We Happy Few
„აპრილის კაშკაშა, ცივი დღე იდგა და საათმა ცამეტს ჩამოკრა“, – თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, როგორი იქნებოდა ორუელისეული კოშმარი 1960-იანი წლების რეტრო-ფუტურისტულ დისტოპიურ ბრიტანეთში, იცოდეთ, რომ ამის შესახებ თამაში უკვე არსებობს. თუმცა, აქ არავინ მოგთხოვთ, ომს მშვიდობა დაარქვათ, იქ მთავარია ბედნიერი იყოთ.
ბედნიერების წამალი, სახელად Joy, მთელი ქვეყნისთვის აუცილებელი ყოველდღიური დოზაა. მიიღებ მას და ყველა უსიამოვნება გავიწყდება. მთავარია, სახიდან ღიმილი არ ჩამოიშორო, თორემ საზოგადოება იმ წამსვე მტრად შეგრაცხავს. ქალაქის მცხოვრებლები ლუკმას არ შეჭამენ, თვალს არ მოხუჭავენ, ვიდრე შენს სახეზე ღიმილს არ დააბრუნებენ. რა თქმა უნდა, არც ათასგვარ სასაცილო ისტორიას გიამბობენ და არც სანტა მოგიკაკუნებს კარზე. არა, უბრალოდ თავში მძიმე საგანი მოგხვდება და როცა გაიღვიძებ, უეცრად აღმოაჩენ, რომ უსაზღვროდ ბედნიერი ხარ. ესაა Joy. რატომ შეიძლება უელინგტონ ველისნაირ ქალაქში იცხოვრო? რასაკვირველია, უნდა გაიქცე. თამაშიც მიზანიც ესაა – გაიქეცი.
გაქცევა ადვილი არ არის. როგორც კი Joy-ს მიღებაზე უარს ამბობ, უსიამოვნებებში ეხვევი. ქუჩაში ყველა ამჩნევს, რომ დაღვრემილი ხარ, უამრავი დაეჭვებული თვალი ერთდროულად გაშტერდება. მაგრამ მოთამაშეს ვერავინ უნდა მიუხვდეს, რომ არაა ბედნიერი. რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ამას ვაკეთებთ, თუმცა საპასუხოდ, უელინგტონ ველის მოქალაქეებისგან განსხვავებით, არავინ ცდილობს ჩვენს მოკვლას. მოკლედ, Joy-ზე უარის თქმა საკვებსა და წყალზე უარის თქმასაც ნიშნავს. მშიერს და მწყურვალს კი ადვილად შეგატყობენ, რომ უბედური ხარ. საზოგადოების მტრებს კი, ვიცით, როგორც ექცევიან.