ყველა წიგნი იქ, გაღმა გრძელდება
იტალო კალვინო, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“
მთარგმნელი – ხათუნა ცხადაძე
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
იტალო კალვინოს უყვარს წერა არარსებულზე, უხილავ მხარეებზე, უხილავ ქალაქებზე, არარსებულ რაინდებზე, არარსებულ წიგნებზე, რომლებშიც, ისიც კი, ვინც არსებობს, არ არის დარწმუნებული საკუთარ არსებობაში და სამყაროსგან მუდმივად მოელის საკუთარი ყოფნის დადასტურებას. მოდი, ცოტა სხვანაირად ვიტყვი, სამყარო კალვინოსთან ერთდროულად ორნაირია – ხილული და უხილავი, არსებული და არარსებული, შუაზე გაჭრილი – ერთი მთელი, რომლის თითოეული მხარეც ყოველთვის ცდილობს თავისი მეორე მხარე იპოვოს და შეერწყას.
სიმეტრიისაკენ ლტოლვა? წონასწორობის აღდგენის მცდელობა? ადრეული ხანის წიგნებშიც და მერეც, ბოლოსკენ („თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ იტალო კალვინოს ბოლო რომანია, მანამდე რამდენიმე წლით ადრე გამოიცა მისი „უხილავი ქალაქები“), მწერალი სამყაროს სხვადასხვა წერტილს შორის თითქოს უხილავ კავშირს დაეძებდეს, მთელის გაფანტულ ნაწილებს ერთად კრებდეს და ერთმანეთთან აკავშირებდეს, როგორც სამყაროს დიადი არქიტექტორი.
იპოვოს და შეერწყას, ან ადგილი გაუცვალოს, იმ მეორეში, როგორც სარკეში, აირეკლოს და დაშლილი სამყარო ამით გაამთელოს, წონასწორობა აღუდგინოს. „ერთმანეთის სხეულებში ახლართულებს, თითქოს ამ ძიძგილაობაში უნდა გაგვეცვალა ადგილები და როცა ფეხზე წამოვდგებოდით, მე ის ვიქნებოდი, ის კი – მე. მაგრამ ამას ალბათ ახლა ვხვდები, როცა იმ დღეს ვიგონებ. ან შენ ფიქრობ ამას, მკითხველი, მე კი არა..“, კითხულობ, და შენც, მკითხველიც მისი წიგნებისა, რომლებიც შეხვედრის ადგილად ქცეულა, „რაღაც ინსტრუმენტად, საკომუნიკაციო საშუალებად“, ამავე სივრცის ნაწილი ხდები, ამ უსასრულო თამაშში ებმები.
„თუ ზამთრის ღამით მოგზაურშიც“ ორად გახლეჩილი სამყაროა, ან სამყაროს ორი მხარე – ბნელი და ნათელი, სხვისი და შენი, თეთრი და შავი, ოცკარტების და კაუდერერების, ენაც – ერთდროულად – თანამედროვე და მკვდარი, აჩრდილებიც – ნამდვილები და წარმოსახვითნი, გაურკვევლობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
„ვცდილობდი გამეცნობიერებინა, რომ მალე უცხო ადამიანი დაიკავებდა ჩემს ადგილს, ჩამანაცვლებდა და ჩემი შოშიებიანი გალიაც მისი გახდებოდა..“ – ვინ ამბობს ამას, გრიცვი? ან იქნებ პონკო? ან იქნებ ორივე – „ერთმანეთის სარკულ გამოსახულებად ქცეული“ ერთი სხეული. „მინდა, საკუთარ სხეულსაც დავარტყა, ვატკინო. უფრო სწორად, მას ვებრძვი, ჩემსავე უცხო, ახალ მხარეს, რომელიც ჩემს ადგილს იკავებს ამ სახლში“ – ესეც მისი (მათი) სიტყვებია.
„თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, ბორხესის ენაზე რომ ვთქვათ, განტოტვილი ბილიკების ბაღია. ეს განტოტვილი ბილიკები კი ის დაუსრულებელი წიგნებია, ამ რომანში რომ თავი მოუყრიათ – „დაბა მალბორკის შემოგარენში“, „ციცაბო კლდიდან გადაიხედავს“, „არ უშინდება ქარსა და თავბრუსხვევას“, „ჩახედავს უფსკრულს, სადაც ჩრდილები მუქდებიან“, „გადახლართული ხაზების ქსელში“, „ურთიერთგადამკვეთი ხაზების ქსელში“, „ფოთლების ხალიჩა მთვარიან მდელოზე“, „პირდაფჩენილი ორმოს კიდეზე“.. გამომცემლობა, სადაც ინახება წიგნების ფრაგმენტები, იმ სამყაროს მოდელია, რომლის კართანაც ქაოსი დადარაჯებულა.
ორჰან ფამუქს აქვს ერთი რომანი – „თეთრი ციხესიმაგრე“. ახალგაზრდა კაცი ვენეციიდან შინ, ნეაპოლში ბრუნდება, გზად მის ხომალდს მეკობრეები ესხმიან. აქ ერთი მომენტია, გემბანიდან ყვირილი, აჩქარებული ნაბიჯების ხმა ისმის, ის კი თავის კაიუტაში იკეტება, სკივრიდან წიგნებს იღებს და ერთ-ერთს, ფლორენციაში ნაყიდს, წაკითხვა რომ ვერ მოუსწრია, გამალებით ფურცლავს. ისე შემიპყრო იმაზე ფიქრმა, რომ ვეღარასოდეს გავიგებდი, წიგნში რა ეწერა, თითქოს მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება, რომელთან განშორებაც ასე მიმძიმდა, მის ფურცლებზე ყოფილიყო ასახულიო. ამ კაცს სტამბოლში წაიყვანენ, ერთ ხოჯასთან ხვდება, პირველად რომ მიიყვანენ მასთან, ძრწოლა აიტანს მის დანახვაზე, ჩემ წინ იჯდა, თვალებში მიყურებდა და მაშინ გავიფიქრე, ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ბოლოს სარკეში ჩავიხედეო. ეს ორი კაცი ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. ნეაპოლელი ხოჯასთან რჩება. კალვინოს „უხილავი ქალაქების“ მსგავსად, მარკო პოლოს და ყუბილაი ყაენის უცნაური საუბრების მსგავსად, აქაც ამ ორი ადამიანის დღეები და ღამეები მათი ხმებით ივსება, მათი სიზმრებით, ამბებით, ნეაპოლელის დარდით და ხოჯას ცნობისმოყვარეობით, მათი სახეების, მონათხრობის ერთიმეორეში გადახლართვით, ასარკვით, მათი არსებების შერწყმით და გარდასახვით.
წიგნში სხვა წიგნებზე თხრობა ახალი არ არის – არსებულზეც, არარსებულზეც, გამოგონილზე, შეთხზულზე. არიან მწერლები, შეპყრობილები წიგნით როგორც იდეით, როგორც ვნებით. ისე, უცნაური რამე კია, თითქოს ის არ ჰყოფნიდეთ, რომ თვითონ წერენ, თავიანთ პერსონაჟებსაც წიგნებს აწერინებენ. პასკალ კინიარი მუდმივად წერს წიგნზე. ბორხესი. უმბერტო ეკო, „ვარდის სახელი“. ბრედბერის „451 ფარენჰაიტით“. ჰრაბალის „ყველაზე ხმაურიანი მარტოობა“. რევერტეს „დიუმას კლუბი“ გაგვახსენდება, რობერტ გრეივზიც კი, თავის „მე, კლავდიუსში“ არარსებულ წიგნზე ხომ ყვება და ამ არარსებული წიგნის ავტორს არარსებული წიგნებიდან ამოკრეფილ ციტატებზეც ალაპარაკებს, ეგ კიდე სხვა არის. კალვინო, ოღონდ, მკითხველზე უფრო წერს, ვიდრე მწერალზე, მკითხველზე – დაუსრულებელი წიგნების მდევარზე. დასრულებული წიგნიც, განა რას ნიშნავს, არსებობს დასრულებული წიგნი? წაგვიკითხავს დასრულებული წიგნები? ამაზეც თავადვე გვპასუხობს – „ყველა წიგნი იქ, გაღმა გრძელდება“.