ძველი პრესა | მამული, ენა, სარწმუნოება
06.01.2020 | 15 წუთიანი საკითხავი„მოლოდიოჟ გრუზიი“, 26 სექტემბერი, 1989
27 დეკემბერი, 1989
ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ზურაბ ჭავჭავაძის ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთში „მოლოდიოჟ გრუზიი“ ამა წლის 26 სექტემბერს. ინტერვიუში განხილულ საზოგადოებრივ პრობლემებს აქტუალობა ოდნავადაც არ მოჰკლებიათ. თანაც ამ პუბლიკაციაში მკაფიოდ ჩანს ზურაბ ჭავჭავაძის ზნეობრივი და მოქალაქეობრივი სახე. დღეს ვაქვეყნებთ ამ ინტერვიუს (გარდა რამდენიმე პირველი აბზაცისა, რომლებშიც ლაპარაკია ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მოღვაწეობაზე, რაც ქართველი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი) ქართულ თარგმანს, რითაც პატივს მივაგებთ განსვენებულის ხსოვნას.
– როგორ აფასებთ ეროვნული მოძრაობის ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოში? ეთანხმებით მოსაზრებას, რომ იგი კრიზისს განიცდის?
– არა, არ ვეთანხმები. კრიზისს, შესაძლოა, განიცდიან ცალკეული არაფორმალური ორგანიზაციები, მაგრამ საერთოდ ეროვნული თვითშეგნება ხალხში იზრდება და ეს პროცესი შეუქცევადია. გასული წლის მოვლენებმა – მიტინგებმა, დემონსტრაციებმა, შიმშილობებმა, გაფიცვებმა, უთუოდ უდიდესი როლი შეასრულეს საზოგადოების შეგნების გამოღვიძებაში, ამიტომ პირველ სტადიაში ამდაგვარ მანიფესტაციებს ჰქონდა თავისთავადი ღირებულება, როგორიც, ბუნებრივია, დღეს აღარ შეიძლება ჰქონდეთ. ახლა, როცა ხალხი მიეჩვია მიტინგებს, როცა დემონსტრაციები აღარ წარმოადგენს რაღაც არნახულ ამბავს, საპროტესტო აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში აიყოლიებენ მოსახლეობის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილს, თუ: ა) პროტესტი უცილობლად სამართლიანია, და ბ) მოთხოვნები რეალურად შესრულდა. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ეროვნული მოძრაობა ახალ ფაზაში შევიდა, როცა გონებამ უნდა გადაძლიოს ემოციები, ხოლო პოლიტიკურმა რეალიზმმა – უტოპიური იდეები და ილუზიები. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მინდა, რომ ეს სწორედ ასე იყოს.
– ზურაბ, არსებობს ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და არსებობს წმინდა ილია მართლის საზოგადოება. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან?
– ესენი აბსოლუტურად განსხვავებული, დამოუკიდებელი ორგანიზაციებია, რომელთაც ამსგავსებს მხოლოდ სახელი და კეთილი მიზნები. არცთუ ისე იშვიათად ჩვენ დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე ვდგავართ კონკრეტულ საკითხებში. მაგალითად, ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. მათ კი არაერთხელ განაცხადეს, რომ ბოიკოტს უპირებენ არჩევნებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ 1944 წელს მესხეთიდან გასახლებული მაჰმადიანური რწმენის ქართველთა ეტაპობრივ დაბრუნებას, ისინი კი ამის წინააღმდეგნი არიან; აპრილის აქცია თბილისში ჩვენ დავიწყეთ და მოვითხოვდით აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტას, მათ კი განაცხადეს, რომ ეს პრობლემები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის შემდეგ, თუმცა ეხლა ისინიც იმავე მოთხოვნით გამოდიან, რომლებსაც ჩვენ ვაყენებდით 9 აპრილამდე...
– თუ თვლით, რომ დგება დრო, როცა ეროვნული მოძრაობის ძალები უნდა გაერთიანდნენ მთავარი მიზნის მისაღწევად?
– ასეთი დრო ნაწილობრივ უკვე დადგა, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება პოლიტიკურ ალიანსშია საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელიც არსებობს 1978 წლიდან, და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ორგანიზაციასთან, რომელიც დაარსდა 1974 წელს. სხვათა შორის, მათი ლიდერები, ყოფილი პოლიტიკური პატიმრები – ვახტანგ ძაბირაძე და ტარიელ ღვინიაშვილი შეყვანილნი არიან ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობაში. აქვე აღვნიშნავ, რომ სრპ-ც და სეგო-ც დამოუკიდებელი ორგანიზაციებია და ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება არაფორმალთა „თანაარსებობის“ მაგალითია. ჩვენ მზად ვართ ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ ნებისმიერ სხვა პატრიოტულ გაერთიანებასთანაც.
– თქვენს გაერთიანებას პატრიოტულად თვლით. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვინც თქვენი საზოგადოების წევრი არ არის, პატრიოტად არ მიგაჩნიათ?
– რა თქმა უნდა, არა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სიბრიყვისგან – საკუთარი თავი სხვებზე უკეთესად ჩავთვალოთ და ყველა დანარჩენს ქედმაღლურად ვუყუროთ!
– რა პოზიცია უჭირავს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას ეროვნულ საკითხებში?
– ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენს რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ დიფერენცირებული პოლიტიკის გატარებაა საჭირო. არ შეიძლება ყველას ერთნაირი საზომით მივუდგეთ, შევეცდები, ავხსნა ეს.
დავიწყოთ აფხაზებით და ოსებით. ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზები ისეთივე მკვიდრი მოსახლეობაა რესპუბლიკაში, როგორც ქართველები.
ოცდაათ საუკუნეზე მეტია, ქართველები და აფხაზები ერთიანი კულტურული და პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობენ ერთიან სახელმწიფოში, კერძოდ, დღევანდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ჩვენის აზრით, აფხაზებს ხელშეუხებელი უფლება აქვთ სრულ კულტურულ ავტონომიაზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს საქართველოდან გამოყოფის უფლებას, ანუ აფხაზეთის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვას.
ოსეთიდან საქართველოში ჩამოსახლების პროცესი საუკუნეობით გრძელდებოდა, მაგრამ ამას არასდროს მიუღია ოსების მიერ ქართული მიწების დაპყრობის ხასიათი. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ არ კმარა მარტო იმის თქმა, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია ძირძველი ქართული მიწაა, – აქ ხომ ოდითგანვე ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს მკვიდრი ქართველი მოსახლეობა (სხვათა შორის, სამხრეთ ოსეთის ოთხი რაიონიდან ორში – ზნაურისა და ლენინგორის რაიონებში – ქართველები დღესაც შეადგენენ უმრავლესობას). არსებობს თუ არა რაიმე ობიექტური საფუძველი იმის სამტკიცებლად, რომ საქართველოს ეს ნაწილი აღარ არის საქართველო და ის ოსეთად გადაიქცა? კი, იცის მსოფლიო ისტორიამ არაერთი შემთხვევა, როცა ამა თუ იმ მკვიდრმა მოსახლეობამ დაკარგა უფლება საკუთარ მიწაზე, მაგრამ ეს ყოველთვის ხდებოდა მხოლოდ დაპყრობის შედეგად. როგორაა საქმე ჩვენს შემთხვევაში? როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა ძნელბედობის გამო თავისი ისტორიული სამშობლოდან გამოქცეული ოსები სახლდებოდნენ ქართულ სოფლებში ქართველთა გვერდით და ცალკეულ მაღალმთიან სოფლებსაც კი აარსებდნენ ქართველ ხელისუფალთა ნებართვით. მაგრამ მთელი ისტორიის მანძილზე, 1922 წლის 20 აპრილამდე, კავკასიონის სამხრეთით არ ყოფილა თუნდაც უმნიშვნელო ოსური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩასახვის სტადიაშიც კი. ამიტომ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ოსური სახელმწიფო, როგორც ასეთი, საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება იმ ოსებს, რომლებიც ისტორიული კატაკლიზმების შედეგად აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და აქ მეორე სამშობლო ჰპოვეს, ჩვენ იმის მომხრენი ვართ, რომ მათ ჰქონდეთ ფართო კულტურული ავტონომია, რათა სრულფასოვნად განავითარონ ოსური ენა, მეცნიერება, კულტურა, ტრადიციები და ეროვნული თვითშეგნება. ეს ჩვენ მიგვაჩნია ამ საკითხის ერთადერთ სწორ გადაწყვეტად.
საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების მეორე ჯგუფია – ვუწოდოთ მას თავიანთ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს მოკლებულ ხალხთა მცირერიცხოვანი წარმომადგენლები – უდინები, ქურთები, იეზიდები და სხვანი. მათ, ჩვენი შეხედულებით, უნდა შევუქმნათ განსაკუთრებით ხელსაყრელი, უპირატესი პირობები თავიანთი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. ეს ტრადიციული ქართული პოლიტიკაა, რომელიც დაფუძნებულია ტოლერანტობასა და ჰუმანიზმზე.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ამდაგვარი „სასათბურე“ პირობები, ჩვენი აზრით, არ უნდა შევუქმნათ რუსებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს – ე.ი. მეზობელი რესპუბლიკების წარმომადგენლებს, ვინაიდან მათ, ცხადია, თვითონვე შეუძლიათ თავიანთ თავზე ზრუნვა და, სურვილისამებრ, სამშობლოში დაბრუნებაც. მაგრამ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მათ მიმართაც აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა, რადგანაც მათ შორის საკმაოდაა ისეთნიც, რომლებმაც შეითვისეს ქართული კულტურა, პატივისცემით ეპყრობიან ჩვენს ენასა და ტრადიციებს და საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან. განა შეიძლება მათი გაიგივება იმ აგრესიულ ნაწილთან, რომელსაც მარტო მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ და არათუ იღებს, არამედ, სძულს ყოველივე ქართული?! ჩვენ იმის მომხრენი ვართ, რომ ასეთები დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი ვართ მათი ძალით გასახლებისა, მით უმეტეს სისხლისღვრისა, მაგრამ საჭიროა მოინახოს უფრო ჰუმანური გზები, ეკონომიკური მექანიზმები, რათა გადაწყდეს ეს პრობლემა. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის მომხრენი ვართ, სადაც ყველა მოქალაქე, ეროვნების მიუხედავად, ისარგებლებს ერთნაირი მოქალაქეობრივი უფლებებით და თავისუფლებებით.
– რა კონკრეტულ საქმიანობას ეწევა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ამჟამად?
– საზოგადოების მუდმივმოქმედი კომისიები თავიანთ საქმეს აკეთებენ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თვითგამოცემისეულ პრესას, ვინაიდან ეს ყველაზე ქმედითი საშუალებაა მოსახლეობაში ჩვენი იდეების გასატანად. ვაპირებთ გაზეთების „ივერიისა“ და „ბედიის“ დამატებების გამოშვებას რუსულ ენაზე, რათა ჩვენი საქმიანობა რუსულენოვან მოსახლეობასაც გავაცნოთ. ყოველ ხუთშაბათს, 19 საათზე, ვაკის პარკში ვაწყობთ შეხვედრებს, ჩვენი საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან. ამ ზაფხულს ჩვენს მიერ შექმნილი ჯგუფები ამოწმებდნენ, თუ როგორ სრულდება ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი თბილისის წარმოება-დაწესებულებებში. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი.
ყველაზე მტკივნეულ საკითხად ჩვენ მიგვაჩნია ეროვნებათშორისი ურთიერთობანი. სხვადასხვა ხალხში ეროვნული თვითშეგნების აღზევებას ხანდახან ეროვნებათშორის კონფლიქტებამდე მივყავართ იმ შემთხვევაში, როცა სამართლიანობა ირღვევა, ამ მხრივ კი საბჭოთა კავშირში პრობლემები თავსაყრელია. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ეროვნებათშორისი შეტაკებანი. ამ მიმართულებით მუშაობის პოზიტიურ მაგალითად მიგვაჩნია ჩვენი და „ადამონ ნიხასის“ ერთობლივი მიმართვა ქართველი და ოსი ხალხებისადმი, რომელიც 21 ივლისს გაკეთდა. ეს მიმართვა რომ არ ყოფილიყო, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები შიდა ქართლში იმ დაძაბულ დღეებში. საქმე ისაა, რომ ცნობილი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რომლებიც მოხდა ქვემო ქართლში (მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში) და აფხაზეთში, მავანთ და მავანთ, როგორც ჩანს, ძალიან სურდათ ეროვნებათშორისი შეტაკებების პროვოცირება ქართველებსა და ოსებს შორისაც, რომლებიც მუდამ თანხმობითა და მშვიდობით ცხოვრობდნენ. ამ მიზნით ქართველებს შორის დაიწყეს ხმების გავრცელება, თითქოს ოსების მხრიდან მზადდებოდა თავდასხმა, ამავე დროს ოსებს ჩააგონებდნენ, ქართველები აპირებენო ოსებზე თავდასხმას. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. შიდა ქართლის გზებზე მოსახლეობამ დააყენა შეიარაღებული პიკეტები, რომლებიც ავტომანქანებს ამოწმებდნენ. 20 ივლისს, გვიან ღამით, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ცეცხლი დაუშინეს ავტომანქანას, რომელიც მოპიკეტეთა მოთხოვნის მიუხედავად არ გააჩერა მძღოლმა. ინფორმაცია ამის შესახებ მოგვაწოდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ქართლის განყოფილებამ. ჩვენ მაშინვე წავედით ცხინვალში და შევხვდით „ადამონ ნიხასის“ ხელმძღვანელობას. აი, ამ შეხვედრის შედეგი იყო ზემოხსენებული ერთობლივი მიმართვა, რომლის მნიშვნელობა ძალიან დიდია.
– ზურაბ, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გადადგმული იყო თუ არა ნაბიჯი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად?
– ჯერ კიდევ შარშან, ივნისში, ამ მიზნით ჩვენ სპეციალურად ჩავედით სოხუმში, სადაც გვქონდა საუბარი აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ შევთავაზეთ შემოსულიყვნენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში, რათა ერთად გვებრძოლა ქართველებისა და აფხაზების ეროვნული პრობლემების გადაწყვეტისათვის. მათ გვიპასუხეს, რომ თვითონ აპირებდნენ თავიანთი არაფორმალური ორგანიზაციის შექმნას. მაშინ ჩვენ შევთავაზეთ მჭიდრო კონტაქტების დამყარება და აღვუთქვით ყოველგვარი მხარდაჭერა აფხაზური პრობლემების გადაჭრაში. როცა მათი მხრიდან ერთგვარი უნდობლობა შევნიშნე, მე მათ სიტყვით ასე ვუთხარი: „არაფერია გასაკვირი ჩვენს წინადადებაში, ვინაიდან არ შეიძლება არსებობდეს ისეთი აფხაზური ეროვნული პრობლემა, რომელიც იქნებოდა ანტიქართული, და პირიქით, არც ერთი ქართული ეროვნული პრობლემა არ შეიძლება იყოს ანტიაფხაზური. თუ ასეთი „პრობლემები“ არსებობს, ისინი გამოგონილი, შეთითხნილი და არაბუნებრივია. ჩვენ არ მოვითხოვთ, ავანსად გვენდოთ; შეგვამოწმეთ საქმეში, გვითხარით, რა პრობლემები გაწუხებთ და ნახეთ, რას გავაკეთებთ მათ გადასაწყვეტად“. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ოლეგ დამენიამ ამაზე მიპასუხა, რომ ისინი მზად არიან ასეთი დიალოგისათვის, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოგვმართავს ამგვარი წინადადებით. ჰო, კიდევ აი, რა: ჩვენ შევთავაზეთ დახმარება აფხაზური საშუალო სკოლის დაარსებაში, აღვუთქვით მათ, რომ მოვთხოვდით მთავრობას სახსრებს, ქაღალდს და ა.შ. 5-11 კლასებისთვის აფხაზურ ენაზე სახელმძღვანელოების გამოსაცემად (როგორც ცნობილია, ამჟამად აფხაზურ ენაზე სწავლება მხოლოდ მეოთხე კლასამდეა), რათა აფხაზმა ბავშვებმა საშუალო განათლება თავის მშობლიურ ენაზე მიიღონ. ამაზე ჩვენ არაორაზროვნად გვიპასუხეს, რომ ისინი დაინტერესებულები არ არიან ეროვნული სკოლის შექმნით და ურჩევნიათ, განათლება რუსულ ენაზე მიიღონ.
მე მგონია, რომ ამ ფაქტიდანაც კი (ანალოგიური კი უამრავია) შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ანტიქართულ მოძრაობას აფხაზეთში არ შეიძლება დაერქვას აფხაზური ეროვნული მოძრაობა, იგი არსებითად, ანტიაფხაზურიცაა.
1988 წლის 3 დეკემბერს ჩვენმა საზოგადოებამ სოხუმში ჩაატარა ქართველი და აფხაზი ხალხების ერთიანობისადმი მიძღვნილი მიტინგი. ეს, ალბათ, ისტორიაში პირველი მიტინგი იყო ხალხთა ძმობისადმი მიძღვნილი, რომელიც ხელისუფლებამ აკრძალა, და მერე როგორ! ამ დღეს სოხუმში არ ჩამოვიდა არცერთი მატარებელი, სამხრეთიდან გადაკეტეს ავტომაგისტრალები და გვიან საღამომდე შეაჩერეს მოძრაობა. სოხუმი ფაქტობრივად სამხედრო მდგომარეობაში იყო. ჩვენ მაინც შევძელით არასანქცირებული მიტინგის ჩატარება. მიტინგის შემდეგ მადლიერების გრძნობა გამოხატეს ქართველებმაც და აფხაზებმაც. ერთმა მილიციის პოდპოლკოვნიკმა, აფხაზმა, რომელიც მანამდე ხელს გვიშლიდა, მიტინგის შემდგომ ბოდიში მოგვიხადა, – ჩვენ თქვენზე სულ სხვა რამეს გვეუბნებოდნენო. და აი, ამ მიტინგის შესახებ წერდნენ შემდეგ, იგი ანტიაფხაზური იყოო!
2 აპრილს ჩვენ სოხუმში მოვაწყვეთ არასანქცირებული მიტინგი და დემონსტრაცია იმის პროტესტის ნიშნად, რომ 1 აპრილს გუდაუთის რაიონში მოხდა თავდასხმა ქართველი მგზავრებით სავსე ავტობუსებზე, მიტინგის შემდეგ, რომელიც სოხუმის გარეუბანში, კელასურში ჩატარდა, დაიწყო მასობრივი დემონსტრაცია ქალაქის ცენტრისაკენ, რომელშიც მონაწილეობდა 40 ათას კაცამდე, და ყველაზე სასიხარულო ის ფაქტი იყო, რომ ჩვენს შორის იყვნენ აფხაზი ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც, რომლებიც თავიანთ ქართველ თანატოლებთან ერთად გაიძახოდნენ ლოზუნგებს საქართველოს ერთიანობაზე! სწორედ აი, ამ გზით უნდა ვიაროთ.
– როგორ უყურებს თქვენი საზოგადოება ეგრეთ წოდებულ თურქი-მესხების საკითხს?
– ასეთი ეთნიკური ჯგუფი ბუნებაში არ არსებობს. ეს ტერმინი „თურქი-მესხი“ გამოგონილია ობივატელის დასაბნევად. 1944 წლის 15 ნოემბერს ერთ ღამეში სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლეს ასი ათასზე მეტი მცხოვრები. მათ შორის იყვნენ მესხებიც – უძველესი ქართული ტომის ხალხი და თურქებიც. მესხების ნაწილმა დაკარგა ეროვნული თვითშეგნება, თავის თავს თურქად თვლის, მოითხოვს მშობლიურ მხარეში დაბრუნებას და იქ თურქული ავტონომიის შექმნას. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ, ვინაიდან ეს გამოიწვევს ეროვნებათაშორის შეტაკებებს. მესხების მეორე ნაწილმა კი, მიუხედავად აუწერელი მრავალწლიანი ტანჯვა-წვალებისა, რომელიც შეიძლება შევადარო მხოლოდ დიდი ებრაელი ხალხის დევნას, შეინარჩუნა ქართული თვითშეგნება და საქართველოს სიყვარული. ჩვენ ვთვლით, რომ ხელი უნდა შევუწყოთ სამშობლოში მათ დაბრუნებას. ამავე პოზიციაზე დგანან სრპ, სეგო, ედპ და სხვა არაფორმალები. ბევრს აკეთებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად მერაბ კოსტავა, რომლის წარდგენა, მე ვფიქრობ, არ არის საჭირო. მოწინააღმდეგენი კი არიან ოფიციალური ხელისუფლება, რუსთაველის საზოგადოება და ზოგიერთი არაფორმალური ორგანიზაცია, მათ შორის ჰელსინკის ჯგუფი, რაც, საერთოდ, პარადოქსად მეჩვენება...
– გვინდა ვიცოდეთ თქვენი დამოკიდებულება რესპუბლიკური და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების მიმართ, აგრეთვე, ის, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე საბჭოების პირველმა ყრილობამ.
– ჩემი აზრით, არსებითი მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ მრავალი ათეული წლის მანძილზე პირველად დაიწყო დეპუტატების ცნობიერების გათავისუფლება, ეს კი სამომავლოდ ბევრად უფრო არსებითია, ვიდრე ხელისუფალთა ნებითა და კარნახით გატარებული ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რადიკალური რეფორმა.
ამის გარდა, ჩემი აზრით, ყრილობას ჰქონდა დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირში ხალხი მიეჩვია იმას, რომ დაუშვებელია არათუ რაიმე დაუმორჩილებლობა ხელისუფლების მითითებების მიმართ, არამედ უმნიშვნელო კამათიც კი ბრიგადირთან ან უბნის რწმუნებულთან. აქ კი დავინახეთ, რომ თურმე შეიძლება შეეკამათო თვით გენერალურ მდივანს, და არა მარტო შეეკამათო, არამედ არც დაეთანხმო, საკუთარი შეხედულებებისათვის იბრძოლო. და ეს პირველი ყრილობის რეალური შედეგია, რომლის დიდ მნიშვნელობას ამ მხრივ ვერ გადააფასებ. ცალკე მინდა შევეხო ქართველ დეპუტატთა „მოღვაწეობას“.
გამონაკლისს წარმოადგენენ ქართველი ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენლები – კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და კიდევ ორი-სამი დეპუტატი. მაგრამ ისინი, როგორც იტყვიან, ამინდს არ ქმნიდნენ. საერთოდ, არ არის ცნობილი, თუ რას აკეთებდა ჩვენი დეპუტატების უდიდესი ნაწილი პირველ ყრილობაზეც და შემდეგ უზენაესი საბჭოს სესიაზეც. მე გულწრფელად გაოცებული ვარ მათი „სტოიციზმით“. განსაკუთრებული ნიჭი უნდა გქონდეს – თვეობით იჯდე ყრილობაზე და სესიაზე, სადაც იხილება ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხები, და არც ერთი სიტყვა არ წამოგცდეს. მადლიერმა ქართველმა ხალხმა მათ ამისთვის საალერსო სახელი „დუმილის ბიჭები“ დაარქვა.
სწორედ „დუმილის ბიჭების“ მოქმედებამ დაგვარწმუნა საბოლოოდ, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვალდებულები ვართ მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. სწორედ ე.წ. არაფორმალები, როგორც საზოგადოების სოციალურად ყველაზე აქტიური წარმომადგენლები, უნდა წამოვაყენოთ დეპუტატებად. ჩვენს წინაშე ძალიან ბევრი მომწიფებული, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემაა, რომელთა გადაწყვეტის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს – რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს. ამიტომ ჩვენ ძალზე აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ არჩევნებში. ანალოგიურ პოზიციაზე დგას საქართველოს რესპუბლიკური პარტიაც. ამ პოზიციისკენ მინდა მოვუწოდო ყველა არაფორმალს, რომელთაც ჯერჯერობით განზრახული აქვთ ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს. მე ეჭვი არ მეპარება მათ კეთილ განზრახვებში, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი ბოიკოტის რეალური შედეგი მხოლოდ ის იქნება, რომ საქართველოს უზენაეს საბჭოს გაავსებს „დუმილის ბიჭების“ ახალი თაობა, რაც მხოლოდ გაართულებს და დაგვაშორებს საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას. სხვათა შორის, მე დარწმუნებული ვარ, – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, – ბევრი შეცვლის თავის პოზიციას და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აქვე დავძენ, მე ვფიქრობ, რომ უშუალოდ არჩევნების დაწყების წინ ყველაზე რეაქციული ძალები შეეცდებიან ვითარება დაძაბონ ჩვენი საზოგადოების გარშემო, დაიწყონ, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, სხვადასხვა სახის პროვოკაციები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, შევეცდები, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ.
– ზურაბ, თქვენ თქვით, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ზეპარტიული ორგანიზაციაა და მის წევრებად შეიძლება იყვნენ კომუნისტებიც. არის თუ არა ეს თქვენი ლოიალობის გამოხატულება მმართველი პარტიის მიმართ?
– სკკპ იმ პარტიის მემკვიდრეა, რომელმაც 1907 წელს მოკლა ილია ჭავჭავაძე, ხოლო 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ, ამასთან ერთად, დღეს საქართველოში ასეული ათასი სკკპ წევრია, რომელთა უდიდესი უმრავლესობის წევრობა წმინდა ფორმალური ხასიათისაა. ხალხი იძულებული ხდებოდა პარტიაში შესულიყო, რათა უკეთესი სამსახური ან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამდებობა მიეღო, ინტელიგენციას კი მეცნიერებაში, ხელოვნებაში მოღვაწეობის შესაძლებლობა ჰქონდა, მრავალ მუშას და გლეხს „გეგმის“ მიხედვით ღებულობდნენ, ასე ვთქვათ „ანგარიშისთვის“. ამიტომ პირადად ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება სკკპ-ს მიმართ არ ვრცელდება პარტიის წევრებზე, რომელთა წევრობაც, ვიმეორებ, წმინდა წყლის ფორმალობაა. მე მესმის, რომ არავითარი საფუძველი არა მაქვს წინასწარ აკვიატებული პოზიციიდან ვუყურო პარტიის წევრებს, რომელთა შორის მრავალი საქართველოსათვის ბევრად უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე, ვთქვათ, მე.
– ახდენს თუ არა ასეთი პოზიცია გავლენას თქვენს დამოკიდებულებაზე ქვეყანაში გაბატონებული მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მიმართ?
– ეს იდეოლოგია ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ილია ჭავჭავაძის მოძღვრებას, ერთადერთ მისაღებ მოძღვრებას ქართველი ერისათვის. მარქსიზმ-ლენინიზმი ნერგავს ათეიზმს, კაცობრიობისათვის მისგან გამომდინარე ყოველგვარი დამღუპველი შეგედებით, უგულვებელყოფს ისეთ წმინდა ცნებებს, როგორებიცაა ზნეობა, ერი, სამშობლო; ქადაგებს კლასობრივ ბრძოლას, ე.ი თესავს მტრობას ერის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის. სიტყვამ მოიტანა და ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მოწოდება კლასობრივი ბრძოლისკენ არის მოწოდება ძალადობისკენ, სისხლისღვრისკენ, ძმის მკვლელობისკენ... პრაქტიკაში მარქსიზმ-ლენინიზმს მივყავართ აურაცხელი ადამიანური ტანჯვისაკენ, რასაც ხან „პიროვნების კულტს“ არქმევენ, ხან „უძრაობის პერიოდს“. მარქსიზმ-ლენინიზმს მოკლედ ასე დავახასიათებდი: ეს არის უტოპიური მოძღვრება, რომელიც სულზე მაღლა აყენებს ხორცს, აჰყავს ეკონომიკა სარწმუნოების რანგში, თანაც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს რეალურ ეკონომიკურ კანონებზე და მეტისმეტად საეჭვო, უკაცრავად პასუხია, ზნეობრივი პრინციპები აქვს.
– რამდენადაც თქვენ ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური შეხედულებების მიმდევრები ხართ, მათ შორის რომელი მიგაჩნიათ აქტუალურად საქართველოსთვის ახლანდელ სიტუაციაში?
– ილია ჭავჭავაძის იდეები უკვდავია, ვინაიდან ის გვიქადაგებდა ისეთ წარუვალ ღირებულებებს, როგორიცაა ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, ზნეობა, პიროვნული და ეროვნული თავისუფლება, სიკეთე, სამართლიანობა, პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი... ამიტომ ისინი აქტუალურნი არიან ყოველთვის და არა მარტო ახლანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში. მე არცთუ იშვიათად მიხდება ინტერვიუს მიცემა დასავლეთის კორესპონდენტებისთვის, რომლებმაც უმეტეს შემთხვევაში ძალზე ცოტა იციან ილია ჭავჭავაძეზე და აინტერესებთ, რატომ ატარებს ჩვენი საზოგადოება მის სახელს. მე ვუხსნი ხოლმე მათ, რომ ქართველი ხალხის შეგნებაში ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა განუყრელად არის დაკავშირებული ილია ჭავჭავაძის სახელთან. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – ილია ჭავჭავაძის ეს მოწოდება დღეს უეჭველად, ყველაზე აქტუალურია.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ