გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მაქს ფრიში შტილერი
თეგები: #მიმოხილვა

ყველანაირი იმედი წამართვეს, საკუთარ თავს გავქცეოდი | მაქს ფრიში

მაქს ფრიში, „შტილერი“
მთარგმნელი – მაია ფანჯიკიძე
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ 


არ ვიცი, ალბათ გამოგიცდიათ, არის წიგნები, კითხულობ და რაღაცას ამოგიტივტივებს, და მერე თხრობა საითაც აღარ უნდა წავიდეს, ის ამოტივტივებულიც თან დაჰყვება უჩინარი აჩრდილივით. 

მაქს ფრიშის „შტილერმა“ ჯეკ ლონდონის ერთი რომანი გამახსენა  ქართულად არ ვიცი, როგორ იქნება ვ „დასაწყნარებელი ქურთუკი“? თავდაპირველად, მგონი, „ვარსკვლავეთის მოგზაური“ რქმევია. ასეთი ამბავია, მოკლედ რომ გითხრათ  ყოფილ აგრონომს, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორს, დარელ სთენდინგს თავისი კოლეგის მკვლელობაში სდებენ ბრალს და სამუდამო პატიმრობას უსჯიან. იმ მრავალი წლიდან, რომელსაც სენ-კვენტინის ციხეში დაჰყოფს, ხუთს  მარტოობის საკანში, ბნელ ჯურღმულში, აბსოლუტურ სიბნელეში გაატარებს. ვისაც გამოუცდია, იქ გატარებულ დროს ცოცხლად დასამარებას ეძახიან, მე კი ამ სამარეში ისეთ თავისუფლებას მივაღწიე, კაცთაგან ცოტას რომ განუცდია, ვინც იქ რამდენიმე წლით გამომაწყვდია, სინამდვილეში უსაზღვრო სივრცეს და ასეულობით წელს მაზიარაო,  ჰო, ბნელმა დილეგმა თავისუფლებას მაზიარაო, ასე იხსენებს მარტოობის საკნის გამოცდილებას ეს კაცი, ყოფილი პროფესორი, რომელიც უცნაური თვითრწმენით, თვითშთაგონებით, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც „დასაწყნარებელ ქურთუკში“ გამოკრავენ, გაუსაძლის ტკივილში, წარმოსახვაში იძირება, მის მზერას კალეიდოსკოპივით ეხსნება უკვე განცდილი და „ნაცხოვრები“ ცხოვრება სხვადასხვა დროში, სხვადასხვა მხარეში. 

გაუგებარი რომ არ დარჩეს, ამ, შეიძლება სრულიადაც უსაფუძვლო ასოციაციის წარმომავლობა, გეტყვით, რომ მისტერ ვაითს ან, შტილერსაც, აკავებენ. მიზეზები სულ სხვაა და ბარემ, ამბავიც სულ სხვა, მაგრამ შვეიცარიის საზღვარზე მასაც აკავებენ, ოღონდ დარელ სთენდინგისგან განსხვავებით, რომელიც ბნელ სამარტოო საკანში გამოკეტილი, „დასაწყნარებელი ქურთუკით“ გაკოჭილი, თავისუფლებას თავის თავში პოულობს, ვაითს (შტილერს) პირიქით, განცდა იპყრობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ადგეს, სახეზე აფარებული ხელები ჩამოუშვას და თავისუფლებაში მიმოიხედოს, რომ საპყრობილე მასშია. ეს კია, სთენდინგივით, მისი გონებაც სხვა მხარეებს სწვდება  „ვზივარ ჩემს საკანში, ვუყურებ კედელს და ვხედავ უდაბნოს, მაგალითად, ჩიჰუაჰუას უდაბნოს... ვზივარ ჩემს საკანში, ვუმზერ კედელს და ვხედავ მექსიკას, მექსიკის მცურავ ბაღებს...“ ისევ მექსიკა. „მიცვალებულების დღე მახსენდება. სასაფლაო  ტერასა შავი ტბის თავზე, შაოსანი დედები“, ქარიან ღამით მოციმციმე სანთლები, ტკბილეულით სავსე კალათები, ამ საჭმლის სურნელმა, რადგან სურნელია საგანთა არსი, უნდა კვებოს მკვდრები მთელი ღამე. ჩუმი მოთმინების ღამე, ერთგულება გარდაუვალი სიკვდილისა და გარდასახვისა. 

„ნაბიჯი თავისუფლებისკენ (რომელსაც ჩვენი წინაპრები ვერ გადადგამენ) მხოლოდ მაშინაა უზარმაზარი, როდესაც ყველაფერს უკან იტოვებ, რაც აქამდე მყარ საფუძვლად მიგაჩნდა, და ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, თუკი მე მისი გადადგმის ძალას ვიპოვი“. ვაითის (შტილერის) ცხოვრების, გათავისუფლების მცდელობის, ან სულაც, სასოწარკვეთილი მცდელობის, რადგან ყველა იმედი წაართვეს, საკუთარ თავს გაქცეოდა, მისი თუ სხვისი ცხოვრების პერსონაჟებთან ურთიერთობის ამბავს  მისი ჩანაწერებიდან ვგებულობთ, იმ შვიდი რვეულიდან, ადვოკატი რომ მიუტანს ციხეში თავისი ცხოვრების აღსაწერად ან გასახსენებლად. 

თავისუფლება, ნამდვილობა, იდენტობა  „შტილერის“ მთავარი თემებია - ვინ ვარ მე? სად არის ჩემი ადგილი ამ ქვეყანაზე? მაქვს თუ არა უფლება, თავად გადავწყვიტო, ვინ ვიყო, როგორ დავარწმუნო სხვები, ვინ ვარ სინამდვილეში, ან ეს სინამდვილე ჩემს იმ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებაში ხომ არ ძევს, მე თავად რა როლს მივიკუთვნებ, და გამაჩნია კი ენა, ჩემი სინამდვილის აღსაწერად?  როგორც შავეთის აჩრდილები ოდისევსს, ისე შემოეხვევიან ვაითს (შტილერს) ადამიანები მისი სხვა ცხოვრებიდან ან სხვისი ცხოვრებიდან  იულიკა, მისი ცოლი, უკანასკნელად დავოსში რომ ნახა, ლამის სიკვდილის პირას მისული; სიბილე, ქალი, რომლის სიყვარულმაც სიხარული მოუტანა, და რომელსაც უკითხავს მისთვის, ადრე, ოდესღაც, სჯეროდა თუ არა, რომ ოდესმე სხვანაირი გახდებოდა, მასვე მის ატელიეში (შტილერი მოქანდაკე გახლდათ) აიტანდა ხოლმე გრძნობა, რომ როცა მოგინდებოდა, წამოხტებოდი და სხვა ცხოვრებას დაიწყებდი; სიბილეს ქმარი და მისი პროკურორი და მისი ერთადერთი მეგობარიც, მოდიან მისი ძველი მეგობრებიც, მას ხვდება ძმა, ვილფრიდი, ყველაზე უწყინარი კაცი, რომელიც სხვებისგან გასხვავებით, რომლებიც მუდმივად ახსენებენ ხან რას, ხან რას, და მუდმივად მოითხოვენ მისგან აღიარებას, რომ შტილერია, მათი მეგობარია, ქმარია, ყოფილი საყვარელია, მისგან არ მოითხოვს იყოს მისი ძმა, შენი საქმისა შენ იციო, ეს კიდევ ფიქრობს, რომ ის ალბათ ერთადერთია, რომლისგანაც, მისთვის მისაღები იქნებოდა, თუკი თავისი უგზო-უკვლოდ დაკარგული შტილერი ეგონებოდა. 

„უნდა გჯეროდეს, რომ ფრენა შეგიძლია, რომ სიცარიელე დაგიჭერს, რომ ფრთები არ გჭირდება, გადახტები სიცარიელეში, უცხოვრებელ ცხოვრებაში, ხელიდან გაშვებული ცხოვრების დანაშაულში, სიცარიელეში, რომელიც ერთადერთია, რაც მუდამ ნამდვილია, რაც ჩემია, რაც დამიჭერს, რომ ძირს არ დავენარცხო...“

რა უნდა ქნა, როცა უკამოუხედავად გაიქცევი და თავიდან დაიბადები, სხვა ცხოვრებას შეიქმნი, როცა შენი ახალი მე ძველსას თითქოს სამუდამოდ განდევნის, როცა წლები გადის სხვა მხარეში, სხვა ადამიანების გარემოცვაში, და მერე რაღაც მომენტში, არ ვიცი, ფარ-ხმალს ყრი, არ ვიცი, ნებდები, არ ვიცი, თავს ურიგდები, ბრუნდები. სასოწარკვეთილი ცდილობ, დაუმტკიცო,  მე არ ვარ შტილერი, მე არ ვარ შტილერი! და მერე ტყდები, ძირს ენარცხები...

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა