკვეული დიპლომატიური პროტოკოლი შეენარჩუნებინა და თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ღიად არავინ დაედანაშაულებინა.

უფრო სწორად, ირანულმა ისტებლიშმენტმა გარკვეულწილად აღიარა, რომ ამ გამოსვლების მიზეზი უცხოური, მესამე ძალის დაინტერესებასთან ერთად, ქვეყნის შიგნით არაეფექტიანი მენეჯმენტი გახდა.

მაგალითად, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ „ბუზი იქ ჯდება, სადაც ჭრილობაა. ამიტომაც, ბუზის მოსაცილებლად ჯერ ჭრილობას უნდა ვუმკურნალოთ“.

პრეზიდენტმა რუჰანიმ კი აღნიშნა, რომ „არ შეიძლება, ქუჩაში გამოსული ხალხი ყველა ერთ ტაფაში მოვხრაკოთ და ყველა მათგანს რაღაც იარლიყი მივაწებოთ. ვილაპარაკოთ, რომ ვინც კი საპროტესტოდ გარეთ გამოდის, ნაგავი, სახელმწიფოს მტერი ან უგნურია. პროტესტი ხალხის ბუნებრივი, კანონიერი უფლებაა და ეს უფლება მათ უნდა დავუტოვოთ. ქვეყანაში არის სიღარიბე და არის უშედეგო აკრძალვები, რომელიც ისტორიული პერსპექტივიდან არაფრის მომცემია. მაგალითად, შაჰის დროს ერთხანს აკრძალული იყო რადიომაუწყებლობა, მაგრამ ამან მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ „პარაზიტი“ არხები გაამრავლა. ავკრძალეთ სატელიტი, მაგრამ ამითაც ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამა თუ იმ ინტერნეტსაიტზე ვაყენებთ ფილტრს, მაგრამ იქვე ჩნდება ფილტრისმტეხი ან ანტიფილტრი. ჩვენ კი არ უნდა ავკრძალოთ, ხალხის ხმას ყური უნდა ვუგდოთ და მათი ის მოთხოვნები შევასრულოთ, რაც კანონიერი და სამართლიანია“.

ვინც ირანის ლიდერთა გამოსვლებს თვალს ზედაპირულად მაინც გადაავლებს, დაინახავს, რომ ოფიციოზის მეტყველებაში რაღაც ძალზე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ტონი შერბილდა და გარეთა ძალის ძიების ნაცვლად, კრიტიკული პათოსი შიდა პრობლემებზე კონცენტრირდა. ამიტომაც, საკმაოდ მწვავე გამოსვლების მიუხედავად, ეს პროტესტი საყოველთაო რეპრესიებით არ დასრულებულა და, რაც მთავარია, საქმეში არ ჩართულა ქვეყნის ძირითადი სამხედრო-პოლიციური ძალა – „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: დაიჭირეს 2000-მდე ადამიანი და მოკლეს 20-მდე კაცი, მათ შორის სამია ციხეში გარდაცვლილი, რომლებზეც ამტკიცებენ, რომ თავი მოიკლეს.

გამოდის, რომ ამ გამოსვლების დაშოშმინება მთავრობამ ჯერჯერობით მინიმალური ძალისხმევით მოახერხა. მაგრამ მას, თუკი ძალაუფლების შენარჩუნება სურს, მოუწევს, სერიოზულად იფიქროს პრობლემებზე, გადასინჯოს მიდგომები და იმოქმედოს დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად, რადგან ისლამური რევოლუციიდან 39 წლის შემდგომ ბევრი ყოფითი რეალია შეიცვალა და ეს რეალიები ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს.

დღეს ქვეყანაში უკვე სიმშვიდეა, თუმცა სიტუაცია ალბათ ყველაზე კარგად შეაფასა ერთმა ირანელმა, რომელმაც ქუჩაში ტელეჟურნალისტთან ინტერვიუში აღნიშნა: „ხელისუფლებას ნუ შეექმნება იმისი ილუზია, რომ ყველაფერი მორჩა. დღევანდელი ირანის სიტუაცია ჰგავს ნაცარში მინავლებულ ცეცხლს და კაცმა არ იცის, როდის აალდება!“

ავტორი : ერეკლე ლომსაძე
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა