გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წინა სააღდგომო ფიქრები კარანტინიდან

დღევანდელ, მსოფლიო პანდემიასთან გამკლავების კლასტერულ ფორმაზე ფიქრისას, (დარჩი კლასტერში, არ აურიო კლასტერი, საყოველთაო კარანტინი, თვით იზოლაცია და ა.შ.) კაცობრიობა თითქოს თავისი განვითარების პირველ-საწყისებს, პრეისტორიულ, ანუ ისტორიამდელ, საზოგადოებამდელ, სხვადასხვა სახის სახელმწიფო-წყობილებამდელ ფორმებს უბრუნდება, თუ იძულებით იმეორებს მათ.

საზოგადოებრივ-სოციალური თანაცხოვრების ფორმა  ოჯახურ საზღვრებამდე ვიწროვდება.ოჯახის შიგნითაც, მის წევრებს დაავდების ისტორია კიდევ უფრო მცირე ნაწილებად აჯგუფებს და ჰყოფს. ჩვენც, რაღაც თვალსაზრისით თითქოს კვლავ გამოქვაბულებში დავბრუნდით. თანამედროვე გლობალური სამყაროსათვის ეს მართლაც დიდი დარტყმა და გამოწვევაა.

აქ, გამოსავალი ვეღარ იქნება „ნოეს კიდობანის აშენება“, რომელსაც ავავსებთ ტუალეტის ქაღალდებითა და საკვებით, (როგორც ჩანს ცხოველებისათვის ვეღარ მოვიცლით) რათა ამ სავსე კიდობანით (ჩვენი გადარჩენის იმედით) გავემიჯნოთ სხვებს - „დასაღუპად განწირულ კაცობრიობას“.

კლასტერიზაცისაა და იზოლაციის ეს, ერთიმხრივ ნაძალადევი, მაგრამ აუცილებელი ფორმა, მალევე აღძრავს ჩვენში იდენტობისა და მიკუთვნებულობის განცდას. თუ, ვინ ვართ ჩვენ; მხოლოდ, გვარი, თემი, ოჯახი, კლასტერი, სამეგობრო, სამეზობლო, ქუჩა, უბანი,  ქალაქი, ერი, სახელმწიფო -  თუ მთელი დანარჩენი კაცობრიობა თავისი მრავალფეროვნებით.

ვირუსი, როგორც მთლიანად პლანეტის პრობლემა, სცდება ყველანაირ ვიწრო იდენტობებსა და ჩარჩოებს. მისი მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, ან ერთად გადავრჩებით ყველა, მსოფლიოს სხვადასხვა ერისა და ქვეყნის წარმომადგენელი, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად, ან ერთად ვიწვნევთ მის სიმძიმეს, რადგან დაავადება არ ანსხვავებს ადამიანებს ეროვნების, აღმსარებლობისა თუ სოციალური სტატუსის მიხედვით. ამ იზოლაციაში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მიკუთვნებულობის მასშტაბების გაზრდა.
დაახლოებით ამგვარად: „მე თავს ვიზღუდავ და ვრჩები სახლში, არა მარტო იმიტომ, რომ გადავრჩე მხოლოდ მე, ჩემი გვარ-თემითა, თუ ტომით, გნებავთ კლასტერით. არამედ  ვიზღუდები იმისთვის, რომ გადარჩეს  სხვა, რომელსაც შეიძლება სულაც არც ვიცნობ და ეს სხვა - მთელი კაცობრიობაა.“

სამყარო მართლაც იცვლება და არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, ვიცვლებით თუ არა ჩვენც.

თუ, „ნოეს კიდობანის“ პრინციპით ვიფიქრებთ და ვიმოქმედებთ - გადავრჩეთ მე და ჩემი ტომი, ამით ვერაფერს შევცვლით ჩვენში, გარდა იმისა, რომ მართლაც გავიმეორებთ და დავუბრუნდებით ადრეული ქვის ხანის ბაზისურ პრინციპებს. ხოლო თუ რაღაცას მართლა შევცვლით ჩვენში, ჩვენი იდენტობისა და ცნობიერების რუკას შეძლებისდაგვარად დედამიწის მასშტაბებამდე გავზრდით, მაშინ, ამ ჩვენი გამოკეტვითა და სიმარტოვით, არამარტო ჩვენს თავსა და ჩვენიანებს, არამედ მთელ პლანეტას შევეხიდებით.
ამ გაფართოებული ცნობიერებით მკაფიოდ ჩანს, რომ ქრისტეს ვერაფრით ჩავწნეხთ რომელიმე ტომის, გნებავთ ქართველ მორწმუნეთა ერთი, თუნდაც დიდი ჯგუფის ტოტემის სივიწროვეში. ქრისტეს აღქმა ერთიანი და მთლიანი კაცობრიობის გარეშე, საერთოდ გამორიცხავს მის აღქმას; ანუ კაცობრიობისათვის გადადგმული ნაბიჯი მისკენ გადადგმული ნაბიჯია და პირიქით. ქრისტიანობის ამ მასშტაბური საკაცობრიო იმპულსის საპირისპიროდ ჩვენი საპატრიარქო ხშირად, სწორედ რომ სექტასავით იქცევა. სექტა, როგორც წესი, საკუთარი სიმცირის გამო, დიდ სამყაროსთან დაპირისპირებულია, სამყარო მისთვის მტრულია, ხოლო მისი მცირერიცხოვანი წევრები ერთადერთ და უაპელაციო ჭეშმარიტებას ფლობენ უნივერსუმის შესახებ.

კრიზისულ პერიოდებში ხშირად გავუკვირვებივართ საქართველოს საპატრიარქოს. იგი, ნაცვლად კონფესიური, მასშტაბური, პასუხისმგებლიანი მიდგომებისა საკუთარი დიდი და მრავალრიცხოვანი მრევლისადმი, როგორც წესი სექტანტურ სიჯიუტეს იჩენს, აგრესიას და მტრულ განწყობებს მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ, ხოლო საკუთარ განზრახვებსა და ქმედებებში, არათუ მთლიანი კაცობრიობის იდეას, საკუთარი მრევლის უსაფრთხოებასაც არად აგდებს. ამგვარი ნაბიჯებით იგი მეტად ზრდის იმედ-გაცრუებულ წევრთა რიცხვს  თავის წიაღში და ამავდროულად ხელს უწყობს და ახალისებს ფანატიზმის, ანტისოციალური ფუნდამენტალიზმის განწყობილებებს,  რომელნიც კრიზისებისა და კატაკლიზმების მყიფე ნიადაგზე განსაკუთრებული ენერგიით ცდილობენ თვითგამოვლენასა და თვითდამკვიდრებას. თვითიზოლაცია და საყოველთაო კარანტინის წესების დაცვა, ფანატიზმით აღსავსე ამგვარი ჯგუფების ხელთ არსებული გავლენებისა და ძალაუფლების სრული გაფლანგვის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომაცაა მათი წინააღმდეგობა დიდი. ნამდვილ მორწმუნეებს კი, რომელთა გულწრფელ რწმენასა და სიყვარულში ძნელია ეჭვი შეიტანო - ვფიქრობ და ვიმედოვნებ რომ, ჭეშმარიტ, ქრისტიანულ სულისკვეთებაზე დაფუძნებული ეკლესია ასე ეტყოდა:

„დროებით დარჩი სახლში სხვებისათვის, მრავალთათვის, და ნუ იქნები მრავალთან, ბევრთან ერთად შენი თვისთვის.“

2-3 აპრილი 2020.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა