წერილი ოპტიმუს პრაიმს!
27.03.2020პრაიმ, ჩამოდი რა, ავტობოტების ქურუმო. ჰქმენი სიკეთე და ვარსკვლავური მადლი ჩამოუტანე ჩვენს პლანეტას. მერე რა, რომ აღარავინ ლოცულობდა შენზე რამდენიმე ბავშვის გარდა.
ჰქმენი სიკეთე, პრაიმ, აღასრულე პირობა, წლების წინ რომ სხვადასხვა ქალაქებსა და ოთახებში მიმობნეულ პატარებს დაუდე: არასდროს დატოვო ისინი მარტო, არასდროს დააყენო ცდუნების წინაშე - იწამონ სხვა სუპერგმირი. შენ ხომ ის ხარ, ვინც რუსთავი 2-ის დილის ეთერში, პარლამენტის სარინგო მიმოხილვებიდან რამდენიმე წუთის მერე, პურზე კარაქგადასმულ ბავშვებს ძალას მატებდი და დეცეპტიკონების არმიას ცეცხლში ანადგურებდი. ისინი ზურგზე ჩანთამოკიდებულები იდგნენ და შენი გმირობების ბოლო ხუთი წუთი მუდამ უნახავი რჩებოდათ, რადგან მზრუნველი დედები აჩქარებდნენ შეძახილებით: „სკოლაში გაგვიანდება“. მერე თავჩაქინდრულები მიჩანჩლებდნენ გუბეებიანი ქუჩებით, ორი ზომით დიდი შარვლები და ფეხსაცმელები ეცვათ და მულტფილმის მორიგი სერიის ფინალს გონებაში თხზავდნენ.
შენ მათ ოცნებაში ავარჯიშებდი, პრაიმ, და თუ რომელიმეს აქვს მცირეოდენი ფანტაზია მაინც, ხალხმრავალ ადგილებში იყოს მარტოსული, ეს შენი დამსახურებაა. გთხოვ, მოიპარე რომელიმე ანგელოზი ციური კრემატორიუმიდან და ფერფლი ჩვენს პლანეტაზე მიმოაპნიე. ჩვენ ახლა გვიჭირს. ყველა ოჯახის წევრი ერთ სახლში ვართ და ისე ხშირად ვხედავთ ერთმანეთს, როგორც საშობაო არდადეგებისას, მაგრამ ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენს პლანეტაზე ადამიანების სიცოცხლე პაწაწინა სახლებამდე დაპატარავდა, შეიკუმშა და ახლა მხოლოდ დარაბებიდან ჟონავს, აკანკალებული თვალებიდან, რომლებიც უკეთეს სიზმარებზე იზდებოდნენ.
სამყაროს შენისთანა გმირი ჭირდება, რომელიც იხსნის მას განსაცდელისგან და რკინის ჯართიდან იდეალურ სუპერრობოტად ტრანსფორმირდება, მაიკლ ბეის ფილმის ბოლო ნაწილში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად კი, ვაქცინის ადგილსამყოფელს მიაგნებს და დაამარცხებს მეგატრონის უხილავ არმიას, ადამიანების ორგანიზმებს ბაცილებად რომ შესევია.
ჩემთვის დიდი პატივია პირველმა გითხრა, რომ ამ ვირუსს COVID19-ი დავარქვით. მისი რიდით მთელი პლანეტის ხალხი, - რუსებიც კი, პრაიმ, - დროებით საკუთარ მონიშნულ საზღვრებში ეტევიან, რადგან აღარავის სცალია იმისთვის, რომ იყოს ყველგან, იყოს ბევრი. უსაფრთხოებას თავისი წესები აქვს და ახლა მას მარტოობა ჰქვია. მარტოობა შენს ქვეყანაში, ქალაქში, სახლში, შენს თავში.
და ამ მარტოობისას უამრავმა ქვეყანამ, ქალაქმა, ოჯახმა და ადამიანმა ხელახლა შვა თავისი თავი, როგორც ჩემმა ძმამ - ბარმენმა დანჯღრეულქუჩებიანი ზღვისპირა ქალაქიდან, რომელიც თევზის დამპალი სუნით ყარს. ისიც შენი მრევლის ძირძველი წევრია, ოღონდ რატომღაც ლოცვას ანება თავი და ახლა სახლში უსამსახუროდ ზის, ტელეფონიდან თავაუღებლად, მთელი დღეები თამაშობს pubg-ის, თავის თანამებრძოლებს კი კოდური ტერმინებით ელაპარაკება: „დავნოკე“, „დავლუთე“ და ა.შ. ორი დღის წინ, როცა ვუსაყვედურეთ, სრული სერიოზულობით გვიპასუხა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა რომ pubg-ის თამაშობდეს, იზოლაციის წესები არ დაირღვეოდა “. უარგუმენტოდ დავრჩი. ისე, როგორც მამაჩემი, რომელსაც თავის თავზე აქვს გამოცდილი ყველა ტყვია, რომლებსაც ახლა ვიდეოთამაშებში ტროლი ჯარისკაცები თამამად ისვრიან. გამოცდილი აქვს კონდახი და ხელყუმბარა, სოხუმი, დევნილობა, ომი და ყველა იმ მასშტაბის ალყა, შენი არმია „ტრანსფორმერების“ მე-3 ნაწილის დასკვნით სცენაში რომ იგერიებდა მეგატრონთან ჭიდილისას. მან ლოცვას პირდაპირ ღმერთთან სპეკულაციაში შესვლა ამჯობინა, ხის უამრავი ჯვარი დაამზადა 90-იანებში, ფოთის ბაზარში დადგა და ყიდდა თითოს ლარად, სახლში რომ შემოეტანა პური და ნავთი.
წლებია ასე ახლოდან არ დავკვირვებივარ. ცოტა ხნის წინ, შიფონერიდან ძველი, დამტვერილი ალბომი გადმოვიღე და სურათებს ვათვალიერებ, რომ აღვიდგინო, როგორი იყო ადრე. დედამ და მამამ 27 წლის წინ, უკვე ხალხისგან დაცარიელებული სოხუმის სანახევროდ დაბომბილ სანაპიროსთან, ერთადერთი კაცი იპოვეს, რომელსაც არსად ეჩქარებოდა: ფოტოგრაფი. იმ ფოტოგრაფის გადაღებული სურათი ზანტია. მამა და დედა გვერდიგვერდ დგანან, ქუჩა მტვრიანი და ცარიელია, კადრი მეწამურისფერი და მიუხედავად იმისა, რომ ამ სურათის საუნდტრეკი უკვე იმ მომენტისთვის ჩართული განგაშის სიგნალია, რომელიც მოსახლეობას საფრთხის შესახებ უგზავნის შეტყობინებას - არცერთს არსად ეჩქარება. მათ წარმოდგენაც არ შეიძლება ჰქონდეთ 27 წლიან მარათონზე ქალაქიდან ქალაქში, რომელიც შიმშილისგან, ნიკოტინიანი ოთახებისგან და ზღვის წყლით გაჟღენთილი დეპრესიისგან შედგება. რომ 27 წლის შემდეგ სახლში შეიკეტებიან საფრთხის გამო, რომელიც მთელ პლანეტას ერთბაშად დაემუქრება და დედაჩემი, ქალი, რომელსაც ტანსაცმლის დღემდე ხელით რეცხვა უწევს, თვალწინ გადამიშლის ძველი კომოდიდან ამოღებულ იმ დაუთოვებულ პერანგს, მამაჩემს რომ აგერ, ფოტოში აცვია. შენი პლანეტა კიბერტრონისგან განსხვავებით, ასე ცხოვრობს უამრავი ოჯახი დედამიწაზე და ხელახლა პოულობს საკუთარ თავს, ჩემი ასოციალური მეზობლის ჩათვლით, რომელიც ორ სხვადასხვა ათწლეულში სულ ორჯერ მყავს ნანახი და ახლა შუქიც გამორთო, საბოლოოდ ჩაირაზა საკუთარ უიმედობაში.
დღეს ჩვენი პილოტები ქაღალდის თვითმფრინავებით ცდილობენ მიწვდნენ ცას. გვაკმარე მკვდრების თვლა - ეს ყველაზე ამაზრზენი მათემატიკაა სამყაროში. ჩამოდი, პრაიმ, შენს ერთგულ მარჯვენახელ Ironhide-თან ერთად და გამოსავალი იპოვე. კიბერტრონიდან გადმოხედე ქალაქ ფოთში ყოველ ღამით, თავის აივანზე ჩუმად გამოსულ მოქალაქეს, რომელიც ცისკენ იმედის თვალით იყურება და გულმხრუვალედ ლოცულობს. ყური უგდე მის სიტყვებს: „გამარჯობა. მე თქვენი მრევლიდან ვარ და ამ გადაუდებელ შეტყობინებას ვარსკვლავებს შორის მოხეტიალე, გადარჩენილ ავტობოტებს ვუგზავნი: დედამიწას თქვენი შველა სჭირდება. ჩვენ აქ ვართ! და გელოდებით...“