
ხელოვნება უნდა გადადგეს
მივიხედ-მოვიხედე და იმის თქმა მომინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი ხელოვნებაა. სწორად და არასწორად გამოხატული, კარგად და ცუდად მიბაძული, ზუსტად და არაზუსტად გაზიარებული. საკმარისადაა „ინტეგრირებული ირაციონალური ინდივიდუალური ამბოხიც“ და ვთქვათ ასე – პისუარების აქეთ-იქით თრევაც.
ეთიკისა და ესთეტიკის საბოლოო გახლეჩის იდეით გაბრუებულები, ეჭვით ცდიან, მართლა მიენიჭათ თუ არა თავისუფლება. ოღონდ ხელოვნება, ეს ძუკნა, რელიგიურ ეთიკას იქნებ გაემიჯნა კიდეც, მაგრამ რომელიმე პოლიტიკურ ეთიკას სად წაუვა, რაც მეტს იფართხალებს, მით მეტ ილუზიას შექმნის ავტონომიურობისას? რაღაც არა. ბენიამინიც ხომ გვახსოვს – ავტონომიურობა ილუზიაა, ბურჟუაზიული გამონაგონი, ამიტომ ან მხარე ხარ, ან შეეგუე, რომ შენი ნაწარმიც და ჟესტიც მითვისებული იქნება ვინმეს მიერ.
ვის მხარეს ხარ? ვიჩ საიდ არ იუ ონ? – როგორც იმ ამერიკულ სიმღერაშია.
ე.წ. არტისტული კაფეები მარგებელია სანახავად. ხელოვანი ხალხი იკრიბება, ან გარემოა ისეთი, რაღაც სახელოვნებოს გპირდება. ერთ ასეთ კაფეში სამჯერ ვიყავი მეგობრებთან ერთად. დილით, საღამოს, ღამით. ერთი და იგივე გოგო გვემსახურებოდა. სხვადასხვა ჯურის დიზაინერები, მუსიკოსები, მხატვრები – თავის თავში კოგნიტარიატი იკრიბება. და ეს აურა, ეს არტისტული აურა, ფარავს იმ მიმტანი გოგოს და მისი კოლეგების მძიმე შრომას. თითქმის აუნაზღაურებელ მძიმე შრომას. სამაგიეროდ, არტისტული აურაა. მისი ნისლი აბრმავებს. ეს დეპოლიტიზაციისთვის ნისლია. ასე გამოდის.
ისეც ხდება, რომ კეთდება ერთისთვის, მაგრამ პარადოქსულად, მოიხმარს სხვა. იწერება ან იხატება, ვთქვათ ასე, ჩაგრულისთვის და მნახველ/მკითხველი, მაინც მჩაგვრელია. უფრო ზუსტად, მჩაგვრელი მყიდველიცაა.
ანეკდოტს ჰგავს, მაგრამ ნამდვილი ამბავიაო, ამბობენ – ერთხელ ძალიან რადიკალური კურატორები და თეორეტიკოსები შეკრებილან. ყველაზე რადიკალურს უთქვამს, ავიღოთ ეს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და ღარიბებს დავურიგოთო. ერთი სულელიც გამორევიათ – ეს ინსტალაციები და სხვადასხვა ობიექტი ვის რაში გამოადგება, ვერც გაყიდიანო. მერე რა მოხდა, არავინ იცის.
უკვე დავუშვით, რომ არსებობს ნისლი დეპოლიტიზაციისთვის. მაგრამ არსებობს რწმენაც, რომ ის, რაც ამ ნისლს მიღმაა, ჯერ აღწერას ექვემდებარება და შემდეგ – შეცვლას. ამ ნისლს იქით შეიძლება მზერა მიეპყროს მომავალს და როცა მზერა მას მიეპყრობა, ის ასევე მიეპყრობა კომუნისტურ ჰიპოთეზას. იქამდე, წესით, უნდა იყოს ხდომილებების თანმიმდევრობა – თითქოს მწკრივი წეროა.
ხელოვნებას, როგორც ჭეშმარიტების პოტენციურად მატარებელ პროცედურას (ალან ბადიუს თანახმად), შეუძლია აქამდე უხილავი და დაფარული შესაძლებლობების აღმოჩენის პროვოცირებაც და მისი ჩაწერაც მომავალში.
ხელოვნება, რომლიც განზრახ ან სიბრიყვით, არსებულ წესრიგს გახანგრძლივებაში ეხმარება, აწარმოებს ნისლს დეპოლიტიზაციისთვის.
ხელოვნება, რომელიც მთავარ ამონაგებს წვრილ კარიერისტულ სიხარულში ეძებს ან განსაკუთრებულობის თუ ესთეტიკური ილუზიის ბანგით თვრება და სხვასაც ათრობს...
უნდა გადადგეს.
ასეთი ხელოვნება უნდა გადადგეს.