ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ყველაფრის წინ რაღაც კედელია, მაგრამ კედელზე ბზარიც რომ გაჩნდეს, ესეც დიდი მიღწევაა ჩვენთვის“

ფოტო: დინა ოგანოვა | UNFPA
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი | UNFPA

საქართველოში 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდები მთელი მოსახლეობის 17%-ს შეადგენენ 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით. გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სოციალური დაცვა და ზოგადად ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა არამხოლოდ საქართველოს გამოწვევაა.

ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოსაწევად და საერთაშორისო დღის წესრიგში მათ დასაყენებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) ახალგაზრდობის დღეც დააწესა. 2000 წლიდან ყოველ 12 აგვისტოს ორგანიზაციები ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვან თემებზე.  ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. 12-14 აგვისტოს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ევროკავშირის მხარდაჭერით მართავს ახალგაზრდობის კვირეულს, რომელიც საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს აერთიანებს.

ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მოკლე ისტორიები UNFPA-ს საქართველოს ოფისის ინიციატივის “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” ფარგლებში, სადაც ეს ახალგაზრდები თავად საუბრობენ იმ სირთულეებზე, რის დაძლევაც უწვეთ გარემოს შესაცვლელად, იმისათვის, რომ სკოლის მიღმა სხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულნი და არაფორმალური განათლების გზით შეძლონ ახალი ცოდნის მიღება.

  

ნინო და ნათია გუსეინოვები
17 და 15 წლის დები, სოფელი მარადისი, ქვემო ქართლი


ნინო
- ზოგჯერ ბავშვები გარდატეხის ასაკში ვერ ხვდებიან რაღაცებს, ოჯახთან ვერ საუბრობენ, ძალიან მინდა, სკოლაში ფსიქოლოგი გვყავდეს, რომ ისაუბროს გოგოებთან, ისეთი პერიოდია, ისეთი ცვლილებებია ორგანიზმში, ყველაფერი სწრაფად ხდება და ცუდად ხდებიან.  ამიტომ თავიდან ფსიქოლოგიაზე მინდოდა სწავლა, მერე გადავიფიქრე, რადგან ეს პროფესია მიღებული არ არის. ახლა ინგლისურის მასწავლებლობა მინდა. ისეთი მასწავლებელი მინდა გავხდე, რომ Რაც აინტერესებთ, მე შემეკითხონ. იმიტომ, რომ მეც ვიცი, ეს რა გრძნობაა. Როცა რაღაც ძალიან გაინტერესებს, მაგრამ ეგეთ თემებზე საუბარი გერიდება ოჯახში. ან თუ ოჯახს ესაუბრები, გეშინია, რომ ცუდი რეაქცია ექნებათ.

ჩემს სკოლაში ეკოკლუბია ახალგაზრდებისთვის, სადაც ვიკრიბებით, ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. სხვა სოფლებშიც, რომლებიც ეთნიკურად სომხებით და აზერბაიჯანელებით არის დასახლებული, მივდივართ, ისინიც მოდიან. სპორტმაც ხელი შეგვიწყო, რომ სამი ხალხის გაერთიანება მომხდარიყო.

საფეხბურთო შეჯიბრი მოვაწყეთ გოგოებისთვის. ერთი თვე ვიწვალეთ ორგანიზებაზე. ძალიან რთული იყო სკოლების დათანხმება, რადგან ოჯახები არ უშვებდნენ. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ოჯახებთან წავსულიყავით, გვესაუბრა. მასწავლებელიც დაგვეხმარა, რადგან ჩვენ არ დაგვიჯერეს. ის უყვებოდა, როგორი მნიშვნელოვანია, რომ 12 წელი სკოლაში სწავლისას ბავშვმა ერთხელ მაინც ფეხბურთი ითამაშოს. ბოლოს 8 სკოლაში ჩამოყალიბდა გოგონათა გუნდები, ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება და მიღწევა.

ნათია -  რომ გავიგე ფეხბურთი უნდა გვეთამაშა, იმწუთასვე ვთქვი, რომ მე უნდა ვითამაშო. ძალიან მომწონს ფეხბურთის თამაში, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ, მაგრამ გულიდან მოდის ეს.

ჯერ ბებიას ვუთხარით, რომ ფეხბურთის თამაში გვინდა, ბებიამ გვითხრა, მიდით მაგრამ ერთი პირობითო, რაც არ უნდა იყოს, მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლეთო. თამაშის დროს ბებია იმდენს ყვიროდა... თან არ გამოდის ხოლმე სახლიდან, იქ კი მოვიდა და მე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მშობლის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი.

ნინო - მანამდე, როცა ბიჭები სტადიონზე მიდიოდნენ, გოგოებმა უკვე იცოდნენ, რომ სახლში უნდა შესულიყვნენ, რომ ბიჭების დროა და მათ უნდა ითამაშონ. მაგრამ იმ თამაშის შემდეგ დავინახე, რომ ამაყობდნენ, ეს ძალიან კარგი გრძნობა იყო. იქ დაინახეს, რომ თურმე არსებობს ის საზოგადოებაც, რომელსაც გოგოების განვითარება უნდა. 3 აპრილის მერე სპორტში ყველა აქტიურად იყო ჩართული, ფეხბურთის ფედერაციასთანაც ვითანამშრომლეთ და 3 სკოლას ფორმები ჩამოუტანეს: კასუმლოს, მარადისს და დაშთაფას. ახლა ყოველწლიურად ვგეგმავთ, რომ ასეთივე დიდი ამხანაგური გოგონათა საფეხბურთო ტურნირი ჩატარდეს ხოლმე.

Ჩვენ ერთი წერტილი გვქონდა მიზნად დასახული. მაგრამ მასწავლებელმა ასეთი რაღაც გვითხრა, რომ შეიძლება იმ წერტილს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ გუშინდელი წერტილიდან, სადაც ვიყავით, აუცილებლად წინ წავალთ

ნათია - Ჩვენ იმ გოგოებს განვეკუთვნებით, რომლებიც ბიჭებთან მეგობრობენ. ჩემ წინ ვერ ამბობენ, მაგრამ ზურგს უკან იმდენ რამეზე ლაპარაკობენ, რომ ვაიმე, ნახე ბიჭებთან მეგობრობს. Ჩემთვის ერთია შენ გოგო ხარ თუ ბიჭი. მე ყველას ერთნაირად ვექცევი.  ცვლილებები ყველაფრისთვის საჭიროა, მაგრამ ნელ-ნელა იწყება. ყველაფრის წინ რაღაც კედელია, მაგრამ კედელზე ბზარიც რომ გაჩნდეს, ესეც დიდი მიღწევაა ჩვენთვის. 

მინდა, თავისუფლება მქონდეს, რომ მე ჩემს თავს თვითონ მოვუარო. იმისი ძალა მინდა მქონდეს, რომ რის კეთებაც მსურს, ის გავაკეთო და  რასაც გავაკეთებ, იმისგან სიამოვნება მივიღო. 

  

საბა ტალახაძე, 17 წლის
სოფელი პირველი სვირი, იმერეთი


მინდა, ახალგაზრდული სივრცე იყოს მთლიანად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ამას სჭირდება, ძალიან დიდი ადგილი, დრო და ენერგია. ამ ყველაფრისთვის პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის სივრცე. ამ სივრცეს  როცა დაინახავენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ტრენერები, შეეძლებათ, რომ ჩვენთან მოვიდნენ, შემოგვთავაზონ იდეები და ჩვენც მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ.

ზესტაფონს ახლა სჭირდება, რომ არაფორმალური განათლება იყოს განვითარებული და ასეთი ცოდნის მიღებით ბავშვები იყვნენ დაინტერესებულნი.

მახსოვს, როცა საკითხი ეხებოდა გენდერულ თანასწორობას, ძალიან ვიყავი დათრგუნული და ხმას ვერ ვიღებდით,  ცოდნა არ მქონდა. მერე პროექტებში ჩავერთე. ისეთი ძვრები გამოიწვია ჩემში, რომ ეს ყველაფერი დავძლიე და ახლა არც არანაირ სტერეოტიპის და არავის განწყობის არ მეშინია, ჩემს აზრს ვაფიქსირებ ღიად და საჯაროდ, როგორც მინდა და სადაც მინდა.

ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, ჩავატარეთ ფორუმთეატრი და ერთ-ერთი მსახიობი ვიყავი მე. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამ ყველაფერმა, რადგანაც მარტო მსახიობობა იქ არ იყო, თუნდაც ელემენტარული ინვენტარის მობილიზება, თეატრში დარეკვა და ნებისმიერი რაღაც. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შესაძლებლობები მომცა. შემდეგი იყო შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაცია, ტრენერი გვყავდა მოწვეული და მან გაგვაცნო ეს ყველაფერი უფრო ღიად და უფრო სიღრმისეულად. მერე მამების როლზე ღონისძიება გავმართეთ. საერთოდ არ ველოდით ზესტაფონის მამებისგან, რომ ისინი მოვიდოდნენ და ჩაერთვებოდნენ ამ ყველაფერში, მაგრამ ძალიან უხაროდათ მაშინ ესე გატარებული ორი თუ სამი საათი და ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით და დადებითი ემოციებით წავიდნენ ჩვენგან.

ბევრმა არ იცის, რომ ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭო არის შექმნილი, რომ ასეთი საინტერესო ტრენინგები ტარდება, ამიტომ გვინდა რომ, ეს მასშტაბები გავზარდოთ. იმიტომ რომ არაფორმალური განათლებით იღებ არამარტო ერთ კონკრეტულ ცოდნას, არამედ ვრცელ და საზოგადო ინფორმაციას, რაც გვეხმარება ცხოვრებისეულად.

  

სოფიო ნათენაძე, 16 წლის
ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი


ახალგაზრდების პრობლემა  სოციუმში გამოსვლა და თავაინთი ადგილის დამკვიდრებაა. ფიქრობენ, რომ არ გამოუვათ, ეს მათი სფერო არ არის და უკან იხევენ.  მეც ასე ვფიქრობდი. მაგრამ როდესაც ნაბიჯს გადადგამ წინ, ადგილმდებარეობა და საზოგადოება, სადაც ხარ, უკან ვეღარ დაგაბრუნებს. ასპინძაში არ იყო ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც განვითარებაში დაგვეხმარებოდა. არ გვქონდა ხშირი კომუნიკაცია სხვა საზოგადოების წევრებთან, ვერ ვერთვებოდით პროექტებში. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ სკოლა არ იყო საკმარისი გაზრდისთვის.

პანდემიის დაწყებისთანავე, როცა სახლში დავსხედით ადამიანები და არ ვიცოდით რა გვეკეთებინა, ვნახე სოციალურ ქსელში, რომ ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“ ეძებდა მოხალისეებს. აქ გვიტარდებოდა ვებინარები, ტრენინგები, ჩამოყალიბდა ეკოკლუბი, სადაც ვასუფთავებდით ბუნებას. ეს იყო პირველი ნაბიჯი, შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია, აქტიური ცხოვრება, ჩემი სტილი იყო, გადავწყვიტე სხვაგანაც მეცადა თავი.

დღესდღეობით ასპინძის „ახალგაზრდული იდეა“ ვატარებთ აქტივობებს. პირადად მე და ჩემმა თანატოლებმა ჩავატარეთ უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა. ასევე ვარ World Vision-ის მიერ ჩამოყალიბებული კლუბების აქტიური მოხალისე. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი პროგრამაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ განვითარებაზე იყო მორგებული. საბოლოოდ ეს პროექტიც დავხურეთ და შევადგინეთ აპლიკაცია, რომელიც ცოტა ხანში იქნება ხელმისაწვდომი ყველა ტურისტისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ახალგაზრდებს მიეცათ მოტივაცია, რომ თვითონაც იყვნენ პროექტებში ჩართული, შეიძინონ შესაბამისი კომპეტენციები, რომლებიც ცხოვრებაში გამოადგებათ. ეს ყველაფერი ახალია და სურთ, რომ მიიღონ მონაწილეობა და უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი გარემო. კარგი იქნებოდა, თვითმმართველობამ და ადგილობრივმა მერიამ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში და თავიანთი ფინანსური ან არამატერიალური მხარდაჭერით მისცენ შესაძლებლობა ახალგაზრდებს და არაფორმალურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა პროექტი განახორციელონ. კულტურის სახლში გვაძლევენ შესვლის უფლებას, ხელს გვიწყობენ და ღონისძიებებს ამ სივრცეში  ვატარებთ,  მაგრამ ეს მგონი კულტურის სახლის ხელმძღვანელის დამსახურებაა, ვიდრე თვითმმართველობის.

 

მირიან ხმელიძე, 21 წლის

ოზურგეთი, გურია


მე ბებია მყავს ინგლისურის მასწავლებელი. მის მოსწავლესთან საუბრისას გავიგე, რომ ჩვენთან ჩამოდიოდნენ (დღემდე ჩადიან ოზურგეთში) EVS პროგრამით უცხოელები და მონაწილეობდნენ  სხვადასხვა პროექტში. ინგლისური ენის  დახვეწისთვის მივედი ამ ევროპულ ორგანიზაციაში, რადგან ურთიერთობა მექნებოდა უცხოელებთან, ვისაუბრებდი ინგლისურად, მაგრამ ამ პერიოდში რაღაც პროექტი გავაკეთეთ, იქ მეორე პროექტი, აქ ინგლისურადაც უფრო კარგად დავიწყე საუბარი და ორი კვირის შემდეგ პოლონეთში წასვლის შესაძლებლობა მომეცა. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, რომ თურმე როგორი შესაძლებლობები მქონია 16 წლის ასაკში და ეს არ ვიცოდი. რომ არ ყოფილიყო ბებო, ის მოსწავლე, კიდევ დიდი ხანი არ მეცოდინებოდა.

ახლა უკვე ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს ,,საქართველოს ევროპულობის ალიანსი“. როდესაც სტუდენტი გავხდი და წამოვედი თბილისში, აქეთაც მინდოდა, რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი, რაც უფრო დიდი ასაკის ახალგაზრდებისთვის იქნებოდა ხელსაყრელი, რომ დავხმარებოდი. რომ გადამეცა მათთვის ის, რაც მე ვისწავლე. ამ ორგანიზაციაში არიან  18 წლიდან 29 წლამდე ახალგაზრდები.

მათ მინდა იფიქრონ იმ შესაძლებლობებზე, რაც ქონდათ, რაც აქვთ, რომ გაუზიარონ სხვა ახალგაზრდებს, რადგან ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც ამ ყველაფერს სხვასთან მიიტანს და ამ ჯაჭვს შექმნის.
______________________________________

სტატია მომზადდა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

მულტიმედია პროექტი “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” მომზადდა პროგრამების “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” (ქვემო ქართლი), “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი) ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით პროექტის მონაწილეებს და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ევროკავშირის შეხედულებებს.



შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა