გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ინდიგო N12

ხელი ხელს

- შენ რა გქვია?
- ნათია. შენ?
- ცისანა. ჩემს მეგობარსაც ნათია ჰქვია. შენი მანქანა ყვითელია?
- კი. მოგწონს?
- ძალიან. ვიცი მე ფერების ცნობა - მწვანე, წითელი, ლურჯი, ყვითელი... თმა სად შეიჭერი?
- სალონში, ქალაქში.
- მეც ქალაქში შემაჭერით, აღარ მინდა აქაური. რამდენი წლის ხარ?
- 37. შენ?
- ირი, რამდენის ვარ? შენ რა გქვია?

აი, ასე, ზუსტად ერთი არასრული დღის მანძილზე 9 ახალი მეგობარი ვიპოვე – ცისანა, თამარა, გიორგი, ირინა, კოსწია, ნათია, გოჩა, თემური და დიმა. სწრაფად დამეგობრებაში, შესაძლოა, რთველი, სტიქიასთან ერთად გამკლავება, ერთმანეთზე ზრუნვა და გათიშული ელექტროენერგიაც დაგვეხმარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ ჩვეულებრივ დღეს რომ შევხვედროდით, მაინც ასე სწრაფად დავმეგობრდებოდით.

ჩემი ახალი მეგობრები სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის „ხელი ხელს“ ბენეფიციარები არიან. მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჰქვიათ.

მე რომ მკითხოთ, ამ ყველაზე გულწრფელ, კეთილ და მოსიყვარულე ადამიანებს სულაც არ სჭირდებათ შეზღუდულის სტატუსის მიკერება.

„2011 წელს დავიწყეთ. დღეს გურჯაანსა და თბილისში უკვე 5 სახლი გვაქვს, სადაც 20 ადამიანი ცხოვრობს – თითო სახლში ხუთნი. მიგვაჩნია, რომ ამაზე მეტი ადამიანი ერთად არ უნდა ცხოვრობდეს, ინდივიდუალობა იკარგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქ მოსვლამდე ყველა სხვადასხვა ინსტიტუციაში ცხოვრობდა ძალიან ბევრ სხვასთან ერთად. ჰქონდათ უამრავნაირი ტრავმა. ოჯახურ გარემოში გადმოსვლამ თითოეული მათგანი რადიკალურად შეცვალა. სწავლობენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, თავის მოვლას, ერთმანეთზე ზრუნვას, ეუფლებიან პროფესიებს, პოულობენ ინტერესებს, სამსახურებს“, – გვიყვება ორგანიზაციის დამფუძნებელი მაია შიშნიაშვილი. 

სახლში ყველას თავისი ოთახი და ნივთები აქვს. ეზო მოვლილია – ყვავილები, თუთიყუშები, ძაღლი. ერთი რამ აკლდათ და ამ შემოდგომით ყურძნის მოსავალიც აიღეს. წელს პირველად ჰქონდათ რთველი. ყურძნის წვენით ბადაგი უნდა მოადუღონ და მერე ბევრი ჩურჩხელა დაავლონ. თამარა მომიყვა – შარშან ნაყიდი ბადაგით 5000 ცალი ჩურჩხელა გაუკეთებიათ, გაუყიდიათ და დამატებითი შემოსავალიც გასჩენიათ. 5000-ს ეხუმრებით? კაი ძლიერი კახური ოჯახიც კი ვერ შეძლებს ამდენს.

თამარა 46 წლისაა. წერა, კითხვა, მათემატიკა და კიდევ ძალიან ბევრი რამე აქ ისწავლა, გურჯაანში.

„აქ ჩამოსვლამდე სხვადასხვა ადგილებზე ვცხოვრობდი – ზოგან ჩაკეტილი ვიყავი, ზოგან ცოტა უფრო თავისუფლად. მცემდნენ კიდეც. აქ რომ ჩამოვედი და ვინმე დამელაპარაკებოდა, შეშინებული სახეზე ხელს ვიფარებდი. ნელ-ნელა გადავეჩვიე და სიყვარული და სითბო ვისწავლე.

ერთი რაც მეკლდა, სამსახური იყო და ისიც დავიწყე, ჯერ „პე-ეს-პეს“ აფთიაქში. ისეთი თბილი თანამშრომელი გოგოები იყვნენ, დავდაქალდით. ერთხელ ვიღაცებმა გამაბრაზეს. დავემუქრე, ჟურნალისტებს დაგცემთ თავზე-მეთქი. ახლა ჰოსპიტალში ვმუშაობ სრული დღე. დილას ადრე ვდგები, გადავალ მეზობელთან, ჩემს დაქალ ნათელასთან, დავლევთ ყავას, ვიცინით, ვიცინით და 8-ზე სამსახურში მივდივარ. საღამოს მოვალ, საჭმელს გავაკეთებთ მე და ნათია, ხელსაქმესაც ვასწრებთ, ვიმეცადინებთ და ასე“, – მიყვება თამარა.

ახლა იცით როგორია? რომ ვსაუბრობთ, გვერდით მიზის და ხელი ხელში გვიდევს მთელი ეს ხანი. მერე თავის მოწესრიგებულ ოთახშიც მეპატიჟება და თავის ხელნაკეთ ნივთებს მათვალიერებინებს – მძივებს, წინდებს, შარფებს, გულსაბნევებს. 

მარტო თამარას კი არა, ყველას ნაპოვნი აქვს თავისი საქმე – თემური ხისა და ტოტებისგან უამრავ რაღაცას ამზადებს, ნათია ქსოვს, გოჩას შეშის ჭრა ყველაზე კარგად გამოსდის, ვალოდია ეზოების გაწკრიალების მაესტროა, ცისანა – ვაშლის ჩირის დიდოსტატი, დიმა – ნარდის დაუმარცხებელი ჩემპიონი, კოსწია ოქროსხელა – რა აღარ გამოუდის ხელიდან. გიორგი კი – ცარიელი გული.

„გიორგი რომ მოვიყვანეთ, არ ლაპარაკობდა. როცა ავუხსენით რას ვთავაზობდით, მხოლოდ თავი დაგვიქნია. სულ ცოტა ხანია, რაც ლაპარაკი დაიწყო“, – იხსენებს მაია.

ისეთი ბედნიერები და აღფრთოვანებით გიყვებიან თავიანთი ახლანდელი ცხოვრების შესახებ, ისეთ სილაღეს გრძნობ, ძნელი დასაჯერებელია, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ამ ადამიანების თავს მხოლოდ შეზღუდვები, მკაცრი გრაფიკი, ძალადობა და მათი აზრის სრული უგულებელყოფა ტრიალებდა.

ძველი ამბების გახსენებისას წამიერად თვალებში სევდა უდგებათ, თითქოს შუაში კედელი გაჩნდა და გშორდებიან კიდეც, მაგრამ მაშინვე მომავალზე გადააქვთ სიტყვა და ისევ ისეთები ხდებიან, როგორიც გაიცანი.

ზუსტად იციან, რა უნდათ – ზოგს სმარტფონის ყიდვა უნდა, ზოგს კბილების მოწესრიგება, ზოგს ბოტასები და მიზანმიმართულად მიდიან ამ მიზნებისკენ. თუ სჭირდებათ, ლატარიასაც კი თამაშობენ. 

წამოვედი და წამოვიღე დიდი სიყვარულით გაბერილი გული. და თან გამომყვა დანაშაულის შეგრძნება, რომ მათ გარდა ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი რჩება იმ ინსტიტუციებში, სადაც მათი აზრი არავის აინტერესებს.

ლოგო
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა