ზაზა, 33 წლის | მე ვთამაშობ
ვსწავლობდი, თან ტელევიზიაში ვმუშაობდი. ერთი სამი წელი ვიმუშავე. უნივერსიტეტს ვამთავრებდი, დაიხურა ის ტელევიზია. არაფერს აღარ ვაკეთებდი. ბევრი თავისუფალი დრო და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩნდა. რაღაცის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ვერ ვაკეთებდი, არ ვაკეთებდი.
ბავშვობიდან თამაში ჩვეულებრივი თემა იყო. გარშემო ყველა თამაშობდა. არც საზოგადოებაში იყო მიუღებელი. დამთავრდა ოთხმოცდაათიანები, გადაიარა ნარკომანიის რომანტიზების ტალღამ, პირიქით, იჭერდნენ ყველას, გაქრა წამალი და თამაში გაიჩითა მოსული თემა. მე რომ თხუთმეტის ვიყავი, ბევრი ჩემი ტოლი სერიოზულად თამაშობდა. ტოტალიზატორში დავიწყე თამაში. ცოტას დავდებდი ხოლმე და მორჩა. წლები გრძელდებოდა ესე.
ნელ-ნელა მოდიოდა, მოდიოდა, მოდიოდა.
ნელ-ნელა თამაშის სურვილი შიმშილის და წყურვილის ინსტინქტებს უწევდა კონკურენციას.
24 წლიდან დავიწყე სლოტების თამაში. ონლაინ ვთამაშობდი. ერთ თვეში უკვე ვალები მქონდა. მალევე მოვიგე ჯეკ-პოტი, თვრამეტი ათასი ლარი. არ იყო სასწაული თანხა, მაგრამ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თავიდან დავიბადე. წამებში ხარშავ, რომ პრობლემები რაც გქონდა მოაგვარე, ამოხვედი ვალებიდან. გგონია, რომ არ გააგრძელებ და გიხარია. რა თქმა უნდა, აგრძელებ. აგრძელებ კი არა, მერე იწყება რაც იწყება. ჯეკ-პოტის მერე ვეღარ გავჩერდი. გაუჩერებლად ვთამაშობდი. თამაში ცხოვრების სტილი გახდა.
ვალები სცენარის ნაწილია. ვალს იღებ, მერე მეორე ვალს იღებ რომ ის ვალი დაფარო. არავინ არ მოგდევს, არავინ არ მოგკლავს და არაფერი, უბრალოდ, გაუსაძლისს ხდის შენს მდგომარეობას. ვალები გიქმნის წნეხს, რომ გააგრძელო თამაში. გჯერა, რომ იმიტომ თამაშობ, რომ ვალები გადაიხადო. ტყუილია.
ოჯახი მეხმარებოდა. ერთი და იგივე წრეზე ტრიალებ. სახლში ართმევ ფულს, გადაფარავ ვალებს. რაღაც პერიოდი გავა, ისევ იგივეს აკეთებ. არ მთავრდება. ოჯახის წევრებს დახმარება უნდათ. დახმარება სწორი გონიათ. შენც ისეთ რაღაცეებს იგონებ, გამოუვალ სიტუაციაში აგდებ, რომ დაგეხმარონ. ისინიც, თავისდაუნებურად გიწევენ დათვურ სამსახურს.
მერე მიკროსაფინანსოები გამოჩნდა. იმათთვის არაფრის მოტყუება არ მჭირდებოდა, გაძლევდნენ. ყველა გადახდის მერე ლიმიტი გემატებოდა, იწევდა თანხები. არავინ არაფერს არ მეკითხებოდა რისთვის მჭირდებოდა ფული.
ილუზიებში ცხოვრობ. სინდისის ქენჯნისგან თავი რომ დაიცვა, ტვინი ათას გამართლებას იგონებს. პირდები ოჯახის წევრებს, რომ დაანებებ. იცი, იმ მომენტში იმიტომ პირდები, რომ ფული გამოართვა, გაისტუმრო ვალები და ისევ ნოლიდან დაიწყო. ცხოვრება კი არ დაიწყო ნოლიდან, თამაში გააგრძელო. არ აღიარებ შენს თავთან, მაგრამ იცი. რაც დრო გადის, რაც უფრო ხშირად აკეთებ ამას, პარაზიტი ხდები. პრობლემების მოგვარებაც ძალისმხევის გარეშე გინდა.
ბევრჯერ მიცდია თავის დანებება, მალევე ვიწყებდი.
ემიგრაციაზე არასდროს არ მიფიქრია. მაინც მქონდა იმედი, რომ დავალაგებდი ისე როგორც მინდოდა. უკვე გიჟურად ვთამაშობდი, გაუსაძლისი იყო. სასოწარკვეთილი ვიყავი. ბევრი რაღაც დაგროვდა მოსაგვარებელი. ექვსას ლარიანი და შვიდას ლარიანი ხელფასით, წლები უნდა მემუშავა რომ ყველაფერი მომეგვარებინა. ნებისყოფა არ მქონდა, რომ ათი წელი მემუშავა და ყველა ვალი გადამეხადა.
თან უპერსპექტივობა, ყველაფერი ერთად. და გამოვიქეცი.
ახლობელი დამეხმარა ვიზის აღებაში. ვიცოდი, ეს ქალი ამერიკის ვიზებს აკეთებდა და იღებდა თხუტმეტი ათას დოლარს. ჩერეზ - ჩერეზ ახლობელი იყო.
მაშინ ვიზის აღება რთული იყო. თხუთმეტი არ მქონდა, ვერც ვიშოვიდი. ახლობლებს თორმეტად უკეთებდა. ვფიქრობდი, თუ მეტყვის თორმეტს, ვეტყვი რომ ეხლა ექვსის საშუალება მაქვს, დნაარჩენს რამდენიმე თვეში გამოვუგზავნი. მივედი ამ ქალთან და მითხრა, ისეთი ახლობელი ხარ, შვიდი ათას დოლარად გაგიკეთებო. ძაან გამეხარდა. ვალები ავიღე და გადავუხადე. დამეხმარა. სამსახური არ მქონდა. მეგონა, ვალებსაც ამოწმებდნენ. ამ ქალმა შემახვედრა გოგო, რომელიც მუშაობდა მერიაში. ეს მერიის თანამშრომელი გოგო ვითომ ჩემი ცოლი იყო, ხელი არ გვქონდა მოწერილი, მაგრამ ერთად ვცხოვრობდით. მე გავაკეთე ცნობა ჩემით, რომ ვმუშაობ კარგ კომპანიაში განყოფილების ხელმძღვანელად, მქონდა კარგი ხელფასი. ის გოგო თავისთავად საჯარო სამსახურში მუშაობდა. ამ ქალმა საბუთები მომიწესრიგა, გამილამაზა. შევედით გასაუბრებაზე, ვითომ ცოლ-ქმარი ვართ და ტურისტულად გვინდა წასვლა. როგორც ეს ქალი ამბობდა, შიგნით ყავდა ვიღაცეები. მანამდე მქონდა ეჭვები, რომ იქნებ არაფერში იღებს ფულს. გასაუბრებისას ისეთი რაღაცეები დავამუღამე, დავრწმუნდი, რომ ვიზა ამ ქალმა ამაღებინა.
ჩავედი ჩრდილოეთ კაროლინაში. აქ არავინ არ მყავდა ბავშვობის ერთი მეგობრის გარდა. შევეხმიანე, რომ ჩამოვიდე სამსახური თუ არის-მეთქი? ჩამოდიო. მე კი მეგონა, რომ თავს ვუშველე, მაგრამ ძალიან მძიმე პირობებში მოვხვდი. არანორმალური გრაფიკით მიწევდა მუშაობა, დღე და ღამე. დიდ სუპერმარკეტებში ვაკეთებდით იატაკის განახლებას. აქ მარტივია არალეგალისთვისაც სამსახურის პოვნა. ქართველი კონტრაქტორი იყო ვინც სამუშაოებს იღებდა და მერე ჩვენ გვქირაობდა. 25 წელი იყო უკვე აქ. ისიც უსაბუთო იყო. ამდენ ხნიანი გამოცდილების მერე, იცოდა რომ უსაბუთოდაც შეგიძლია დაარეგისტრირო კომპანია და ამ კომპანიით აკეთო ყველაფერი ლეგალურად. კომპანიას არეგისტრირებ, შპს-ს და კომპანიის სახელზე იღებ შეკვეთებს და ყველაფერს. მთავარია ამ კომპანიას ქონდეს tax id, შეეძლოს გადასახადების გადახდა, დანარჩენი ამათ არ აინტერესებთ, თუ რა თქმა უნდა, კანონიერ საქმეს აკეთებ. მთავარია, გადასახადებს იხდიდე.
ვმუშაობდი ძალიან მძიმე გრაფიკით. თან არ იყო დიდი არჩევანი უსაბუთო ტიპისთვის, თან ენაც არ იცი. ძირითადად ფიზიკური სამუშაოებია. საქართველოს მერე, ახალი ჩამოსული ადამიანისთვის კარგად იხდიდნენ. რვა საათი ვმუშაობდი, მაგრამ ამ რვა საათიდან ოთხი ვიყავი გზაში, მანქანით მივდიოდით. საათში თხუთმეტი დოლარი მქონდა. ეს თავიდან, პირველ თვეებში, მერე მეტი. ოცი დოლარი გამოდიოდა. შემეძლო ამ ხელფასით მეგროვებინა ფული, მეგზავნა კიდეც.
პირველი სამოცი ღამე გადაბმულად ვიმუშავე, ერთი ღამეც არ დამისვენია. თავიდან უფრო მოტივირებული ხარ, უძლებ დატვირთვას. ისეთ რაზგონზე ვიყავი, რომ ყველაფერს ვიზამდი. მეგონა, რომ სიტუაციის და ცხოვრების თავიდან ბოლომდე შეცვლა აღარ გამიჩენდა თამაშის სურვილს. ერთი წელი არ ვთამაშობდი და მერე დავიწყე ისევ ნელ-ნელა.
მე და ჩემი მეგობარი ერთ სახლში ვიყავით, ვმუშაობდით, მონურად ვცხოვრობდით. ის მიჩვეული იყო, წლებია უკვე აქ იყო. ძალიან რთულია. არანაირი პირადი ცხოვრება არ გაქვს, საღამოს სახლში მოხვალ, მარტო ხარ, ერთი საათი გაქვს რომ დაისვენო, რამეს უყურო. დანარჩენი დრო ან გძინავს ან მუშაობ. ეს გრძელდებოდა, გრძელდებოდა და არანაირი განტვირთვა არ მქონდა. თან ვიღლებოდი, თან მოსაწყენი იყო ესეთი ცხოვრება.
რაღაც თუ არ ხდება შენ ცხოვრებაში, დაუბრუნდები დამოკიდებულებას. აუცილებლად. არანაირი სხვა ემოციების წყარო არ მქონდა. დადებით ემოციებს ვერ ვიღებდი ვერსაიდან. ხელფასსაც ეჩვევი და აღარ გაკვირვებს. თავიდან ლარებში გადამყავდა და ვფიქრობდი რომ კი უნდა ვიმუშავო თვრამეტი საათი, მაგრამ რვაას ლარს ავიღებ. ეს მაგულიანებდა რაღაც პერიოდი. მერე ეჩვევი ამ ხელფასსაც და მოტივაცია იკლებს.
ვთამაშობდი.
ჩემს შტატში აკრძალული იყო თამაში. საქართველოში ვრიცხავდი ფულს მანიგრამით, თბილისში ჩემს მეგობარს გამოჰქონდა და მირიცხავდა ანგარიშზე. რახან ქართული საიტი იყო, აქ არ იყო დაბლოკილი, არ იცოდა რა საიტია და შედიოდი ჩვეულებრივად. ამერიკული ბარათიდან ვერ ვრიცხავდი და მიწევდა თბილისში მეგზავნა ფული. თან ხუთას დოლარს კი არ ვაგზავნიდი, რომ ერთი კვირა მეთამაშა, ყოველ დღე ვაგზავნიდი ცოტ-ცოტას. ყოველ დღე ვუგზავნიდი მეგობარს, ის მოხსნიდა, ჩარიცხავდა, და ასე გრძელდებოდა.
ფულს შოულობ, მაგრამ ამ ფულს აგებ. ტყუილად ხარ. ოჯახი არ მყავდა საქართველოში სარჩენი და იმათ გასაგზავნ ფულს არა, ჩემს ფულს ვაგებდი.
ქირა უნდა გადამეხადა და უნდა მეარსება, დანარჩენს ვთამაშობდი.
ხშირად ყოფილა, გზაში წამიგია, სამსახურში რომ მივდიოდი. თორმეტი საათი უნდა მემუშავა და გზაში ათ წუთში ვაგებდი მთელი დღის ხელფასს. მერე მთელი დღე ვმუშაობდი. ჯოჯოხეთია.
სანამ სხვისას აგებ, სხვა არის. სხვისას რა, შენი არ გაქვს, ზოგი მოთამაშე კი მუშაობს, მაგრამ, დიდ ნაწილს მაინც სხვის ფულს აგებ. შენსას რომ აგებ, უკვე სხვა არის. იცი რომ არაადამიანურად უნდა იმუშაო თვრამეტი საათი და ათ წუთში აგებ. მთელი კვირის ხელფასიც წამიგია.
შესვენებები მქონდა, სამი თვე ვანებებდი თავს. გავჩერდებოდი, ვიწყებდი ისევ. ვერც ვხვდებოდი რატომ ვიწყებდი. თან მძაფრად განვიცდიდი, რომ ვერ ვჩერდებოდი. მერე დეპრესია დამეწყო და მივხვდი, რომ უნდა რამენაირად დამენებებინა. არის რაღაც ზღვარი, რომელსაც თუ გადალახავ, უკან ვეღარ მობრუნდები. შეიძლება მთელი ცხოვრება გააგრძელო. ბევრი ცხოვრობს კიდეც ასე.
დავანებე. ოთხი თვეა არ ვთამაშობ. ვერ წარმომიდგენია რომ მივუბრუნდე.
საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ. საბუთები არ მაქვს, ჩემი ცოლი ჩამოვიდა, დები ჩამოვიდნენ, დედაჩემიც ჩამოვა. ეხლა მექსიკის გავლით ბევრი მეგობარი ჩამოვიდა.
უამრავი დრო, ენერგია და ფული გაქვს დახარჯული არაფერში.
თან ზუსტად ეს გაკავებს. თუ გაჩერდები, უნდა მიიღო, რომ ათი წელი ტყუილად ხარჯე დრო, ენერგია და ფული. უნდა მიიღო და გააგრძელო ცხოვრება. ეს არის რაც არის. იმდენად რთულია ამის მიღება და გაჩერება, რომ ვერ ჩერდები.
დაჭრილი ცხოველივით ხარ. გგონია, რომ არ ნებდები, არ ანებებ თავს და ბოლომდე მიდიხარ. არადა, პირიქით არის, თუ გაჩერდები, გაიმარჯვებ.
თუ აქედან თავს დააღწევ, ყველაფერი შეგიძლია.