ყველა ავტობუსი ჯოჯოხეთში მიდის | ნიკო ნერგაძე
08.10.2015ან დღეს მოხვდები ასეთ ვითარებაში ან ხვალ, მაგრამ აუცილებლად მოხვდები. მანქანა სანაპიროდან საბურთალოსკენ აუხვევს და ზოოპარკამდე არმისული გაჩერდება. მერე, სამ წუთში დაიძვრება, ნახევარ მეტრს გაივლის და ისევ გაჩერდება. ორ წუთში კიდევ რამდენიმე დეციმეტრის მანძილს დაფარავს და ასე, 10-15 წუთში მიჩოჩდება "აჭარამდე".
ამ დროს ტაქსისტი თავის ვერსიებს გაგაცნობს, თუ რატომაა ყველგან საცობები. ეს ვერსიები ყველამ ზეპირად იცის – ზოგი ჭკუასთან ახლოსაა, ზოგიც – ძალიან შორს.
იქნებ, ყველაფერი სოფლიდან ჩამოთრეულების ბრალია? ან მთავრობის, თავი რომ ვერ მოაბეს გზებს კი არა, საერთოდ ვერაფერს? შეიძლება დამნაშავე ქართული მენტალიტეტია, რომელიც უბიძგებს 20 მეტრით წინ მოძრავი, შელახული „მერსედესის“ მძღოლს, მოულოდნელად მეორე ზოლში გადავიდეს, რადგან იქ, როგორც პირველი ზოლიდან ჩანს, მანქანები ოდნავ უფრო სწრაფად მოძრაობენ, და ამ მანევრისას უკან ყველა კიდევ უფრო ჩახერგოს? ვინძლო დამნაშავე ქალები იყვნენ, რომელთა პატარა ტვინები არაა მოწყობილი მანქანის სამართავად და ახლა, იმის ნაცვლად, რომ