
ყველაფერი არის ძლიერ კარგად...
(ზაზა ბურჭულაძის „ტურისტის საუზმე“)
ზაზა ბურჭულაძემ ბოლო ათწლეულის ჩვეულებას არ უღალატა და ისევ შედევრი შექმნა. ტექსტი, რომელსაც ჰქვია „ტურისტის საუზმე“, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. სიტყვაკაზმული მწერლობის ნატურალისტურ-ჰუმანისტური ძეგლია, ნატურალიზმის თანამედროვე (ყველაზე უჩვეულო რამეებიც რომ ნატურალურად, ბუნებრივად ჩანს და მკითხველმაც nil admirari „არაფერი გაიკვირვო“ პოზა უნდა დაიკავოს) და ჰუმანიზმის ანტიკური (ადამიანია ყველაფრის საზომი) ან შუასაუკუნეობრივი გაგებით (ადამიანი და არა ღმერთი სამყაროს ცენტრში). ავტორი საპრემიო ფინიშზე გავიდა, თუმცა მსოფლიოში არ არსებობს ლიტერატურული პრემია, რომელიც ამ ტექსტს მოირგებდა. თუ მართალი იყო ამ წიგნის დაწერამდე, ან, უბრალოდ, „მდე“ მწერალი თავისი შემოქმედების რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასებისას (ნახევარრომანის ავტორი ვარო), „შემდეგ“ მწერალი უკვე ორ-ნახევარი რომანის ავტორია. ბერლინში დაწერილი „საუზმე“ ქართველ მწერალს ორად უნდა ჩაეთვალოს, როგორც ოდესღაც პოლარული წრის იქით მყოფ პატიმრებს ეთვლებოდათ ერთი დღე ორად.
ჩვენ წინაშეა ე.წ. ცბიერი ტექსტი, ერთი შეხედვით, იოლი და, მეორე (მესამე, მეასე) შეხედვით, არც ისე. პოსტმოდერნისტული ტექსტია, რომელშიც ნატურალისტურად ხაზგასმული ყოფითობა გამოყენებულია ახალი არც ისე მშვენიერი წარმოსახვითი სამყაროს ასაგებად; უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ეს არის რეალური საგნებისგან, მოგონებებისა და შეგრძნებებისგან აგებული შეუძლებელი სამყარო, თითქმის ისეთივე რეალურ-ირეალური, როგორც „ადიბასისეული“ რუსული ტანკები თბილისში, გაგარინის მოედანზე. ცბიერებაც ესაა, ნებისმიერ პასაჟში ნამდვილია და მთლიანობაში – მირაჟი, როგორც ავტორის სამშობლო.
წიგნი იწყება კადრით და ეს კადრი კინორეჟისორს ეკუთვნის: ფასბინდერის შავ-თეთრმა პოსტერებმა გაავსეს ბერლინი. პოსტერიდან ხელოვანი გვეუბნება, მე ვარ ჩემი ფილმებიო (ფლობერის „მადამ ბოვარი მე ვარ“-ის სტილში) და ჩვენი მწერალიც გვიმხელს საიდუმლოს, მე ვარ ჩემი წიგნებიო; თანაც თავისი წიგნებიდან მხოლოდ ერთ „ნახევარრომანს“ გამოარჩევს, დანარჩენ წიგნებს გააუქმებდა, საშუალება რომ ჰქონოდა, მათ ავტორობაზე ტოლსტოისავით („ანა კარენინა“ რა არის, უკეთესები მაქვს დაწერილიო) საჯაროდ უარს იტყოდა, სამაგიეროდ შემოგვთავაზებდა სხვა სიმდიდრეს, თავის ბლოკნოტებს, თავის „შავ ყუთს“ (საავიაციო ტერმინი იგულისხმება), რომელიც არის მისი მოქმედებების მატიანე და მისი სულის მოძრაობის რეგისტრატორი. ამ ყუთში შპროტი ან სკუმბრია კი არ აწყვია ზეთსა თუ ტომატში (როგორც ლეგენდარულ საბჭოთა კონსერვში, „ტურისტის საუზმეში“ – завтрак туриста), არამედ სიტყვები სტრიქონებში, როგორც მწერლის ანუ მარადიული ტურისტის საუზმე.
ჩვენს დღევანდელობას ბურჭულაძე ტრაგიკულად ხედავს და ამ ტრაგედიაში მთავარ როლს ჩვენს მზეს, ჩვენს სითბოს, მის უძველეს სიმბოლოს, ქართული ლარიდან ქართულ პასპორტზე გადასულ ჩვენს ბორჯღალს ანიჭებს და საკრალური ნაციონალური ტექსტების სუბიექტად ხდის: „ერთი და იმავე დროს უკანაც მოგვჩხავის თვალბედითი შავი ბორჯღალი, და თანაც ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორჯღალი ტრიალებს, ვინ იცის, ვინ იცის, როგორ გვიშუშებს იარებს?“ ტრაგედია მძაფრდება ფეისბუკის ნიუსით: სადღაც კახეთში ცხვარს მგელი დასხმია თავს და უკანასკნელი არ დაბნეულა, ტყემდე უოტებია მგელი, ხოლო ადგილობრივ მკვიდრს ეს ამბავი მობილურით გადაუღია. იწყება შეფასებები და იმის მიხედვით, თუ ვინ გაიღებს ამ შეფასებას, ცხვარი ხან ქრისტეა, ხან ქველმოქმედი, ხან ლგბტ აქტივისტი, ხან საქართველოს ლაშქარი, რომელიც ეშმას, ყოფილ პრეზიდენტს, ჰომოფობებსა თუ რუსის ჯარს სულ კუდით ქვას ასროლინებს. მთავარია, რომ ცხვარი ცხვარი არაა, იგი ალეგორიაა, სიმბოლოობას ვერ იმსახურებს; ბორჯღალიც ალეგორიაა, ეს გამარჯვებაც ალეგორიაა, 1981 წლის ლეგენდარული გამარჯვებაც ალეგორიაა, 1989 წლის 9 აპრილიც ალეგორიაა, თვითონ საქართველოც ალეგორიაა.
ჩვენ წინაშეა ისტორია, როგორც ალეგორია, ისტორიული აქსესუარები, როგორც ალეგორიის მოზაიკის კენჭები: თეთრი როლინგი, ელასტიკები, ოთხმოციანების დასაწყისი, კონტრაბანდული ვიდეოკასეტები, „პრისტავკა“, ხალხმრავალი ვიდეოსეანსები, რეპერტუარი კარატედან ეროტიკამდე, ბრიუს ლიდან სილვია კრისტელამდე, მშობლიურობისა და უწყვეტობის განცდა, ცხვირში გაჭედილი გამხმოვანებელი კაცის ხმა, „ტერმინატორი“, კინოში გაელვებული მიუწვდომელი „ნაიკი“ და ხელმისაწვდომი ჩეხური „ბოტასი“, რომელიც მთელ კლასს მისცემს სახელს, „ქსეროქსისა“ არ იყოს; კვლავ ჩეხური „ცებოს“ ფეხსაცმელი; „ილუზიონი“ და „ლედი კარატე“, გერმანული პორნო და იტალიური ესტრადის ვარსკვლავი საბრინა, კაშპიროვსკი, ვანგა, ლონგო, ჩუმაკი, ეროვნული მოძრაობა, პარტიულები ტოვებენ პარტიას, კომკავშირლები – კომკავშირს, პიონერები – პიონერიას, იწყება საყოველთაო ევანგელიზაცია, გაცვლა დოლარი-მანეთი, მანეთი-კუპონი, კუპონი-ლარი, ლენინი-წმინდა გიორგი... ისტორიას ანათებს მამის ნაჩუქარი, ცელოფნის პარკით მოტანილი „ნაიკის“ „ვანდალები“ და „ნაიკით“ მოპოვებული ნაიკი-ნიკე-გამარჯვება: სკოლაში მოხდენილი წარუშლელი ეფექტი.
ეროვნულ დრამას აქვს პიროვნული ალეგორიული სახელიც და მას C ჰეპატიტი ჰქვია. აზრების ეს კონსერვი გაჟღენტილია ჰეპატიტით, ხშირია ხსენება ინტერფერონისა და რიბავირინისა. „ალერსიანი მკვლელი“ კლავს სხეულს და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შედის გერმანელი ექიმი, ვინმე ფლოსდორფი, „მთლად მოულოდნელი კაცი“, რომელიც ჰეპატოლოგიც არ არის, უბრალოდ, ჰუმანისტი მოქალაქეა, უფასოდ მკურნალობს ქართველ კაცს, მოკლედ, ბერნარ რიეა (ეს პატიოსანი კაცი არ უხსენებია ავტორს), ექიმი აიბოლიტია (ეს კი უხსენებია), დაავადებულ ცხოველებს შოკოლადითა და გოგლიმოგლით რომ მკურნალობდა. დოქტორის სიკეთეს განმარტებაც მოსდევს, ომის შემდგომ ბიურგერს განსაკუთრებით მოსდგამსო კეთილი საქმის კეთების ჟინი, თუმცა ეს ერთობ ზედაპირული სტერეოტიპია.
ნამდვილი ტურისტი უნდა მოგზაურობდეს, მაგრამ ჩვენი ტურისტი გამაგრებულია ბერლინში, ის ცხოვრობს ქალაქში, „რომელიც ყველასთვის მუდამ ღიაა, როგორც მორიგე აფთიაქი“. თან მაინც ის განცდა აქვს, რომ თბილისშია და წვეთი სისხლის არ არის მასში არაქართული. როგორ არ გაგვახსენდეს უნამუნოს სიბრძნე: „მოგზაურობის მანიას ტოპოფობია წარმოშობს და არა ფილოტოპია; თავგამოდებული მოგზაური იქიდან გარბის, სადაც არის და სულაც არ მიისწრაფვის იქითკენ, სადაც მიდის“. შესაბამისად, „ნახე იგი და დაგმე“ დღეს თბილისზეა და არა პარიზზე.