წინანდლის პრემია 2016
დეა კულუმბეგაშვილი
კინორეჟისორი
ნომინაცია – კინოხელოვნება
რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მარტივად დავიწყე ცხოვრების აღქმა. ახლა არავისგან არაფერს ველოდები. უფრო ადვილად ვიღებ ადამიანებს ისეთებად როგორებიც არიან. ასე ბევრად საინტერესოა.
მხოლოდ ყოველდღიურობაში შეიძლება ბედნიერება იპოვნო.
ადრე, როცა სირთულეები მხვდებოდა, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გაივლის. ახლა კი მგონია, რომ ცხოვრება უნდა მიიღო და გაიაზრო ისეთი, როგორიც არის ამ წამს - ესაა მნიშვნელოვანი. და კიდევ - ჩემთვის მნიშვნელოვანია განსხვავებულ აზრს ვისმენდე, იმიტომ რომ მხოლოდ შთაგონება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კინო შექმნა. მნიშვნელოვანია მუდმივად იყო დიალოგში გარემოსთან და ადამიანებთან.
თამარ სუბელიანი
მთარგმნელი
ნომინაცია – მხატვრული ლიტერატურა (პროზა)
ჩემს ცხოვრებაში ერთადერთ რამეს შევცვლიდი - გაცილებით მეტს ვიმოგზაურებდი.
სიახლეები ყოველთვის მეხმარება ახლებურად გავიაზრო ის, რაც უკვე დასრულებულია. მოგზაურობა და მოგონებების გადააზრება ძალიან ძლიერი წყაროა ინსპირაციის. თუმცა ყველაზე დიდი ინსპირატორი ალბათ თვითონ ცხოვრებაა, და ადამიანები.
გაზიარება მიყვარს, თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ყველასთან ერთნაირად ვიხსნები. ახალი ადამიანების მიღება მიჭირს. იქამდე სანამ კარგად არ დავაკვირდები, უარს ვამბობ მათთან ურთიერთობაზე. თუმცა, როცა წერ შენ თვითონ ხდები ყველასთვის გადაშლილი წიგნი. რატომ ვწერ?
მე მინდა ადამიანების მარტოობის შევიწროება.
როცა წერ, შეგიძლია ერთდროულად იყო სხვადასხვა სივრცეში და სხვადასხვა დროში და მოახერხო ის, რასაც ერთი ადამიანი ფიზიკურად ვერასდროს შეძლებს - ყველა შენიანს და არაშენიანს დაეხმარო მარტოობასთან გამკლავებაში.
ლევან ტიელიძე
გეომორფოლოგი/გლაციოლოგი
ნომინაცია – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერება
გლაციოლოგია მყინვარებს შეისწავლის. ძალიან იშვიათი პროფესიაა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 600–ზე მეტი მყინვარია. სულ მინდოდა ბევრი მემოგზაურა. მაშინ რა თქმა უნდა წარმოდგენა არ მქონდა გლაციოლოგია რა იყო, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ის გამოვედი, რაც ბავშვობაში მინდოდა. უფრო ჩრდილოეთის ქვეყნებში მიწევს მოგზაურობა. კავკასიონი ძალიან ლამაზია და საინტერესოა კვლევისთვის. გერგეთის მყინვარზე მიწევს ყოველწლიურად ასვლა. იქ სულ სხვანაირი სიმშვიდეა. ქალაქში დაბრუნების შემდეგ, ყოველთვის მაქვს სივიწროვის განცდა. იქ სულ სხვა მასშტაბებია. იქ თავისუფლებაა, არა მარტო შინაგანი, გარეგნულიც. სადაც ერთხელ ვარ ნამყოფი, ვთვლი რომ ნამყოფი არ ვარ, იმიტომ რომ ყოველ შემდეგ წასვლაზე, ახალი დეტალის აღმოჩენისას ხვდები, რამხელა დაკვირვება და გულისყურით მიდგომაა საჭირო. რამდენჯერმე უნდა ნახო, რომ თქვა – მე ვიცი ეს ადგილი.
საერთოდ, გულისხმიერებაა მთავარი.
დღეს თამამად შემიძლია თქვა, რომ გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგთა ჯგუფის ძალიან კარგი მუშაობით საქართველო ბევრმა გაიცნო. და ეს ძალიან დიდი მიღწევაა.
გიორგი არაბული
დუშეთის თეატრის რეჟისორი/პოეტი
ნომინაცია – მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)
ჩემი ინსპირაციის წყარო ადამიანებია და გარემო. სამყარო ამოუწურავია, მას შეცნობა სჭირდება და ეს პროცესი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
თუ გინდა ადამიანებმა სცენაზე იცხოვრონ, მაშინ ცხოვრებას უნდა დააკვირდე და იყო გულწრფელი, ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც, რადგან ორივე იმას გიბრუნებს, რაც მისთვის გაიმეტე.
წერით ჩემი ბავშვობის ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებაზე ვწერ - ესაა ხევსურეთი თავისი ეთნოგრაფიით, მითოლოგიით, ფოლკლორით, ტრადიციებით, ხალხური თქმულებებით, ზეპირსიტყვიერებით, მირაჟებით... პოეზიაში თუკი ვინმესგან განვსხვავდები, ალბათ ამით, თორემ ცხოვრებით ჩვეულებრივად ვცხოვრობ - დილით საუზმეზე კარტოფილს ვიწვავ. ხევსურეთში პატარა ამბებიც კი ძალიან მასშტაბურია. იქ ყველა მოვლენა და ყველა წამი პოეზიაა. ესაა ხევსურეთი ჩემთვის - პოეზიის ულევი საბადო.
თუკი არსებობენ გენიალური ქართველი პოეტები, ჩემთვის მათ შორისაა შოთა ჩანტლაძე. ის არც ერთ თანამედროვე ავტორს არ ჰგავს. ბევრი წლის წინ მისი წიგნი ხევსურეთში ვიპოვე. უცნაურია ან იქნებ ლოგიკურიც, რომ პოეტი, რომლსაც ჩემს მასწავლებლად მივიჩნევ, ისევ ხევსურეთმა აღმომაჩენინა.
თეზი გაბუნია
ვიზუალური არტისტი
ნომინაცია – სახვითი ხელოვნება
ხელოვნება დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება და ეპოქიდან გამომდინარე სხვადასხვა სახეს იძენს. ჩემი ხელოვნების მიმართ დაინტერესება არქიტექტურამ განაპირობა, რამაც გავლენა იქონია ჩემს შემოქმედებაზე, ჩემთვის საინტერესოა გუნდური არქიტექტურული მეთოდის გადმოტანა და თარგმნა ხელოვნებაში, და ზოგადად სხვა პრიზმიდან დანახვა. „შეყავი თავი გალერეაში“ - ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩემთვის, რომლის შექმნაზეც ბევრი ადამიანი მუშაობდა.
ალბათ წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება რაღაცის შექმნის გარეშე.
ეს ნიშნავს თავგანწირვას, პროდუქტიულ შრომას და რისკს. როცა ყველაფერი ისედაც ცხადია, ინტერესი ქრება. ვფიქრობ კითხვის ნიშნები უნდა ჩნდებოდეს, საერთოდ, რაც უფრო დიდია დისკომფორტი, მეტია მისი დაძლევის მოტივაცია.
გიორგი ჩაჩანიძე
დრამისა და კინოს მსახიობი
ქუთაისის და ჭიათურის თეატრი
ნომინაცია – თეატრალური
მინდა შევძლო სხვა ადამიანის სხეულში და კანში მოვხვდე.
ბევრი ცდილობს, მაგრამ ერთეულებს გამოსდით, მე მინდა ის ერთეული ვიყო.
ამ პროფესიაში მყარად რომ დადგე, სულ უნდა იფიქრო, ადამიანების განსხვავებული ქცევა, მანერა შეისწავლო. ერთმანეთისგან სწორედ ქცევა და ტემპორიტმი განგვასხვავებს.
რაღაცეები დროსთან ერთადაც მოდის, აი, ჩემს ასაკში ჯერ ვერ იტყვი რომ მსახიობი ხარ. რაც არ იცი, იმას ვერ ითამაშებ. მინდა რაღაც ჩემი ვიპოვო და ის გავაკეთო, რაც აქამდე ჯერ არავის გაუკეთებია, მესამე, მეოთხე პლანი მინდა ვითამაშო, მაყურებელს ახალი ხერხებით ველაპარაკო. ყველაზე რთული ესაა - ილაპარაკო პიესის ტექსტით, მაგრამ თქვა შენი სათქმელი.
გიორგი უგულავა
კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი
ნომინაცია – ჰუმანიტარული მეცნიერებები
ანტიკური კულტურული მემკვიდრეობა იმიტომ ავირჩიე, რომ კარგად გამომდიოდა და თან სიამოვნებას მანიჭებდა. ამ ორი ფაქტორის განცალკევება არ შეიძლება: წვალებას ჯობია სხვა რამე აკეთო. მოვალეობის მოხდის მიზნით საქმე არ კეთდება. საერთოდ, წარმატება ძალიან სუბიექტური ცნებაა. არ არსებობს ერთი წარმატება. ადამიანი მუდმივი განვითარების რეჟიმშია. ამიტომ ვერ იტყვი - მე წარმატებას მივაღწიე და ახლა ტაიმ-აუტს ავიღებ.
გარემოს გაცნობის სურვილის არქონა ჩემთვის ცხოვრების მოტივაციის დაკარგვის ტოლფასია.
ამის საპირისპიროდ, დიდი შთაგონების წყარო არის სპორტი. ის მაძლევს ენერგიას, რომ ვიცხოვრო და ვაკეთო. არ მჯერა რომ არსებობენ ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი ადამიანები. არსებობს მარტო მიზეზები, ფაქტორები- აღზრდა, გარემო, ისტორია, ტრავმები. ზოგჯერ შეიძლება ძიებისას შენი თავიც იპოვო. ამითაა საინტერესო ადამიანი და ყველაფერი, რასაც ის ქმნის - კინო, ლიტერატურა თუ სხვა რამ - ყველგან შეიძლება შენი შინაგანი სამყაროს ნაწილი აღმოაჩინო. ძალიან მიყვარს მედიტერანეული კულტურა. როცა იქ ვარ ვგრძნობ, რომ სახლში ვარ. სხვათა შორის თბილისი იძლევა ძალიან ბევრ ენერგიას.
ლიზი რამიშვილი
მუსიკოსი
ნომინაცია – მუსიკა
მუსიკა სივრცეა, სადაც შემიძლია ჩემი სამყარო სიტყვების გარეშე აღვწერო.
ადამიანმა, წინასწარ რომ იცოდეს სად გამოხატავს თავის თავს კარგად, მაშინ საერთოდ დაკარგავდა კაცობრიობის არსებობა აზრს, რადგანაც
ჩემთვის საკუთარი შესაძლებლობების ძებნა საკუთარი თავის ძებნას ნიშნავს.
ხანდახან, ადამიანს სჭირდება მოწყდეს რეალობას, რომ რეალობაში დაბრუნების შემთხვევაში ერთფეროვნება გააფერადოს. არ შემიძლია რაიმე „რიტუალი“ ვაქციო ყოველდღიურობის ნაწილად, რადგანაც ვიცი, რომ დოგმატური „რიტუალის“ ცხოვრების წესად ქცევა წამართმევს ყველაზე დიდ განძს - თავისუფლებას.
ყველაზე ჰარმონიულად თავს ვგრძნობ საკუთარ თავთან, როდესაც ვფიქრობ.
მინდა გრძელდებოდეს სიცოცხლის დაუსრულებელი დასაწყისი.