გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძველი პრესა | რა არის ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმი, პრობლემები... პრობლემები

წერილი ტარიელ კვანჭილაშვილს (ნაფი ჯუსოითი)

 „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებულმა თქვენმა სტატიამ „მერე რა იქნება?“ რესპუბლიკის არაქართველი მოსახლეობის ბევრი წარმომადგენლის გულისტკენა და გაოცება გამოიწვია, მათ ლამის ეროვნული შეურაცხყოფა მიაყენა. ამან მაიძულა ყურადღებით წამეკითხა ის, რათა თქვენი პოზიციის შინაგანი ობიექტური შინაარსი გამეცნობიერებინა, ოღონდ ისე, რომ მის ცალკეულ ფორმულირებებს არ გამოვკიდებოდი.

პატიოსნად თუ ვიტყვი, სტატიაში ვერ ვხედავ სხვათა ეროვნული ღირსების შეურაცხყოფის სურვილს, მაგრამ მასში ნაჩქარევი განზოგადებებიც არის, მოუფიქრებელი ფორმულირებებიც არის, და ის უტაქტობითაა აღბეჭდილი. მაგრამ ყოველივე ეს ხომ პირად წერილშიც შემეძლო მეთქვა, ღია წერილით კი იმიტომ მოგმართავთ, რომ თქვენ იცავთ და თავისებურად განმარტავთ ჭეშმარიტ ინტერნაციონალიზმს, რომლის შესაბამისად ცდილობთ დასვათ და გადაჭრათ ჩვენს მრავალეროვან რესპუბლიკაში ერთა შორის ურთიერთობების საკითხები.

თქვენ სამართლიანადა ხართ აღშფოთებული ცრუინტერნაციონალიზმით, ე.ი. ნაციონალურ-ეგოისტური, არსებითად ასიმილატორული მისწრაფებებით, რომლებიც სოციალურ პრაქტიკაში რეალურ ინტერნაციონალიზმად საღდება. რასაკვირველია, მართებულია თქვენი ის შეხედულება, რომ ინტერნაციონალიზმი ვარაუდობს მრავალი ხალხის გაერთიანებას და „მათ შორის ძმური ურთიერთობის გაღვივებას“. ის ინტერნაციონალიზმი კი, რომელიც „თუნდაც ერთი ერის გადაშენებამდე“ მიგვიყვანს, მხოლოდ მოჩვენებითი, თვალთმაქცური ინტერნაციონალიზმი, უფრო ზუსტად, მოქმედი ასიმილატორული პოლიტიკაა.

ყველაფერი ეს უდავოა, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ გვთავაზობთ „რეალური ინტერნაციონალიზმის ისეთ განმარტებას, რომლითაც ხალხთა შორის „ძმური ურთიერთობების“ გაღვივებისთვის ადგილი არ რჩება. ხოლო როცა რესპუბლიკაში ხალხთა შორის ურთიერთობების საკითხებზე მსჯელობთ, გვთავაზობთ ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც ინტერნაციონალიზმის თქვენეულსავე გაგებას არამც და არამც არ ეთანხმება...

სინამდვილეში რა არის ის – ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმი?

მე და თქვენ, პატივცემულო ტარიელ, ლიტერატორები ვართ, ლიტერატურა კი თავისი არსით ემყარება ჰუმანიზმს, ცალკეული პიროვნებისა და მთელი კაცობრიობის, ცალკეულ ტომთა, ხალხთა, ერთა მსოფლიო ერთობის სიყვარულს. ამქვეყნად ყველა ჰუმანისტთან ერთად თქვენც და მეც ჩვენს მშობლიურ ხალხებს რომ ვუყურებდით, იმდენსავე სიკეთეს, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ ყველა სხვა ხალხს და არა მხოლოდ ვუსურვებთ, არამედ ჩვენი ძალ-ღონისა და შესაძლებლობების დაუშურებლად ხელს ვუწყობთ ამ ჩვენი იდეალის ხორცშესხმას. და თუნდაც სადმე დედამიწის რომელიმე შორეულ მხარეშიც, თუნდაც რომელიმე პაწაწინა ერსაც კი უბედურება დაატყდება თავს, მსოფლიოს ყველა ჰუმანისტი თვითონაც უბედურად ჩათვლის თავს, ამ უცნობი, იდუმალი პაწაწა ერის სატანჯველს თავის სატანჯველად მიიჩნევს.

ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმის არსი მე ასეთად მესახება და ჩემეული გაგება არ განსხვავდება თქვენეული გაგებისგან – „ხელი უნდა შევუწყოთ ერების არსებობას, მათ შორის ძმური ერთობის გაღვივებას“, მაგრამ როგორც კი თეორიიდან ეროვნული ურთიერთობის გააზრებაზე გადადიხართ, თქვენს შეხედულებებს რაღაც უცნაური დღე ადგება.

თქვენ გაინტერესებთ ერთადერთი საკითხი – დემოგრაფიული ბალანსი – სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენელთა რიცხვობრივი თანაფარდობა და აღელვებული ამტკიცებთ: „ქართველთა მატება ძალზე მცირეა, ხოლო სხვა ხალხების წარმომადგენელთა მატება დაჩქარებული ტემპით, სწრაფად ხდება“, შემდეგ კიდევ უფრო ტრაგიკულ ვითარებას წარმოსახავთ: ქართველთა მატება არა თუ მცირეა, არამედ ის საერთოდ არ მატულობსო – „თუ საქართველოში ქართველი იკლებს, ხოლო სხვა ასეთი სწრაფი ტემპით იმატებს, ეს ხომ ერთხელაც იქნება იქამდე მიგვიყვანს, რომ უქართველო საქართველო დაგვრჩება“.

ნამდვილად ასეთი ვითარება რომ იყოს, მაშინ მთელი მსოფლიოს ინტერნაციონალისტებმა განგაში უნდა ატეხონ, მაგრამ მართლა ასეთი ვითარებაა?

1959 წლის აღწერით რესპუბლიკაში 2 მილიონ 698 ათასი ქართველი იყო. ოცი წლის შემდეგ ქართველთა რიცხვი თქვენივე მონაცემებით 3 მილიონ 400 ათასამდე (5 მილიონის 69%), ე.ი. 700 ათასით გაიზარდა, მატებამ 26% შეადგინა. და თუ მომავალშიც ასეთი მატება იქნება, საუკუნის მიწურულს ქართველთა რიცხვი 4 მილიონ 600 ათასს აღემატება.

გეკითხებით, რაში გჭირდებათ დაშინება თქვენი თავისაც და სხვებისაც? რაში გჭირდებათ ასეთი განზრახ ტრაგიკული პათოსი – „უქართველო საქართველო დაგვრჩება“?

ნუთუ ასე დაგაშინათ იმ ფაქტმა, რომ მცირერიცხოვან აზერბაიჯანელთა ნამატი ქართველთა ნამატზე მეტია? თქვენ ხომ თქვენი წარმოდგენის სასარგებლოდ არც ფაქტების დამახინჯებაზე ამბობთ უარს. თქვენივე მონაცემებით, საქართველოში აზერბაიჯანელთა რაოდენობა – 153 ათასი, 20 წელიწადში 72 ათასით, ე.ი. 47%-ით გაიზარდა, თქვენ კი აცხადებთ, 66,5%-ით გაიზარდაო! და თქვენ თითქმის ყოველ ნაბიჯზე ასე თვითნებურად ექცევით ფაქტებს. ვთქვათ, ხალხთა შერწყმის თეორია ბრეჟნევს მიაწერეთ, ეს თეორია კი ლენინს ეკუთვნის, მაგრამ ის არაა გამსჭვალული იმ ასიმილატორული აზრით, რომელიც მას მიანიჭა სტალინმა თავისი ნებისმიერი გააზრებით. თქვენ ლაპარაკობთ „ვინმე აგეევზე“, რომელიც ყველა მწერალს რუსულ ენაზე გადასვლას ურჩევდა და ეტყობა, ის რუსი ლიტერატორი გგონიათ, სინამდვილეში კი დაღესტნელი ახედ აგაევია, ფილოსოფიის დოქტორი, – ის დიდხანს იკვლევდა ერების თეორიას, რითაც სტალინის კონცეფციას აკომენტირებდა. არადჩამგდები, უგულებელმყოფელი ფრაზით მისი მოგერიება ძნელი არაა, გაცილებით ძნელია მისი ასიმილიზატორული ბუნების გარკვევა.

ამაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ მკითხველი ყველა პუბლიცისტს ვერ მოსთხოვს ვერც განსაკუთრებულ სიბრძნეს და ვერც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტების ღაღადებას, მაგრამ მკითხველი უფლებამოსილია ყველა პუბლიცისტისაგან უბრალო გულმართლობა და სიწრფელე მოითხოვოს. და თუ ლიტერატორი ამ მოლოდინს არ ამართლებს, მკითხველი გულნაკლული, განაწყენებული რჩება.

მე თქვენს გულწრფელობაში მხოლოდ იმან კი არ შემაეჭვა, რომ ფაქტებს თვითნებურად ასხვაფერებთ, არამედ უფრო იმან, რომ თქვენს ინტერნაციონალურ გულში თანაგრძნობის ერთი სიტყვაც კი ვერ მოინახა რესპუბლიკაში მცხოვრები არც ერთი სხვა ხალხის მიმართ. ვთქვათ, ჩემი მშობელი ოსი ხალხის მიმართ, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება ამგვარი თანაგრძნობა.

თქვენივე მონაცემებით, ოსების ნამატი ქართველებისაზე ორჯერ ნაკლებია. 13% 26%-ის წილ. ამას იმასაც თუ დავძენთ, რომ ოსებში განთესვა (მშობლიურ სიტყვებს ვივიწყებთ, უფრო უბრალოდ რომ ვთქვათ, ასიმილაცია) 11,5%-ს შეადგენს, ხოლო ქართველებში ის არ აღინიშნება, მაშინ ძნელი გამოსათვლელი არაა, რომ ოსები რიცხვობრივად საერთოდ არ იზრდებიან – 2,5% 20 წელიწადში!.. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჭეშმარიტად ურთულესი დემოგრაფიული ვითარება იქმნება. ორი აღწერის მონაცემები ამაზე ღაღადებენ, მაგრამ ეს სასოწარკვეთილი ძახილი თქვენ ვერ გაიგონეთ. ამასთანავე, შესანიშნავად გესმით, რომ „თუნდაც ერთი ერის გადაშენება“ მთელი კაცობრიობისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია, და იგი ამის გამო მარადის განიცდის, და თუ ის ერი საქართველოში გადაშენდება, მაშინ ეს რესპუბლიკის წამყვანი ხალხის, ქართველების ზნეობრივი ცნობიერებისთვის მიყენებული მოუშუშებელი ჭრილობა იქნება.

თქვენ, რასაკვირველია, უფლება გაქვთ განაცხადოთ, რომ ოსებმა თავად უნდა იზრუნონ თავიანთ თავზე, თქვენ კი თქვენი ხალხის ბედი გაშფოთებთ. სწორიც იქნებით – ეს თქვენი უფლებაცაა და მოვალეობაც. თქვენი ზრუნვა თქვენს მშობელ ხალხზე ბუნებრივი და კეთილშობილური გრძნობაა. მაგრამ თუ თქვენ ჰუმანისტი და ინტერნაციონალისტი ხართ, რაშიც შეეჭვების საბაბი არა გვაქვს, მოვალე ხართ სხვა ხალხების ბედზეც იფიქროთ, თუნდაც მხოლოდ იმ ხალხების ბედზე მაინც, რომლებიც განუყრელად არიან დაკავშირებული თქვენი ხალხის ისტორიასა და შრომასთან. ეს ყოველი ჰუმანისტის ინტერნაციონალური ზნეობრივი მოვალეობაა. და სწორედ ასეთი მოვალეობის უკმარისობა იჩენს თავს ოსებისადმი თქვენს დამოკიდებულებაში.

აი, სამიოდე წინადადებით გამოხატული მთელი თქვენი პოზიცია: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხრუშოვმა გააუქმა ქართული სკოლების დიდი ნაწილი და მათ მაგიერ რუსული სკოლები გახსნა, შეჩვეული ქართული ანბანისა და შრიფტის ნაცვლად მათ რუსული ანბანი და შრიფტი დაუწესა. და ამას ხრუშოვი აკეთებდა აფხაზებსა და ოსებზე „ზრუნვით“, ქართველთა მხრივ „ძალადობის მოსასპობად“.

აქ თვალნათლივ ჩანს, რომ თქვენ არა მარტო არ იცნობთ რეალურ სიტუაციას, არამედ ისიც, რომ არც გინდათ იცნობდეთ მას. ისიც ჩანს, რომ გულგრილი ხართ ოსი ხალხის ხვედრისადმი. სხვაგვარად შეუძლებელია გავიგოთ, თუ რატომ ესარჩლებით იმ უდავო ძალადობას, რომელიც თქვენ ბრჭყალებში ჩასვით. სინამდვილეში, აი, როგორ ხორციელდებოდა ეს ძალადობა.

მე-18 საუკუნის დასასრულიდან ოსური დამწერლობა რუსულ გრაფიკულ პრაქტიკას ეფუძნებოდა და 125 წლის მანძილზე მყარი ტრადიცია ჩამოყალიბდა. მაგრამ 1923 წელს მოგვევლინენ ზერევოლუციონერები, რომლებმაც ყურად არ იღეს ოსური ინტელიგენციის პროტესტი, ეს ტრადიცია მოშალეს და შემოიღეს ლათინური ანბანი. ტრადიცია გაქარწყლდა, ხალხი ერთბაშად წერა-კითხვის უცოდინარი გახდა. მაგრამ უმცროსმა თაობამ მიაშურა სკოლას, კულტურული რევოლუცია ახალი დამწერლობის ბაზაზე განახორციელეს და ხალხი ახალ ანბანს დაეუფლა. და უცებ რომელიღაც მაღალი ეშელონის მოხელეს მოეგუნება რუსულ გრაფიკულ საფუძველს დაბრუნებოდნენ. ითქვა და შესრულდა – ბიუროკრატიული განკარგულება განსჯას ვერ ითმენს, უფიქრებელ შესრულებას მოითხოვს. ხალხს წერა-კითხვის ელემენტარული ჩვევების თავიდან დასწავლა მოუხდა.

ეს ჩრდილო ოსეთში 1938 წელს დაიწყო და იმავე წელს ჩვენი რესპუბლიკის ადმინისტრაციამ ბრძანა, რომ სამხრეთ ოსეთში ანბანი ქართულ გრაფიკულ საფუძველზე გადასულიყო. მაშინვე შეთხზეს ახალი ეროვნული ერთეული – სამხრეთ ოსეთის ხალხი! ერთი ხალხისგან ორი ხალხი გამოიყვანეს და მათ ორი ანბანი მოახვიეს თავს, მაგრამ ესეც ეცოტავათ – ჩრდილოეთ კავკასიის ოსურ სკოლებში, სოფლის სკოლების გამოკლებით, რუსულ ენაზე სწავლება დააწესეს, სამხრეთ ოსეთში კი უფრო შორს წავიდნენ – მთელი სკოლა ქართულ ენაზე გადაიყვანეს. ასე წაართვეს ოსებს მშობლიურ ენაზე სწავლების უფლება.

1954 წლის დასაწყისში სამხრეთ ოსეთში შემოიღეს რუსული ანბანი და სკოლებში, სოფლის დაწყებითი სკოლების გამოკლებით, კვლავ რუსულ ენაზე სწავლება დააკანონეს. მაგრამ ოსური მოსახლეობის 65% ახლა ქალაქების და ქალაქის ტიპის ახალშენებში ცხოვრობს, ამიტომ ოსური სკოლა ფაქტიურად არ არსებობს. ასე რომ, 30 წლის მანძილზე სამჯერ შეცვალეს ანბანი და სკოლის ენა. ოსური სკოლისგან, რომელიც 1941 წელს დავამთავრე, როცა არმიიდან 1945 წელს დავბრუნდი, ნატამალიც კი აღარ იყო დარჩენილი...

ახლა თავად განსაჯეთ, განა ეს ხალხზე ადმინისტრირებული ძალადობა არაა, ხალხზე, რომლის ერთადერთი „დანაშაული“ მისი მცირერიცხოვნებაა? განა ეს შეგნებული განადგურება არაა ხალხის კულტურული განვითარების თვით იმ ბაზისა, რომელსაც მშობლიურ ენაზე მოქმედი სკოლა და ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც მშობლიურ ენაზე წერენ და კითხულობენ?.. რასაკვირველია, ძალადობაა, მაგრამ ეს რუსი და ქართველი ხალხის მხრივ ძალადობა კი არაა, ისინი ამაში აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან, შესაძლოა, რომ მათ ამაზე არც არაფერი სმენიათ. ეს ძალმომრეობაა ჩვენი საკავშირო და რესპუბლიკური ადმინისტრაციებისა, რომლებიც თავისებურად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ოსი ბავშვებისთვის მშობლიური ენისა და ამ ენაზე დაფუძნებული მშობლიური კულტურის წართმევაში.

და, გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია და, როგორც ადამიანი, ვწუხვარ, რომ თქვენ, ინტერნაციონალისტმა, ასეთი ძალმომრეობის დასაგმობად თქვენს არსებაში სიტყვა ვერ მონახეთ, მეტიც, თქვენ სიტყვა „ძალადობა“ ბრჭყალებში ჩასვით, თითქოს არავითარი ძალადობა არც ყოფილა... თქვენ მხოლოდ იმ გარემოებამ გაგანაწყენათ, რომ ხრუშოვმა რესპუბლიკური ძალადობა საკავშირო ძალადობით შეცვალა, მაგრამ თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ერთი მეორეს არაფრით სჯობს.

ჰოდა, ვერ გავრკვეულვარ, რატომ არ მიიტანეთ გულთან მთელი ხალხის უბედურება, პოეტმა ხომ თქვა, სხვისი უბედურება არ არსებობსო. ვფიქრობ, ასე იმიტომ მოხდა, რომ თქვენ ინტერნაციონალიზმი მაინც ვიწროდ გესმით, ეს თავს იჩენს თქვენს ფორმულაშიც – ყოველი ხალხი თავის ტერიტორიაზე ცხოვრობსო. თუ ამ ფორმულას არ გავააბსოლუტურებთ, მასში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. არც მე ვარ აღფრთოვანებული ხალხთა ბაბილონური აღრევით, ქვეყნის მოსახლეობის თითქოს მისი ინტერნაციონალიზებისთვის გამრავალფეროვნებით, იმიტომ არა ვარ აღფრთოვანებული, რომ ვხედავ, პრაქტიკაში ამას საწინააღმდეგო შედეგამდე – ეროვნული ურთიერთობების გამწვავებამდე, მცირერიცხოვან ხალხთა (ჯერჯერობით მხოლოდ მცირერიცხოვანთა!) ასიმილაციამდე, ადამიანის პიროვნების დენაციონალიზაციამდე, მიწასთან და გარემოსთან გულგრილ, მომხმარებლურ დამოკიდებულებამდე, ეროვნულ ტრადიციათა და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური საფუძვლის მოშლამდე, ადამიანთა ცნობიერებასა და ფსიქოლოგიაში ინდივიდუალიზმისა და მერკანტილიზმის გაძლიერებამდე მივყავართ.

მაგრამ ვერც იმაში დაგეთანხმებით, თითქოს ადამიანთა ძმობისთვის საჭირო იყოს, ისინი თავიანთ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, რომ ბუნებრივი მიგრაციული პროცესები გარდაუვალია და ისინი არ ამსხვრევენ ხალხთა შორის ურთიერთობებს, თუკი ეს ურთიერთობები ხელოვნურად, ადმინისტრაციული ღონისძიებებით არ არის ორგანიზებული. მეგობრულ ურთიერთობებს – მჭიდრო ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტაქტებს – ბუნებრივად მივყავართ მოსახლეობის გარკვეულ დიფუზიამდე –- განსაკუთრებით დიდ სამრეწველო და კულტურულ ცენტრებში. და ასეთ შემთხვევაში ადამიანები მრავალეროვნულ თანასაცხოვრებელში სხვათა მიწის მიტაცების ან ვისიმე ასიმილირების წადილს კი არა, ძმობას, სწორედ იმ სიყვარულს შეჰყავს, რომელსაც თქვენს მიერ ციტირებული ქართული ლექსი უმღერის. ასეთი სხვადასხვაენოვანი თანასაცხოვრებელი, ვფიქრობ, ობიექტური კანონზომიერებაა თანამედროვე ყოფაში და მისი მოშლა ჩვენ არ ძალგვიძს, თუ რასაკვირველია, ადმინისტრაციულ ძალადობას არ მივმართავთ. თავად განსაჯეთ, დღეს შესაძლებელია მრავალეროვანი საქართველოს ერთეროვან რესპუბლიკად გადაქცევა? შესაძლებელია, რესპუბლიკიდან ყველა არაქართველს თუ გავასახლებთ, მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ხალხებს, ძმობის ნაცვლად, მტრობა და ომი შეგნებულად მოვახვიოთ თავზე. შესაძლებელია, საქართველო ერთეროვან რესპუბლიკად ვაქციოთ, თუკი ამ ხალხებს ძალით წავართმევთ მათ მშობლიურ ენებს, ტრადიციებს, ეროვნულ ცნობიერებას და მეხსიერებას, ე.ი. საქართველოს გაერთეროვნება შესაძლებელია რესპუბლიკის სხვაეროვანი მოსახლეობის ხელის ერთი მოსმით, ერთბაშად მათი ასიმილირების შემთხვევაში, მაგრამ ეს ისევ ხალხების სულში ძმობის გრძნობის წილ სიძულვილისა და მტრული გრძნობების გაღვივება იქნებოდა.

სხვა გადაწყვეტილების მიღებაც შეიძლებოდა: გადამთიელები, დაე, შეგნებულად დაბრუნდნენ თავიანთ ეროვნულ ტერიტორიაზე. თითქოს სავსებით გონივრული რჩევაა. მაგრამ როგორ განვსაზღვროთ, ვინაა გადამთიელი, მოსული?

აი, თქვენ წერთ: ერეკლე მეფემ ბერძნები მოიწვიაო, მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში უკვე ორასი წელია ცხოვრობენ და ერთადერთი მათი მშობლიური მიწა საქართველოა, უბრალოდ, სხვა ეროვნული ტერიტორია მათ არა აქვთ. თქვენ ამბობთ, რომ ებრაელები უხსოვარი დროიდან აფარებდნენ თავს საქართველოს, მაშასადამე ისინი ოდითგან აქ ცხოვრობდნენ და საქართველო მათთვის ერთადერთი მშობლიური მიწაა. როგორ მივაკუთვნოთ ისინი გადამთიელებს? მახსენდება, რომ თვით ფაშიტურ გერმანიაშიც კი, მეოთხე თაობის ებრაელებს სრულფასოვან მოქალაქეებად მიიჩნევდნენ. თქვენ კი ამბობთ, ისინი ოდითგან აქ ცხოვრობდნენო, მაშასადამე, ისინი გადამთიელნი, მოსულნი არ არიან, მეტიც, რესპუბლიკის ხალხთა მრავალი წარმომადგენელი (სომხები, ოსები, ბერძნები, ებრაელები, რუსები და სხვ.) ბუნებრივად შეერწყნენ ქართველ ერს, თუმცა ისინი ისეთივე მოსულნი არიან, როგორც მათი არაასიმილირებული თანამემამულეები, რა ვქნათ, ისინი მოსულ ქართველებად ჩავთვალოთ?

როგორც ხედავთ, ასეთი, ერთი შეხედვით უბრალო საკითხიც კი საკმაოდ რთული გასარკვევია. და მისი მაჰმადის კვეთით გამიჯვნა – ეს მართლმადიდებელია, ეს კი გიაურია – შეუძლებელია, თანაც ეს გვჭირდება კი?

განა რესპუბლიკაში მცხოვრები სომხები, რუსები, ქურთები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები, აფხაზები, ოსები, ბერძნები ხელს უშლიან ქართველთა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას? ანდა ქართველი ხალხი უფრო ბედნიერი იქნება, ყველა არაქართველი რესპუბლიკის საზღვრებს თუ დატოვებს და თავის ეროვნულ სახეს დაკარგავს?

რასაკვირველია, არა, შეუძლებელია ბედნიერი და ნეტარი იყო, თუ შენს გვერდით მცხოვრებ ერებს შენი თანასწორი უფლებები არა აქვთ. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. ეროვნული საკითხი ერთია მთელი კაცობრიობისთვის და მისი სამართლიანი გადაჭრა ასევე მხოლოდ ინტერნაციონალურ საფუძველზე დამყარებითაა შესაძლებელი, როგორც რესპუბლიკაში, ასევე მთელს ჩვენს ქვეყანაში, მთელს ჩვენს პლანეტაზე.

ვფიქრობ, რომ კარგს არაფერს მოგვცემს თქვენი წინადადება – ადმინისტრაციული ღონისძიებებით დავადგინოთ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ხალხის მატება. მით უფრო, რომ თქვენ იმოწმებთ ჩინეთის გამოცდილებას, რომელმაც საკუთრივ ჩინეთშიც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა, თუმცა, ერთეროვან გარემოში ჩატარდა. თქვენ კი გვთავაზობთ, ეს მეთოდი გამოვიყენოთ მრავალეროვან რესპუბლიკაში ე.ი. ზოგიერთი ხალხის მატება უნდა შევამციროთ, ზოგიერთისა კი გავზარდოთ და ამით დემოგრაფიული პროცესი თანაზომიერი გავხადოთ. ეს წინადადება სრულად კეთილსახიერი ჩანს, და მე მას უნდა მივესალმო, რადგან ოსების მატება ყველაზე დაბალია რესპუბლიკაში.

მაგრამ დიდი ჭკუის კოლოფობა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ასეთი ღონისძიება ეროვნულ ურთიერთობათა მკვეთრ გამწვავებამდე მიგვიყვანდა, რადგან იგი ხალხებს აუცილებლად დაჰყოფდა პრივილეგირებულებად, ადმინისტრაციისგან მეურვეობადაწესებულებად და დაჩაგრულებად.

მაინც როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ხალხთა შორის ურთიერთობა ისე, რომ ის ჭეშმარიტ და არა მოჩვენებით ძმობად გვექცია?

თქვენ ამბობთ – ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმის საფუძველზეო, ცრუინტერნაციონალიზმზე, ე.ი. ხალხთა შორის ურთიერთობების პრაქტიკაში ასიმილატორულ ტენდენციებზე გულწრფელად უარის თქმითო. და თქვენს ამ ამოსავალ პოზიციას სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, ოღონდ, ზოგ რამეს დავაზუსტებდი.

ინტერნაციონალიზმი მთელი მსოფლიოს ადამიანთა თანაცხოვრების საყოველთაო კონცეფციაა. მსოფლიოში, როგორც ლინგვისტები ამბობენ, ხუთი ათასზე მეტი ენა და ამდენივე ეროვნებაა და ინტერნაციონალური კონცეფციით ისინი თანასწორუფლებიანნი და კაცობრიობისთვის უსაზღვროდ ძვირფასნი არიან. და ყველაზე მცირერიცხოვან ტომსაც კი არ უნდა წაერთვას თავისუფალი განვითარების, კეთილდღეობის და ბედნიერების მიღწევის, ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების შესაძლებლობები და უფლებები. ნებისმიერი ხალხი ხომ ყველაზე მცირერიცხოვანიც კი ოცნებობს არა მარტო კეთილდღეობაზე, არამედ მარადიულ არსებობაზე და არავის აქვს მისთვის ასეთი ისტორიული პერსპექტივის აღკვეთის უფლება.

ინტერნაციონალიზმს უპირისპირდება მსოფლიო ასიმილაციის ასეთივე გლობალური კონცეფცია. ის განსაკუთრებული ინტენსივობით გასულ საუკუნეში შემუშავდა ევროპის ყველაზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერთა შორის, მათ შორის რუსეთშიც. რუსეთის ასიმილატორები 12 ასეთ ქვეყანას ასახელებდნენ: ექვსს – ევროპაში და ამდენივეს აზიაში. სხვა ხალხები დიდ ხალხებში უნდა გათქვეფილიყვნენ ვითომც საკუთარივე კეთილდღეობისთვის და მათ ნებაყოფლობით უნდა ეთქვათ უარი საკუთარ ენებსა და კულტურაზე.

მართალია, არსებობს მესამე კონცეფციაც და ის სტალინს ეკუთვნის. ის კონცეფცია მან საენათმეცნიერო სტატიებში ჩამოაყალიბა. გარეგნულად ის თითქოს ასიმილატორობის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ამ თეორიის თანახმად კომუნიზმი ერთენოვანი საზოგადოება იქნება. ყველა ეროვნული ენა თანდათან მოისპობა, გაქრება და წარმოიშობა რაღაც ახალი საერთო-საკაცობრიო ენა. „ინტერნაციონალიზმი“ წმინდა სასაფლაოური ხასიათისაა: ყველა ენა – როგორც დიდი ერებისა, ისე მცირერიცხოვანი ტომებისა მოკვდება და ეს საწყენად არავის დაურჩება, რადგან სხვებთან ერთად დაღუპვა ხომ ლამაზი რამაა! და იარსებებს ერთი საყოველთაო, არავისი ენა.

სინამდვილეში სტალინის კონცეფცია საყოველთაო ასიმილატორულია. ის უაღრესად აგრესიულია, რადგან დასაწყისში ითვალისწინებს მცირერიცხოვან ერთა ასიმილაციას რეგიონების მიხედვით – „რეგიონალური ენების“ გამარჯვებას. ამას კი მოჰყვება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა თვით რეგიონალური ენებისა, რომელთაგანაც ერთი გაიმარჯვებს და გახდება კომუნისტური საზოგადოების საერთო ენა. იგულისხმება, რომ დიდ ერთა ყოველი ენა ისწრაფვის, რომ სწორედ ის ერთადერთი გადარჩეს. და ამიტომ თანამედროვე პირობებში მიმდინარეობს ჰეგემონიისთვის ბრძოლა, რაც შეიძლება მეტი მცირერიცხოვანი ერის ხელში მოგდების ფორმით, რადგან მრავალრიცხოვანებაში ხედავენ გადარჩენის ერთადერთ, ადგილისთვის ბრძოლაში გამარჯვების შანსს. რიცხვი, რაოდენობა ბარბაროსულადაა გაფეტიშებული.

ცხადია, რომ ეს ხალხთა შორის მტრობისა და გადარჩენისთვის ბრძოლის, მეტიც, სულიერი გაღატაკების, კაცობრიობის პაუპერიზაციის თეორიაა: ყოველი ენის სიკვდილთან ერთად ხომ სულიერი კულტურაც კვდება. ეს კონცეფცია პრინციპში შეურიგებლად მტრობს ინტერნაციონალიზმს, მაგრამ ის დღემდე არ არის სათანადოდ შეფასებული. ჩვენი ე.წ. ლინგვოსოციოლოგია მთლიანად ამ კონცეფციას ეყრდნობა და ყოველმხრივ „ამუშავებდა“ მას. ჩვენი სამოხელეო ბიუროკრატია ერთა შორის ურთიერთობისა და ეროვნულ-კულტურული მშენებლობის გადაწყვეტის პრაქტიკაში ფარულად, უჩინრად ამოდიოდა ამ კონცეფციიდან. თანაც, ეს თეორია, ეტყობა სტალინის სტატიების გამოქვეყნებამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა (ვფიქრობ, 80-იანი წლების მეორე ნახევრისათვის), მაგრამ წერილობით ის მხოლოდ 50-იანი წლების დასაწყისში გაფორმდა და გასაჯაროვდა.

მაშ, ასე, ვიცით ერთა შორის ურთიერთობების ორი კონცეფცია, ორი პოლიტიკა – ინტერნაციონალური და ასიმილატორული, მესამე გზა არ არსებობს. ეს ორი კონცეფცია კი ერთმანეთისგან, უწინარეს ყოვლისა, თავიანთი მიზნებით განსხვავდება.

ასიმილატორობა ყველა შემთხვევაში იქიდან ამოდის, რომ მცირერიცხოვანი ერები უნდა გაქრნენ, შეერთონ სხვათა, უფრო დიდი ერების არსებობას, დაკარგონ თავიანთი ენები, ტრადიციები, კულტურები. სამომავლო პერსპექტივები და შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დიდ ხალხს აქვს. ამ კონცეფციის სტალინურ ვარიანტს თეორიულად გაქრობის განაჩენი გამოაქვს ყველასთვის, კომუნიზმი სტალინური გააზრებით ყველა ეროვნული ენისა და კულტურისთვის საყოველთაო ინტერნაციონალური სასაფლაო ხდება. პრაქტიკულად კი გადარჩენის უფლება მაინც მხოლოდ ერთ, ერთადერთ ცოცხალ დიდ ენას რჩება. სტალინის სიკვდილისა და მისთვის დიდების შარავანდედის მოცლის შემდეგ ჩვენმა სოციოლინგვისტებმა, რომლებიც მანამდე თავგამოდებით ელაქუცებოდნენ დიქტატორის ასიმილატორულ კონცეფციას, გაბედეს სიტყვის გადაბრუნება; სიკვდილის განაჩენგამოტანილი ენების საფუძველზე, ცოცხალი ენების წარმოქმნა შეუძლებელია, კომუნიზმის ერთიანი ენა დღეს ცოცხალი რომელიმე ერთი დიდი ენის ლექსიკონისა და გრამატიკული აგებულების საფუძველზე ჩამოყალიბდებაო. და ამ წანამძღვარიდან ბუნებრივად გამომდინარეობს დიდი ენების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა რეგიონში მცირერიცხოვან ენებსა და კულტურებზე გამარჯვების შემდეგ.

ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმის მიზანი სულ სხვაა – შეინარჩუნოს, გადაარჩინოს ყველა ხალხი მათი თვითმყოფადი ენებითურთ, კულტურებითურთ, ტრადიციებითურთ, მიანიჭოს მათ თანაბარი უფლებები და მოვალეობანი ეროვნულ-კულტურული განვითარებისთვის, მარად არსებობისთვის და არა მხოლოდ თეორიულად, არამედ რეალურ სოციალურ პრაქტიკაში. და მთელი საბჭოთა სამოცდაათწლეულის მანძილზე ჩვენი ეროვნულ-კულტურული მშენებლობა, პრაქტიკულად ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმის ამ მიზნიდან რომ ამოსულიყო, ახლა არავითარი პრინციპული ხასიათის ეროვნული წინააღმდეგობები არ გვექნებოდა. მაგრამ, რაოდენ დასანანია, რომ ფარულად, იდუმალად, სწორედ ამ სტალინური კონცეფციიდან ამოვდივართ. ამიტომ ყველა ეროვნული უმცირესობა თავს დაჩაგრულად, დაუცველად, განწირულად გრძნობდა და გრძნობს. სწორედ ამ კონცეფციის რეალიზებისას გააუქმა მოხელეობამ სკოლებში მცირე ხალხთა ენებზე სწავლება, მცირე ხალხთა ენების უფლებები და ფუნქციები მინიმუმამდე, ფაქტობრივად ოჯახშიღა მეტყველების ფუნქციამდე დაიყვანა, ე.ი. მას მტანჯველი, აუტანელი თანდათანი დაშრეტის და გაქრობის განაჩენი გამოუტანა. და ამაში დამნაშავე სწორედ მომავალი სამყაროს სტალინურ კონცეფციაზე დამყარებული პოლიტიკაა და არა ერთ ტერიტორიაზე, ან თუნდაც ერთ ქალაქში მრავალი ხალხის წარმომადგენელთა თანაცხოვრება.

თქვენ, რასაკვირველია, გახსოვთ, როგორ რჩევას იძლეოდა ლენინი სხვაეროვნულ გარემოში აღმოჩენილი ადამიანის ინტერესების უზრუნველყოფის თაობაზე. მან 1913 წელს, როცა პეტერბურგის სასწავლო ოლქის მოსწავლეთა შორის ერთი ქართველი ბავშვი დაინახა, დაასკვნა, მომავალი დემოკრატიული სახელმწიფო მოვალე იქნება, მას მისი მშობელი ხალხის ენისა და ისტორიის მასწავლებელი და მეცადინეობისთვის საჭირო აუდიტორია გამოუყოსო.

ვიკითხოთ, სოციალისტურ სახელმწიფოს ამ სამოცდაათი წლის მანძილზე ეს თავისი მოვალეობა სადმე ან როდისმე თუ შეუსრულებია? არა, არ შეუსრულებია. თქვენი განგაშიც აქედან იღებს სათავეს – საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველები მშობლიურ ენას ივიწყებენ, სხვაეროვან ერთობაში ითქვიფებიან. არადა არაფერი ამდაგვარი ხომ არ მოხდებოდა, ქართველ ბავშვს ყველგან რომ ეძლეოდეს მშობლიური ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის შესაძლებლობა. ასეთი სიტუაცია რომ ყოფილიყო, ასეთ მოგანგაშე ტონით წერის სურვილიც კი არ გექნებოდათ. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ სიტუაციაში თქვენ იმაზეც კი იფიქრებდით, მაგალითად, ოსებს თბილისში ან სხვა რაიონებში რატომ არ ასწავლიან მშობლიურ ენაზე წერასა და კითხვას?..

და მე მესმის თქვენი: შექმნილ ვითარებაში, როცა გლობალური ასიმილაციის სტალინურმა პოლიტიკამ ყველა ხალხს ფარულად მოახვია თავს გადარჩენისთვის ბრძოლა, თქვენ მხოლოდ თქვენი ხალხის მომავლითა ხართ შეფიქრიანებულ-შეწუხებული. სტალინური კონცეფციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან რეგიონს და მასში გაიმარჯვებს ერთი რეგიონალური ენა – რუსული ენა. დანარჩენი ენები ადრე თუ გვიან გაქრობისთვის არიან განწირულნი. ჰოდა, ყოველი ხალხი უაღრესად შეწრიალებულია იმაზე ზრუნვით, რომ არ დაკარგოს თავისი სახე, რომ გადარჩეს. და არავის რჩება იმის ძალა და სურვილი, რომ სხვა ხალხების გადარჩენაზეც იფიქროს. აქ, როგორც იტყვიან, მცირეთა და სუსტთა გამოსარჩლებისთვის არავის ცხელა, ყველასთვის მთავარი ისაა, რომ როგორმე თვითონ გადარჩეს...

და მაინც, ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი ჩვენ არ უნდა დავიწრიტოთ გაბედულებისგან, უნდა გავბედოთ თეორიაშიც და სოციალურ პრაქტიკაშიც ასიმილატორობისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჩვენს რესპუბლიკაში ერთა შორის ურთიერთობათა საკითხების გადაწყვეტისას კავშირი არ უნდა გავწყვიტოთ ბრძნულ ინტერნაციონალურ კონცეფციასთან და ასიმილატორულ მტრობისა და შუღლის კალთას არ უნდა გამოვებათ. ვფიქრობ, ის ხალხი, რომელიც სხვათა, უფრო სუსტი და მცირე ხალხების დაცვის გზას ადგას, უწინარეს ყოვლისა, მარადი თავისუფალი განვითარების თავისუფლებას იცავს. და თუ ხალხი ასიმილატორული ბრძოლის საფუძველზე ცდილობს თავი გადაირჩინოს, კარგავს საერთოდ გადარჩენის პერსპექტივას. ეს ასეა, რადგან ასეთ ბრძოლაში უფრო სუსტისთვის მიყენებული შეურაცხყოფა მასვე მოუბრუნდება უფრო ძლიერისგან შეურაცხყოფით. ასეთ ბრძოლაში ჰუმანიზმის, ადამიანთა სოლიდარობის, პიროვნების ღირსების აზრი პირწმინდად ქრება, ყველაფერი ძალის პოზიციიდან, მგლის ხროვის უპირატესობის პრინციპით წყდება. და გადარჩენისთვის ბრძოლის იდეის გაზიარება, თავისთავად ნებისმიერი ხალხისთვის, მრავალრიცხოვანისთვის თუ მცირერიცხოვანისთვის, ჩემის აზრით, ადრე თუ გვიან ტრაგიკულად დამთავრდება.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ, უწინარეს ყოვლისა, გვმართებს, ჩვენი თავი, ჩვენი მრწამსი და სინდისი გამოვიხსნათ სტალინური ასიმილატორული კონცეფციის უღლისგან და მისგან გამომდინარე ეროვნული პოლიტიკისგან. და ამაზე მთელი ხმით უნდა ვილაპარაკოთ. საჭიროა რეალურ ეროვნულ-კულტურულ მშენებლობაში ვიბრძოლოთ ლენინური ინტერნაციონალური კონცეფციის დამკვიდრებისთვის და ამით ყველა ხალხი დავიხსნათ თავისი სახის, ეროვნული თვითმყოფადობის, თავისი ენის, კულტურის, ტრადიციების დაკარგვის შიშისგან, იმისთვის, რომ ყველა ხალხს სწამდეს თავისი ეროვნულ-ისტორიული პერსპექტივა, ჰქონდეს მარად არსებობის უფლება, უნდა უარვყოთ თავად იდეა გადარჩენისთვის ბრძოლისა, იდეა, რომელიც ხალხებს ჰუმანისტური ბუნების, არსის წინააღმდეგ, ეროვნულ ეგოიზმს ახვევს თავს და ინტერნაციონალურ სოლიდარობას ავიწყებინებს.

კაცმა რომ თქვას, ესაა ის ცოტა რამ, რაც მინდოდა დამემატებინა ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმის თქვენეული დახასიათებისთვის.

რესპუბლიკაში მოსახლე ხალხთა მატებაში თანაზომიერი ბალანსის დადგინების თქვენეულ პრაქტიკულ წინადადებაზე ჩემი შენიშვნები გამოწვეულია თვით ამ წინადადების ცალმხრივ წარმართულობით, ე.ი. იმით, რომ თქვენ მხოლოდ თქვენს მშობლიურ ხალხზე ზრუნავთ. ასეთი ცალმხრივობა ხომ ჭეშმარიტ ინტერნაციონალიზმთან შეუთავსებელია, ამასთან, თქვენი წინადადებების ცალმხრივობამ რესპუბლიკაში მცხოვრებ ბევრ არაქართველს კეთილი გრძნობები კი არ აღუძრა, რისთვისაც მოწოდებულია მწერლის სიტყვა, არამედ მათი განაწყენება და გაოცება გამოიწვია.

თქვენ და მე, პატივცემულო ტარიელ, ლიტერატორები ვართ და რასაკვირველია, გვახსოვს წინაპარი პოეტის ანდერძი – ვიფიქროთ იმაზე თუ „როგორ გაჟღერდება ჩვენი სიტყვა“ და მინდა ჩემი ფიქრებით გავფანტო თქვენი გამოსვლით გამოწვეული ნეგატიური გამოხმაურებები. მივაღწევ კი მიზანს? არ ვიცი, ვიმედოვნებ.

ნაფი ჯუსოითი,

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

გაზეთი „სოვეტკაია ოსეტია“, #226-227

„ლიტერატურული საქართველო“, 9 დეკემბერი, 1988

 

პრობლემები...

პრობლემები

პასუხი წერილზე

ამონარიდი სტატიიდან

...დიახ, ერთია ქულათა დაგროვების და იოლი პოპულარობის მოხვეჭის მიზნით დაწერილი პატრიოტული თემატიკის მქონე პუბლიცისტიკა, რომელსაც სხვა არაფერი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ობივატელების მითქმა-მოთქმა, გულის ფხანა და სხვა ხალხების თავმომწონე განქიქება, და სულ სხვაა ნამდვილი გულისტკივილით დაწერილი, ნათლად გააზრებული და საკითხის გადაწყვეტაზე მიმართული საგაზეთო წერილები.

...წერილების ერთ-ერთი მთავარი აზრი ისაა, რომ საქართველო ქართველებს უნდა ეკუთვნოდეთ, რომ რესპუბლიკის პატრონი ქართველი ერია და რომ ეს გარემოება „კომპაქტურად დასახლებული“ ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ნებისმიერი სჯა-ბაასის ამოსავალი წერტილი და საფუძველი უნდა იყოს.

ეს აზრი იმდენად ცხადი და ნათელია, რომ ვერ გამიგია, რატომ გაგვიჭირდა ამდენ ხანს მისი ხმამაღლა გამოთქმა. ქართველი ერის აღიარება საქართველოს სრულუფლებიან განმგებლად არავითარ შემთხვევაში არ ხელყოფს ჩვენს რესპუბლიკაში დასახლებული ეროვნული უმცირესობების – აზერბაიჯანელთა, სომეხთა, ბერძენთა და სხვ. ინტერესებს. ისინი, რა თქმა უნდა, მომავალშიც, როგორც მანამდე, უნდა სარგებლობდნენ ყველა კონსტიტუციური უფლებით, საფუძველშივე უნდა აღიკვეთოს ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლენა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ეთნიკურ დაჯგუფებათა ყველა კულტურული, სოციალური და რელიგიური მოთხოვნილებების შეძლებისდაგვარად სრული დაკმაყოფილება და უნდა შეუქმნას მათ ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო პირობები. ამავე დროს, საქართველოს პატრონად ქართველი ერის აღიარებით გამოიკვეთება ჩვენს ტერიტორიაზე დასახლებულ ეროვნულ უმცირესობათა სტატუსიც, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ მოვალეობებსაც.

განვმარტავ ჩემს აზრს, თუ ვიტყვით, რომ ქართველები საქართველოს პატრონი ვართ, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ „კომპაქტურად დასახლებული“ ეროვნული უმცირესობები ჩვენი სტუმრები არიან. მასპინძელს სტუმრის სიყვარული და პატივისცემა მართებს, იგი დღენიადაგ უნდა ზრუნავდეს, რომ სტუმარმა მის სახლში რაც შეიძლება უკეთ იგრძნოს თავი. მაგრამ სტუმარსაც აქვს თავისი წესი და მოკრძალება და მადლიერება შეშვენის მასპინძლის მიმართ  (განა ვის მოეწონება, რომ სტუმრად მოსულმა კაცმა ჩვენს ბინაში დაუკითხავად დაიწყოს ავეჯის გადადგმა ან, ვთქვათ, ცოტა ხანში მთელი თავისი ნათესაობა დაგვაყენოს თავზე). თუ როლების ასეთ განაწილებაზე შევთანხმდით, ვფიქრობ, რომ დანარჩენი სადავო საკითხების მოგვარება არცთუ ისე რთული იქნება.

ყოველივე ამაზე, „კომპაქტურად დასახლებულ“ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო დეტალური და კვალიფიციური საუბარია საჭირო, მაგრამ ეს საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება კონსტრუქციული, თუ მოსაუბრენი იმთავითვე აღიარებენ ქართველი ერის ერთპიროვნულ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე.

 

რევაზ ყარალაშვილი

„ლიტერატურული საქართველო“, 23 დეკემბერი, 1988

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა