გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხელოვნება იდეიდან ფუნქციამდე

1925 წელს პარიზში, ხელოვნების, დიზაინისა და გამოყენებითი ხელოვნების მსოფლიო გამოფენაზე, საბჭოთა კავშირის პავილიონმა ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა. პავილიონი კონსტრუქტივისტმა არქიტექტორმა, კონსტანტინ მელნიკოვმა ააშენა. მის ერთ-ერთ დარბაზში კუბოფუტურისტებისა და კონსტრუქტივისტების ნამუშევრები ქართული ტრადიციული ხელსაქმის ნიმუშებით – ფარდაგებით მორთულ ინტერიერში გამოფინეს. ასე გამოეხმაურა მსოფლიო გამოფენის მთავარ ამოცანას ახალგაზრდა საბჭოთა კავშირი, თავისი ჯერ ისევ ავანგარდისტული ხელოვნებით. მეოცე საუკუნის 20-იანი წლებისთვის სახელოვნებო დისკურსებს შორის ერთ-ერთი წამყვანი, ხელოვნებისა და რეწვის შერწყმა და მათ შორის გამართული დიალოგის დიზაინში გადატანა იყო. ამისთვის საგანგებოდ მუშაობდნენ როგორც ბაუჰაუზში, ისე რუსულ „ვხუტემასში“. მარტივად რომ ვთქვათ, ამოცანა მოდერნიზმის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოების ყოფა-ცხოვრებაში დანერგვა იყო, მაგრამ 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში ბევრი რამ შეიცვალა.

ეს ცვლილება რადიკალური და დროში გაწელილი იყო. მთავარი გახდა ხელოვნების ფუნქციონალურობა, ამიტომ ის დიზაინიდანაც განიდევნა. განიდევნა, როგორც ინტერპრეტაცია და თავისუფალი აზროვნება; როგორც თავისთავადი საავტორო ფორმა. მხოლოდ გამონაკლისები ახერხებდნენ ამ სტანდარტებში ხელოვანებად ჩამოყალიბებას და ცოტა უფრო მეტს, ვიდრე ხელოსნობაა. საბჭოთა კავშირმა სტანდარტებს დაუქვემდებარა ხალხური ტრადიციული რეწვაც. ის აქცია წარმოებად, რომელიც მოსწყდა თავის ძირს – ხალხურად თავისუფალ და ორიგინალურ ინტერპრეტაციას. საბჭოთა ყოფა ხელოვნებისა და ორიგინალობისგან დაიცალა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირში ხელოვნების სიწმინდეც ასე განისაზღვრა – მას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონოდა ფუნქციონალურობასთან. თუმცა, სულ სხვა გზა გაიარა დასავლეთ ევროპამ და დღეს სწორედ იქიდან ვსწავლობთ, რომ ხელნაკეთი ნივთი, ფუნქციონალური ხელოვნება თუ დიზაინი ფასეულია, და რაც უფრო მკვეთრია გამოყენებითისა და ესთეტიკურ-ინტელექტუალურის სინთეზი ნივთში, მით უფრო დატვირთულია ის მრავალფეროვანი, ცოცხალი კონტექსტით; და რომ ეს მის მხატვრულ ღირებულებას არ გამორიცხავს, ხშირად პირიქით, ამწვავებს მას.

...

არტისტერიუმი 2017, თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენა ვიზუალური ხელოვნების, რეწვის (craft) და დიზაინის დიალოგს, მათ შორის კავშირებს, ერთმანეთში ტრანსფორმირებას და ამ ფონზე ახალი შინაარსის ძიებას ეძღვნება. ვიზუალურ ხელოვნებაში, ისევე როგორც თანამედროვე სტუდიურ რეწვასა და დიზაინში, კონკრეტული მასალების სპეციფიკური მახასიათებლები მათი გამოყენების ფუნქციურ და ესთეტიკურ შესაძლებლობებს განსაზღვრავს, ხოლო მათი სინთეზი ახალი შინაარსის ობიექტებს ქმნის. არტისტერიუმი No10-ის მიზანი იმ შემოქმედებითი სინთეზის ძიებაა, რაც ვიზუალური ხელოვნების, რეწვის და დიზაინის გამომსახველობით ენებს, მასალებს, მიდგომებსა და საწარმოო პროცესებს შორის შეიძლება დავინახოთ, – ასე წარმოადგინა კურატორმა მაგდა გურულმა 2017 წლის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის კონცეფცია.

არტისტერიუმის 10 წლის იუბილეზე, ცენტრალური გამოფენის გარდა, რამდენიმე პარალელური პროექტიც დავათვალიერეთ, თუმცა კონცეფცია მხოლოდ მთავარ ექსპოზიციაში იკითხებოდა. ტრადიციისამებრ, მისი მასპინძელი თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები იყო.

ამ მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში არტისტერიუმის რამდენიმე ნამუშევრის განთავსებამ გამახსენა ის, რის დავიწყებასაც ხშირად ვცდილობ ხოლმე და რასაც, ქარვასლაში გამოფენაზე მისული, ჩქარი ნაბიჯებით ხშირად ვუვლი გვერდს – ვგულისხმობ ქარვასლის ცენტრალურ ნაწილს – იჯარით გაცემულსა და თავის დროზე ყველაზე შთამბეჭდავ სივრცეს, რომელიც ჰგავს ბაზრობას, სადაც ხარისხიანი და უხარისხო ხელნაკეთი ნივთები იყიდება. გამახსენდა აქაური მუდმივმოქმედი გამოფენაც, რომელიც, წესით, თბილისის ისტორიას უნდა გვიამბობდეს, მაგრამ გაურკვეველი და ფრაგმენტული ნარატივი აქვს და მიდგომაც – უკვე უკიდურესად მოძველებული. ვერა და ვერ დაემსგავსა ქარვასლის სივრცე თანამედროვე სამუზეუმო გარემოს. თუმცა, იქაურობა მაინც უალტერნატივოა, რადგან სხვა სახელმწიფო საგამოფენო სივრცეებთან შედარებით ყველაზე ღია და ლიბერალურია, როცა ჯერი თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე მიდგება.

ამიტომ, წლევანდელ არტისტერიუმსაც უცნაურ ფონს სწორედ ქარვასლის ეს სავაჭრო სივრცე უქმნიდა. იქ გასაყიდად გამოტანილი ტრადიციული ხელსაქმის ნიმუშები უმეტესად დაცლილია ხელოვნების უმთავრესი პრინციპებისგან, შესაბამისად, დიალოგი, თუნდაც წინააღმდეგობრივი, მაინც შედგა.

წლევანდელი არტისტერიუმის თემამ არტისტებს უზარმაზარი სააზროვნო ამპლიტუდა და უზღვავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ წლევანდელი ფესტივალი საპრეზენტაციო სცენად ყველაზე ნაკლებად რეწვით დაკავებული ქართველი ავტორებისთვის იქცა.

საფესტივალო თემატიკასთან ყველაზე მჭიდრო კავშირში აბრეშუმის მუზეუმის პროექტი იყო – „გახევა/დარღვევა/ფარული პროცესი“ – აბრეშუმის მუზეუმის ინტერვენცია თბილისის ისტორიის მუზეუმში, ნინო (ჩუკა) კუპრავას, მარიამ შერგელაშვილისა და ლიდია მეთიუსის თანაკურატორობით. კურატორებმა ქართველ და არაქართველ ხელოვანებს მოუყარეს თავი. ისინი ტექსტილის შექმნით, ძველის დეკონსტრუქციითა და ახლის რეკონსტრუქციით პოულობდნენ სოციო-კულტურულ თემებთან კავშირს. დამამახსოვრდა ლიბანელი და ებრაელი ხელოვანების დუეტი. აზიზი + კუჩერი პოლიტიკურად დაპირისპირებული ქვეყნებიდან არიან, თუმცა 20 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ერთად მუშაობდნენ. აზიზის ნაქსოვი დიდი ფარდაგი, სახელად „სხვა ადამიანები“, შთამბეჭდავი და შემზარავი აღმოჩნდა. ნაქსოვისთვის დამახასიათებელ ფაქტურაში თან იკარგება და თან მაინც იკითხება ბრძოლის ველზე გარდაცვლილთა და მომაკვდავთა სილუეტები. დისტანციიდან, ომი ფერადოვან ცეკვას ჰგავს. თუმცა, აკვირდები და, ეს უაზრო მსხვერპლშეწირვის აქტია.

საინტერესო იყო ელანა ჰერცოგის მრავალკომპონენტიანი ინსტალაცია – დაშლილი, ძველი ფარდაგები და მათგან ახლის ქსოვის პროცესი. ასევე ადონის ვოლანაკისის დაზგა, რომელიც ტექსტილის მომზადების პროცესში გააჩერეს. ავტორი თან იმ ტრადიციას აღადგენს, რომელსაც ბავშვობიდან ეზიარა და თანაც ახალ არტისტულ ლექსიკას აყალიბებს.

თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე ხელოვნების რამდენიმე ათეული არტისტის ნამუშევარი იყო გამოფენილი. მაგდა გურულის კურატორობით მომზადებულ ამ გამოფენას „ხელოვნება, რეწვა და დიზაინი“ ერქვა. სადა და საკმაოდ მინიმალისტური ხერხით აგებული ექსპოზიცია ავტორებს საერთო კონცეფციის თავისუფალი ინტერპრეტაციისა თუ მისგან დისტანცირების საშუალებას აძლევდა. აქ ვნახეთ ნონა ოთარაშვილის კერამიკულ ფილებსა და ჭურჭელზე შესრულებული სოფიო ტაბატაძის გრაფიკა, ასევე სხვადასხვა მატერიის თუ მასალის სხვაგვარი ინტერპრეტაციები. რა ემართება ობიექტს, როცა ის თავის ფუნქციონალურ და პირველად მისიას კარგავს, შეიძლება თუ არა, ხელოვნების ნიმუშად იქცეს? გასულ საუკუნეში დასმულ ამ შეკითხვას ქარვასლაში კარგად და ხშირად იმეორებდნენ, პასუხის გაცემას კი, მონდომებული დამთვალიერებელი ცდილობდა.

დასამახსოვრებელი იყო თინა ცხადაძის რამდენიმე გრაფიკისგან შექმნილი ნამუშევარი. შპალერივით მოხატულ, ვარდისფერ ზოლებში ჩახატული შავოსანი ქალების გროტესკული გამოსახულებები. თინა ცხადაძემ გრაფიკული სერია – Georgian Dark, ფეისბუკზე პრეზენტაციისა და დიდი პოპულარობის მოპოვების შემდეგ, გალერეაში გაიტანა. მისი კომპოზიციები ძალიან ზუსტი, დახვეწილი, მკაცრი და ლაკონიურია. მათ შიგნით კი მაინც ცხადად იკითხება შუა საუკუნეების ქართველი არისტოკრატი ქალების სილუეტები, რომელთა ჟესტები, მოძრაობები ავტორის ფანტაზიით უფრო იკვებება, ვიდრე ეთნოგრაფიითა და ტრადიციით. არავითარი სენტიმენტალიზმი. მხოლოდ მკაცრი ირონია და ჰორორის მცირე განცდა – ყველაფერი საგრძნობი მინიმალიზმით. ეს ურთიერთგამომრიცხავი მდგომარეობებია და ამიტომაც – დასამახსოვრებელი. თან, ჩვენს კულტურაში არასდროს ყოფილან ასეთი ქალები. არასდროს არსებულა მათში ის ძალაუფლება და თავისუფლება, რაც მხატვარმა ამ გრაფიკულ სერიაში მიანიჭა. ცხადაძის გამოგონილი სახეები, სარკასტული კომენტარებია წარსულსა და აწმყოზე.

ემოციური იყო ლია ბაგრატიონის ნამუშევარი, რომელიც ისევ მეხსიერების საკითხს უტრიალებდა. ჩარჩოში ჩასმულ გასანთლულ მიტკალზე დატანილი ძველი რუკები მისი ოჯახის ყოფილ ქონებას – ჩამორთმეულ მიწებს აღნუსხავდა. ლია ბაგრატიონი კი იქვე წარმოდგენილ ტექსტში გვიამბობდა, რომ ამ გასანთლულ მიტკლებს გასაბჭოების შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ბებიამისი ხარშავდა, რის შემდეგაც ქსოვილს სანთელს აცლიდა და მიტკლისგან პერანგებს იკერავდა. „პერანგის შესაკერად რამდენიმე პერგამენტის გამოხარშვა მჭირდებოდა. თითოეული მათგანი საკმაოდ დიდი ზომის მიწის ნაკვეთს მოიცავდა და ისე გამოდიოდა, რომ მე ამ მიწის ნაკვეთების მახსოვრობასაც წყალს ვატანდი, რადგან როცა მათ ვხარშავდი, მათზე აღნუსხული მიწები უკვე ჩამორთმეული გვქონდა“, – ასეთია ბებიის მოგონება ლია ბაგრატიონის ტექსტში. სწორედ ამ პერანგების „ღირებულება“ დაინახა არტისტმა თანამედროვე, ტრენდული სამოსის ფასთან მიმართებაში.

არტისტერიუმის მეორე მისამართზე – ლიტერატურის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს ისევ უამრავი კითხვა და ემოცია გაუჩნდა. იქ მაგდა გურულის კურატორობით წარმოდგენილმა გამოფენამ სახელად „პირისპირ“ ომებსა და საზღვრებზე დაგვაფიქრა. დავათვალიერეთ სომეხი და აზერბაიჯანელი ხელოვანების ფოტოდოკუმენტური ნამუშევრები, რომლებიც ერთნაირი გრძნობით აღწერდნენ თავიანთ დევნილ ბავშვებს. იყო თურქი არტისტის წერილების და ვიზების კოლაჟიც, რომელიც გვაჩვენებდა სამშობლოდან იძულებითი გადაადგილების კომპოზიციას. და იყო რუსი არტისტის ეკატერინე კრავცოვას განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ვიდეოინსტალაცია. კრავცოვა ყირიმში ცხოვრობდა და ამ რეგიონის ისტორია მისთვის გაუცხოების და გარემოსთან კავშირის გაწყვეტის მიზეზი გახდა. კრავცოვას აზრით, ადამიანები საერთაშორისო პოლიტიკის მძევლები არიან, ყირიმი კი ამ საერთაშორისო ველში მხოლოდ სასურველი კურორტია. მის ვიდეოინსტალაციაში, დარბაზში დაკიდულ ბაწრებს მიღმა ყირიმის პეიზაჟები ანათებდა. ამ პეიზაჟებიდან ავტორის გადაწყვეტილებით გამქრალიყვნენ ადამიანები. და რაც რჩებოდა, იმის წაკითხვაც მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შესაძლებელი, სრული სურათის აღქმას თოკები ხდიდა შეუძლებელს. და ჩვენც, დამთვალიერებლებიც, ვიდექით და ყირიმის პეიზაჟს სინათლის სხივებს შორის ვამთლიანებდით.

ზუსტად იმავე დარბაზში კიდევ ერთმა პეიზაჟმა მიიპყრო ყურადღება. ეს უკვე აფხაზეთი იყო – ნამუშევარი ანნა ძიაპშიპას ავტორობით. თუმცა, ვიდრე ანნას მხატვრულ კვლევაში ჩავერთვებოდი, ჯერ თვალი მომჭრა სრულ სიბნელეში კედლიდან გამოსულმა სხივებმა, რომლებიც წვრილი ვარსკვლავებივით ანათებდნენ. შესაძლოა, გეფიქრა, რომ აი, მხოლოდ ეს არის ანნა ძიაპშიპას ნამუშევარი, თუმცა არა. ორმაგ კედელს შორის სოხუმის ერთ-ერთი პარკის ხედი იყო წარმოდგენილი. ოღონდ, ახლაც არ ვიცი, რანაირი პარკის რანაირი ხედი. ფოტოს გარკვეულ ფრაგმენტებს მხოლოდ ჭუჭრუტანებში ვხედავდი და მათს გამთლიანებას ვცდილობდი. ანას მიზანიც ეს იყო. არტისტულ პროცესად ექცია დამთვალიერებლისთვის ის, რაც ისტორია-პოლიტიკამ განაპირობა ქართველებსა და აფხაზებს შორის – უხილავის, შორეულის და მაინც ასე ახლობლის განცდა და ჭვრეტა. ახლოს მყოფის, მაგრამ მაინც ბუნდოვანის და ფრაგმენტულის მოხელთება. მიმზიდველის, მაგრამ ძალიან რთულად მისაღწევის შეგრძნება. მზერით ბარიერების გადალახვა, კედლებში გაღწევა. გამიჭირდება, ზუსტად განვსაზღვრო, რა უფრო ამძაფრებს ამ ნამუშევრის წარმატებას, კონცეფცია – მისი ხორცშესხმის ფორმას, თუ – პირიქით. როცა მაგონდება, როგორ ავღელდი, როდესაც სიბნელეში ვიდექი და ღია და ნათელ წერტილებში გახედვით რაღაც უცნობის დანახვას ვცდილობდი, ან როგორ ისტერიკულად ვიყურებოდი ყოველ მათგანში, რომ სურათი გამემთლიანებინა, ვხვდები, რომ ზუსტი, მძაფრი და ცოცხალი მხატვრული ფორმით შექმნილი ხელოვნების ნაწარმოები კარგად ნაცნობ და გაცვეთილ კონცეფციებსაც კი ანიჭებს ძალას. 

ფოტო :
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა