გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საკუთარი კოსმოსური პროგრამისთვის რაკეტა არ გჭირდება!

ფრაზა “არალეგალური კოსმონავტიკა” ზურა ჯიშკარიანმა პირველად 2008 წელს, ამავე სახელწოდების ტექსტში გამოიყენა, სადაც პოსტსაბჭოთა თაობაზე იყო საუბარი: "ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ყველაზე მიუწვდომელი აბონენტები. ყოველდღიურობის ანონიმური კონსტრუქტორები. მოწყენილები და ბედნიერები. ჩვენ განსხვავებულ პროფესიებს ვფლობთ და განსხვავებულ პოზებში ვიძინებთ. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული უნიკალური ცხოვრებისეული წარმოდგენები და გამოცდილებები... არალეგალური კოსმონავტიკა დაიწყება ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური და ონტოლოგიური რეალობის აბსოლუტური, საყოველთაო, თუმცა საიდუმლო უარყოფით."

2016  წელს,  200 დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, პროექტი "არალეგალური კოსმონავტიკა",  ნიუ იორკის სახელოვნებო ორგანიზაციის "აპექსარტის"  (apexart.org) საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდა, სადაც 400 პროექტი იღებდა მონაწლეობას,  მსოფლიოს ყველა კუთხიდან. გამოფენა 2017 წლის ივნისში საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუში ჩატარდა ზურა ჯიშკარიანის, გიორგი მაღრაძის, ჯგუფი ბულიონის, ილიკო ზაუტაშვილის,

მამუკა ჯაფარიძის, ანა და თამარ ჩადუნელების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის მონაწილეობით. პროექტის კურატორები იყვნენ მაგდა გურული და მარიამ ნატროშვილი.

გამოფენის ფარგლებში გამოიცა “არალეგალური კოსმონავტიკის” მცირე ბროშურა-სახელმძღვანელო. მოცემული ინტერვიუ ამ სახელმძღვანელოში დაიბეჭდა.

 

ივენ შარდონე, არტისტი, დამოუკიდებელი ასტრონავტების ასოციაციის წევრი.

 

რა იყო და რა არის დამოუკიდებელი ასტრონავტების ასოციაცია (AAA)?

1995 წელს მარტივი იდეით დავიწყეთ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ კოსმოსში მოგზაურობა ყველასთვის შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, AAA-დან (Association of Autonomous Astronauts) კომპლექსური სოციალური მოძრაობა დაიბადა. განვითარებადი კოსმოსური პროგრამების კონცეფცია ხელსაყრელი ფორმა აღმოჩნდა დისკუსიისთვის, იმ იდეის გარშემო, თუ სად იმოგზაურებენ ასტრონავტები დამოუკიდებლად და როგორ შეიძლება ამის მიღწევა. ოფიციალური დაარსებიდან მალე, ნათელი გახდა, რომ თითქმის ყველა იგივე იდეაზე ფიქრობდა. 2001 წელს AAA-მ შეწყვიტა ოფიციალური ორგანიზაციის ფორმატში არსებობა, მაგრამ დარჩა გამოკვლეული მიმართულებები, მოძრაობები, რომლებიც ისევ გადაიკვეთებიან, მომავალი თაობების მიერ შეცვლილი და გაფართოვებული სახით.

როგორ განსაზღვრავდი დამოუკიდებელ ასტრონავტს? არსებობს თუ არა რაიმე მოთხოვენები ან აუცილებლობების სია, იმისთვის რომ დამოუკიდებელი ასტრონავტი გახდე?

AAA-ს კოსმოსის კვლევის იდეა ლინგვისტური თამაშის წესებს იმეორებს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სიტყვის გამოყენება ყველას შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების წარმოსადგენად და შესაქმნელად. სიტყვა შეიძლება გამოყენებული იყოს იმ საყოველთაოდ მიღებული შეხედულების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც კოსმოსში მოგზაურობას დიდი რაოდენობით ფული ესაჭიროება. ამ კონცეფციას AAA-მ სიტყვა დაუპირისპირა, რამაც თავის მხრივ დიდი მასშტაბის კოლექტიური ფიქცია განავითარა. საბოლოო მიზანი მსოფლიოში AAA-ს ქსელის შექმნა იყო, რაც ნებისმიერი ადამიანის მიერ საკუთარი კოსმოსური ხომალდის აშენებას ითვალისწინებდა. წინა საუკუნის ბოლოს, AAA იყო ყველგან, სადაც კი ამ თემაზე ხელოვნების არაოფიციალური ნიმუშები იქმნებოდა. ეს იყო ექსპერიმენტები განმეორებადი, “ნოიზის”, კლიმატის, ინდუსტრიული, აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის კომპოზიტური მონაცემებით, ახალი მოძრაობების პროგრამული “ხეტიალი”, თეატრი და ცეკვები ნულოვანი გრავიტაციის პირობებში.

დამოუკიდებელი ასტრონავტები ავანგარდულ ესპერიმენტებს ატარებდნენ. AAA ახალი კლიმატის და ახალი სიტუაციების გრძნობითი განცდის სტიმული იყო. ეს იყო უცნობი ატმოსფეროების და განწყობების გზაჯვარედინი.

შესაძლებელია თუ არა ადამიანებმა არც თუ ისე მაღალტექნოლოგიურ ქვეყანაში საკუთარი კოსმოსური პროგრამა წამოიწყონ? რა იქნებოდა თქვენი რჩევა ასეთ შემთხვევაში?

პირველ რიგში, უნდა დაიბრუნო ცა, რომელიც შენს თავზეა. უფრო სერიოზულად კი, შენი კითხვები ლათინურ ამერიკულ “Movimiento de los sin satélite”-ს მაგონებს. უამრავი საინტერესო ადამიანი უსმენდა და ეძებდა სატელიტებს, მათი “დაჰაკვის” მიზნით, მათ შორის მივიწყებულებს ან “მკვდრად” გამოცხადებულებს, ან ცდილობდა აეშენებია საკუთარი სატელიტი, დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ქსელის გასანვითარებლად. ისინი თავიანთი კვლევების დიკუმენტირებას სპეციალურ მანუალში ახდენდნენ და ბოგოტას 1976 წლის, დავიწყებული დეკლარაციის აღდგენაზე მუშაობდნენ. 1976 წელს ბოგოტაში, რვა ქვეყანამ, რომელთაც ეკვატორი კვეთს – კოლუმბიამ, კონგომ, ეკვადორმა, ინდონეზიამ, კენიამ, უგანდამ, ზაირმა და ბრაზილიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, გეოსტაციონარული ორბიტის, როგორც ბუნებრივი რესურსის, მათთვის გადაცემის შესახებ. გეოსტაციონარული ორბიტა, ეს არის ეკვატორის თავზე, 36.000 კილომეტრის სიმაღლეზე არსებული ორბიტა, რომელზეც სატელიტი დედამიწის ბრუნვის სიჩქარით მოძრაობს. ამიტომ, სატელიტი გეოსტაციონარულ ორბიტაზე ყოველთვის ერთი და იგივე ეკვატორული ლოკაციის თავზეა და სატელიტურ ტელევიზიას ორივე ნახევარსფეროში გადასცემს. დეკლარაცია ამბობდა, რომ გეოსტაციონარული ორბიტა მწირი რესურსია და რადგან ორბიტის მხოლოდ 360 გრადუსის გამოყენებაა შესაძლებელი, ეს სატელიტები ერთმანეთისგან რამდენიმე გრადუსით უნდა იყონ დაშორებული, ერთმანეთის ჩახშობის – ინტერფერენციის თავიდან ასაცილებლად, რადგან სატელიტის პოზიცია ლიმიტირებულია. სატელიტის ის სექციები, რომლებიც მიწას “ფარავენ” განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებენ. შესაბამისად, ეკვატორის ქვეყნებს ლეგიტიმური მიზეზი აქვთ იმაზე სადავოდ, რომ გეოსტაციონარული ორბიტის ეს სექციები მათი კონტროლის ქვეშ გადავიდეს, როგორც ამას 1976 წლის დეკლარაცია, 1976 წლის “გარე კოსმოსის შეთანხმება” ითვალისწინებდა. დღეს, ახალი ქსელი, რომელიც იგივე მოთხოვნას აყენებს, ახალი დეკლარაციის შექმნას ისახავს მიზნად, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნებს ექნებათ უფლება მოახდინონ მათ თავზე მფრინავი უამრავი სატელიტის საექსპლოატაციო პროგრამის იდენტიფიცირება (სამეცნიერო, სამხედრო, მედია საკომუნიკაციო, ბაზრის მეფიგნი). დღევანდელი სამოყვარული ტექნოლოგიები ISS-ის (საერთაშორისო კოსმოსური სადგური) ტრეკინგის შესაძლებლობას იძლევა, ასე რომ, დღეს სრულიად შესაძლებელია დაბალი თუ მაღალი ელევაციის ორბიტებზე მფრინავი, იდუმალი ობიექტების მეფინგი.

ტროპიკულ განედებში ხშირად ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც მზის ჩასვლისას ბალახში წვანან (და წმინდა განჯას ეწევიან) მზის არეკლილი სხივების დახმარებით, ცაში ხშირად ხედავენ სწრაფად მოძრავ, ნათელი ფერის ობიექტებს. ასეთ დროს, ადამიანების უმეტესობა თავს დაკვირვების, ანალიზის, შეფასების, მეფინგის საგნად აღიქვამს და უჩნდება აბეზარი სხივების პირად სივრცეში შემოჭრის და დასხივების შეგრძნება.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ასეთი რეაქცია გადაჭარბებულია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. სწორედ ამ დროს ხდება ნათელი, თუ როგორ იყენებენ ტექნოლოგიებს იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომელთაც ასეთი ობიექტების შექმნის შესაძლებლობა გააჩნიათ.

როგორია შენი კომენტარი ახალ “კოსმოსურ შეჯიბრზე”, სადაც მთავრობებს კორპორაციები და მოქალაქები ანაცვლებენ? უკვე არსებობს ასტეროიდული მაღაროს სტარტ-აფები, ილონ მასკი და კიდევ რამდენიმე ადამიანი კოსმოსური ტურიზმის დაწყებაზე მუშაობს, მარსზე ქალაქების გეგმებიც კი არსებობს, Mars one, პროექტი, Asgardia და სხვ.

ახალი კოსმოსური შეჯიბრი მართლაც დაწყებულია. ეს ნათლად დავინახეთ 2012 წელს კოსმოსური ხომალდის (Space Shuttle) ექსპულატაციიდან გამოსვლის შემდეგ, რის გამოც ნასამ, Blue Origin-ს, Space X-ს, Boeing-ს, Bigelow Aerospace-ს, და სხვ., პრივატიზაციის კარი გაუღო. ერთხელ, Mojave Spaceport-ში, კალიფორნიაში, კოსმოსის ინვესტორების შეხვედრას დავესწარი. იგრძნობოდა, რომ აეროსივრცე, “უკანასკნელი მიჯნა” და სხვა მითოლოგიები, მართლაც კალიფორნიული სამეწარმეო კულტურის ნაწილია. დღეს, ზოგიერთი მათგანი, უკვე ინვესტიციებს ისეთ კომპანიებში ახორციელებს, როგორიცაა “პლანეტარული რესურსები” ასტეროიდული მაღაროსთვის. ამის მხარდასაჭერად, 2015 წლის Spurring Private Aerospace Competitiveness and Entrepreneurship (SPACE) აქტით, ამერიკის მთავრობამ მწვანე შუქი მისცა კაპიტალისტურ კონკურენციას კოსმოსში მინერალების ექსპლუატაციისთვის. აშშ-ს კომერციული კოსმოსის განახლებულ კანონში ნათლადაა აღნიშნული, რომ აშშ-ს მოქალაქეებს აქვთ “კოსმოსური რესურსების (მათ შორის წყლის და მინერალების) კვლევის და ექსპლუატაციის” უფლება. აშშ აღიარებს კოსმოსურ რესურსებზე საკუთრების უფლებას და ამას სუვერენულობის აქტად მიიჩნევს, რაც, თავის მხრივ, “გარე კოსმოსის შეთანხმების” დარღვევაა. ჩინელები და რუსები მთვარეზე არსებული ჰელიუმ 3-ის დიდი რაოდენობით არიან დაინტერესებული. ესაა ჰელიუმის არარადიოაქტიური იზოტოპი, რასაც თერმობირთვული რეაქციის “გაწმენდა” შეუძლია. ჩინეთის მთვარის პროგრამის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ჰელიუმ 3-ს მოპოვებაა, იმისთვის, რომ “დედამიწის ყველა მცხოვრებს საკმარისი საწვავი ჰქონდეს” . RKK Energiya-ს სამთვარეო ბაზის აწყობა სურს, 2030 წელს, ჰელიუმ 3-ის მოპოვება რომ დაიწყოს. ასე რომ, ახალი შეჯიბრი კოსმოსური რესურსებისთვის, მართლაც სახეზეა...

რაც შეეხება კოსმოსურ ტურიზმს, სამი წლის ნიუ მექსიკოში Spaceport America-ს ვეწვიე. ესაა წარმოუდგენლად კეთილმოწყობილი დაწესებულება უდაბნოში, ერთი შეხედვით უცნაურიც კი, ულამაზესი შენობებით საოცარ ადგილას, სადაც დღესდღეობით თითქმის არაფერი ხდება. თუმცა, მათ დიდი გეგმები აქვთ და Virgin Galactic-ი ასეთი სფეისპორტების აშენებას დედამიწის გარშემო გეგმავს, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში, დუბაიში და სხვ. ასევე, სუპერძვირი ბილეთების გაყიდვას, სუპერმდიდარ ხალხზე. ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვარ მდიდარი კოსმოკრატების ასეთი სახის ტურიზმით.

ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ კოსმოსური მოგზაურობის განვითარების გზაზე დიდი საშიშროება შავი ნახშირბადია – მატერიის სახეობა, რომელიც ჭვარტლის შავ ფერს განაპირობებს, სტრატოსფეროში გატყორცნისას ის წლების განმავლობაში გროვდება და მზის ხილულ სინათლეს შთანთქავს.

კვლევის მიხედვით, შავი ნახშირბადის სტრატოსფეროში გამოყოფა რაკეტების მიერ, 100 000-ჯერ მეტ მზის ენერგიას შთანთქავს, ვიდრე ამ რაკეტების მიერ გამოყოფილი CO2. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს დედამიწის კლიმატზე სტრატოსფეროში არსებული ასეთი სიმხურვალე, ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, მაგრამ ის აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს – დათბობას ან აციებას.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წელიწადში 1000 გაშვება ერთი და იგივე ლოკაციიდან, ამ ლოკაციის განედეზე მრგვალი ფორმის ნახშირბადის ღრუბელს წარმოქმნის, რასაც გაშვების ადგილას (მათ მოდელში ეს Spaceport America-ა) აციება მოყვება, ეს კი სხვა ადგილებში დათბობას გამოიწვევს, პოლარულ რეგიონებში, სეზონის მიხედვით ტემპერატურა 5 გრადუსით შეიცვლება. სტრატოსფეროში დაგვროვებული სიმხურვალე ოზონის გამოსხივების მიზეზი გახდება, რაც, ასევე, დათობას ან აციებას გამოიწვევს. კვლევის შედეგი ისაა, რომ წელიწადში 1000 ტურისტული გაშვება დედამიწაზე კლიმატის სერიოზული ცვლილების მიზეზი გახდება.

კოსმოსში „დროებითი ავტონომიური ზონების“ შესახებ: რამდენად შორია იმ დრომდე, როცა ადამიანთა ჯგუფები თვითონ ააშენებენ და კოსმოსში კარგად გამართულ ხომალდებს გაუშვებენ? იქნება თუ არა შეზღუდვები კოსმოსში გასვლაზე და ვიხილავთ თუ არა ოდესმე “არალეგალურ ემიგრანტებს”, რომლებიც დედამიწას ნებართვის გარეშე, მთვარის “დასასკვოტად”დატოვებენ? 

დღეს უკვე არსებობს კოსმოსური კვლევის ღია რესურსებზე დაფუძნებული პროგრამები. ჩემი აზრით, უკვე ახლოს ვართ იმ დროსთან, როდესაც კოსმოსში არაკომერციულ, ავტონომიურ პროგრამებს ვიხილავთ. თუნდაც Copenhagen Suborbitals-ი ავიღოთ, არაკომერციული, ღია და მოყვარულების მიერ შექმნილი კოსმოსური პროექტია, რომელიც მთლიანად კერძო სპონსორებმა და დონორებმა დააფინანსეს. მათი მიზანი მცირე ბიუჯეტით, ორბიტისქვეშა, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სატრანსპორტო საშუალებების შექმნაა, მცირე ზომის კოსმოსური ხომალდებისთვის, ძალიან საინტერესო პროექტია, თუმცა საწყენია, რომ ეს პროგრამები კვლავაც „პროპელანტებზეა“ (გასატყორცნად აუცილებელი საწვავი) ორიენტირებული. გამომდინარე იქიდან, რაც ზემოთ, კოსმოსური ტურიზმის თანმდევ დაბინძურებაზე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, უნახშირბადო კოსმოსის ათვისების პროგრამებზე გადასვლა. ბოლო დროს აეროსტატებზე დაფუძნებული კოსმოსური პროგრამებით დავინტერესდი, ესენია სტრატოლიტები, მაღალი ალტიტუდის საჰაერო ხომალდები, აეროსოლარული ინფრა-წითელი აეროსტატები, და სხვ. 2015 წლის ოქტომბერში მონაწილეობა მივიღე აქციაში „კოსმოსი რაკეტების გარეშე“ რომელიც COP21-სთვის, Aerocene initiative-ის მიერ White Sands Missile Range-ში (ძალიან ახლოს Spaceport America-სთან) იყო ორგანიზებული. Aerocene initiative არგენტინელი არტისტის, ტომას სარასენოს დაფუძნებულია. ეს იყო პირველი აეროსოლარული ცხელი ჰაერის ენერგიაზე მომუშავე აეროსტატი (ბუშტი), მგზავრით, რაც იმითაა სიმბოლური, რომ მისი გაშვება White Sands-დან მოხდა. ეს სამხედრო ტერიტორიაა, საიდანაც 70 წლით ადრე, 1945-ში, კოსმოსში პირველი ამერიკული რაკეტა გაუშვეს. Aerocene-ის მიზანი დედამიწის გარშემო პირველი, ყველაზე ხანგრძლივი, გამონაბოლქვის გარეშე შესრულებული მოგზაურობის ორგანიზებაა, როდესაც აეროსტატი ფრენას მზის ენერგიის და დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენებით შეძლებს. „კოსმოსი რაკეტების გარეშე“ აქციაზე კიდევ მრავალი საინტერესო რამ გავიგე, მაგალითად JP Aerospace-ის აქტივობებზე, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და ამერიკაში DIY (“გააკეთე თვითონ”) აეროსტატზე დაფუნებულ კოსმოსურ პროგრამაზე მუშაობს. კოსმოსურ ემიგრაციას რაც შეეეხება, საკმარისია გადავხედოთ შეერთებული შტატების ისტორიას. მისი შექმნა, პირველი წლებიდანვე ემიგრაციას უკავშირდება. ეს ქვეყანა კანონგარეშეთა საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო. ესენი იყვნენ ევროპაში აკრძალული კონფესიების წარმომადგენლები (თეოსოფები, ამიშები და სხვ.), ღარიბები ომისშემდგომი ქვეყნებიდან, რომლებიც სამსახურს ეძებდნენ და კანონს გაქცეულები, რომელთა სტატუსი ფილადელფიის პირველ კონსტიტუციაშია განმარტებული...

არ მესმის, რატომ არ შეიძლება, რომ კოსმოსის ათვისების ისტორიაც ამ გზით წავიდეს.

ჩვენ გვხიბლავს ახალი, არაორთოდოქსული და ორთოდოქსული მაგალითების სინთეზი. მაგალითად გვიყვარს ასტრონავტი, როგორც საუცხოო ინჟინრის და მეცნიერის სიმბოლო, რომელიც თან შამანიზმს სწავლობს, ცეკვავს წვეულებებზე და სწავლობს შიზოანალიზს. ამავდროულად გვიყვარს პოეტი, რომელიც პროგრამირებას, რობოტიკას და კოსმოლოგიას შთაგონებად იყენებს საკუთარ პოეზიაში. ფიქრობთ თუ არა, რომ ჩვენ გვჭირდება ასეთი ნარევი? სხვა სიტყვებით, უნდა გავაგზავნოთ თუ არა კოსმოსში პოეტები და არტისტები, კოსმოსის ახალებურად დასანახად?

უდავოდ. მეტიც, კოსმოსის კვლევა ხელოვნების და მეცნიერების სინთეზია. ამის გარეშე კოსმოსის კოლონიზაცია და იქ ნორმალური ცხოვრება ვერ მოხდება. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე მეთანამშრომლა ჩემს სლოვაკელ მეგობრებთან, რომელთაც “Noordung AAA განშტოება”-ს ვუწოდებ. 2012 წელს, სლოვენიაში, ვიტანჯეში, მარიბორთან ახლოს, მათ KSEVT-ი შექმნეს ევროპული კოსმოსური ტექნოლოგიების კულტურის ცენტრი. უნდა გვახსოვდეს, რომ მეცნიერების და ტექნოლოგიის განვითარება, ნაციონალური ან კომერციული კოსმოსური პროგრამები, გავლენას ახდენს თანამედროვე სოციო-ტექნოლოგიურ კულტურაზე. თუმცა, იმის გამო, რომ მათი ნაციონალური და კომერციული მიზნები შეზღუდულია, ეს გავლენა კულტურაზე და პირიქით, ძირითადად დამთხვევითი, ყურადღების მიღმაა დარჩენილი და გაუაზრებელია. KSEVT-ის მიზანია განავითაროს კულტურული კოსმოსის პროგრამა, რომლის მთავარი იდეა კოსმოსოს კულტურიზაცია და ხელოვნების და მეცნიერების სინთეზი იქნება. მათ სურთ გამოიკვლიონ და განავითარონ კოსმოსში კულტურული პროგრამების განხორციელების გზები, წაახალისონ კოსმოსის კულტურიზაცია, კვლევა და განვითარება. ასეთი პროგრამები სხვადასხვა სფეროს ექსპერტების, არტისტების და მეცნიერების გაერთიანებას გულისმხობს. ეს კოსმოსური პროგრამების და კულტურის გადაკვეთებია, სადაც ყველა კომპონენტს საკუთარი მეთოდიკა გააჩნია და რაც ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის დიპლომატიური პროტოკოლების შექმნას საჭიროებს. KSEVT-ის ერთ-ერთი მიზანი კოსმოსურ და კულტურულ აქტივობებში ჩართული, კერძო პირების და ორგანიზაციების წახალისებაა, ერთობლივი პროექტების შესაქმნელად. ამ ძალისხმევით უკვე შესაძლებელი გახდება კოსმოსური პროგრამების კულტურული შემადგენლის დანახვა. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, იმისთვისაა საჭირო, რომ გვქონდეს ღრმა და სრული პასუხი შეკითხვაზე: რას ნიშნავს იყო ადამიანი კოსმოსში?

რა არის შენი გზავნილი კოსმოსით დაინტერესებულ, ახალგაზრდა მეოცნებეებისთვის მთელ მსოფლიოში, შანხაის ცათამბჯენებიდან ვენესუელის გეტოებამდე?

საკუთარი კოსმოსური პროგრამისთვის რაკეტა არ გჭირდება.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა