ვნებების დრამატურგია ტრავმებისა და სტიგმების თანხლებით
განწყობები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილი არტ პროექტების მიმართ ზოგადად სკეპტიკურია ხოლმე, - მხატვრული ნაწარმოების ხარისხს აქ ნაკლებად ელოდებიან. სოციალურ ან პოლიტიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ კამპანიებს საუკეთესო შემთხვევაში გემოვნებით შესრულებული პლაკატური ხასიათის ვიზუალური გზავნილები ახლავს თან, რომელთაც მხატვრული სფეროს წარმომადგენლები მორიგ „დაკვეთად“ აღიქვამენ, ან სამოქალაქო მოვალეობის მოხდად. თუმცა, აქაც ხდება სასიამოვნო გამონაკლისები და თუ ამ ყველაფერში ზოგადად სამოქალაქო ცნობიერების პროგრესსაც ვხედავთ, ეს უკვე სერიოზულ წარმატებად ჩაითვლება. ამასთან, გასათვალისწინებელია ფემინისტური ხელოვნების ის პრაქტიკები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჩვენს რეალობაში დაგვიანებით გამოჩნდა და ერთ-ერთ „გამოტოვებულ“ გამოცდილებას წარმოადგენს მეოცე საუკუნის სხვა ცნობილ დისკურსებთან ერთად.
თავის დროზე ფემინისტმა ხელოვანებმა სცადეს მხატვრულ ნაწარმოებსა და დამთვალიერებელს შორის ის კონტაქტი დაემყარებინათ, რომელიც ქალების პერსპექტივიდან იქნებოდა განპირობებული. ეს ხელოვანები ხაზგასმულად განიხილავდნენ ხელოვნებას არა როგორც ესთეტიკური ტკბობის საგანს, არამედ არტისტული პროექტებით ცდილობდნენ შეკითხვები გამოეწვიათ სოციალურსა თუ პოლიტიკურ თემებზე და ამ მხრივ თავიანთი გავლენები გაეძლიერებინათ. პროვოკაციულობა, თუ უხერხული ელემენტების აქცენტირება ჩვეულებრივი იარაღი იყო ყველა პერიოდის ფემინისტური ხელოვნებისათვის და შემთხვევითი არ არის, რომ მათი საყვარელი ფორმატი პერფორმანსი გახდა, რომლის მეშვეობითაც ქალის სხეულის ახალი ფუნქციები განავრცეს და პატრიარქალური კულტურისთვის სახასიათო სტერეოტიპი ქალის სხეულის ორი როლით (რეპოდუქციისა და ეროტიული ობიექტის) განსაზღვრისაწარსულში მოაქციეს.
ექსპოზიცია ფაბრიკაში, რომელიც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში შერჩეული ვიზუალური ნამუშევრებით წარმოადგინა, აჩვენებდა, რომ ფემინისტური ხელოვნების ტრადიცია მონაწილეთა უმეტესობისთვის კარგად ნაცნობი და გააზრებულია, მაგრამ ისინი საკუთარ გზებს, ინდივიუალურ ხედვებსა და საკუთარ “ხმას“ იკვლევენ. კამპანია გენდერულ ძალადობას ეძღვნებოდა და მონაწილე ხელოვანებს სექსუალური უფლებების თემაზე შექმნილი ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე პირველი პრიზის მფლობელი მაკა ზედელაშვილის ორი ნამუშევარი იყო ნაჩვენები - წითელი მონოქრომული აბსტრაქცია, რელიეფური ზედაპირითა და ძლიერი ენერგეტიკული მუხტით და მეორე, ასევე აბსტრაქტული შავ-ცისფერი მოტივი მასში ჩართული ჩადრიანი ქალების სილუეტებით. გასაგებია ჟიურის მოტივაცია, როცა მაკა ზედელაშვილის მხატვრობას მიანიჭეს უპირატესობა, - მისი ნამუშევრები უკიდურესად დრამატული და ემოციურად დაძაბულია, განწყობა კი ზუსტად გამოხატავს იმ ზოგადი ფონის დრამატიზმს, რაც ჩვენს სივრცეში გენდერული ძალადობისა და სექსუალური უფლებების თემას უკავშირდება.
ამასთან, მაკა ზედელაშვილის წითელი ტილო თავისი მოცულობითი ფორმებითა და ასოციაციებით სისხლსა და გენიტალიების მგრძნობიარე ქსოვილებზე, კონკრეტულსა და შემზარავ პრობლემას ეხება, როგორიც გოგოების წინადაცვეთაა და რომლის შემთხვევებიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღმოჩენილა. უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენის ინფორმაციული ნაწილი განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანი იყო, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ ჩვენს სიახლოვეს ისეთი მოვლენებიც ხდება, რომელსაც მარტივად ჰუმანიზმის მტრობა შეიძლება დავარქვათ.
აქვე მინდა ჩემი სუბიექტური განწყობაც მოვიხსენიო, - ჩემი ფავორიტი ამ კოლექციაში მეორე პრიზის მფლობელი ანუკ ბელუგა და მისი ელეგანტური ნამუშევარი იყო. ზოგადად ეს ხელოვანი უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონეა და გამოირჩევა საკუთარი ორიგინალური ხედვით. მისთვის სექსუალური მგრძნობელობის, საზოგადოების კონფორმიზმისა და ტაბუების თემა ღრმა გააზრების სა
განია, რომელიც არ განიხილება დისტანციაზე არსებულ, „ვიღაცის“ პრობლემად. ანუკ ბელუგა იმ განზომილებაში ქმნის თავის ნამუშევრებს, რომელიც მისი არსებობისგან განუყოფელია და ყველა შრეზე განცდილია. მისი არტისტული ხედვა კი ქმნის ისეთ სახასიათო და მკაფიო გამოსახულებებს, რომლებშიც ავტორი ყოველთვის ამოიცნობა. ფაბრიკის ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მისი ნამუშევარიც ასეთი იყო, - სიურრეალისტური და პოპ-არტის მოტივების გადაკვეთით მიღებული დახვეწილი და „კაშკაშა“ ენერგიის მატარებელი Icon, - მკაფიო ფერებით, პლასტიური სილუეტითა და მცენარეული ორნამენტის ეროტიკით. მთლიანი კოლექციის დრამატული და უფრო დეპრესიული განწყობების ფონზე ეს ნამუშევარი სიცოცხლის სიყვარულის ექსპრესიულ სიმბოლოდ ჩანდა, სადაც ეროტიკის თემა ერთ-ერთი ფუნდამენტურია და სიცოცხლით ტკბობის ღია სიხარულში ავლენს თავს.
თუ ქრონოლოგიურად მივყვებით დაჯილდოებულთა ჩამონათვალს, გამოფენის - „(ვ)ნებები და უფლებები“ - ს მესამე პრიზიორი მარიამ გაბრიჭიძეა. მისი ნამუშევრები „მობანავე“ სხეულის ფრაგმენტების ფოტო სერიაა, კვლევის საგანი კი ინტიმური ველის მგრძნობელობაა. შეიძლება ითქვას, რომ ფოტო პროექტი მეტად გამომსახველი იქნებოდა, ავტორი უფრო პროფესიონალურად რომ ფლობდეს ამ მედიუმს. რა თქმა უნდა, ვუსურვებ წარმატებებს ამ სფეროში.
კონკურსის მონაწილე მხატვრული ნამუშევრების გარდა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კრიტიკული ინსტალაცია ისეთ მტკივნეულ თემაზე, როგორიცაა სექსუალური განათლების სისტემის გაუმართაობა სკოლებში, სადაც არ არის სივრცე მოზარდის ფსიქიკისთვის ადეკვატური მეთოდოლოგიით ინფორმირებისთვის და როცა „გამოსავალი“ ამ თემების მარტივად იგნორირება-გამოტოვებაა. ინსტალაცია სახელმძღვანელობიდან ამოხეული, სექსუალური განათლების საფუძვლების ამსახველი „გადაყრილი“ ფურცლებით იყო აგებული. საკონკურსო ნამუშევრების წინ კი ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილებზე სექსუალური უფლებების დეკლარაციის სხვადასხვა ფრაგმენტები იყო დაბეჭდილი.
მთლიანობაში ექსპოზიცია პროექტის ძირითად თემას ყველა მიმართულებით განიხლავდა და ამომწურავად აჩვენებდა კონცენტრირებულ ინფორმაციას ვერბალური თუ ვიზუალური განზომილებებით. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად საგამოფენო დარბაზის საკმაოდ დიდი მოცულობისა, ამდენი ინფორმაციის კონცენტრირება ერთ დარბაზში, ართულებდა აღქმის პროცესს. რეკომენდაციის სახით ვიტყოდი, რომ დიდი ინფორმაციის მომცველი გამოფენა სასურველია რამდენიმე სივრცეში იყოს გადანაწილებული თემატურად და ექსპოზიციის დრამატურგიულ განვითარებას, „სცენარს“ ექვემდებარებოდეს. პროექტის დეტალებზე ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორის ეკა წერეთლის კომენტარები კი უფრო გასაგებს გახდის გამოფენა-კონკურსის მოტივებსა და შედეგებსაც:თქვენი გადაწყვეტილება მხატვრები ჩაგერთოთ სექსუალური უფლებების თემაში რით იყო განპირობებეული? ფიქრობთ, რომ მხატვრული ფორმა უფრო ადვილად პოულობს გზას ადრესატამდე?
რა თქმა უნდა, მხატვრული ფორმა უფრო მკაფიოა და თვითონ შემოქმედი ადამიანებიც რომ დაგვეფიქრებინა ამ თემაზე, ესეც იყო ამოცანის ნაწილი; როგორ გრძნობენ ხელოვანები ამ რეალობას, სადაც სექსუალობის თემა ასე ტაბუირებულია. ვინც ვმუშაობთ ამ თემაზე, არ გვინდა ჩაკეტილ წრეში ვიყოთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ვაწვდენთ ხმას და სადამდე მიდის ეს ხმა. თავად ეს იყო ამოცანა, - ხელოვანებს ეჩვენებინათ თვითონ როგორ აღიქვამენ ამ საკითხს თავიანთი ინდივიდუალური ხედვით, რაც სხვებისთვისაც საინტერესოა.
შედეგები დაემთხვათქვენს მოლოდინებს?
რაც დავინახეთ, ნამდვილად საინტერესო იყო,- ნამუშევრების უმეტესობა ბრძოლის, სტიგმის, ტრავმის მდგომარეობებს უკავშირდება, უფრო დეპრესიულია და ნაკლებად ასოცირდება იმ სიხარულთან, რაც შეიძლება სექსუალური ცხოვრების უფლებას უკავშირდებოდეს. ზოგადად ჩვენთვის უკვე ნაცნობი იყო ეს რეალობა, რომ სტიგმატიზაცია და ტრავმა ამ თემის სინონიმია და აქაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა იგივე. სულ რამდენიმე ნამუშევარია, რომელიც ისე ჟღერს, როგორც პოზიტიური განაცხადი: -„ დიახ, მე მაქვს ეს უფლება და ვამაყობ ამით!“
ეს ჯილდოს მფლობელებსაც ეხებათ?
ანუკ ბელუგაც და მარიამ გაბრიჭიძეც პოზიტიურად აჩვენებენ სექსუალობის მოტივებს. პირველი ადგილის მფლობელის - მაკა ზედელაშვილის ნამუშევარი კი ძალიან ძლიერი იყო თავისი ვიზუალური ეფექტითაც, დრამატიზმითაც და ყველაზე მტკვნეულიც ამავე დროს, რადგან დაუცველ ქალებს ეხება.
რამდენად თანამშრომლობენ ის სფეროები, რომლებიც ექსპოზიციამ გააერთიანა? იგულისხმება მხატვრული ინტერპრეტაციები, კანონმდებლობის სფერო და განათლება.
თანამშრომლობა აუცილებელია ამ პრობლემაზე მუშაობისას. თუ ეს საზოგადოების ცნობიერებაში, კანონმდებლობასა და განათლებაში არ შეიცვალა, შედეგი არ გვექნება. თუ განათლებაში გამოვტოვებთ ამ საკითხებს, ახალი თაობაც იგივე მენტალიტეტისა დარჩება, როგორიც წინა თაობა იყო. ყველა ეს სეგმენტი ერთმანეთს ებმის.
თქვენთვის ცნობილია საზოგადოების ნაწილის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული ერთგვარი უნდობლობა. გიშლით ხელს ეს განწყობები?
კონკრეტულად ამ განწყობების შესაცვლელად ვერ ვიმუშავებთ, რადგან მთავარი საქმე უკან დაგვრჩება. მე კიდევ გავიმეიორებ ჩემს საყვარელ ფრაზას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა არის პრივილეგია, რადგან აკეთებ იმ საქმეს, რისიც გჯერა და თან გჯერა, რომ ეს შენი საქმიანობა დადებით ცვლილებებს მოიტანს. ამის საშუალებას გაძლევს ის გრანტი, რომელსაც იღებ მათგან, ვინც გენდობა და ხედავ იმ შედეგებსაც, რასაც აღწევ.