„ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“ - რიჩარდ ფლენეგანი
მთარგმნელი - გია ბერაძე
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
ვფიქრობდი, დორიგო ევანსმა დამიბრუნა - ის უცნაური წრეც ჩემთან ერთად მოხაზა. მოხაზა და მოკვდა-მეთქი. მოვხაზე და მოვკვდი, გარდავიცვალე, მებორნისთვის გადასახდელი ობოლით, პირში.
ის იყო შუქურა, რომელიც ვერაფრით აენთებოდა ხელახლა. ის ეჭიდებოდა სინათლეს, ყველაფრის დასაბამს.
ყველაფერი სინათლით დაიწყო. ყველაზე ადრეული მოგონება მზის სხივებია, ხის ეკლესიის დარბაზში, მზის სხივების სითბო და ქალების ხელები. სკოლაშიც, ყრმობის წლებში, ყველაფერი დამაბრმავებელი მზის სხივებში ხდება, კაშკაშა, ლურჯი მზის სხივებში. მთელი მისი ცხოვრება იქნება სწრაფვა ამ წამისაკენ, როცა ის მზისკენ გაფრინდება და ამის შემდეგ მოუწევს განშორება მნათობთან და მოგზაურობა მისგან შორს, შორეული ჩრდილოეთისაკენ.
და ის გადაიქცევა შუქურად, რომელიც ვეღარასდროს აენთება.
დორიგო ევანსს უყვარდა წიგნები, რომლებიც შუქს აფრქვევდა და ეუბნებოდა, მარტო არა ხარო - მას უყვარდა „ენეიდა“. მას უყვარდა ალფრედ ტენისონი და ემისთან ყოფნისას, უყურებდა, როგორ ამოცურდებოდა მთვარე, ასცდებოდა ქალის მუცელს და ეცემოდა ზღვაზე ვიწრო ზოლად, და კითხულობდა - „მიზანია, ვიდრე მოვკვდები, გადავცურო ჩამავალი მზის გადაღმა, უკან დამრჩეს დასავლეთის ყველა ვარსკვლავი“. რატომ გიყვარს ასე სიტყვებიო, ქალი ეკითხებოდა. ის კი კითხულობდა „ულისეს“, კითხულობდა და მერე ეუბნებოდა, რომ სიტყვა იყო პირველი მშვენიერება, რომელიც შეიცნო.
დორიგო ევანსს თავისი ოჯახიც უყვარდა, მაგრამ მისით არ ამაყობდა, რადგან მისი ოჯახის მთავარი მიღწევა გადარჩენა იყო და ამით თავის ტოლებში ვერ იამაყებდა. წლები უნდა გავიდეს, მთელი ცხოვრება უნდა გავიდეს იმის მისახვედრად, რომ გადარჩენა დიადი მიღწევაა.
დორიგო ევანსი სამხედრო ქირურგია. „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“ მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ავსტრალიელი ჯარისკაცების წიგნია, რომლებსაც იაპონიის იმპერატორის ბრძანებით, ბირმასა და ტაილანდს შორის, გაუვალ ჯუნგლებში, რკინიგზა გაჰყავთ - შავტუხა გარდინერზე, ჯეკ ცისარტყელაზე, მამალ მაკნისზე, ცხვრისთავა მორტონზე, ხვლიკ ბრანკუსზე, ბაჭია ჰენდრიქსზე, და ჯიმი ბიგელოუზე - კაცზე, საყვირით - გვიყვება.
იქ სხვებიც არიან - პოლკოვნიკი კოტა, რომელსაც უცნაურად აღაგზნებს ადამიანის კისერი და მის ამ ვნებას, კისერზე ხმლის „ფაქიზი“ შეხების, ერთვის სიყვარული იაპონელი პოეტებისა, მათი ლექსებისა, მაცუო ბაშოსი და კიდევ სხვებისა. იყვნენ მაიორი ნაკამურა და იყვნენ სხვები, რომლებსაც აკვირვებდათ, რატომ უწოდებდნენ მათ, ამაყ და ღირსეულ კაცებს, სამხედრო დამნაშავეებს და რატომ სჯიდნენ და ისინი გარბოდნენ, იმალებოდნენ.
სადღაც უნდა ყოფილიყო ქალი, რომელიც გახევების ხიბლს, მისი სულის უცნაურ ძილს დაარღვევდა. სადღაც რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გაუსაძლის სიცარიელეს, რომელიც ერტყა გარშემო და რომელიც ხრავდა მას, ხრავდა, გაუფანტავდა და ამოუვსებდა. და ის ეფლობოდა მოვალეობებში, პასუხისმგებლობაში სხვების წინაშე, საქმეში, ექიმი - გმირი, გამომჭკნარი სიცარიელით და ამ მოვალეობის აღსრულება, ყველაფერი, რაშიც ცდილობდა ჩაფლულიყო, იყო გაქცევა.
ფიქრობდა ძველი ბერძნების მითზე, იდეაზე სასჯელის შესახებ - კაცზე, რომელსაც მუდმივი წარუმატებლობა აქვს მისჯილი - ლოდი კლდის წვერზე ააქვს და ის ლოდი ყოველ ჯერზე უკან გორდება და კაცი მუდმივად ცდილობს, აიტანოს ეს ლოდი მთის წვერზე - წარუმატებლობა ან შეუძლებლობა იმისი, რისკენაც ყველაზე მეტად ისწრაფი, რაც სულს ყველაზე მეტად სწყურია.
თქვენ სიყვარულის გწამთ, მისტერ ევანს? თქვენ გწამთ სიყვარულის?
ზოგჯერ, ხდება, სინათლე, სამყაროს ყველა სინათლიდან მოკრებილი, ტკივილით გაგკვეთს.
მაცუო ბაშოს „ვიწრო გზა შორეული აღმოსავლეთისკენ“.
რიჩარდ ფლენეგანის „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“.