გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხალხო, მოგიტან

1.

რაზე ბრაზდება სადარბაზო,
მას რას გაუგებ,
თუ დაეწია დემენცია.
ღამეს იგუბებს რვა პირით.
რომელიმე სართულზე
იღება და კარი კოვზით
წამლად ასმევს შუქს,
რომელშიც კიბე ისე ეფლობა,
როგორც ბორბალი ქვიშაში დაკარის.
კედელზეც ამოიყრება
ჩრდილები, ვარიკოზული.
ლიფტი ახველებს ყრუდ, თუ
ბორგავს ზედმეტი ლუკმა?
დროზე სიკვდილი ვინ გააუქმა,
დალუქა რომელმა ლუქმა!

 

2.

გაიარე, ტოლი ნახე,
თოლია ხარ
ნაპირიდან ნაპირამდე მაწანწალა ზღვების.
მე ვინც მოვნახე, ვნახე, ნახევარი
თვალით შევინახე,
დანარჩენი ქვეყანამ ნიღბებად წაიღო,
სადაც ზღვას დაღვრილი ტალღის ღაბაბი
შავ ნაპირზე უდევს.
სასიძოები რას იძიებენ?
ღონე არ ჰყოფნით,
ხერხს ვერ ხვდებიან.
ბარძანის ნაქონი სკვითური მშვილდი
ბარძაყზე გასამართია.
ყველა წასვლა კი,
თუნდაც საომრად რომელიმე მტერ ტროასთან,
მაინც გაქცევაა,
და ურჩევნია გაქცეულს,
წაიქცეს, სადაც გაიქცა.
თოლია ხარ, გაიარე, ტოლი ნახე,
ახლა გინდა, ნაწილ-ნაწილ მაძაგე,
გნებავს, მთელი მაქე.
თვალხელდაკარეფილი
ნაპირზე მიცდის ტელემაქე.

 

3.

ვარ მნიშვნელობა,
ხარ შენ ნიშანი.
უერთმანეთოდ
ვართ დაკეპილი
შიმშილის დაფაზე.
მხოლოდ შეთბება სადილი,
რამდენიც გინდა,
ხარშე, ნაშენები
ქვაბში სიმხურვალე
თუა შილიფად.
ასეთი მხდალი სხვა არ მინახავს,
როგორიც დროა,
სულ გარბის, გარბის.
და მაინც ასწრებს,
ვითომ გვაშველებს,
რომ გაიძვერა,
ჩაგვიდგეს შუაში ფლიდი.
როგორც აკრობატის
მტევანს მაგნეზია,
ნიშანს თავისი მნიშვნელობა
მაინც იპოვის და აეკრობა.
აბა, სიკვდილის ორძელი
სხვა რის მაქნისია.

 

4.

უმი, უმეო ომი მოხარშე -
რადგან ადგანან გზას მიზეზები
და მათ მოსდევენ შედეგები
იმიტომის ტომის -
თუ მართლა ცვლილების საღამო ხარ შენ.
ვარსკვლავმა გამოსდო კლანჭი ქალაქის
ქუდს იქ და ქუჩა ვიტრინების
ანთებს აქ ოხშივარს.
დრო მე დამათრობს,
მეტს რა დამაკლებს,
ღვინის წუთებმა
უცბად არ მოკლან ჭიქა ლოთობით.
რას ამბობ, სად წავიდოდი,
სართულებიან ქოხში ვარ.

 

5.

მონოლოგი

შენ ქრისტიანი კრეტინი ხარ
და საზარბაზნე დარბაზების
მეც ვარ საკმაოდ კრეონტი.
შენ საფლავიდან გაქცეულის მიმდევარი ხარ.
სხვათა ენების შესწავლა მეც მეცადა მაინც,
ახლა ის უცდელი და მე
არ ვიქნებოდით,
როგორც ცა და მიწა.
დამწესებელმა წესის სიმწარე რომ არ იწვნიოს,
არ გაუგოს მას გემო,
როგორ იქნება.
ტრაგედიის ტრაკი
თვითონ უნდა ჰქონდეს.
თებეს კედელთან შეიყარნენ
პოლინიკე და ეთეოკლე,
რომ ერთმანეთი მოეკლათ.
ამაზე თუა ნათქვამი -
ძმა ძმისთვისაო,
შავი დღისთვისაო!
და თუ წესია
წესის დაწესება,
მისგან გაქცეულ არდამწესებელს
გზა მარყუჟად შეეკვრება.
სადაც სინათლე ცოტა ანთია,
ანტიგონეს ჩრდილიც კი
გიგანტია,
რომელმაც ჰემონი ნებით დაიტოვა.
ვინც მოიტანა, ეგ ჰემონია,
აქ დასასრულის ჰეგემონია.

 

6.

საქვეითო ნაპირთან
ბორბალი ღელავს.
ეზოში შემოქცეული ფარების შუქი
სახლებს ცივ ოფლად ასხამს.
ღამე ქალაქში მარხილით შემოდის,
რომელიც უფრო ძველია,
ვიდრე პირველი ბორბალი.
მას რომ ჰაერი არ ჰყოფნის,
დაუდებს თავქვეშ ალბათ ორ ბალიშს.
მეც ლაბირინთმა გამაბითურა,
თუ რა?
მე ხომ ვიცოდი,
რომ გუშინეთი და რომ ხვალეთი
ერთი დროის ორი ხელია
და მათი ტაში, ასეთ-ისეთი,
ისმის დღესეთად
და მჟავე დეჟავუდ.

 

7.

It from Bit
J.A.Wheeler

როგორც ალში ქაღალდი,
გგონია, მოვკვდი
და რომ ჩავძაღლდი?
წვიმის ღილებს
გაზაფხული ჩამოთვლის,
და გულმოღეღილ ღამეში
სიზმართან ვწვები,
როგორც გილგამეში.
ცამ რომ ნიშანი გაიმეტე,
მეტეორია.
არა ვიქმ,
ცოდნით რას მარგებს
მე თეორია?
საქმეც ნიშანთან ამოიშანთა.

 

8.

შუბლზე დასმულმა დამძლია დაღმა,
ქუჩა ვიპოვე, დავეშვი თავქვე, დაღმა.
მზე ზურგზე მომერგო
და წინ გავიგდე
ჩემი ჩრდილის გუთანი,
გათანგული
და უხარო.
რომელსაც შენთვის სცალია,
სიკვდილსაც სალმად თავს დაუკრავ,
თუ ისე ივლი, გითხრა, პოეტო,
ტოტის მეტს რომ არავის
თავი არ დაუხარო.
გუთანს მეც კვალში ვესახნისები,
ხნულიც არსად გაგვივლია.

 

9.

შენ სიმრავლისგან
თავგზასავით
თუ ხვალ აიბნე, იცის,
როგორ შეუდგე ძებნას გამოსავლის
უკვე დღეს,
წესმა ლაიბნიცის:
რაც კი რამ და ვინც
ერთნაირია სრულებით,
სინამდვილეში
მხოლოდ ერთია და არა მეტი,
თუნდაც ზუსტად ასე
დაჟინებით ჩანდეს,
უნაპიროდ გაფანტულიც იყოს.
მეტყევე ვიყო,
კი არ გამტყუნებ,
ხომ ნათქვამია,
თვალს ყველაფერი ენამდვილა,
რაც კი გამოთქვა ენამ ადვილად.

 

10.

უღრმესი ციდან და ვარსკვლავების უღრანიდან
მოსულმა წარღვნამ მოიტანა სიცოცხლის ბეჭედი.
ტალღამ ნაპირზე გამორიყა ალღო,
მწიფე თიხას ალალბედზე მოუსწრო,
სიცოცხლით აღბეჭდა მიწური სახლი
და გაუყენა ბინადარი გძნობის ფილაქანს.
სიცოცხლის ჭურჭელში სიკვდილი დაილექა.

 

11.

წვიმის ფეხქვეშ
წყალი ყალიბდება
გუბედ უბედურების.
მოავდრე მოვა ადრე და
ღრუბლის წვიმა გადაივლის,
ქარმაც კი ზარმაც გუბეს მიხედოს.
დასაბუთების ბებუთი აბა, თუ ბოთეა
და, ორლესული, თავსაც ისე არ ისაბუთებს,
როგორც მარჯვეა ჩოგანი, თუ კედელს ეთამაშება.
ტარზე არზაა, თუ რა ალაგია?
ეს ასოების სასოების
არის რელიგია.

 

12.

ხო და დახედე,
ხიდი ახდა.
ორ არაზეა,
გარდიგარდმო,
კენტად „დიახ" და
მიმომავალი არავინაა.
ყოფნა არყოფნის აივანია,
შენ რომ ძალიან გაინავარდე.
ასე განსხვავდება
იგი და იგივე
მისგან და
იმავესაგან.
გამორჩეულად მომაკვდავ ვარსკვლავებს,
შუამდინარულ
წარღვნის კი მითებს
მართავს ერთი გრამატიკა
და იგივე ყისმათიც.
ჩვენიც ბედია
გრამატიკა,
ის მათი.

 

13.

თუ ესაუბრე ყველა გულუბრყვილოს,
დრო სიტყვებისთვის გაგიტანებია.
მაჯის საათი ხომ გინახავს,
სიტყვაც საათია,
ოღონდ პირდაპირის,
აჩვენებს სწორედ
და სწორად იმ დროს,
რომელშიც ხარ და
არც არასოდეს ტყუის,
რადგან აჩვენებს ტყუილის დროსაც.
ორაზროვნებას, როგორც ხედავ, არ გამოტოვებს,
ზუსტია ორი ისარი,
მესამეც, თეორიული,
თავის თავს მისდევს.
დრო სიტყვას მოაქვს
და მასვე მიაქვს,
ღირდეს მაინც რამედ,
მოტანად ან წაღებად.
სიტყვა რომ გამოილევა
და გაჩერდება საათი,
მაშინ იქნება,
რომ არ მიგაჩნდეს ცა ქუდად,
მიწა - ქალამან-წაღებად.

 

14.

რა ამბავია ამდენი აწმყო,
იკმარებდა თითო მათგანი.
რა მარტივია, თან რა მაცდურიც,
რომ აქ ისაა, რაც ახლავეა.
აწმყოა ქისა,
წარსულ-მომავლით გატენილი
მუჭში ეტევა,
თუმცა რაც იყო
მას, რაც იქნება,
უყურებს, როგორც
სუნიტს - შიიტი.
და აქ ის ქისა
სიკვდილ-სიცოცხლის სიიაფემ
ააკისკისა.
მისთვის გეკითხა,
აწმყო იტყოდა სიზმარზე,
მაგან დამბადა ამბადაცო.
ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება,
პოეტი - მამაძაღლობით.

 

15.

რადგან კოცონი კოცნიდა ღამეს,
კედელს ჩრდილები მოერია,
კედელს ან ნაპირს.
ჩამოვიარე
და ჩემი ჩრდილიც
მათ შორის ავცხე.
არგო ერქვა ტროას შავ ცხენს
და გარშემო უვლიდა
ქალი გუნდივით სირინოზების:
ჩასაფრებულებს
ცოლ-საყვარლები, ალბათ დედებიც
ნაცნობ ხმებად ეხლებოდნენ გარედან,
როგორც შიშველი ტალღები - კუნძულს.
მაგრამ ვერავინ გამოიტყუეს,
რადგან სქელი ცვილით
ყურთასმენა ჰქონდა
ყველას დახშული,
რომ არავის გაეგონა მაცდური ხმები,
იმ ერთის გარდა,
რომელსაც პირში
ბურთი ჰქონდა ჩაჩრილი,
ხელ-ფეხიც ისე ჰქონდა გაკრული,
რომ ხმა ვერაფრით გაეცა,
რადგან ცდუნებას ვერ გაუძლებდა
ვერც ერთი კაცი,
როგოც ვერც ერთი სიცოცხლე
თავს ვერ იკავებს
და სიკვდილის დაძახებაზე
გადაეშვება ხოლმე
ხომალდიდან წყალში
ან ხმალამოწვდილ ნაპირზე სამალავიდან.

 

16.

რად გინდა, რომ თავს სდიო.
იქ, ოთახებში შუქის ქოთნები
ფერადი ვიღაცებით მოხატულია,
თითქმის ისმიან.
და შორს ნუ წახვალ, აქ მოთავსდიო,
ვინიცობაა, ეს დერეფანი აივანიცაა,
ღამე იკეთებს ქამრად, რამდენსაც გინდა.
ჩამოჯექი, როგორც ბალთაზე ბებერი ცერი,
იმათ ასივე თვალით
ცერად უყურებს ცერბერი.
სულს რომ მოითქვამ,
გაიარე, გაიაივნე,
ნუ დაიმგზავრებ ნურავის,
მენავეც შენ ხარ,
მოგცე ნავი შენ.
ავიშენებ
ჩემთვის მოაჯირს,
მე არ ვიყოო მდინარე,
რომლის სახელი სტიქსია.
აქაა ნესტი, იქ - სია
თორემ სიამოვნების.

 

17.

ხომ არ ხუმრობ,
რა აივლის ამ ციცაბოს?!
მთის თანახმა ახმახს
საფეთქელიც ქიმზე უდევს,
როგორც თოფის
ულამაზეს ლულაზე.
აქ დაგორდა ქალაქის მზე,
ჩამომდნარი ღამეში.
აივლი და ავლისელი
ქალი მოგელანდება,
კი არ მოგელანდება,
მოვა, ხელს გამოგიწვდის,
მოგაცილებს დაღლას
და წაგიყვანს, გიმეგზურებს
კიდევ უფრო მაღლა-მაღლა.

 

18.

არაფერი არ არის,
ყველაფერი ნიშნავს.
ნავს შინ მოიტანს
ნაპირის წყალი.
არავინ არაა
და ყველა ნიშნობს,
იშნობს თუ არა.
აბრების ქარავანს
ნეონის მუხლით
ვიტრინების ქვიშაში
ქუხილი გააქვს.

 

19.

მე ავიყვანე იმიტომი რომის ხარისხში
და ვარსკვლავების მუგუზლებიდან
გამოიჩხრიკა კიდეც მიზეზი.
მან წყურვილივით მოიკლა დრო და
მე გადმომაგდო
დროში დროშის ტარად
და მდინარეშიც
ბადე-ანკესად,
თუმცა ომი უკვე
წაგებული იყო,
ხოლო თევზის ნახირი
ნაპირს იყო საძოვარზე გასული.
მე რა ვთქვა, როცა
ყორანსაც კი მობეზრდება ხოლმე
ჭკუა-გონების მოხმობა
და შინ მშვიდობით მისასვლელად
შორი გზიდან მოვლა,
რომ აერიდოს აეროდრომს.

 

20.

თუმცა
სამზეოდ,
სადედამიწედ
მტვერი დაღმართმა შეკრიბა,
მაინც ნიმუშის
იდაყვი, მაჯა
თავს ერთად უყრის
რასაც და ვისაც,
ალყად შემოავლებს
ბაწრად დაგრეხილ
შემთხვევითობის ნამჯას,
ძნას შეკრავს შინდის მუშით.
ქვეყნიერებამ უნდა თქვას,
მეც ხელოვნების
ნამუშევარი,
ნიმუში ვარო.
ერთხელ პოეტსაც
გადავეყარე
და გაჩაღებულ სიზმარში
მოისაკლისა მან ძილი.
მე კი მითხრა, რომ
თუმცა ყოველი ვინ და რა,
ყველა არსება, ნივთი
უმოკლეს გზას ადგას,
მაინც არავის
არავისთვის
არ აუკრძალავს
არც უგრძელესი მანძილი.
უნიმუშობა არ მუშაობს.

 

21.

ღვინის ძარღვი ძაბრია,
აბრიალებს ვარსკვლავიან ქაფს.
სადაც სურვილი მოიკოჭლებდა,
ერთი რომ იყოს,
გათლილი სიტყვის
ჭოკი კი მკაფიო ფსკერს მიერეკება,
მეტივეა მეტი მოტივი.
განზრახვა ხდება
ხიდი, ახედე,
საქმე - მდინარე თვალწინ.
გადაივლის
ღვინის ღრუბელი
და გააყოლებს
თევზი თავზემოთ მზერას.

 

22.

თავს ნუ დაიცავ, უნდა გაოცდე.
დაფენილია ერთად ქსოვილი
და ზედ იმდენი ნაოჭია,
რამდენსაც ნახავ საგან-ნივთსა და არსებას.
არ ეზარება, არ ბეზრდება
და ვერც ბრაზდება,
დრო თავზე ადგას
და ხოლმე თალხ ხელს ახლებს.
ერთგან რომ წაშლის და მოასწორებს,
სამაგიეროდ სადმე, გარშემო
შეემატება ძველ ნაოჭებს
და გაიკეთებს ქსოვილიც ახლებს.
ტალღა თუ ტალღის
წილ იზნიქებოდეს,
ნუ ეტყვი ავს და აუგებს.
იქნებ ჯობია, რომ ხასიათი
და მისი ქცევა, ზნე იქებოდეს.
თუ დაემთხვევა, თორემ
ნაოჭი ქსოვილს წესს ვერ აუგებს.
ერთი რომ ხარ,
ჯერ გაათმაგდი,
თეთრი თმა გდია,
მერე გაოცდი.

 

23.

და ორრქიანი დრო როქს აკეთებს.
ყვავის აწმყოს ორქიდეა,
არა სააღდგომო,
არამედ გამრისკავი
მამრის კვერცხებით,
ამიტომ ერქვას ისევ ჯადვარი.
მან შეგვიტყუა,
ამოვიგანგლეთ სიახლის მტვერში,
რომ უნებლიეთ, კეფით წავიღოთ,
გადავიტანოთ მორიგ ახვარ ახლაში.
და ორრქიანი დრო როქს აკეთებს
და მანამდელის ზურგსუკან
მომდევნოს მალავს.
მეფე ეფარება ეტლს,
რომ გადაურჩეს შვილ ოიდიპოსს
მამა ლაერტი,
მაგრამ ვერ ცნობენ ერთმანეთს,
ომში ორივე ისე გაერთო.
დრო არ არსებობს არც წარსულში,
არც მომავალში,
დრო აწმყოშია,
როგორც ალყაში არის ტროა.
დრო მაშინ არის, როცა აკეთებს როქს.

 

24.

მოთქმა-გოდების ობი გაგონებას მიედ-მოედო,
მითქმა-მოთქმამდე დაწვრილმანებული,
და ბრალდებულად ბედიც დაბადა.
მხარი მოგწყვიტოს, გასაჯორია
თოჯინა თუჯის მაჯებიანი.
ის სიტყვით მოგწმენდს
სინდიყის სინდისს:
შენი რა ბრალია,
მე მიჯობნია!

 

25.

მე პირსახოცი ლექსივით მიმაქვს,
რომ გაიმშრალოს, ვიდრე შეაშრა,
თუ ამისთანას ღამის ტანი აქვს
და ვარსკვლავები ჩემკენ ნარბენი
მთელი მსოფლიოს სანდო ოფლია.
სხვენზე ცხოვრობს და ჭერში შრიალებს
ჭეშმარიტების სინდიოფალა.

 

26.

თუ ქრისტიანი
ხარ, ქრისტიანო,
რატომ არ უნდა მიბაძო ქრისტეს?
ის კი არ იყო,
ქრისტე არ იყო ქრისტიანი.
კი არ ვსაყვედურობ,
როგორ იქნებოდა?
მორწმუნევ, რადგან
არც შენი ღმერთია მორწმუნე,
და ვერც იქნება,
რატომ არ გინდა, მიბაძო ღმერთს და გადაირწმუნო?
იყავი, რაც ხარ,
კვირაცხარე გონებავ,
ტინის ტანთან გვირისტიანო,
რადგან ღირსი ხარ
შენ უკეთესი პარადოქსის.
მე კი კედელ-კედელ
კიდევ ამოვკრიფე
ჩრდილის თითები,
ხელი, რომელიც ჩემი მეგონა.
წამოევლო, ღვინო დამისხა,
დამალევინა, დამათრო
და მოეპარა დოქს ის.

 

27.

ჯანი გავარდეს, ერთხელაც ვცადოთ,
ვნახოთ, რა გამოვა.
სიკვდილი ნიშნავს აღარყოფნის გაუქმებას;
სიკვდილი ხდება, როცა აღარყოფნა წყდება;
სიკვდილი ჩნდება, სადაც აღარყოფნა ჩერდება.
ნუ გვეგონება, რომ აღარყოფნა უბრალო არყოფნაა,
ქვასავით დაგდებული.
არამედ ის წყაროა, რომელიც ნიშნავს
აღარყოფნას სულ გამუდმებით,
ვიდრე თანდათან დაიწრიტება ან ერთბაშად ჩაიხერგება;
იმ აღარყოფნას ნიშნავს, რომელიც
არ გულისხმობს წინასწარ ყოფნას.
სწორედ ესაა ტყე, გაუვალი, და ყველაზე უღრანი ტყუილი,
რომელიც გვარწმუნებს, რომ არყოფნის საპირისპირო
არის ყოფნა, არარსებობის კი - არსებობა.
არა და არა!
სინამდვილეში, უადვილეს სინამდვილეში,
თუმცა ხისტია გამოსათქმელად,
მეტოქეები არიან და ერთმანეთის მტრები
არყოფნა და აღარყოფნა,
და საკითხავიც აი, ეს არის -
აღარყოფნა თუ არყოფნა?
დრო ან არადრო!

 

28.

შენს გამოუვალ სახლად,
ცოცხლის აკლდამად
შენდება კედელი,
რომელშიც
სიმტკიცისათვის,
რომ არ წაიქცეს,
ჩატანებული შენ ხარ.
ვერსად წაუხვალ ქვითკირს,
რომელიც
მოზელილია ორი ზღაპრისგან,
ორი მითისგან,
ერთს ჰქვია "აქ" და მეორეს - "ახლა".
თუ მომავლიდან გადმოხედავ,
არ დაედება
წუნი უწონო ბზარით
კედელზე ნაწერს.
მე სახეებად და უნებურად
ისე გაღიმების,
ბნელი ვარსკვლავის
ათინათივით დაგთამაშებდეს,
ხალხო, მოგიტან,
მოვალ, მოვალე ოვალებს.

 

29.

სიტყვების მკლავი გაიშლება
და ქარქაშის შესაბამის
ეს აბა, მის
მაჯა მახვილს ისე აქნევს,
რომ სიკვდილს პირზე
ემარაოება.
წვეთავს და ჟონავს,
დრო თუ სისხლია,
და მისით სავსე
ჩვენი სამშობლო
გმირი ჰემაროია.

 
ფოტო: ლევან მაისურაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა